დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 05.06.2001
საქმის ნომერი
2კ-52აპ.-2001
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
05.06.2001

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 52-აპ 5 ივნისი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),გ. ბორჩხაძე,მ. ისაევი

განიხილა მსჯავრდებულ ბ. რ-შვილის დამცველის ადვოკატ შ. გ-შვილის და დაზარალებულების ა. მ-შვილის და ე. ჭ-შვილის საკასაციო საჩივრები თბილისის საოლქო სასამართლოს 2001 წლის 18 მარტის განაჩენზე, რომლითაც უცვლელად იქნა დატოვებული საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2000 წლის 2 ოქტომბრის განაჩენი ბ. რ-შვილის მიმართ.

საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2000 წლის 2 ოქტომბრის განაჩენით ბ. რ-შვილი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს ახალი სსკ-ის 276-ე მუხლის მესამე და მეშვიდე ნაწილებით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა ექვსი წლით საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. მასვე დაეკისრა დაზარალებულ ა. მ-შვილის სასარგებლოდ ავტომანქანის დაზიანების გამო მიყენებული ზარალის _ 1350 ლარის ანაზღაურება. დაზარალებულ ე. ჭ-შვილის და ა. მ-შვილის სამოქალაქო სარჩელები ქონებრივი და მორალური ზარალის ანაზღაურების შესახებ დატოვებულ იქნა განუხილველად.

ადვოკატის საკასაციო საჩივარი ითხოვს განაჩენის გაუქმებას და საქმის წარმოების შეწყვეტას იმ მოტივით, რომ მსჯავრდებულს სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედება არ ჩაუდენია.

დაზარალებულთა საჩივარი მიიჩნევს, რომ განაჩენი უსამართლოა სასჯელის მეტისმეტი სიმსუბუქის გამო. ამ მოტივით მოითხოვს განაჩენის გაუქმებას და საქმის გადაცემას ხელახალი სააპელაციო განხილვისათვის.

აღწერილობითი ნაწილი:

განაჩენით ბ. რ-შვილს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ტრანსპორტით მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია ერთი ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და სამი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა შემდეგ ვითარებაში: 2000 წლის 15 მაისს, დაახლოებით 20 საათზე თბილისი-ლაგოდეხის საავტომობილო გზაზე იგი მართავდა მიკროავტობუს “ფოლცვაგენს”. გზის 62-ე კილომეტრზე გამოიჩინა დაუდევრობა, დაარღვია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის და მე-14 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები, რომელთა მიხედვით მას უნდა გაეთვალისწინებია მოძრაობის უსაფრთხოება, სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობა, საგზაო და მეტეოროლოგიური პირობები და ხილვადობა მოძრაობის მიმართულებით. მოძრაობისათვის საფრთხის წარმოქმნის შემთხვევაში უნდა მიეღო ზომები სიჩქარის შესამცირებლად ავტომანქანის სრულ გაჩერებამდე. ამასთან, მას უნდა ემოძრავა საქართველოს გზებზე სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობისათვის დადგენილი წესის მიხედვით გზის მარჯვენა მხარეს, რაც მან არ შეასრულა. მოძრაობისას გადავიდა თავის სავალი ნაწილიდან მარცხენა მხარეს და შეეჯახა საპირისპირო მოძრაობის ზოლზე შემხვედრი მიმართულებით მოძრავ ავტომანქანა “ვაზ 21011”, რომელსაც მართავდა ზ. მ-შვილი. მომხდარი ავტოშემთხვევის შედეგად მძღოლი ზ. მ-შვილი და მისი მგზავრი თ. ბ-შვილი ადგილზევე გარდაიცვალნენ, ხოლო მეორე მგზავრი გ. ხ-შვილი მიღებული სიცოცხლისათვის საშიში მძიმე დაზიანების შედეგად გარდაიცვალა 2000 წლის 23 მაისს თბილისის ¹ 1 საავადმყოფოში. გარდა ამისა, სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო ბ. რ-შვილის მგზავრმა ლ. ს-შვილმა.

ადვოკატის საკასაციო საჩივარი თვლის, რომ მსჯავრდებულ ბ. რ-შვილს არ დაურღვევია გზებზე მოძრაობის წესები, არ დაუტოვებია გზის თავისი სავალი ნაწილი, მოძრაობის წესები დაარღვია საპირისპიროდ მომავალმა “ვაზ-21011” მძღოლმა, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ამ უკანასკნელის ბრალით და საგზაო შემთხვევის დათვალიერების ოქმი გაფორმებული არის არასწორად. ამასთან საჩივარი მიუთითებს, რომ ბ. რ-შვილმა იმოქმედა მართლზომიერი რისკით, რათა თავიდან აეცილებია უფრო მძიმე შედეგი. ამ მოტივითაც საჩივარი მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის მიმართ საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.

დაზარალებულთა საკასაციო საჩივარი მიიჩნევს, რომ მსჯავრდებული არც სამართლებრივად და არც მორალურად ასეთ მსუბუქ სასჯელს არ იმსახურებდა. იგი არ აღიარებს დანაშაულს და ცდილობს თავი აარიდოს პასუხისმგებლობას დანაშაულის გარდაცვლილ მძღოლზე გადაბრალებით, უარს აცხადებს ზარალის ანაზღაურებაზე და დამცინავად ექცევა დაზარალებულებს.

სამოტივაციო ნაწილი:

საქმის საკასაციო განხილვის დროს ადვოკატებმა შ. გ-შვილმა, მ. ს-იამ და ლ. მ-შვილმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ საკასაციო საჩივრებს. პროკურორმა გ. ჯ-იამ კი იშუამდგომლა განაჩენის უცვლელად დატოვება.

პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, განაჩენის კანონიერება და წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა, მიიჩნევს, რომ განაჩენი მოცემულ საქმეზე უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო საჩივართა მოთხოვნა უარყოფილი იქნას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით უდაოდ დადგენილია, რომ მსჯავრდებულმა ბ. რ-შვილმა უხეშად დაარღვია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნები, რასაც მოჰყვა ავტო-საგზაო შემთხვევა მძიმე შედეგით. მომხდარ ფაქტს სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა როგორც პირველი ინსტანციის სასამართლომ, ასევე სააპელაციო სასამართლომ.

საკასაციო პალატას სრულიად დაუსაბუთებლად მიაჩნია ადვოკატ შ. გ-შვილის საჩივარში მითითებული ის ფაქტი, რომ შემთხვევაში მონაწილე ავტომანქანათა შეჯახება მოხდა ბ. რ-შვილის მართვის ქვეშ მყოფი მიკროავტობუსის სავალი გზის ნაწილზე და შემთხვევის ადგილის სქემა არასწორად არის გაფორმებული. სქემის ობიექტურობას ნათლად ადასტურებს შემთხვევის შემდეგ ავტომანქანათა განლაგება, მანქანათა დაჯახების შედეგად შემთხვევის ადგილზე ჩამოყრილი მინის ნამტვრევების, დეტალების, მანქანებში არსებული ნივთების მდებარეობა და სხვა ობიექტური მონაცემები. ავტო-საგზაო შემთხვევის საქმის სისწორე დადასტურებულია თვით მსჯავრდებულ ბ. რ-შვილის მიერ. ამასვე გარკვეულად ადასტურებს საკასაციო საჩივარიც, რომელშიც ხაზგასმითაა მითითებული, რომ მძღოლმა ბ. რ-შვილმა არ შეეცადა რა ავტომანქანის დამუხრუჭებას და დატოვა თავისი სავალი ნაწილი, ამით წავიდა მართლზომიერ რისკზე უფრო მძიმე შედეგის თავიდან აცილების მიზნით. პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში არავითარ მართლზომიერ რისკთან საქმე არ გვაქვს და სახეზეა ავტომანქანით მოძრაობის წესების აშკარა დარღვევა.

ამდენად, პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და მოტივაციას.

პალატა ასევე, არ იზიარებს დაზარალებულთა საკასაციო საჩივრის იმ მოსაზრებას, რომ მსჯავრდებულის მიმართ შეფარდებული სასჯელი აშკარად ლმობიერია. სასჯელი, რომელიც კანონით გათვალისწინებულ მინიმუმს მნიშვნელოვნად აღემატება, შემთხვევის (დანაშაულის) კონკრეტული გარემოებების და პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი პირობების გათვალისწინებით, არ შეიძლება აშკარად ლმობიერად ჩაითვალოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულის გამო პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე და 568-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 16 მარტის განაჩენი ბ. რ-შვილის მიმართ დარჩეს უცვლელად.