დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 09.06.2022
საქმის ნომერი
ბს-694(კ-21)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
09.06.2022

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-694(კ-21) 9 ივნისი, 2022 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ლ. გ-ე

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 20 მაისის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი: ლ. გ-ემ 2018 წლის 25 ივლისს სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ და „ლ. გ-ეისთვის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ“ ამავე კომისიის 2018 წლის 25 ივნისის №214 განკარგულების ბათილად ცნობა, ასევე საკითხის სრულყოფილად გამოკვლევის შემდეგ, მოპასუხისთვის ქალაქ წყალტუბოში, ...ის ქუჩაზე მდებარე 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ლ. გ-ეის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით ლ. გ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ წყალტუბოში, ...ის ქუჩაზე ლ. გ-ეის მიერ თვითნებურად დაკავებულ 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით მიღებული წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 25 ივნისის №214 განკარგულება; მოპასუხეს დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ლ. გ-ეის მოთხოვნასთან დაკავშირებით.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 20 მაისის განჩინებით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო პალატის მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის თანახმად, შენობა არის სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობებისგან შექმნილი კონსტრუქციული სისტემა, რომელიც გრუნტთან უძრავად არის დაკავშირებული, ქმნის გადახურულ სივრცეს და შემოსაზღვრულია კედლებით, კოლონებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით, გარდა დროებითი შენობისა. კომისიამ მიიჩნია, რომ იმისათვის, რომ პირმა დაამტკიცოს მიწის თვითნებურად დაკავების ფაქტი, ვალდებულია, დაადასტუროს, რომ, მართალია, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, მაგრამ ის ფლობს და სარგებლობს ამ მიწის ნაკვეთით, ანუ უკანონოდაა დაუფლებული მიწას და ახორციელებს მასზე ფაქტობრივ მფლობელობას. ლ. გ-ეის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და ადმინისტრაციული წარმოების პროცესში საქმის გარემოებების გამოკვლევის შედეგად კი, დადგინდა, რომ ლ. გ-ეის მიერ თვითნებურად დაკავებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე განთავსებული არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა არ წარმოადგენს სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობებისგან შექმნილ კონსტრუქციულ სისტემას, რომელიც გრუნტთან უძრავად არის დაკავშირებული. ამასთან, ლ. გ-ეის მხრიდან არ დასტურდება მიწის ნაკვეთზე თვითნებურად დაკავების, ფლობისა და სარგებლობის ფაქტი, რაც გამოიხატება იმაში, რომ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი მთლიანად არ არის ათვისებული, რამაც კომისიას შეუქმნა საკმარისი საფუძველი, უარი ეთქვა ფიზიკური პირისთვის მის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე.

კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ ასევე ყურადღების მიღმა დატოვა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 25 ნოემბრის №313906 ბრძანება, რომლის თანახმად, სახელმწიფოს მიერ დაწყებულია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შემუშავება. შესაბამისად, წყალტუბოს ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაციის შემუშავებამდე, რომელმაც უნდა განსაზღვროს ამა თუ იმ ტერიტორიის სამშენებლოდ განვითარების პირობები, სხვადასხვა არეალებში ქალაქთმშენებლობითი პარამეტრები და განვითარების პირობები, ინდივიდუალური ნაკვეთების განაშენიანებაზე მსჯელობა შესაძლებელია მხოლოდ უკვე ჩამოყალიბებულ, განაშენიანებულ არეალებში, ამ უკანასკნელის მასშტაბის შენარჩუნებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი დაუსაბუთებლად მიიჩნევს მოცემული საქმის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებით გადაწყვეტას, რადგან არ არსებობს ისეთი მტკიცებულება და გარემოება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოში საქმის ხელახლა განხილვისას დამატებითი გამოკვლევის საგანი გახდება. შესაბამისად, კასატორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას ითხოვს.

