დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-604(კ-20) 24 მაისი, 2022 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამსახური (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ამავე სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფლებამონაცვლეები)
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „...“
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2018 წლის 16 მარტს შპს „...მ“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ და სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდგომ მოითხოვა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 01 ნოემბრის №04-14/7836 გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 16 თებერვლის №04/9001 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის თანხის დაკისრება. მოპასუხედ დამატებით მიეთითა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 6 ივნისის განჩნებით სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით, შპს ,,...ს“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 16 თებერვლის №04/9001 და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 01 ნოემბრის №04-14/7836 გადაწყვეტილებები და ადმინისტრაციულ ორგანოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა დაევალა, რაც მხარეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით, შპს „...ისა“ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 01 ნოემბრის №04-14/7836 გადაწყვეტილება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 16 თებერვლის №04/9001 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება ქ. ხ-ასა და ფ. ს-ის მკურნალობის ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა საქმის გარემოებების სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის საფუძველზე, ასევე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებით, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ახალი აქტის გამოცემა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 01 ნოემბრის №04-14/7836 გადაწყვეტილება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 16 თებერვლის №04/9001 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება გ. ბ-ის მკურნალობის ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და სსიპ მომსახურების სააგენტოს დაევალა გ. ბ-ის მკურნალობის ფარგლებში გაწეული მომსახურების თანხის ანაზღაურება შპს „...ს“ სასარგებლოდ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრმა, რომლებმაც ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორებმა აღნიშნეს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტები - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 16 თებერვლის №04/9001 გადაწყვეტილება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2017 წლის 01 ნოემბრის №04-14/7836 გადაწყვეტილება გამოცემული იყო მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად. ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოიკვლია ყველა გარემოება და დასაბუთებულად მიიღო გადაწყვეტილება. ამდენად, არ არსებობდა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი. კასატორთა განმარტებით, გასაჩივრებულ აქტებში მითითებულ შემთხვევებს განესაზღვრა სტატუსი "არ ექვემდებარება ანაზღაურებას" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების პირველი დანართის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის "ე" ქვეპუნქტის საფუძველზე, რომლის თანახმადაც, "წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს“. კასატორების მითითებით, პაციენტების - ქ. ხ-ას, ფ. ს-ის და გ. ბ-ის შემთხვევებში კლინიკის მიერ გაკეთებულ შეტყობინებაში მითითებული (მოდულით ატვირთული) ინფორმაცია არ შეესაბამებოდა ინსპექტირებისათვის წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციას. შესაბამისად, სახეზე იყო საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების პირველი დანართის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის "ე" ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოება.
კასატორებმა აღნიშნეს, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა ფაქტობრივი გარემოება და მიუთითა, რომ შეუსაბამობები მოდულში ატვირთულ ინფორმაციასა და წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციას შორის უნდა ჩათვლილიყო ტექნიკურ ხარვეზად. სასამართლომ არასწორად გამოიყენა №36 დადგენილების პირველი დანართის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები და მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნები. №36 დადგენილების პირველი დანართის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საანგარიშგებო დოკუმენტაციისას ხდებოდა დოკუმენტაციის პირველადი შემოწმება და დადარება დოკუმენტაციის ნუსხასთან და შეუსაბამობის შემთხვევაში მიმწოდებელს ეძლეოდა ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად. დებულებიდან გამომდინარე, ცალსახა იყო, რომ ამ დროს ხდებოდა დოკუმენტაციის არა შინაარსობრივი შემოწმება, არამედ ტექნიკური დადარება მე-13 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ მოთხოვნებთან. ხოლო, მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის "ე" ქვეპუნქტი თავისთავად გულისხმობდა შეტყობინებაში დაფიქსირებულ და მოწოდებულ სამედიცინო დოკუმენტაციას შორის შეუსაბამობის გამოვლენას უკვე შინაარსობრივი შემოწმების შედეგად, რაც ვერ ჩაითვლებოდა ტექნიკური ხარვეზად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 7 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ამავე სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის საკასაციო საჩივარი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ამავე სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფლებამონაცვლედ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამსახურის ჩაბმის საფუძველი გახდა საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 აგვისტოს №509 დადგენილება, რომლის პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო. ამავე დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტოში გამოცხადდა რეორგანიზაცია და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების საქმიანობის მიმართულებით მისი ფუნქციები და უფლება-მოვალეობები გადაეცა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 აგვისტოს №509 დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების საქმიანობის მიმართულებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამართალმემკვიდრედ განისაზღვრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო. ამასთან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 18 აგვისტოს №01-91/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დებულების მე-2 მუხლის შესაბამისად, განისაზღვრა სააგენტოს ფუნქციები და უფლებამოსილებები, მათ შორის, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების განხორციელება, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. ამასთანავე, დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტით განისაზღვრა, რომ სააგენტო დაკისრებულ ფუნქციებს ახორციელებს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს; კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძვლების კანონიერების შეფასება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაზე, რომლის დანართი №1-ის პირველი მუხლის მიხედვით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მიზანია: ა) საქართველოს მოსახლეობისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის, კერძოდ: ა.ა) პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე მოსახლეობის გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა; ა.ბ) ამბულატორიული მომსახურების მოხმარების გაზრდა ძვირადღირებული და მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალური მომსახურების მოხმარების რაციონალიზაციის მიზნით; ა.გ) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება გადაუდებელ და გეგმურ სტაციონარულ და ამბულატორიულ მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით; ბ) ამ დადგენილების 21-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 ან/და 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებებით განსაზღვრული შესაბამისი მოსარგებლეებისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა იმავე დადგენილებებით განსაზღვრული სადაზღვევო ვაუჩერის შესაბამის სამედიცინო მომსახურებებზე; გ) ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე ვეტერანებისთვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა ამ დადგენილებით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის. ამავე დადგენილების მე-3 მუხლის თანახმად, პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში ტექსტსა და დანართებში – განმახორციელებელი). ამავე დადგენილების მე-7 მუხლის თანახმად, პროგრამის ადმინისტრირებაში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებებს წარმოადგენენ: ა) პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულება; ბ) სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო (შემდგომში - რეგულირების სააგენტო), ხოლო ამავე დადგენილების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, პროგრამის ზედამხედველობას ახორციელებენ პროგრამის განმახორციელებელი და რეგულირების სააგენტო, დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში.
„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართი ერთის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირობების მოსარგებლეები არიან: ბ.ა) 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები. ასევე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი პირები, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები, გარდა ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისა.
,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართი 1.3. ითვალისწინებს ამ დადგენილების დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის სამედიცინო მომსახურების პირობებს. დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ პაციენტები - ქ. ხ-ა, ფ. ს-ი და გ. ბ-ი წარმოადგენენ ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართი 1.3-ის პირველი პუნქტით მოსარგებლე პირებს. ქ. ხ-ასა და ფ. ს-ის სამედიცინო შემთხვევების ანაზღაურებაზე უარი ადმინისტრაციულმა ორგანომ დააფუძნა ზემოხსენებული დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტს, ხოლო გ. ბ-ის სამედიცინო შემთხვევის ანაზღაურებაზე უარი - მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ბ.“ ქვეპუნქტს.
საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას სადავო აქტების დაუსაბუთებლობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები არ შეიცავს მითითებას იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მათ გამოცემას. ამდენად, აქტი ვერ პასუხობს დასაბუთებულობის შესაბამის სტანდარტს. გასაზიარებელია სააპელაციო პალატის მითითება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანო ვერ ასაბუთებს თუ რატომ შეუფარდა ქ. ხ-ასა და ფ. ს-ის სამედიცინო შემთხვევებს დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი (ანაზღაურებაზე უარი) და არა ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე-19 მუხლის მე-4 ნაწილი (ჯარიმა 50 ლარის ოდენობით), რადგან შესაფასებელ ფაქტებს შეესაბამება ორივე ზემოაღნიშნული ნორმა. საკასაციო სასამართლო აგრეთვე ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ კასატორის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი ფაქტობრივად ფორმალური ხასიათისაა და არ შეიცავს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების დაუსაბუთებლობის დამადასტურებელ მოსაზრებებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს და შეაფასოს ქ. ხ-ასა და ფ. ს-ის სამედიცინო შემთხვევების ნაწილში როგორც სადავო აქტების კანონიერება, ისე საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, რაც საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის ხელახალი განხილვის საჭიროებას ქმნის. აუცილებელია სათანადო წესით დასაბუთდეს კონკრეულ სამდიცინო შემთხვევათა ანაზღაურებაზე უარის თქმა. უტყუარად უნდა დადგინდეს ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის გამოყენების წინაპირობების არსებობა, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს არ განუხორციელებია.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, რომელიც ადგენს საქმის გარემოებათა გამოკვლევის წესს. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სამედიცინო შემთხვევებზე ისე იმსჯელა განმხილველმა ადმინისტრაციულმა ორგანომ, რომ არ შეუფასებია და არ დაუსაბუთებია თუ რას დაეფუძნა გადაწყვეტილების მიღებისას, რაც ვერ ჩაითვლება ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილად ჩატარების დასტურად.
რაც შეეხება გ. ბ-ის სამედიცინო შემთხვევას, ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრებით, არ დასტურდებოდა პაციენტისათვის დასმული დიაგნოზი და, შესაბამისად, არ არსებობდა ჩატარებული მკურნალობის საჭიროებაც. აღნიშნულთან დაკავშირებით, გასაზიარებელია სააპელაციო პალატის მითითება, რომ გაწეულ სამედიცინო მანიპულაციაზე კონტროლი ხორციელდება რევიზიის ფარგლებში, რომლის განხორციელებაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს სსიპ სახელმწიფო რეგულირების სააგენტო. სრულყოფილი სამედიცინო მომსახურების მიწოდება წარმოადგენს მიმწოდებლის (სამედიცინო დაწესებულების) ვალდებულებას, ხოლო ამ ვალდებულების ჯეროვნად შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს რეგულირების სააგენტო და არა პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულება - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო. შესაბამისად, აღნიშნული საფუძვლით ანაზღაურებაზე უარის თქმის უფლებამოსილება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს არ გააჩნდა, რაც გ. ბ-ის სამედიცინო შემთხვევის ნაწილში სადავო აქტების ბათილად ცნობის საფუძველს ქმნის.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.
ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (ს/ნ 202178927) საკასაციო საჩივარზე 11.08.2020წ. №26058 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ჯამში 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (ს/ნ 202178927) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 11.08.2020წ. №26058 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა