დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 09.06.2022
საქმის ნომერი
ბს-938(კ-21)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
09.06.2022

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-938(კ-21) 9 ივნისი, 2022 წელი თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე)

მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) - ვ. ჩ-ა, გ. ჟ-ე, ა. ჟ-ე, ა. ძ-ი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი: ვ. ჩ-ამ 2019 წლის 19 დეკემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე) მიმართ და დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 20 ნოემბრის №04-2028/ო ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხისთვის, მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილებით ვ. ჩ-ას, გ. ჟ-ეის, ა. ჟ-ეისა და ა. ძ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 20 ნოემბრის №04-2028/ო ბრძანება და ამავე სააგენტოს უფლებამონაცვლეს - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 აპრილის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საკასაციო საჩივრის მიხედვით, მონიტორინგის მიერ არაერთგზის მოკვლეული ინფორმაციის გათვალისწინებით, დადგინდა, რომ მოსარჩელე ფაქტობრივად ცხოვრობს თავის მეუღლესთან ერთად ვაკეში, ...ის ქ. №...-ში. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა სააგენტოს მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გადაწყვეტილების მიღების დროს დაეყრდნო მხოლოდ მოსარჩელე მხარის ახსნა - განმარტებას.

კასატორი მიიჩნევს, რომ მონიტორინგის მასალებით მოპოვებული ინფორმაცია წარმოადგენს იმ ტიპის მტკიცებულებას, რაც საკმარისი საფუძველია იმისათვის, რომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მივიჩნიოთ ვ. ჩ-ას მიერ არსებითად მცდარი ინფორმაციის მიწოდება საცხოვრებელთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ, ვ. ჩ-ას დევნილ ოჯახს უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე. კასატორის მოსაზრებით, სააგენტოს ქმედება კანონიერია და არ არსებობს მის მიერ გამოცემული აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

სამოტივაციო ნაწილი: საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ვ. ჩ-ას დევნილი ოჯახისთვის, მოსარჩელის მიერ სააგენტოსთვის არსებითად მცდარი ინფორმაციის მიწოდების საფუძვლით, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის კანონიერება. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.

საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს #320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ 6.1 მუხლის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ ვ. ჩ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. მას ჰყავს არასრულწლოვანი შვილები - გ. ჟ-ე, ა. ჟ-ე და ა. ძ-ი. მოსარჩელის განცხადების საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, შეაფასა დევნილი ოჯახის მდგომარეობა და მიანიჭა მას 9.5 ქულა, მათ შორის, საცხოვრებელ ფინანსურ პირობებში (ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ბინაში ქირის გარეშე) - 1.5 ქულა, ჰყავს 18 წლამდე ასაკი წევრები (3 არასრულწლოვანი) - 2 ქულა, სოციალურ კრიტერიუმში (30001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულით) - 3 ქულა, ჰყავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები - მკვეთრად გამოხატული - 3 ქულა. ასევე დასტურდება, რომ მოსარჩელე ვ. ჩ-ამ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და მოითხოვა მისი ოჯახისათვის, როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისათვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის გადაცემა. ამასთან, მოსარჩელემ შეავსო შესაბამისი კითხვარი. სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ვ. ჩ-ას განცხადება არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ მის მიერ სააგენტოსთვის მიწოდებული ინფორმაცია საცხოვრებელთან დაკავშირებით იყო არსებითად მცდარი.

საქმის მასალებში წარმოდგენილია ვ. ჩ-ას განცხადება, რომლითაც აღნიშნავს, რომ ამჟამად ცხოვრობს ქალაქ თბილისში, ...ს ქ. №...-ში, მე-... სართულზე, ბინა №...-ში. ამასთან, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე ვ. ჩ-ას წარმომადგენელმა განმარტა, რომ მუდმივი საცხოვრებელი ფართის უქონლობის გამო, მხარეს არასრულწლოვან შვილებთან ერთად, სხვადასხვა მისამართზე (ნათესავებთან ან ქირით) უწევს ცხოვრება.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (დანართი №1) შესაბამისი ნორმების დარღვევაზე. ამასთან, აღნიშნავს, რომ იძულებით გადაადგილებულ პირთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება აქვს სახელმწიფოს, თუმცა მატერიალური და ფინანსური რესურსების მოცულობიდან და სახელმწიფოს ფინანსური შესაძლებლობიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, რიგითობას განსაზღვრავს დევნილი ოჯახების სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, შესაბამისი პრიორიტეტულობის საფუძველზე.