სამოტივაციო ნაწილი: საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ლ. გ-ეისთვის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის კანონიერება იმ საფუძვლით, რომ არ დასტურდებოდა მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების, ფლობისა და სარგებლობის ფაქტი, რაც გამოიხატება იმაში, რომ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი მთლიანად არ იყო ათვისებული. სადავო აქტში ასევე აღინიშნა, რომ ლ. გ-ეის მიერ თვითნებურად დაკავებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე განთავსებული არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა არ წარმოადგენდა სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობისგან შექმნილ კონსტრუქციულ სისტემას, რომელიც გრუნტთან უძრავად იყო დაკავშირებული. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში შესაფასებელია, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მოხდა თუ არა ასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე არსებული შენობის დანიშნულების სათანადოდ გამოკვლევა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთად მიიჩნევა, ფიზიკური პირის მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობა-ნაგებობით ან მის გარეშე), რომლის ფართობი ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამრიგად, მითითებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილება დამოკიდებულია კანონის ძალაში შესვლამდე (2007წ.) ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტის დადგენაზე, ხოლო იმ შემთხვევაში თუ საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნა ემყარება შენობის არსებობის ფაქტს, ასევე აუცილებელია დადგინდეს ამ შენობა-ნაგებობის მდგომარეობა და მისი დანიშნულება, რამდენადაც, საკუთრების უფლების აღიარებისთვის მითითებულ მახასიათებლებს არსებითი დატვირთვა გააჩნია. კერძოდ, იმ შემთხვევაში თუ ასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია საცხოვრებელი ტიპის შენობა, ზემოაღნიშნული ნორმა შესაძლებლად მიიჩნევს საკუთრების უფლების აღიარებას, მიუხედავად იმისა, შენობა დანგრეულია თუ აშენებული, ხოლო არასაცხოვრებელი ტიპის შენობის არსებობისას - კანონმდებელი იმპერატიულად ადგენს, რომ არასაცხოვრებელი შენობა აღიარების მომენტისათვის უნდა იყოს აშენებულ მდგომარეობაში.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს დასახელებული კანონის მე-2 მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, შენობა ეს არის სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობებისგან შექმნილი კონსტრუქციული სისტემა, რომელიც გრუნტთან უძრავად არის დაკავშირებული, ქმნის გადახურულ სივრცეს და შემოსაზღვრულია კედლებით, კოლონებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით, გარდა დროებითი შენობისა; კანონის მე-2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დროებითი შენობა არის ანაკრები ელემენტებისაგან შედგენილი, ასაწყობ-დასაშლელი ან/და მობილური სისტემა, რომელიც მიწასთან დაკავშირებულია საკუთარი წონით ან/და მშრალი არამონოლითური ჩამაგრებით და რომელსაც არ გააჩნია მიწისქვეშა სათავსები.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული მატერიალური საფუძვლის რეალიზების პროცესუალური მოწესრიგება გათვალისწინებულია საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-13 მუხლის მე-5 პუნქტი კომისიას ავალდებულებს ადმინისტრაციული წარმოებისას უზრუნველყოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევა და დამსწრე დაინტერესებულ მხარეს მისცეს საქმესთან დაკავშირებით საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება. ადმინისტრაციულ ორგანოს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილით, ევალება, გადაწყვეტილება მიიღოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამდენად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა დაასაბუთოს და შესაბამის გადაწყვეტილებაში მიუთითოს რა გარემოებებზე დაყრდნობით მივიდა კონკრეტულ დასკვნამდე.

განსახილველ შემთხვევაში საკუთრების უფლების აღიარებაზე კომისიის 2018 წლის 25 ივნისის №214 განკარგულებით ლ. გ-ეს საკუთრების უფლების აღიარებაზე უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე არსებული არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა არ წარმოადგენდა სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობისგან შექმნილ კონსტრუქციულ სისტემას, რომელიც გრუნტთან უძრავად იყო დაკავშირებული, ასევე არ დასტურდებოდა განმცხადებლის მიერ აღნიშნული ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი ზემოაღნიშნული კანონის ამოქმედებამდე, ვინაიდან ათვისებული არ იყო მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის მთლიანი ფართი.

