დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #ბს-1122(კ-21) 5 მაისი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 4 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2020 წლის 16 დეკემბერს მ. ხ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, იგი არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი, რომელიც მშობლებთან და შვილთან - ლ. რ-ითან ერთად დროებით ცხოვრობს მისამართზე: ქ. ქუთაისი, ...ის ქ. #1, სასტუმრო ..., შპს „...“. იქიდან გამომდინარე, რომ მათი კომპაქტურად განსახლების შენობა ნგრევად ობიექტად იქნა მიჩნეული, დაიწყო იქ მაცხოვრებელი დევნილების უპირობოდ, ქულების გარეშე განსახლება. აღნიშნულ პროცესში, მოსარჩელის მშობლებს მისცეს ბინა ქუთაისში, ...ის ქუჩაზე, ხოლო თავად მოსარჩელეს უარი უთხრეს განსახლებაზე, იმ მოტივით, რომ იგი ფაქტობრივად არ ცხოვრობდა ნგრევად ობიექტში.
მოსარჩელე ასევე აღნიშნავს, რომ როდესაც მონიტორინგის ჯგუფი ობიექტის შესამოწმებლად მივიდა, მ. ხ-ე მათ ადგილზე დახვდა და ხელიც მოაწერა მონიტორინგის ოქმს. შესაბამისად, მოსარჩელისთვის გაუგებარია, რატომ ეთქვა უარი მას განსახლებაზე. გარდა ამისა, მოსარჩელე ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ვინაიდან მის მშობლებს მისცეს ერთოთახიანი ბინა, მ. ხ-ე და მისი შვილი ფიზიკურად ვერ თავსდებიან აღნიშნულ ბინაში და იძულებულნი არიან დარჩნენ სასტუმრო ...ში, იქამდე სანამ მესაკუთრე გაასახლებთ.
ამდენად, მოსარჩელემ „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 13 ნოემბრის #03-2656/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის მინიჭებული ქულების მიუხედავად, კრიტერიუმების გარეშე, მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით მ. ხ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 13 ნოემბრის #03-2656/ო ბრძანება; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მოსარჩელე მ. ხ-ეის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება, რომ სახელმწიფოს გააჩნია ვალდებულება უზრუნველყოს მოსარჩელე მ. ხ-ეის ოჯახი გრძელვადიანი საცხოვრებლით ქულათა მიუხედავად, დაუყოვნებლივ, რამდენადაც მ. ხ-ე არის დევნილი, რომელიც მართლზომიერად, სახელმწიფოს მიერ განსახლების საფუძველზე ცხოვრობს ქ. ქუთაისში, ...ის ქ. #1-ში მდებარე ობიექტში - შპს „...“ (...). აღნიშნული შენობა კი არის ნგრევადსაშიში, რაც დადასტურებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 20 ოქტომბრის #62 ოქმით. სააპელაციო პალატამ ასევე აღნიშნა, რომ ბაზაში მითითებული 2015 წლის მდგომარეობით დაფიქსირებული მონაცემები, რომელიც დღეის მდგომარეობით არ არის განახლებული, არ შეიძლება გახდეს აქტის გამოცემის სამართლებრივი საფუძველი, ხოლო მამის მიერ ქონების შეძენის ფაქტი, მოსარჩელესთან მიმართებით სრულიად არარელევანტურია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 4 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არასწორად მიუთითა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საფუძველს წარმოადგენს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზიდან ამონაწერში მოსარჩელის მიერ ნგრევადი ობიექტის მისამართისაგან განსხვავებული მისამართის მითითება და მამის გასხვისებული ქონების არსებობის ფაქტი. კასატორი აღნიშნავს, რომ ნგრევად ობიექტში ცხოვრების ფაქტის დასადგენად ადმინისტრაციულ ორგანოს ჰყავს მონიტორინგის სამმართველო, რომლის უფლება-მოვალეობასაც წარმოადგენს აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დადგენა და სწორედ მონიტორინგის სამსახურის მიერ შედგენილი აღწერის ოქმი წარმოადგენდა იმ მტკიცებულებას, რომელსაც სააგენტო დაეყრდნო გადაწყვეტილების მიღებისას. კასატორის მოსაზრებით, ამონაწერში აღნიშნულია, რომ მოსარჩელეს ქულა მიენიჭა 2015 წელს, რაც იმას ნიშნავდა, რომ მას შემდეგ მისი ქულათა ოდენობა არ შეცვლილა. გარდა ამისა, კასატორი მიუთითებს, რომ წარმოდგენილია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის ანკეტა, სადაც რეგისტრაციის ადგილად მითითებულია ქ. ქუთაისი კ. ...ის ქ. #1 შპს „...“ (...), თუმცა იქაც ფაქტობრივ მისამართად ფიქსირდება ქ. ქუთაისი, ...ის ქ #..., ბინა #.... ამდენად, მოსარჩელე მ. ხ-ეს სამი სხვადასხვა მისამართი უფიქსირდება. საქმეში ასევე, ფიქსირდება ორი განსხვავებული ფაქტობრივი მისამართი: 1. წყალტუბო, ...ის ქ. #..., ბინა #..., სადაც სოციალურად დაუცველთა ბაზაშია შვილთან - ლ. რ-ითან ერთად მითითებული და რომელიც გახლავთ მისი მეუღლის, კ. რ-ის საცხოვრებელი მისამართი და 2. იმერეთი, ქუთაისი, ...ის ქ. #..., ბინა #....
კასატორი აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილია არაერთი მტკიცებულება იმის დასტურად, რომ მ. ხ-ე და მისი შვილი - ლ. რ-იი ფაქტობრივად არ ცხოვრებენ ნგრევად ობიექტში. სასამართლო კი დაეყრდნო მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტებას და ისეთ მტკიცებულებებს, რომლებიდანაც არა თუ არ დასტურდებოდა ნგრევად ობიექტში ცხოვრების ფაქტი, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ფორმალობას წარმოადგენდა იქ დაფიქსირებული ინფორმაცია და არ ასახავდა საქმის რეალურ გარემოებებს.
ამასთან, კასატორი განმარტავს, რომ მართალია, სახელმწიფოს ვალდებულებას წარმოადგენს დევნილ ოჯახთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა, თუმცა საქართველოს კანონმდებლობა განსაზღვრავს რიგითობას გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. საცხოვრებლით უზრუნველყოფილ უნდა იქნენ სწორედ ის ოჯახები, რომლებიც ფაქტობრივად ცხოვრობენ ობიექტში და რომელთა სიცოცხლესაც საფრთხე ექმნება. კასატორის შეფასებით, იმ შემთხვევაში, თუკი პირი სხვა მისამართზე ცხოვრობს, სადაც მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას რეალური საფრთხე არ ემუქრება, სახელმწიფოს მხრიდან მისთვის პრიორიტეტის მინიჭება და დაჩქარებული წესით კრიტერიუმების გარეშე მისი განაცხადის განხილვა იქნებოდა გაუმართლებელი უთანასწორო მოპყრობა იმ დევნილების მიმართ, ვისაც უდგინდებათ კრიტერიუმების გათვალისწინებით შესაბამისი ქულები და სხვა დევნილებთან კონკურენციის პირობებში, დიდხანს უწევთ საცხოვრებელი ფართის მისაღებად ლოდინი. კასატორი აღნიშნავს, რომ საქმის მასალებში არ მოიძებნება რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადგინდებოდა მოსარჩელის ნგრევად ობიექტში ცხოვრების ფაქტი.
კასატორი მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის საკითხი გამოკვლეულია სრულყოფილად. სააგენტომ დაიცვა საკითხის მომწესრიგებელი აქტებით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა, რის გამოც არ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 13 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 13 ნოემბრის #03-2656/ო ბრძანების კანონიერება და მოპასუხისათვის მინიჭებული ქულების მიუხედავად, კრიტერიუმების გარეშე, მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, შესაბამისად, მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს დევნილთა ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გადაწყვეტილება მხოლოდ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად უნდა მიიღოს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს #320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამავე მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი კი განსაზღვრავს, რომ ამ წესის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სააგენტოს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მ. ხ-ე არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. მას ჰყავს შვილი - ლ. რ-იი. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 20 ოქტომბრის #62 ოქმის თანახმად, ქ. ქუთაისში, ...ის ქ. #1-ში მდებარე ობიექტი - შპს „...“ (...) მიჩნეულ იქნა როგორც ნგრევადი და იქ მცხოვრები დევნილი ოჯახების განსახლების საკითხი განხილულ იქნა კრიტერიუმების გარეშე. ასევე, დადგენილია, რომ მოსარჩელის შვილი - ლ. რ-იი სწავლობს ქუთაისის #... საჯარო სკოლაში. მოსარჩელე მუშაობს ... ფაკულტეტზე ...ის თანამდებობაზე ქ. ქუთაისში.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ სახელმწიფოს გააჩნია ვალდებულება უზრუნველყოს მოსარჩელე მ. ხ-ეის ოჯახი გრძელვადიანი საცხოვრებლით ქულათა მიუხედავად, დაუყოვნებლივ, რამდენადაც მ. ხ-ე არის დევნილი, რომელიც მართლზომიერად, სახელმწიფოს მიერ განსახლების საფუძველზე ცხოვრობს ქ. ქუთაისში, ...ის ქ. #1-ში მდებარე ობიექტში - შპს „...“ (...). აღნიშნული შენობა კი არის ნგრევადსაშიში, რაც დადასტურებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 20 ოქტომბრის #62 ოქმით. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის ოჯახის საკუთრებაში ფართის არსებობა, არ იძლევა შესაძლებლობას ზუსტად იქნეს დადგენილი, რამდენად აქვს მოსარჩელეს ხსენებულ საცხოვრებელში ცხოვრების შესაძლებლობა, ასეთი დასკვნის გაკეთება კი განსაკუთრებით რთულია აღნიშნული ფართით შეუზღუდავი სარგებლობის სამომავლო პერსპექტივების განსაზღრის კუთხით, რის გამოც, მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებებს მოსარჩელისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის კანონშესაბამისობასთან მიმართებით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 4 ოქტომბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა