დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№ბს-167(2კ-22) 11 მაისი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. 2020 წლის 9 ოქტომბერს ს. და გ. ვ-ებმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის მიმართ.
მოსარჩელეებმა მოითხოვეს: ა) ბათილად იქნეს ცნობილი „ს. ვ-ის, გ. ვ-ისა და ა. ვ-ის უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციის თაობაზე უარის თქმის შესახებ“ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2019 წლის 25 დეკემბრის №907/9 ბრძანება; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი „ს. ვ-ისა და გ. ვ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 11 აგვისტოს №1054 ბრძანება; გ) დაევალოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი ს. ვ-ის, გ. ვ-ისა და ა. ვ-ის ოჯახის უსახლკარო პირებად რეგისტრაციის შესახებ.
სარჩელის თანახმად, უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციის თაობაზე მოსარჩელეემა 2017 წლის 16 იანვარს განცხადებით მიმართეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს, რომელმაც განიხილა მათი საკითხი და 2019 წლის 3 დეკემბრის №41 ოქმით მოსარჩელეებს მიეცათ უარყოფითი რეკომენდაცია. შესაბამისად, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2019 წლის 25 დეკემბრის №907/9 ბრძანებით მათ უარი ეთქვათ უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციაზე. უარს საფუძვლად დაედო „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12 თებერვლის №37-14 დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ვ“ პუნქტები. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შემოსავლად მიჩნეულ იქნა მათი სასესხო ვალდებულება, ამასთანავე, საკითხის განხილვისას ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ ა. და გ. ვ-ებს აქვთ ჯანმრთელობის პრობლემები, არიან სოციალურად დაუცველები და არ გააჩნიათ არანაირი მუდმივი თავშესაფარი.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილებით ს. ვ-ისა და გ. ვ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „ს. ვ-ის, გ. ვ-ის და ა. ვ-ის უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციის თაობაზე უარის თქმის შესახებ“ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2019 წლის 25 დეკემბრის №907/9 ბრძანება; ბათილად იქნა ცნობილი „ს. ვ-ისა და გ. ვ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 11 აგვისტოს №1054 ბრძანება; დაევალა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი ს. ვ-ის, გ. ვ-ისა და ა. ვ-ის ოჯახის უსახლკარო პირებად რეგისტრაციის შესახებ.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 დეკემბრის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად, არ გაიზიარა აპელანტთა მოსაზრება, რომ ბოლო 2 (ორი) წლის განმავლობაში მოსარჩელეთა ოჯახის წევრთა ნახევარზე მეტი არ არიან რეგისტრირებულნი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12 თებერვლის №37-14 დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის დისპოზიციის გათვალისწინებით განმარტა, რომ აღნიშნული ნორმის მიღებისას საკრებულოს მიზანს წარმოადგენდა უსახლკარო ოჯახის იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში საცხოვრებლით უზრუნველყოფა, სადაც ისინი ცხოვრების ხანგრძლივი დროის განმავლობაში ყოფითი პირობებით არიან ადაპტირებულნი და დაკავშირებულნი. ვინაიდან, საქმის მასალებით უტყუარად დადასტურებულია ის გარემოება, რომ მოსარჩელეები მრავალი წელია ფაქტობრივად ცხოვრობენ და ამავდროულად მოსარჩელეთა ოჯახის წევრთა ნახევარზე მეტი, ბოლო 2 წლის განმავლობაში, უწყვეტად რეგისტრირებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, არ არსებობს მოცემული საფუძვლით მოსარჩელეთა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანოებმა მოსარჩელეთა მიმართ ბანკიდან გაცემული სესხი და კრედიტი არასწორად ჩათვალეს საერთო შემოსავლებში, ვინაიდან სესხის საფუძველზე მიღებული თანხა, სესხის შინაარსიდან გამომდინარე, არ შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს, როგორც შემოსავალი, რადგან ის წარმოადგენს პირის ვალდებულებას, დაუბრუნოს გამსესხებელს ნასესხები თანხა და შესაბამისად, საბოლოოდ, სესხის საფუძველზე მიღებული შემოსავალი, მსესხებლის საკუთრებაში არ რჩება. საქმეში წარმოდგენილი საბანკო ამონაწერებით დასტურდება, რომ მოსარჩელეთა ოჯახის საერთო შემოსავალი, სესხის თანხის გამოკლებით, არ აღემატება სადავო პერიოდში საარსებო მინიმუმისთვის დადგენილ ზღვრულ ოდენობას.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორების განმარტებით, კომისიამ განიხილა ს. ვ-ის, გ. ვ-ისა და ა. ვ-ის 2017 წლის 16 იანვრის განცხადება თავშესაფარი ფართის მიღების მიზნით უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციის თაობაზე, რის შედეგადაც 2019 წლის 3 დეკემბრის №41 ოქმით განმცხადებლებს მიეცათ უარყოფითი რეკომენდაცია №37-14 დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტების მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის გამო. მოცემულ შემთხვევაში, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის მიერ მოწოდებული დოკუმენტაციით, კერძოდ, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 5 აგვისტოს №06-01192173636-15 (№PO1/228131) წერილზე დართული მონაცემების საფუძველზე, ირკვევა, რომ გ. ვ-ს არ უფიქსირდება ბოლო 2 წლის განმავლობაში უწყვეტად რეგისტრაცია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ხოლო ს. ვ-ი არ არის რეგისტრირებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. შესაბამისად, მოსარჩელეები ვერ აკმაყოფილებენ №37-14 დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნას.
ამასთან, საქმის მასალებში წარმოდგენილი ამონაწერებით, დასტურდება, რომ მოსარჩელეებისა და მათი ოჯახის წევრის შემოსავალი აჭარბებს სამსულიანი ოჯახისთვის დადგენილ საარსებო მინიმუმს, კერძოდ, სს „... ბანკის“ 2019 წლის 13 სექტემბრის №18055-32905/45446 წერილზე თანდართული დოკუმენტის საფუძველზე, დგინდება, რომ ს. ვ-ის საბანკო ანგარიშზე ჯამურმა კრედიტმა შეადგინა 3130.00 ლარი, ამავე ამონაწერით ასევე დგინდება, რომ გ. ვ-ის ანგარიშზე ჯამურმა კრედიტმა შეადგინა 3137.52 ლარი. სს „თ... ბანკის“ 2019 წლის 21 ოქტომბრის №652/121-38 წერილზე თანდართული დოკუმენტის საფუძველზე, დგინდება, რომ ს. ვ-ის ანგარიშზე ჯამურმა კრედიტმა შეადგინა 400 ლარი. საერთო ჯამში, მოსარჩელეთა ჯამურმა შემოსავალმა შეადგინა 6667.52 ლარი, რაც აღემატება სამსულიანი ოჯახისათვის დადგენილ საარსებო მინიმუმს - 5272.20 ლარს. ამასთან, მოსარჩელეების მიერ სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით ვერ იქნა დასაბუთებული, თუ რატომ იყო აღნიშნული შემოსავალი არასაკმარისი განმცხადებლების საცხოვრებლითა და საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფისთვის. სააპელაციო სასამართლომ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გაიზიარა განმარტება მასზედ, თითქოს ადმინისტრაციულმა ორგანოებმა მოსარჩელეთა მიმართ ბანკიდან გაცემული სესხი და კრედიტი არასწორად ჩათვალეს საერთო შემოსავლებში. საკრებულოს №37-14 დადგენილება, გამონაკლისის სახით, არ ითვალისწინებს სესხის თანხის შემოსავლებიდან ამორიცხვას და შესაბამისად, მოსარჩელეების ოჯახი ვერც №37-14 დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის მოთხოვნას აკმაყოფილებდა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 4 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ 2017 წლის 16 იანვარს მოსარჩელე გ. ვ-მა, ს. ვ-მა და ა. ვ-მა თავშესაფარი ფართის მიღების მიზნით, მათი უსახლკარო პირებად რეგისტრაციისთვის, განცხადებით მიმართეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს.
დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის კომისიის 2019 წლის 3 დეკემბრის №41 ოქმის მიხედვით, უსახლკარო პირებად რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმებთან შეუსაბამობის გამო კომისიამ უარყოფითი რეკომენდაცია გასცა გ. ვ-ზე (პ/ნ ...), ს. ვ-სა (პ/ნ ...) და ა. ვ-ზე (პ/ნ ...) „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12 თებერვლის №37-14 დადგენილების მე- 5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტების მოთხოვნათა დაუკმაყოფილებლობის გამო. აღნიშნული ოქმის საფუძველზე, ზემოაღნიშნული დადგენილების კრიტერიუმებთან შეუსაბამობის გამო, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2019 წლის 25 დეკემბრის №907/9 ბრძანებით გ. ვ-ს, ს. ვ-სა და ა. ვ-ს უარი ეთქვათ უსახლკარო პირებად რეგისტრაციაზე. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 11 აგვისტოს №1054 ბრძანებით კი, ს. ვ-ისა და გ. ვ-ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12 თებერვლის №37-14 დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) უსახლკარო სტატუსის მაძიებელი ოჯახი უსახლკარო ოჯახად დარეგისტრირდება, თუ ის აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს: ა) კომისიის მიერ ოჯახის შესახებ ინფორმაციის მოძიებამდე ბოლო 2 (ორი) წლის განმავლობაში ოჯახის თითოეული წევრი არის საქართველოს მოქალაქე უწყვეტად, და ამასთანავე, ბოლო 2 (ორი) წლის განმავლობაში ოჯახის წევრთა ნახევარზე მეტი უწყვეტად და ამავდროულად უსახლკარო პირის სტატუსის მინიჭების მომენტისათვის რეგისტრირებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე; ბ) ოჯახის არც ერთი წევრის მიმართ არ ფიქსირდება უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება; გ) ოჯახის არც ერთი წევრის მიმართ არ ფიქსირდება საცხოვრებელ სადგომზე ან სხვა ნებისმიერ ფართზე მართლზომიერი მფლობელობის ან უსასყიდლოდ სარგებლობის ფაქტი; დ) შესაბამისი გამგეობის მიერ მოპოვებული ინფორმაციით არ დასტურდება ოჯახის მხრიდან დამოუკიდებლად ბინის ან სხვა ფართის ქირის (იჯარის) კომისიისათვის მიმართვამდე ბოლო 6 თვის განმავლობაში უწყვეტად გადახდის ფაქტი; ე) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ოჯახის არც ერთ წევრს არ გააჩნია საკუთრებაში მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, ხოლო მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების არსებობის შემთხვევაში, კომისიის მხრიდან გადაწყვეტილება მიიღება მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მარკის, გამოშვების წლისა და მოდელის გათვალისწინებით; ვ) ოჯახს არ გააჩნია რეგისტრირებული შემოსავალი ან შემოსავლის არსებობის შემთხვევაში ოჯახი ასაბუთებს, რომ აღნიშნული შემოსავალი არ არის საკმარისი საცხოვრებლითა და საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფისათვის ან ოჯახის უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციის საკითხის კომისიის სხდომაზე გატანამდე 6 თვის განმავლობაში ოჯახის წევრების მიერ მიღებული შემოსავალი არ აჭარბებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში დანგრეული ან საცხოვრებლად გამოუსადეგარი სახლების მაცხოვრებელთა, ასევე მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, უსახლკაროდ დარჩენილ მოქალაქეთა აუცილებელი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ქირის კომპენსაციის 6 თვის კომპენსაციას და ამავე პერიოდში საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის“ მიერ განსაზღვრულ პირის საარსებო მინიმუმისათვის აუცილებელი თანხების ერთობლიობას; ზ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ ფიქსირდება ოჯახის არც ერთი წევრის მიერ სახელმწიფო საზღვრის 2 (ორი) და მეტი გადაკვეთა (სახელმწიფო ტერიტორიის დატოვება). გარდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შემთხვევების, მესამე პირის მიერ დაფინანსებულ სასწავლო პროგრამებსა და კურსებში ჩართვის და სხვა სასწავლო-შემოქმედებითი მიზნით სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისა, რაც დასტურდება განმცხადებლის მიერ შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენით; თ) ოჯახის თითოეული უმუშევარი წევრი რეგისტრირებულია „სამუშაოს მაძიებლად“ შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო პორტალზე – www.worknet.gov.ge.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12 თებერვლის №37-14 დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის დისპოზიციის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებით დასტურდება მოსარჩელეთა ოჯახის წევრთა ნახევარზე მეტის ბოლო 2 წლის განმავლობაში რესგისტრაციის ფაქტი და ამავდროულად, მოსარჩელეები მრავალი წელია ფაქტობრივად ცხოვრობენ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, არ არსებობს ამ საფუძვლით მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.
მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მეორე საფუძველთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეში დაცულ მტკიცებულებებზე, კერძოდ, 2020 წლის 8 თებერვლით დათარიღებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერის მიხედვით, ოჯახის წევრების გ. ვ-ის, ს. ვ-ისა და ა. ვ-ის მოქმედი სარეიტინგო ქულა შეადგენს 1000 ერთეულს. ამავე ამონაწერის თანახმად, ოჯახის მიღებულმა თანხებმა შეადგინა: 01.06.2020 წელს - 230 ლარი, 01.05.2020 წელს - 230 ლარი, 01.04.2020 წელს - 230 ლარი, 01.03.2020 წელს - 230 ლარი, 01.02.2020 წელს - 230 ლარი, 01.01.2020 წელს - 230 ლარი; საქმეში დაცული, 2020 წლის 21 და 22 სექტემბრით დათარიღებული სსიპ შემოსავლების სამსახურის წერილების თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ.ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, გ. ვ-სა და ს. ვ-ს 2018 წლის 1 სექტემბრიდან მიღებული დასაბეგრი შემოსავალი არ უფიქსირდებათ. რაც შეეხება სს „... ბანკიდან“ მოსარჩელეთა სახელზე გაცემულ კრედიტს, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ ბანკიდან გაცემული სესხი და კრედიტი არ შეიძლება ჩაითვალოს საერთო შემოსავლებში (იხ. საქმე ბს-463(2კ-21), 06/07/2021). საქმეში წარმოდგენილი საბანკო ამონაწერებით კი დასტურდება, რომ მოსარჩელის ოჯახის საერთო შემოსავალი, სესხის თანხის გამოკლებით, არ აღემატება სადავო პერიოდში საარსებო მინიმუმისთვის დადგენილ ზღვრულ ოდენობას.
მოცემულ საქმესთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ს. ვ-ის არასრულწლოვანი შვილი - ა. ვ-ი წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვს, რომელიც საჭიროებს მუდმივ მეთვალყურეობას.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 11.4 მუხლზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის.
პალატა ასევე მიუთითებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციაზე“ (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 26 დეკემბრის დადგენილებით), რომლის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებას ცხოვრების ადეკვატურ სტანდარტზე საცხოვრებელ პირობებზე მათთვის და მათი ოჯახებისათვის, რაც მოიცავს ადეკვატურ კვებას, ტანსაცმელს, საცხოვრებელ პირობებს; ასევე უფლებას საცხოვრებელი პირობების უწყვეტ გაუმჯობესებაზე; იღებენ შესაბამის ზომებს აღნიშნული უფლების დაცვისა და რეალიზებისათვის, შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე აღმოცენებული ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. ამავე კონვენციის 28.2 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებას სოციალურ დაცვაზე, ამ უფლებით შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე აღმოცენებული ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე გამოყენების უფლებას და იღებენ შესაბამის ზომებს მისი დაცვისა და რეალიზებისათვის, მათ შორის: a. უზრუნველყოფენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სუფთა წყლის მიღების, შესაბამისი და ხელმისაწვდომი მომსახურების, საშუალებებისა და ასევე შეზღუდულ შესაძლებლობასთან დაკავშირებული სხვა დახმარების მისაწვდომობას; b. უზრუნველყოფენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, კერძოდ ქალების, გოგონებისა და ხანდაზმულებისათვის სოციალური დაცვისა და სიღარიბის აღმოფხვრაზე მიმართული პროგრამების მისაწვდომობას; c. უზრუნველყოფენ სიღარიბის პირობებში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და მათი ოჯახებისათვის სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას შეზღუდული შესაძლებლობით გამოწვეული ფინანსური დანახარჯების დაფარვისათვის, მათ შორის: ადეკვატური განათლება, კონსულტირება, ფინანსური დახმარება და დროებითი მზრუნველობა. d. უზრუნველყოფენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სახელმწიფო საცხოვრებელის პროგრამების მისაწვდომობას; e. უზრუნველყოფენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის საპენსიო დახმარებისა და პროგრამების თანაბარი მისაწვდომობას.
ამასთან, 2020 წლის პირველი სექტემბრიდან ამოქმედებული ბავშვის უფლებათა კოდექსით დამატებით იქნა დადგენილი გარანტიები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვან პირთა უფლებების დასაცავად. აღნიშნული კოდექსის კონკრეტული ნორმები სახელმწიფოს უწესებს ვალდებულებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს შეუქმნას გარემო, სადაც მას ექნება სათანადოდ განვითარების რეალური შესაძლებლობა. ამ თვალსაზრისით კი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ადეკვატური საცხოვრებელი პირობებით იყვნენ უზრუნველყოფილნი.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ოჯახს, რომლის წევრია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანი - ა. ვ-ი, გააჩნია მძიმე სოციალური მდგომარეობა, ს. და გ. ვ-ებმა თავშესაფარი ფართის მიღების მიზნით, უსახლკარო პირებად რეგისტრაციის მოთხოვნით განაცხადი შეავსეს ჯერ კიდევ 2017 წელს, ხოლო უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ დღემდე არ არის დაკმაყოფილებული მათი განაცხადი, რაც დაუშვებელია და გაუმართლებლად ზღუდავს ოჯახისა და მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის - არასრულწლოვნის უფლებებს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 დეკემბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე