დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 31 27 თებერვალი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),გ. ბორჩხაძე,მ. ისაევი
განიხილა საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორ გ. ტ-ის კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2000 წლის 28 ნოემბრის განჩინებაზე, რომლითაც თ. მ-ძის ბრალდების საქმე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 961-ე მუხლითა და მე-100 მუხლის მესამე ნაწილით (ძველი რედაქცია), დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდა საქართველოს გენერალურ პროკურატურას.
პალატამ მოისმინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მ. ისაევის მოხსენება და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საბრალდებო დასკვნით თ. მ-ძეს ბრალი დაედო შემდეგი დანაშაულის ჩადენისათვის:
1995 წლის მარტის პირველ რიცხვებში, ხელვაჩაურის რ-ნის სოფ. ... მცხოვრებმა თ. მ-ძემ, ამავე რ-ნის სოფ. ... მცხოვრებ მ. ჯ-ძესთან ერთად, განიზრახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვისი ქონების ფარული დატაცება და სხვისი ქონების დაზიანება ანგარებით, ქვენაგრძნობით.
განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, თ. მ-ძე მ. ჯ-ძესთან ერთად დანაშაულებრივად დაუკავშირდა შს ლაგოდეხის რაიგანყოფილების პოლიციელ ბ. დ-ძეს, ამავე რაიონის მცხოვრებლებს: ჯ. დ-ძეს, გ. ბ-ძეს და ნ. ბ-ძეს, რომლებსაც გარკვეული თანხის საფასურად შესთავაზა სოფ. ულიანოვის მიმდებარე ტერიტორიაზე გამავალი მაღალი ძაბვის 110 კ.ვტ. ელექტროგადამცემი ხაზიდან ალუმინის ელექტროსადენების ჩამოჭრა, რაზედაც ეს უკანასკნელნი დასთანხმდნენ. ურთიერთმოლაპარაკებისა და წინასწარი შეთანხმების შემდეგ, დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 1995 წლის მარტის თვეში, თ. მ-ძე მ. ჯ-ძესთან, ბ. და ჯ. დ-ძეებთან, გ. ბ-ძესთან და ნ. ბ-ძესთან ერთად მივიდა სოფ. ულიანოვკის მიმდებარე ტერიტორიაზე გამავალ, “საქენერგოს” თელავის რეალიზაციის და ელექტროენერგიის ტრანსპორტირების საწარმოს კუთვნილ წნორი-განათლების ქვესადგურის მაღალი ძაბვის 110 კ.ვტ. ელექტროგადამცემ ხაზთან, ქანჩგასაღების გამოყენებით, ხუთი დღის განმავლობაში ელექტროგადამცემი ხაზის ცხრა საყრდენი ანძიდან რვა შუალედში ჩამოხსნა და დააზინა 6000 მეტრის სიგრძის “ას-120” ტიპის, 20400 ლარად ღირებული ალუმინის ელექტროსადენები და 2232 ლარად ღირებული 24 კომპლექტი ხაზის არმატურა, რის შემდეგ ელსადენები ფარულად გაიტაცა და მ. ჯ-ძესთან და ბ. დ-ძესთან ერთად წაიღო ქ. ბათუმში და მიყიდა გამოძიებით დაუდგენელ პიროვნებას, რითაც დაზარალებულ ორგანიზაციას ქურდობითა და ელექტროგადამცემი ხაზის დაზიანებით მიაყენა 28689 ლარის მნიშნელოვანი მატერიალური ზარალი.
მანვე, განმეორებით, 1995 წლის მაისის თვეში, მ. ჯ-ძესთან, ბ. დ-ძესთან, ჯ. დ-ძესთან, გ. ბ-ძესთან და ნ. ბ-ძესთან ერთად წინასწარი შეთანხმებით, იმავე ორგანიზაციის კუთვნილი სოფ. ულიანოვკის მიმდებარე ტერიტორიაზე გამავალი მაღალი ძაბვის 110 კ.ვტ. ელექტროგადამცემი ხაზიდან ქანჩგასაღების გამოყენებით, ხუთი დღის განმავლობაში, შვიდი საყრდენი ანძიდან, ექვს შუალედში ჩამოხსნა და დააზიანა 4500 მეტრის სიგრძის “ას-120”, ტიპის 15300 ლარად ღირებული ალუმინის ელექტროსადენები და 1674 ლარად ღირებული 18 კომპლექტი ხაზის არმატურა, რის შემდეგ თ. მ-ძემ ხაზის არმატურა დატოვა იქვე, თანამზრახველებთან ერთად ელსადენები სპეციალური მაკრატლის გამოყენებით დაკუწა, ფარულად გაიტაცა და მ. ჯ-ძესთან ერთად მიყიდა ქ. ბათუმში გამოძიებით დაუდგენელ პიროვნებას, რითაც დაზარალებულ ორგანიზაციას ქურდობითა და ელექტროგადამცემი ხაზის დაზიანებით მიაყენა 21517 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი.