საკასაციო პალატა სადავო აქტის გამოცემის საფუძველზე ამახვილებს ყურადღებას, კერძოდ, აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ მიწოდებული ინფორმაცია საცხოვრებელზე იყო არსებითად მცდარი, რადგან, მონიტორინგის განხორციელების დროს მოსარჩელის მიერ განცხადების შევსების დროისთვის მითითებულ მისამართზე ცხოვრების ფაქტი არ დადასტურდა. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული გარემოების გამომრიცხველია ის გარემოება, რომ მოსარჩელე არ უარყოფს ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის არაერთხელ შეცვლას, რადგან უძრავ ქონებაზე საკუთრება არ გააჩნია. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული წესი, დევნილი ოჯახის სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების დროს ითვალისწინებს სწორედ იმ შემთხვევებსაც, როდესაც ბინით დასაკმაყოფილებელი დევნილი ოჯახი ცხოვრობს ნათესავის ან ახლობლის ბინაში ქირის გარეშე და ეს გარემოება კონკრეტული ქულით ფასდება შეფასების საერთო სისტემაში. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კანონმდებლის მიზანს არ წარმოადგენს იმის დადგენა, თუ რა დროს, რა მისამართზე იმყოფება იძულებით გადაადგილებული პირი, შესაბამისად, სხვადასხვა მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების გამოვლენა, არ გამორიცხავს დევნილი ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილებას, რადგან იგი დევნილი ოჯახის შეფასების ერთ-ერთ კრიტერიუმს წარმოადგენს და სხვა კრიტერიუმებთან ერთად, ქულათა საერთო რაოდენობას განსაზღვრავს. მნიშვნელოვანია ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ მოცემული ნორმატიული აქტის მიხედვით, სხვის საცხოვრებელ ბინაში ქირით ან ქირის გარეშე ცხოვრება 1.5 ქულით ფასდება, ამდენად, მოსარჩელე ვ. ჩ-ა განცხადების წარდგენის შემდეგ თავის სამ არასრულწლოვან შვილთან ერთად რომელ მისამართზე ცხოვრობდა ქირით, თუ ქირის გარეშე, არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნია. აქედან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ ჩატარებულ სხდომებზე ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი არ უარყოფს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეს დღემდე არ აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, საკუთარი უძრავი ქონების არქონის გამო, ხოლო მისივე განმარტებით, ოროთახიანი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდნენ ის დევნილი ოჯახები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 8.5 და მეტი ქულა. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დასახელებული გარემოებები არ ადასტურებს მოსარჩელის მიერ სააგენტოსთვის არსებითად მცდარი ინფორმაციის მიწოდებას. ამასთან, საკასაციო სასამართლოს მითითებით, განმცხადებლის მიერ მცდარი ინფორმაციის წარდგენა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, როდესაც იგი არსებითი ხასიათისაა, ხოლო არსებითი ხასიათი გულისხმობს მის გავლენას მინიჭებული ქულების ოდენობაზე, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის. ამრიგად, ვ. ჩ-ას უკანონოდ ეთქვა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რაც გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსთვის ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველს ქმნის.

საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს „ბავშვის უფლებების შესახებ“ 1989 წლის 20 ნოემბრის კონვენციის მე-3 მუხლის პირველ და მეორე პუნქტებზე, რომელთა ნორმატიული შინაარსი სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მუშაობისას, აღნიშნულ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს უპირველესი ყურადღება დაუთმოს ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი: საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 აპრილის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე