დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ბს-1018(კ-21) 08 ივნისი, 2022წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.07.2021წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თ. კ-იმა 27.08.2019წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამის „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2019-2020“-ის საკონკურსო კომისიის 07.06.2019წ. №4 სხდომის ოქმისა და მოსარჩელის მიმართ სასტიპენდიო პროგრამა „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2017-2018“-ის ფარგლებში სწავლის საფასურისა (44 695 აშშ დოლარი) და საყოფაცხოვრებო ხარჯების (22 073 აშშ დოლარის) დაფინანსებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის 10.06.2019წ. გადაწყვეტილების გაუქმება, ასევე სასტიპენდიო პროგრამა „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2017-2018“-ის კონკურსანტ თ. კ-იის მიმართ სწავლის საფასურისა და საყოფაცხოვრებო ხარჯების დაფინანსების მიზნით სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და გრანტის ხელშეკრულების გაფორმების დავალება სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 02.12.2020წ. გადაწყვეტილებით, თ. კ-იის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამის - „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2019-2020’’ საკონკურსო კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 10.04.2019წ. №17-19 ბრძანებით შექმნილი საკონკურსო კომისიის 07.06.2019წ. სხდომის ოქმი №4 და სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის 10.06.2019წ. გადაწყვეტილება თ. კ-იის მიმართ სასტიპენდიო პროგრამა „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2017-2018“-ის ფარგლებში სწავლის საფასურისა (44 695 აშშ დოლარი) და საყოფაცხოვრებო ხარჯების (22 073 აშშ დოლარის) დაფინანსებაზე უარის თქმის შესახებ, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.07.2021წ. განჩინებით, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოსარჩელე მონაწილებდა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამის - „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2017-2018“-ის სასტიპენდიო კონკურსში. კონკურსის მე-2 ეტაპზე თ. კ-იმა მიიღო - 36 ქულა (საშუალო), ხოლო მე-3 ეტაპზე (გასაუბრება) 29 ქულა (საშუალო), ჯამში თ. კ-იის შეფასება შეადგენდა 65 ქულას და სოციალური მეცნიერებების მიმართულების მიხედვით საბოლოო სარეიტინგო სიაში მე-19 ადგილი დაიკავა. სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის 14.07.2017წ. წერილით თ. კ-ის ეცნობა, რომ ვერ გადალახა სასტიპენდიო პროგრამის „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2017-2018“-ის კონკურსის მესამე ეტაპი. თბილისის საქალაქო სასამართლოს 29.03.2018წ. გადაწყვეტილებით თ. კ-იის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის 14.07.2017წ. გადაწყვეტილება თ. კ-იის მიმართ სასტიპენდიო პროგრამა „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2017-2018“-ის კონკურსის მესამე ეტაპის გადალახვაზე უარის თქმის შესახებ, ასევე სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამა „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2017-2018“-ის საკონკურსო კომისიის 12.07.2017წ. სხდომის ოქმი №8 თ. კ-იის მიმართ სწავლის საფასურის (44 695 აშშ დოლარი) და საყოფაცხოვრებო ხარჯების (22 073 აშშ დოლარის) დაფინანსებაზე უარის თქმის ნაწილში და მოპასუხეს დაევალა საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით 07.06.2019წ. კომისიასთან გასაუბრებაზე განმეორებით მიწვეულ იქნა თ. კ-იი. ოქმში აღნიშნულია, რომ საკონკურსო კომისიამ მესამე ეტაპის შეფასება აწარმოა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამის - „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2017-2018“-ის საკონკურსო კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 09.06.2017წ. №21-17 ბრძანებით შექმნილი კომისიის 12.07.2017წ. №8 ოქმით დამტკიცებული შეფასების ფორმების შესაბამისად. „სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 22.04.2016წ. №201 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამის და სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამის - „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2019-2020“-ის საკონკურსო კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 10.04.2019წ. №17-19 ბრძანების საფუძველზე, მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, თ. კ-ის უარი ეთქვა დაფინანსებაზე, კომისიის 12.07.2017წ. №8 ოქმით გამარჯვებულთა გამოვლენის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებისა და 07.06.2019წ. კონკურსის მესამე ეტაპზე მიღებული შედეგის შესაბამისად, რეიტინგის მიხედვით თ. კ-იი ვერ მოხვდა საუკეთესო შედეგის მქონე 10 კონკურსანტში. სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის 10.06.2019წ. გადაწყვეტილებით თ. კ-ის ეცნობა, რომ 07.06.2019წ. საკონკურსო კომისიასთან გასაუბრებაზე მიღებული მისი შეფასებაა 18,3 ქულა, საბოლოო შეფასება - 54.3 ქულა, შესაბამისად, უარი ეთქვა დაფინანსების გამოყოფაზე, რომელსაც ითხოვდა აშშ-ში, ...ის უნივერსიტეტში Emerging Media Stadies სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის მიზნით.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ პალატა გაეცნო საქმეში წარმოდგენილ თ. კ-ითან საკონკურსო კომისიის სხდომის აუდიო ოქმს და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას იმის თაობაზე, რომ თ. კ-იი კომისიის წევრების მიერ დასმულ ყველა კითხვაზე სრულად, ამომწურავად, ლოგიკურად და თანმიმდევრულად სცემს პასუხს, მიუხედავად ამისა, სადავო აქტი არ შეიცავს დასაბუთებას იმისა, თუ რომელ კომპონენტში არ გასცა თ. კ-იმა დამაკმაყოფილებელი პასუხი და აჩვენა სუსტი პოზიცია. თ. კ-იის მიერ სადავოდ ქცეული 07.06.2019წ. №4 სხდომის ოქმი არ შეიცავს დასაბუთებას, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ გასაუბრება ატარებდა ფორმალურ ხასიათს. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ გამოცემული აქტი იყოს არგუმენტირებული, დასაბუთებული და მხარისათვის გასაგები, რათა შესაძლებელი გახდეს დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების კანონიერების გადამოწმება და დისკრეციულ უფლებამოსილებაში შეცდომის დაშვების გამორიცხვა. სადავო აქტი მსგავს დასაბუთებას არ შეიცავს. თ. კ-ითან მიმართებაში გასაჩივრებული აქტი გამოიცა საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსის ჩატარებისათვის დადგენილი წესის დარღვევით, ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლომ სადავო საკითხი არსებითად სწორად გადაწყვიტა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.07.2021წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით მოსარჩელე გადავიდა კონკურსის მესამე ეტაპზე და გაიარა გასაუბრება, თუმცა ვერ დააგროვა საკმარისი ქულა საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსების მისაღებად. საკონსკურსო კომისიის მიერ დამტკიცებული შეფასების ფორმებით განსაზღვრულია გასაუბრების ეტაპზე შესაფასებელი კომპონენტები და ამ კომპონენტების შეფასების ქულობრივი სპექტრი. თითოეულ კონკურსანტს კომისია ერთსა და იმავე შეკითხვას იდენტური ფორმულირებით არ უსვამს და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსხვავებული შეკითხვებით ცდილობს განსაზღვრული კომპონენტების შეფასებას. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების დროს მინიჭებული ქულის მიზანშეწონილობის დადგენა სცილდება სასამართლოს კომპეტენციას. საკონკურსო კომისია წარმოადგენს კანონის საფუძველზე შექმნილ კოლეგიურ ორგანოს, რომელიც თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით და დამოუკიდებლად ახორციელებს თავის საქმიანობას. კომისიამ დადგენილი წესით შეაფასა საკონკურსო განცხადება, ჩაატარა გასაუბრება და მიიღო გადაწყვეტილება. კომისიის წევრი მსჯელობს ინდივიდუალურად, ინდივიდუალურად დაწერილი ქულები ჯამდება, რის შემდეგ დგება საბოლოო შედეგი, არ არის განსაზღვრული სამართლებრივი საფუძველი, რომელიც კომისიის წევრს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას დაავალდებულებდა. სასამართლომ მიუთითა, რომ თ. კ-იმა ყველა შეკითხვაზე გასცა სრული, ამომწურავი, ლოგიკური და თანმიმდევრული პასუხი, რაც შეუსაბამობაშია საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკასთან (სუსგ 01.11.2016წ. საქმე №ბს-289-287(2კ-16)). სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით სადავო გადაწყვეტილება მიღებული იქნა კრიტერიუმების დაცვის გარეშე, თუმცა პალატამ არ მიუთითა ცენტრის მიერ კონკრეტული ნორმის/წესის დარღვევაზე, შესაბამისად, დაუსაბუთებელია მსჯელობა იმის შესახებ, რომ გასაუბრება მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა. სასამართლო ვერ დაადგენს კონსკურსანტის მიერ სათანადოდ პასუხის გაცემის ფაქტს და ვერ შეითავსებს საკონსკურსო კომისიის ფუნქციას. სასამართლოს უნდა დაესაბუთებინა კასატორის მიერ კონკრეტული ნორმის არასწორად გამოყენების ან/და დარღვევის საკითხი (იხ. სუსგ 07.03.2019წ. საქმე №ბს-797(კ-18)), ასევე სასამართლომ შესაბამისი დასაბუთების გარეშე გამოიყენა ასკ-ის 32.4 მუხლი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. კასატორის მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 01.11.2016წ. №ბს-289-287(2კ-16) და 07.03.2019წ. №ბს-797(კ-18) გადაწყვეტილებებზე მითითება არ არის რელევანტური, მართალია, მითითებულ გადაწყვეტილებებში აღნიშნულია, რომ კოლეგიური ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემოწმება სასამართლოში არ ხდება მიზანშეწონილობის თვალსაზრისით და სასამართლოს კონტროლი ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებაზე გულისხმობს აქტის კანონიერების შემოწმებას, თუმცა განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მსჯელობის საგანს შეადგენს თ. კ-ითან ჩატარებული გასაუბრებისა და მისთვის კონკრეტული შეფასების მინიჭების მართლზომიერება და არა მიზანშეწონილობა. სასამართლო არ არის უფლებამოსილი გადაამოწმოს კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა, თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს კომისიის მოქმედებების უკონტროლობას და მის საქმიანობაზე სასამართლო ზედამხედველობის გამორიცხვის შესაძლებლობას, ამასთან, №ბს-797(კ-18) საქმეზე დადგინდა, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად შეიქმნა კომისია, რომელმაც გადაწყვეტილება მიიღო ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების, საკითხის სრულად გამოკვლევის შედეგად, ასევე მიღებული გადაწყვეტილება იყო დასაბუთებული. ამდენად, სუსგ 01.11.2016წ. №ბს-289-287(2კ-16) და 07.03.2019წ. №ბს-797(კ-18) გადაწყვეტილებებზე მითითება არ ადასტურებს დივერგენციას. ამასთანავე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მართალია კონკურსანტთა შეფასებისას კომისია მოქმედებდა შეფასების თავისუფალი სივრცის ფარგლებში და დაუშვებელია სასამართლოს მიერ კომისიის ფუნქციების შეთავსება, თუმცა შემფასებლის მიხედულება უკიდეგანო არ არის და მის ფარგლებში უფლებამოსილების გადაჭარბება ან არამიზნობრივი გამოყენება დაუშვებელია, შემფასებლის უფლებამოსილება შებოჭილია დადგენილი კრიტერიუმებით, რომელთათვის იმანენტურია სამართლებრივი ბოჭვა, რაც სასამართლო კონტროლის პირობებშია შესაძლებელი. სასამართლო იცავს რა შეფასების თავისუფალ სივრცეს, იმავდროულად, თვითნებობის ფაქტის აცილების მიზნით, აქვს შესაძლებლობა მოახდინოს ზემოქმედება მმართველობის ამ სფეროზე, ვინაიდან არ არსებობს აბსოლუტურად თავისუფალი, უკიდეგანო შეფასების სივრცე, ისევე როგორც აბსოლუტური საკანონმდებლო განსაზღვრულობა (სუსგ 24.12.2021წ. №ბს-590(კ-20)). ამდენად, კონკურსის ჩატარების ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებაზე სასამართლოს კონტროლი ფორმალურ ხასიათს არ ატარებს, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებების სასამართლო წესით გადასინჯვა და სასარჩელო წარმოებით უფლების დაცვა ეფექტურ საშუალებას უნდა წარმოადგენდეს. კონკურსის შედეგად პირის შეფასება არ ქმნის სამართლისგან სრულიად თავისუფალ სივრცეს, ასეთ პირობებში მოქალაქეს არ ერთმევა მის მიმართ უშეცდომო გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნა.