თ. მ-ძემ პირთა ჯგუფთან წინასწარი შეთანხმებით, 1995 წლის მარტიდან მაისამდე პერიოდში, ფარულად გაიტაცა განსაკუთრებით დიდი ოდენობის, ყოფილი “საქენერგოს” თელავის რეალიზაციისა და ელექტროენერგიის ტრანსპორტიერბის, ამჟამად სააქციო საზოგადოება “ელექტროგადაცემის” თელავის საქსელო საწარმოს კუთვნილი, 35700 ლარად ღირებული 10500 გრძივი მეტრი “ას-120” ტიპის ელექტროსადენი, რა დროსაც მის მიერ პირთა ჯგუფთან ერთად წინასწარი შეთანხმებით, ანგარებითი ქვენაგრძნობით, ხსენებული საწარმოს წნორი-განათლების ელექტროგადამცემი ხაზის დაზიანებით გამოწვეულმა ზარალმა შეადგინა 14506, ხოლო დაზიანებითა და ქურდობით მიყენებულმა ზარალმა _ 50206 ლარი.
სასამართლო კოლეგიამ საქმე დამატებით გამოძიებაში დააბრუნა შემდეგი მითითებით: საჭიროა ძებნაში მყოფი ბრალდებულების _ მ. ჯ-ძის, ბ. და ჯ. დ-ძეების, გ. ბ-ძის და ნ. ბ-ძის დაძებნა და დაკავება, მათი კრიტიკულად დაკითხვა და თ. მ-ძესთან დაპირისპირება; ასევე, ზემოაღნიშნულ ბრალდებულთა მიმართ გამოყოფილი საქმე უნდა გაუერთიანდეს თ. მ-ძის ბრალდების საქმეს და ჩატარდეს ერთობლივი გამოძიება; საჭიროა თ. მ-ძეს ჩაუტარდეს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა იმის გასარკვევად, ავტოავარიის შედეგად ჰქონდა თუ არა ფეხი დაზიანებული და შეეძლო თუ არა ასულიყო საყრდენ ანძაზე და ელსადენები ჩამოეხსნა. ასევე, უნდა დადგინდეს მართლა აქვს თუ არა დაკარგული მას მხედველობა მარჯვენა თვალში, დადებით შემთხვევაში, განისაზღვროს ინვალიდობის ხარისხი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩივრით პროკურორი გ. ტ-ში ითხოვს სასამართლო კოლეგიის განჩინების გაუქმებას და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოს, სხვა შემადგენლობისათვის გადაცემას, მიუთითებს, რომ სასამართლოს საქმეში არსებული მასალების ანალიზის საფუძველზე, შეეძლო მიეღო არსებითი ხასიათის გადაწყვეტილება, განჩინებაში მითითებულ საკითხთა უმრავლესობა არ სცილდება სასამართლო შესაძლებლობის ფარგლებს; რაც შეეხება დანაშაულში მონაწილე სხვა პირებს, მათ მიმართ ცალკე წარმოებადაა გამოყოფილი სისხლის სამართლის საქმე და მათი დაკავების მიზნით გამოცხადებულია ძებნა.
პალატის სხდომაზე პროკურორმა ე. ღ-შვილმა მხარი დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილების შესახებ.
ადვოკატმა გ. გ-ძემ მხარი არ დაუჭირა საჩივრის მოთხოვნას, თავის განმარტებაში აღნიშნა, რომ განჩინებაში მითითებულ გარემოებათა შემოწმების გარეშე შეუძლებელია საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა და არსებითი ხასიათის გადაწყვეტილების მიღება.
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა განმარტება და თვლის, რომ მოცემულ საქმეზე სასამართლო კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის კანონიერი და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო: კოლეგიამ სავსებით სამართლიანად მიუთითა, რომ ძებნაში მყოფი ბარლდებულების _ მ. ჯ-ძის, ბ. და ჯ. დ-ძეების, გ. ბ-ძის და ნ. ბ-ძის დაძებნა-დაკავების და კრიტიკული დაკითხვების გარეშე შეუძლებელია თ. მ-ძის ბრალეულობის განსაზღვრა; ამ გარემოების სრულყოფილად შემოწმებისათვის აუცილებელია ზემოაღნიშნულ ბარლდებულთა და თ. მ-ძის ბრალდების საქმეთა გაერთიანება და ერთობლივი გამოძიების ჩატარება; მითუმეტეს, საქმეში არსებული მასალების მიხედვით, ბრალდებულთა უმრავლესობა თ. მ-ძის დაკავებამდე იმყოფებოდა თავიანთ საცხოვრებელ ადგილზე. სწორია სასამართლო კოლეგიის მითითება იმის შესახებ, რომ სრულყოფილად არ გამორკვეულა თ. მ-ძის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ საკითხის გარკვევას კი მნიშვნელობა აქვს საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენისა და განჩინებაში მითითებული საკითხების შემოწმებისათვის.
პალატა თვლის, რომ მოცემულ საქმეზე უნდა ჩატარდეს სრულყოფილი დამატებითი გამოძიება, უნდა შემოწმდეს საქმეზე წამოჭრილი ყველა ვერსია და მიღებულ შედეგებს მიეცეს შეფასება.
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 560-ე, 561-ე, 568-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
პროკურორის კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2000 წლის 28 ნოემბრის განჩინება თ. მ-ძის ბრალდების საქმის დამატებით გამოძიებისათვის დაბრუნების შესახებ დარჩეს უცვლელად.