საქმის მასალებში არსებული „კომისიის“ შესაგებელზე დართული DVD დისკზე ასახული ჩანაწერის მიხედვით, დასტურდება, რომ უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი შემოღობილია მავთულბადით და მასზე შეკიდებულია რკინის ჭიშკარი. ამასთან სადავო მიწის ნაკვეთზე მჭიდროდ არის განლაგებული ზრდასრული, მრავლწლიანი ხე-მცენარეები, ასევე აღბეჭდილია თონე, მცირე ზომის დამხამარე სათავსო და მომცრო ზომის ხის სახლი, რომელიც გარედან შეფუთულია ლითონის კონსტრუქციით. ჩანაწერში ასევე ჩანს ეზოში მობინადრე კრუხი წიწილებით. აღნიშნული გარემოებები ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მოსარჩელე ამ მიწის ნაკვეთს მოიხმარს როგორც ხეხილის ბაღს და ამასთან იგი გამოყენებული აქვს სამეურნეო ეზოს დანიშნულებით. საკასაციო სასამართლოს თვალსაზრისით, მოცემულ შემთხვევაში საყურადღებო და მნიშვნელოვანია ასევე ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სადავო აქტი გარკვეულწილად წინააღმდეგობაშია ქალაქ წყალტუბოს ადმინისტრაციულ ერთეულში წყალტუბოს მერის წარმომადგენლის - მ. კ-ის 2018 წლის 23 აპრილის აქტით დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებასთან, რომ მოქალაქე ლ. გ-ეს ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთი თვითნებურად აქვს დაკავებული 2007 წლამდე, რომლითაც სარგებლობს. ნაკვეთი შემორაგულია, დარგულია მრავალწლიანი ნარგავები.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილება, ვინაიდან, მითითებული ნორმის საფუძველზე ადმინისტრაციული ორგანოსათვის საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება სასამართლოს შეუძლია იმ შემთხვევაში თუ ადმინისტრაციული წარმოება ტარდება სათანადო წესით, თუმცა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოუკვლევლად, არასრულფასოვნად.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ გასაჩივრებული განკარგულება არ შეიცავს სათანადო დასაბუთებას ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, მათ შორის, მსჯელობას შენობის სტატუსის შესახებ, რომლის დადგენაც სპეციალურ (ექსპერტის) ცოდნას საჭიროებს. აღნიშნული გარემოების დადასტურების აუცილებლობა კი გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ მოსარჩელე სწორედ არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობის არსებობაზე ამყარებს თავის მოთხოვნას. პალატის მოსაზრებით, დასაბუთებულია სააპელაციო სასამართლოს შეფასება, რომ სადავო აქტი შემოიფარგლება მხოლოდ უარის თქმის ფორმალურ საფუძველზე მითითებით, ისე, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი არ არის გამყარებული სათანადო მტკიცებულებებით. სადავო აქტში არ არის გამოკვეთილი, რა ფაქტობრივ საფუძვლებს ეყრდნობა კომისია დასკვნის გაკეთების პროცესში და არ დგინდება, მომხდარია თუ არა განცხადებაზე თანდართული დოკუმენტაციის, მოწმეთა ახსნა-განმარტებების შესწავლა-გამოკვლევა. შესაბამისად, რადგან საკითხი დამატებით, დეტალურ შესწავლასა და შეფასებას საჭიროებს, სააპელაციო პალატამ მართებულად გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილება, რომლის საფუძველზეც ადმინისტრაციული ორგანოსათვის საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება სასამართლოს შეუძლია, თუ ადმინისტრაციული წარმოება ჩატარებულია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე, არასრულფასოვნად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ საქმეზე სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი: საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 20 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე