შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 19.06.2001
საქმის ნომერი
2კ-42კოლ.-2001
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
19.06.2001

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 42-კოლ 19 ივნისი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),ნ. გვენეტაძე,მ. ისაევი

განიხილა მსჯავრდებულ ო. ფ-შვილის ინტერესების დამცველი ადვოკატის _ გ. ყ-შვილის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 6 აპრილის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 6 აპრილის განაჩენით ო. ფ-შვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. 1995 წლის 2 ივნისის ამნისტიის აქტის საფუძველზე, ამ მუხლით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლდა. ასევე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 184-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. ო. ფ-შვილს მოეხსნა სსკ-ის 184-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება.

განაჩენით ო. ფ-შვილს მსჯავრი დაედო შემდეგში: 1993 წლის 19 იანვრიდან ლეიტენანტი ო. ფ-შვილი დანიშნული იყო საბრძოლო შენაერთ ,,ავაზაში” ოცეულის მეთაურის მოადგილედ. 1993 წლის მაისის თვის ბოლო რიცხვებში ო. ფ-შვილი თავის თანამებრძოლებთან ერთად, შეიცვალნენ რა სხვა მებრძოლებით, გამოემგზავრნენ ქ. თბილისში, საბრძოლო შენაერთ ,,ავაზას” დისლოკაციის ადგილზე. იმავე პერიოდში ო. ფ-შვილის ერთ-ერთი თანამებრძოლი თვითნებურად იყო წამოსული ქ. თბილისში, რა დროსაც თან ჰქონდა საბრძოლო იარაღი და იგი 1993 წლის 3 ივლისს საბრძოლო შენაერთის დისლოკაციის ადგილზე შეხვდა ო. ფ-შვილსა და მის თანამებრძოლებს. 1993 წლის 3 ივლისს საბრძოლო პოზიციაზე მყოფი, შენაერთ ,,ავაზას” მეთაური, პოლკოვნიკი ტ. წ-შვილი ქ. თბილისში ტელეფონით დაუკავშირდა შტაბის უფროსს, აწ განსვენებულ გ. უ-შვილს და მოსთხოვა, გაეკეთებინა ,,იკარუსის” მარკის ავტობუსის მობილიზება და ფრონტზე გაეგზავნა ქ. თბილისში მყოფი მებრძოლები. იმავე დღეს გ. უ-შვილმა მარნეულის რაიონის ასს-დან ,,იკარუსის” მარკის ავტობუსის ჩამოყვანა დაავალა ო. ფ-შვილსა და მისი ჯგუფის წევრებს. ეს უკანასკნელნი ერთ-ერთის ,,ვაზ-2103” მარკის ავტომანქანით გაემგზავრნენ ქ.მარნეულში, რათა შეესრეულებინათ გ. უ-შვილის ბრძანება. გზად, გარდაბნის რაიონოს სოფელ კუმისში, ისინი შევიდნენ რესტორანში, სადაც ისადილეს და მიიღეს ალკოჰოლური სასმელები, რის შემდეგაც გზა განაგრძეს მარნეულის მიმართულებით. სოფელ კუმისის აღმართზე მათ შეამჩნიეს მარნეული-თბილისის მიმართულებით მოძრავი ბორჯომის ასს კუთვნილი ,,იკარუსის” მარკის ავტობუსი, რომელშიც მხოლოდ მძღოლები: მ. ხ-ძე, ზ. კ-ძე და ლ. ქ-ძე ისხდნენ. ო. ფ-შვილი და სხვები გადმოვიდნენ ავტომანქანიდან და ო. ფ-შვილის ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა დანარჩენებთან შეთანხმებით, აკმ სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ჩვენებით გააჩერებინა მძღოლ მ. ხ-ძეს ავტობუსი. ლ. ქ-ძემ იხელთა დრო და შეშინებული გაიქცა კუმისის ტბის მიმართულებით. ო. ფ-შვილმა და დანარჩენებმა ორი მძღოლი მოკვლის მუქარით ჩამოიყვანეს ავტომანქანიდან, რის შემდეგაც ო. ფ-შვილის თანამებრძოლთაგან ერთ-ერთმა გაიყვანა ისინი ავტობუსის უკან, უთხრა, რომ ავტობუსი აფხაზეთში მიჰყავდათ და უბრძანა საბუთების გადაცემა, რაზეც ზ. კ-ძემ აუხსნა, რომ საბუთები გაქცეულ ლ. ქ-ძეს ჰქონდა თან, რასაც მოჰყვა მუქარა მძღოლების მიმართ. საუბარში ჩაერია ო. ფ-შვილი, რომელმაც დაარწმუნა თავისი ჯგუფის წევრი, რომ მძღოლების მოკვლა საჭირო არ იყო, რადგან რაც უნდოდათ, ისედაც მიჰყავდათ და უბრძანა მ. ხ-ძესა და ზ. კ-ძეს, გაქცეულიყვნენ კუმისის ტბის მიმართულებით. ავტობუსის საჭესთან დაჯდა ო. ფ-შვილის ჯგუფის ერთ-ერთი წევრი. მძღოლების გაქცევიდან დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში ვერ მოხერხდა ავტობუსის ამუშავება, რითაც ისარგებლეს რა ამ უკანასკნელთ, გამტაცებლებზე ადრე მივიდნენ საგზაო პოლიციის თელეთის საგუშაგოზე. ო. ფ-შვილმა და მისი ჯგუფის წევრებმა ავტობუსი წამოიყვანეს ქ. თბილისის მიმართულებით. საგზაო პოლიციის თელეთის საგუშაგოსთან ბოროტმოქმედები არ დაემორჩილნენ პოლიციელების მოთხოვნას და მათი მხრიდან გამაფრთხილებელი სროლის მიუხედავად აუქციეს რა გზა საგუშაგოს, გადავიდნენ სოფელ ტაბახმელას მიმართულებით, რა დროსაც ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა გახსნა ცეცხლი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან. დაახლოებით 1500 მეტრის გავლის შემდეგ ავტობუსს წამოეწია ,,ვაზ-2106” მარკის ავტომანქანით ბ. პ-შვილი, რომელიც ო. ფ-შვილის ერთ-ერთმა თანამებრძოლმა ჩათვალა რა მდევრად, მიაყენა მას სხეულის მძიმე დაზიანება. გატაცებული ავტობუსი ბოროტმოქმედებმა ჩამოიყვანეს ქ. თბილისში და რადგან იგი დაზიანებული იყო, მიატოვეს ენგურის ქუჩაზე. მანამდე კი გაჩხრიკეს რა ავტობუსი, იქ იპოვეს 20 ქილა ლუდი, 6 ქილა ხიზილალა, 2 ჯინსის შარვალი, 2 წყვილი ფეხსაცმელი და რამოდენიმე ხალათი, სულ ღირებული 200 ლარამდე. ო. ფ-შვილმა და მისი ჯგუფის წევრებმა მოიპარეს აღნიშნული საქონელი და ერთმანეთს შორის გაინაწილეს.

ადვოკატი გ. ყ-შვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს ო. ფ-შვილის მიმართ განაჩენის გაუქმებას და საქმის შეწყვეტას, ვინაიდან მისი ქმედება არ არის მართლსაწინააღმდეგო, ო. ფ-შვილი ასრულებდა თავისი უშუალო უფრისის _ გ. უ-შვილის ბრძანებას, ხოლო საქართველოს სსკ-ის 383-ე მუხლის შესაბამისად, უფროსის ბრძანების შეუსრულებლობა ხელქვეითის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედებაა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჩივრის ავტორი ითხოვს ო. ფ-შვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას პატიმრობიდან. ამასთან, მიუთითებს, რომ საკასაციო პალატამ გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გაითვალისწინოს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და მისი პიროვნება, სახელდობრ, ის, რომ იგი ადრე ნასამართლევი არ ყოფილა, ხასიათდება დადებითად, ჰყავს არასრულწლოვანი შვილი და მოხუცი დედა, იბრძოდა საქართველოს მთლიანობისათვის, რისთვისაც, სამწუხაროდ, Dდღეს მსჯავრდებულია, აღნიშნული ქმედების ჩადენიდან გასულია 8 წელი, ამ ხნის განმავლობაში ო. ფ-შვილს სხვა დანაშაული არ ჩაუდენია, ხოლო ამ ქმედებისათვის მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ჩადენიდან 7 წლის შემდეგ. ამ დროის განმავლობაში იგი არ ემალებოდა გამოძიებას.

პროკურორი ბ. შ-ძე არ ეთანხმება საჩივრის მოთხოვნას და ითხოვს განაჩენის უცვლელად დატოვებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა რა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები, საკასციო საჩივრის საფუძვლიანობა, თვლის, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს საჩივრის მოტივს იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებულ ო. ფ-შვილს არ ჩაუდენია მართლსაწინააღმდეგო ქმედება და იგი ასრულებდა თავისი უშუალო უფროსის _ გ. უ-შვილის ბრძანებას.

საქმის მასალებით, მათ შორის, თავად ო. ფ-შვილის ჩვენებითაც, დადგენილია, რომ მან გ. უ-შვილისაგან მიიღო ბრძანება, რომ ,,იკარუსის” მარკის ავტობუსი წამოეყვანა მარნეულის ასს-დან და არა ის, რომ ავტობუსი წაერთმიათ გზაზე მიმავალი ნებისმიერი მძღოლისათვის, ვისი კუთვნილებაც არ უნდა ყოფილიყო იგი. საბრძოლო შენაერთ ,,ავაზას” ოცეულის მეთაურის მოადგილე ო. ფ-შვილმა და მისმა თანამებრძოლებმა კი, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით, გაიტაცეს ბორჯომის ასს-ს კუთვნილი ,,იკარუსის” მარკის ავტობუსი. მათვე, თელეთის ავტოსაგზაო საგუშაგოზე წინააღმდეგობა გაუწიეს პოლიციის თანამშრომლებს და არ გაუჩერეს ავტობუსი, რაც ერთხელ კიდევ მეტყველებს იმაზე, რომ ო. ფ-შვილი და მისი ჯგუფის წევრები მოქმედებდნენ მართლსაწინააღმდეგოდ და მათი მხრიდან ადგილი ჰქონდა ავტობუსის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებას.

ამასთან, პალატა მხედველობაში იღებს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ, იმას, რომ იგი ადრე ნასამართლევი არ არის, ხასიათდება დადებითად, ჰყავს არასრულწლოვანი შვილი, მოხუცი დედა, იბრძოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ო. ფ-შვილის მიერ დანაშაულის ჩადენის დღიდან გასულია 8 წელი და ამ დროის განმავლობაში მას დანაშაული არ ჩაუდენია. გამოძიების ორგანოების მიერ მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა დანაშაულებრივი ქმედების ჩადენიდან 7 წლის შემდეგ. ამ დროის განმავლობაში იგი არ ემალებოდა გამოძიებას.

აღნიშული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ო. ფ-შვილის გამოსწორება შეიძლება თავისუფლების აღკვეთის მოხდის გარეშე, რის გამოც მის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს სსკ-ის 63-ე-64-ე მუხლები, დანიშნული სასჯელი შეეცვალოს პირობითი მსჯავრით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 5 წელი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 562-ე, 564-ე, 565-ე და 568-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 6 აპრილის განაჩენში შეტანილ იქნეს ცვლილება: ო. ფ-შვილს დანიშნული სასჯელი _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 63-ე-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 5 (ხუთი) წელი.

მსჯავრდებულს დაევალოს, რომ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს ბინადრობის ადგილი.

პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო ბიუროს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

მსჯავრდებული ო. ფ-შვილი გათავისუფლდეს პატიმრობიდან.

განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.