საქმის მასალებით დგინდება, რომ დაფინანსებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებამდე დაინტერესებულ პირს უნდა გაევლო სამი ეტაპი: პირველ ეტაპზე ხორციელდებოდა ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში ატვირთვული განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ადმინისტრაციული (ფორმალური) შემოწმება, მეორე ეტაპი გულისხმობდა განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების შინაარსობრივ შეფასებას, ხოლო მესამე ეტაპი იყო გასაუბრება. განსახილველ შემთხვევაში სადავოა მესამე ეტაპის - გასაუბრების შედეგები თ. კ-ითან მიმართებით. კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.03.2018წ. გადაწყვეტილებით, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის 14.07.2017წ. გადაწყვეტილება თ. კ-იის მიმართ სასტიპენდიო პროგრამა „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2017-2018“-ის კონკურსის მესამე ეტაპის გადალახვაზე უარის თქმის შესახებ და ამავე ცენტრის საკონსკურსო კომისიის 12.07.2017წ. სხდომის ოქმი №8 თ. კ-იის მიმართ სწავლის საფასურის და საყოფაცხოვრებო ხარჯების დაფინანსებაზე უარის თქმის ნაწილში, ასევე ცენტრს დაევალა საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილების სამოტავაციო ნაწილში საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხე სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ ვერ იქნა წარდგენილი გასაუბრების ამსახველი შესაბამისი დოკუმენტი ან სხვა სახის მტკიცებულება, რომლის საფუძველზე შესაძლებელი იქნებოდა სადავო აქტის დასაბუთებულობის, კანონიერების შემოწმება და შესაბამისად, დიკსრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებაზე სასამართლო კონტროლის განხორციელება, შესაბამისად, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის დავალდებულების თაობაზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზოგადად გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილით საბუთდება საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე დავის გადაწყვეტის კონკრეტული შედეგის მართლზომიერება, სარეზოლუციო ნაწილში აისახება სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მოყვანილი სამართლებრივი მსჯელობის შედეგი. განსახილველ შემთხვევაში მიუხედავად სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს 29.03.2018წ. გადაწყვეტილებაში ასახული მითითებებისა მართლია, წარმოდგენილია გასაუბრების ამსახველი ოქმის აუდიო ჩანაწერი, თუმცა არც აუდიო და არც წერილობითი ფორმით წარმოდგენილი საკონსკურსო კომისიის 07.06.2019წ. სხდომის ოქმი №4 არ შეიცავს დასაბუთებას, ოქმში მითითებულია კომისიის წევრთა ვინაობა, აღნიშნულია სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად თ. კ-იის მოწვევისა და მასთან გასაუბრების ჩატარების შესახებ, ასევე დიკსრეციულ უფლებამოსილებაზე მითითებით მიღებულია გადაწყვეტილება თ. კ-იისათვის დაფინანსებაზე უარის თქმის თაობაზე, ვინაიდან კონკურსანტი რეიტინგის მიხედვით ვერ მოხვდა საუკეთესო შედეგის მქონე 10 კონკურსანტში.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონმდებლობა ყველა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ ადგენს დასაბუთების მოთხოვნას (სზაკ-ის 53.1 მუხ.), თუმცა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში აქტის დასაბუთების საერთო იმპერატივი დამატებით მოთხოვნებს ითვალისწინებს (სზაკ-ის 53.4 მუხ.). აქტის დასაბუთების შინაარსისა და მოცულობისადმი მოთხოვნები დეტერმინირებულია საკითხის თავისებურებებით. სხვა გადაწყვეტილების მსგავსად, მიხედულებით მიღებული გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს მნიშვნელოვან ასპექტებზე მითითებას. დასაბუთებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დისკრეციული აქტებისათვის, დასაბუთების არარსებობა არის აქტის გაუქმების საფუძველი. სუბსიდიარობის პრინციპიდან გამომდინარე, ზოგ შემთხვევაში შესაძლოა საკმარისად იქნეს მიჩნეული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების სათანადო დასაბუთების სასამართლოსათვის წარდგენა, თუმცა მოცემულ შემთხვევაში კონკურსანტის შეფასების დასაბუთებასთან დაკავშირებით მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს სასამართლოსავის არ წარუდგენია რაიმე წერილობითი დოკუმენტი, მეტიც საკასაციო საჩივარში კასატორი ავითარებს მოსაზრებას გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულების არარსებობის შესახებ. ადმინისტრაციულ ორგანოს არ გააჩნია რაიმე აღმატებული სტატუსი ან აბსოლუტური ძალაუფლება, რაც ავალდებულებს მას დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, ხსენებული ზრდის აქტის ხარისხს, დასაბუთების მოთხოვნა სამართლებრივი სახელმწიფოს ჯანსაღი გამოვლინებაა. დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება გულისხმობს გადაწყვეტილების შედეგის დასაბუთებას, რომლის მეშვეობით ირკვევა მიღებულ იქნა თუ არა უშეცდომო გადაწყვეტილება (სუსგ 24.12.2021წ. №ბს-590(კ-20)). მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტი არ შეიცავს მითითებას იმ მოსაზრებებზე და გარემოებებზე, რომლებსაც ადმინისტრაციული ორგანო დაეყრდნო გადაწყვეტილების მიღების დროს, რაც აქტის დასაბუთებისათვის კანონით დადგენილ სტანდარტს არ პასუხობს. სასამართლო კონტროლის განხორციელებისას მხოლოდ დისკრეციულ უფლებამოსილებაზე მითითება აქტის კანონიერების დასადასტურებლად არ არის საკმარისი, ასევე კომისიის წევრების მიერ გარკვეულ კრიტერიუმებთან მიმართებით ქულების ინდივიდუალურად დაწერა, არ ქმნის გასაუბრების ეტაპის ობიექტურად ჩატარებულად მიჩნევის საკმარის საფუძველს. ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა შეეძლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილების მართლზომიერება (სუსგ 05.10.2017წ. №ბს-365-362(კ-17)), რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. ამდენად, დაუსაბუთებელია კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი, რომელიც კომისიის წევრს დაწერილი ქულის დასაბუთებას დაავალდებულებდა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შეფასება უნდა იყოს არგუმენტირებული და დასაბუთებული, დასაბუთებიდან უნდა ირკვეოდეს, თუ რა გარემოებებმა და შეხედულებებმა მოახდინეს გავლენა გადაწყვეტილების მიღებაზე, გადაწყვეტილების შემოწმებისას თვალსაჩინო უნდა იყოს თუ რა ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს ემყარება შეფასება, რა შეკითხვას არ გასცა პასუხი, რომელ პოზიციაში გამოავლინა კონკურსანტმა სუსტი პოზიცია. დაინტერესებული მხარისთვის გასაგები უნდა იყოს, რა მოტივით იქნა მიღებული მის მიმართ კონკრეტული გადაწყვეტილება. ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სამართლიანობისა და კანონიერების განცდას უნდა ქმნიდეს. სასამართლო ახდენს არა საკონკურსო კომისიის ჩანაცვლებას, არამედ კანონმდებლობაზე დაყრდნობით ადგენს შეფასების თავისუფალი სივრცის საზღვრებს და ამოწმებს ამ საზღვრების დაცულობას. შეფასების თავისუფალი სივრცის საზღვრების დაცულობის შემოწმება სასამართლოს მიერ შესაძლებელია შესაბამისი შეფასების დასაბუთების არსებობის პირობებში, რის გამოც შემფასებელს ეკისრება შეფასების დასაბუთების წარმოდგენის ვალდებულება, მით უფრო, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტი მიღებული იქნა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად და საკონკურსო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების ალბათობა მაღალი იყო.
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების უცილობელ პირობას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა. საკასაციო პალატა თვლის, რომ სადავო აქტები ასეთ პირობას არ პასუხობს. სასკ-ის 32.4 მუხლის თანახმად, უკეთუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. კონკურსანტის უფლების დაცვა მოითხოვს იმას, რომ კონკურსანტის შეფასება სათანადოდ იყოს დასაბუთებული. გასაჩივრებული აქტები არ შეიცავს რაიმე მოტივაციას. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ დასაბუთებელია სადავო აქტების სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე ბათილად ცნობის და სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრისათვის საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.07.2021წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი