დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 08.05.2001
საქმის ნომერი
2კ.-11-I-2001
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
08.05.2001

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 11I 8 მაისი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მ. ტურავა (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,გ. ბორჩხაძე

განიხილა დაზარალებულ ც. ბ-შვილის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ზ-შვილის კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 21 თებერვლის განჩინებაზე, რომლითაც გაუქმდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 14 ნოემბრის განაჩენი ვ. გ-შვილის მიმართ და საქმე სამართალში მიცემის სტადიიდან განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას.

აღწერილობითი ნაწილი:

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 14 ნოემბრის განაჩენით ვ. გ-შვილს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებით და 113-ე მუხლით ერთობლივად მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის კოლონიაში მოხდით.

განაჩენით ვ. გ-შვილს მსჯავრი დაედო ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა, შენახვა, ტარებისათვის, აუცილებელი მოგერიების გადაცილებისას გ. კ-შვილს მკვლელობისათვის, რაც ჩაიდინა შემდეგ გარემოებებში:

1999 წელს ვ. გ-შვილს კამათი მოუვიდა თანასოფლელ, ფსიქიურად დაავადებულ გ. კ-შვილთან, რა დროსაც ამ უკანასკნელმა დანით მას მიაყენა დაზიანება. შემთხვევის ადგილზე მისულმა კ. გ-შვილმა ისინი გააშველა, რის შემდეგ გ. კ-შვილი მოკვლით ემუქრებოდა ვ. გ-შვილს, რომელიც, თავის მხრივ, ერიდებოდა მასთან შეხვედრას.

1999 წლის 29 სექტემბერს მთვრალ მდგომარეობაში მყოფი გ. კ-შვილი თელავის რაიონის სოფ. ... ცენტრში შეხვდა კ. გ-შვილს, რომელიც გაიყვანა სკოლის ეზოში და დაუწყო გინება. გ. კ-შვილი, რომელსაც ხელში ეჭირა დანა, კ. გ-შვილს სთხოვდა ეჩვენებინა ბიძაშვილი – ვ. გ-შვილი, რათა უნდოდა მისი მოკვლა. ამ მომენტში, დაახლოებით 30 მეტრში იმყოფებოდა ვ. გ-შვილიც, რომელსაც თან ჰქონდა უკანონოდ შეძენილი ლულაგადაჭრილი სანადირო თოფი.

ვ. გ-შვილმა გაიგონა რა ჩხუბის ხმა, წავიდა მისი მიმართულებით, მაგრამ დაინახა რა გ. კ-შვილი, მოერიდა მას და განაგრძო გზა.

გ. კ-შვილმა შენიშნა ვ. გ-შვილი, დაუწყო გინება და დაემუქრა მოკვლით, ამასთან მოსთხოვა, გაყოლოდა სალაპარაკოდ. მიუახლოვდნენ რა სკოლის შენობას, გ. კ-შვილმა მოსთხოვა შიგ შესვლა, რაზედაც ვ. გ-შვილმა უარი განუცხადა. განაწყენებულმა გ. კ-შვილმა მარჯვენა ხელში მოიმარჯვა დანა, წავიდა ვ. გ-შვილის მიმართულებით და დაემუქრა მოკვლით. ვ. გ-შვილმა იგრძნო რა რეალური საფრთხე, მისგან თავის დაცვისა და შეშინების მიზნით, ამოიღო შარვლის ქამარში გარჭობილი ლულაგადაჭრილი თოფი და უთხრა, რომ არ მისულიყო მასთან. მიუხედავად გაფრთხილებისა, გ. კ-შვილმა გააგრძელა მოძრაობა მისი მიმართულებით. ამ დროს ვ. გ-შვილმა გადააცილა რა აუცილებელი მოგერიების ფარგლებს, მიმართა თავდასხმის ინტენსიობის შეუსაბამო თავდაცვის ზომებს და თოფიდან, მოკვლის მიზნით, ესროლა მუცელში, რის შემდგომ თვითონ უკან გადადგა ნაბიჯი და წაიქცა. გ. კ-შვილმა დაიჩოქა, მარცხენა ხელი მიიდო ჭრილობაზე და წავიდა ვ. გ-შვილის მიმართულებით. ამ უკანასკნელმა, მოგერიების მიზნით, ისევ მიმართა თავდასხმის ინტენსიობის შეუსაბამო თავდაცვის ღონისძიებას; თოფში ჩადო სხვა ვაზნა და კვლავ ესროლა მას. მიღებული დაზიანებების გამო, გ. კ-შვილი ადგილზე გარდაიცვალა, ვ. გ-შვილი კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო სასამართლომ გააუქმა რა გურჯაანის რაიონული სასამართლოს განაჩენი ვ. გ-შვილის მიმართ, განჩინებაში მიუთითა, რომ საქმის სასამართლოში განხილვის დროს დაშვებული იყო სისხლის სამართლის საპროცესო კანონის არსებითი დარღვევები.

სასამართლომ გამწესრიგებელი სხდომის ჩატარების გარეშე ვ. გ-შვილის მიმართ სსკ-ის 238-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებით, 107-ე მუხლით შერაცხული ბრალდებები შესაბამისობაში მოიყვანა ამჟამად მოქმედი სსკ-ის 236-ე მუხლის პირველ, მეორე ნაწილებთან, რითაც დაარღვია სსკ-ის 417-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნა. სასამართლომ საქმე განიხილა დაზარალებულ ც. ბ-შვილის დაუსწრებლად, რის შედეგად ამ უკანასკნელს არ მიეცა საშუალება, განეხორციელებინა სსკ-ის 69-ე მუხლით მინიჭებული უფლებები.

საკასაციო საჩივარში დაზარალებული ც. ბ-შვილის ინტერესების დამცველი ადვოკატი ა. ზ-შვილი მიუთითებს, რომ მართალია, თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატამ გააუქმა გურჯაანის რაიონის სასამართლოს უკანონო განაჩენი ვ. გ-შვილის მიმართ, მაგრამ საქმე უნდა დაებრუნებინა დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად, ვინაიდან საქმეშია რიგი გარემოებები, რომლის შემოწმებას და ხარვეზების აღმოფხვრას სასამართლო ვერ შესძლებს, ითხოვს განჩინების გაუქმებას და საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნებას.

დაზარალებული ც. ბ-შვილი მხარს უჭერს ადვოკატ ა. ზ-შვილის მოთხოვნას.

ვ. გ-შვილის ინტერესების დამცველი ადვოკატი ა.ასლანიშვილი ითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის განჩინების უცვლელად დატოვებას. მიუთითებს, რომ სასამართლოს შეუძლია საქმის მასალების გარკვევისა და შეფასების შედეგად დაადგინოს განაჩენი.

საკასაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა გ.ჯ-იამ მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივარს და მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 21 თებერვლის განჩინების უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა რა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოთხოვნის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია, თვლის რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 21 თებერვლის განჩინება ვ. გ-შვილის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგი გარემოებების გამო:

საკასაციო პალატა ეთანხმება თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის განჩინებას, რომ გურჯაანის რაიონის სასამართლომ ვ. გ-შვილის საქმეზე სამართალში მიცემის სტადიიდან დაუშვა სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის არსებითი დარღვევა, რაც გახდა საფუძველი განაჩენის გაუქმებისა.

გურჯაანის რაიონის სასამართლოს 2000 წლის 4 ივლისის დადგენილებიდან ირკვევა, რომ სასამართლომ გამწესრიგებელი სხდომის ჩატარების გარეშე, ბრალდებულ ვ. გ-შვილის მიმართ საბრალდებო დასკვნით, სსკ-ის 107-ე და 238-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილით შერაცხული ბრალდებები შესაბამისობაში მოიყვანა ამჟამად მოქმედი სსკ-ის 113-ე და 236-ე მუხლებთან, რითაც დაარღვია სსკ-ის 417-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნები, რომ ბრალდებულის სამართალში მიცემის შემთხვევაში, სასამართლოს მხოლოდ გამწესრიგებელ სხდომაზე შეუძლია გამოიყენოს სისხლის სამართლის კანონი ნაკლებად მძიმე დანაშაულის შესახებ, ისე რომ არ შეცვალოს ბრალდების ფორმულირება, რასაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

ამასთან, სასამართლომ არ გაარკვია დაზარალებულ ც. ბ-შვილის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზი, მისი მონაწილეობის გარეშე განიხილა ვ. გ-შვილის ბრალდების საქმე, რითაც არ მისცა მას შესაძლებლობა განეხორციელებინა სსკ-ის 69-ე მუხლით მინიჭებული უფლებები.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სასამართლომ საქმის ხელმეორედ განხილვის დროს სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით ყოველმხრივ და ობიექტურად უნდა გამოიკვლიოს საქმის მასალები, დაზარალებულ ც. ბ-შვილის საჩივრის მოტივები, რის შემდეგ საქმეზე მიიღოს არსებითი გადაწყვეტილება.

სასამართლოს, ასევე, შეუძლია იმსჯელოს საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების შესახებ თუ წარმოიშვება ასეთი გადაწყვეტილების მიღების კანონიერი საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე, 568-ე მუხლებით, პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ადვოკატ ა. ზ-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 21 თებერვლის განჩინება ვ. გ-შვილის მიმართ დარჩეს უცვლელად.