დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-985(2კ-21) 9 ივნისი, 2022 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
კასატორი (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია (საკასაციო საჩივარი 10.12.2021წ. განჩინებით დარჩა განუხილველად)
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - რ. ს. მ. კ. ა-ღ
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 20 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი: რ. ს. მ. კ. ა-ღმ 2017 წლის 27 აპრილს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ და ამავე სამსახურის 2016 წლის 11 ივლისის №001168 დადგენილებისა და მასზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 24 მარტის №1-696 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით რ. ს. მ. კ. ა-ღს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 24 მარტის №1-696 ბრძანება; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 11 ივლისის №001168 დადგენილება მოსარჩელის დაჯარიმების ნაწილში და საქმე დაუბრუნდა იმავე სამსახურს საქმის გარემოებების გამოკვლევის მიზნით; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 20 ივლისის სხდომაზე დაზუსტდა მოპასუხე მხარე და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ნაცვლად მიეთითა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 20 ივლისის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მითითებით, უდავოდ დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ 2016 წლის 11 ივლისს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2016 წლის 22 თებერვლის №001168 მითითების, 2016 წლის 11 მარტის №001168 შემოწმების აქტისა და 2016 წლის 11 ივლისის №389 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დარღვევისათვის, კერძოდ, ქალაქ თბილისში, ...ის ქ. №...-ში (ს/კ №...) ღობისა და დამხმარე სათავსოს უნებართვოდ მშენებლობის ფაქტზე, რომელთა ნაწილი სცდება მოსარჩელის მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრებს და გადადის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, მიღებულ იქნა №001168 დადგენილება რ. ს. მ. კ. ა-ღს 10000 ლარით დაჯარიმების თაობაზე. აღნიშნული დადგენილებით მხარეს ასევე დაევალა სამართალდარღვევის ობიექტების დემონტაჟი. აღნიშნული დადგენილება ძალაში იქნა დატოვებული ქალაქ თბილისის მერის მოადგილის 2017 წლის 24 მარტის №1-696 ბრძანებით. კასატორის მოსაზრებით, საქმეში არსებული მტკიცებულებების სრულყოფილად შესწავლითა და შეფასებით დადგინდა, რომ ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა №...-ში განხორციელდა ღობისა და შენობა-ნაგებობის (დამხმარე სათავსოს) უნებართვოდ მშენებლობა, რადგან აღნიშნულის თაობაზე არ არსებობდა უფლებამოსილი ორგანოს მიერ მშენებლობის წარმოების თაობაზე გაცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
კასატორი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ მე-14 მუხლის მე-2 ნაწილზე მითითებით აღნიშნავს, რომ უნებართვო სამშენებლო სამუშაოებზე პასუხისმგებლობა ეკისრება პირს, რომლის ქმედებამაც გამოიწვია დარღვევის არსებობა. შესაბამისად, მოქმედი კანონმდებლობით იმპერატიულად არის განსაზღვრული იმ პირთა წრე, თუ ვინ შეიძლება იყოს დამრღვევი, რომელსაც დაეკისრება შესაბამისი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. კერძოდ, სამართალდარღვევის არსებობისას, პასუხისმგებლობა ეკისრება იმ პირს (სუბიექტს), რომლის ქმედებამაც უშუალოდ გამოიწვია სამშენებლო სამართალდარღვევა, ხოლო მშენებლობის მწარმოებელი პირის დადგენის შეუძლებლობის შემთხვევაში კი - შენობა-ნაგებობის მესაკუთრეს. მოცემულ შემთხვევაში სადავო დადგენილებაში მითითებული სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელი პირის ვინაობა არ დგინდება, შესაბამისად, ვინაიდან, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 6 მაისის ამონაწერის თანახმად, რ. ს. მ. კ. ა-ღ წარმოადგენს ქალაქ თბილისში, ...ის ქ. №...-ში მდებარე, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 1446 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობების მესაკუთრეს, კასატორის მოსაზრებით, მასვე ეკისრება პასუხისმგებლობა ამავე მიწის ნაკვეთზე განხორციელებული სამშენებლო სამართალდარღვევისთვის. ამდენად, სადავო დადგენილებით რ. ს. მ. კ. ა-ღ დაჯარიმდა 10000 ლარით, რადგან უნებართვოდ მოწყობილი ღობის ნაწილი სცდებოდა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრებს და გადადიოდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთსა და სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე, ხოლო ეზოს ბოლოში არსებული დამხმარე სათავსო სცდებოდა იმავე საკადასტრო საზღვრებს და გადადიოდა სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე. კასატორის მითითებით, ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით სახეზე იყო „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნორმის ფაქტობრივი შემადგენლობა, რის გამოც არსებობდა მოსარჩელის 10000 ლარით დაჯარიმებისა და მისთვის განხორციელებული სამუშაოს დემონტაჟის დავალების საფუძველი.
რაც შეეხება, მოსარჩელის აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ სარეკონსტრუქციო სამუშაოები განხორციელდა 1995 წელს, ადმინისტრაციული ორგანო ვერ გაიზიარებს, რადგან მტკიცებულება სადავო სამუშაოების მითითებულ დროს განხორციელების თაობაზე საქმეში არ არსებობს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული აქტები კანონიერია, რადგან ისინი მიღებულია საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად. შესაბამისად, მათი ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, ხოლო ამავე პალატის 2021 წლის 10 დეკემბრის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივარი, ხარვეზის დადგენილ ვადაში გამოუსწორებლობის გამო, დარჩა განუხილველი.
სამოტივაციო ნაწილი: საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების კანონიერების შეფასება. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია იმ გარემოების დადგენა, მოსარჩელე - რ. ს. მ. კ. ა-ღ რამდენად წარმოადგენდა სამშენებლო სამართალდარღვევაზე პასუხისმგებელ სუბიექტს.
საკასაციო პალატა მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაზე (ძალადაკარგულია საქართველოს მთავრობის 2020 წლის 2 მარტის №139 დადგენილებით), რომელიც არეგულირებდა საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობებს. მითითებული დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ახალი მშენებლობა (მათ შორის მონტაჟი) მიეკუთვნება მშენებლობის სახეობებს და განიხილება ისეთ მშენებლობად, რომელიც ხორციელდება მიწის ნაკვეთის იმ ნაწილში, სადაც არ დგას შენობა-ნაგებობა ან ხდება არსებულის მთლიანად ჩანაცვლება. იმავე დადგენილების 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახალ მშენებლობაზე (მათ შორის, მონტაჟზე) გაიცემა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა კი მშენებლობის ნებართვის გარეშე, ან/და დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსება სანებართვო მოწმობით განსაზღვრული გამოყენების პერიოდის გასვლის შემდეგ, დადგენილების მე-3 მუხლის 74-ე პუნქტის თანახმად, წარმოადგენს უნებართვო მშენებლობას. შესაბამისად, ახალი მშენებლობის (მათ შორის მონტაჟის) დაწყებამდე, პირი ვალდებულია, მიმართოს უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს მშენებლობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით და მშენებლობა დაიწყოს მხოლოდ ნებართვის მოპოვების შემდეგ. ამასთან, ამავე დადგენილების 65-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობა არ საჭიროებს მშენებლობის ნებართვას. 66-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა წარმოებს ნებართვის მიღების გარეშე, თუმცა მშენებლობის მწარმოებელი ვალდებულია დაიცვას კანონმდებლობით, მათ შორის, სამშენებლო რეგლამენტებით გათვალისწინებული მოთხოვნები. კერძოდ, მშენებლობის მწარმოებელი/დამკვეთი ვალდებულია განზრახული მშენებლობის შესახებ განცხადებით აცნობოს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს, რომელიც, თავის მხრივ, 5 დღის ვადაში წარდგენილი სრულყოფილი დოკუმენტ(ებ)ის საფუძველზე წერილობით ადასტურებს დაგეგმილი მშენებლობა/მონტაჟის ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობას და მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობას, ხოლო დადგენილების 66-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, ამ დადგენილების მოთხოვნათა დარღვევით I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელება განიხილება როგორც უნებართვო მშენებლობა.
სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესები მოწესრიგებულია აგრეთვე „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით“, რომლის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის თანახმად, უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე გამოიწვევს დაჯარიმებას 10000 ლარით.
დასახელებული კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა, ბ) მითითება არ შესრულდა, გ) მითითება არადროულად სრულდება. 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად კი, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ. გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, ქალაქ თბილისში, ...ის ქ. №...-ში ღობისა და დამხმარე სათავსოს განთავსებისთვის, რომლებიც გადიოდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთსა და სახელმწიფოს ტერიტორიაზე, რ. ს. მ. კ. ა-ღ დაჯარიმდა 10000 ლარით და მასვე დაევალა ქალაქ თბილისში, ...ის ქ. №...-ში (ს/კ №...) უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების დემონტაჟი. საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ აღნიშნული ქმედება წარმოადგენს სამშენებლო სამართალდარღვევას, რისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია შესაბამისი პასუხისმგებლობა, თუმცა, მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება იმ გარემოების დადგენას, რ. ს. მ. კ. ა-ღ წარმოადგენს თუ არა „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 44-ე მუხლით განსაზღვრულ სამშენებლო სამართალდარღვევაზე პასუხისმგებელ სუბიექტს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება. მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ უნებართვო დამხმარე სათავსოსა და ღობის მოსაწყობად სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელი პირის დასადგენად არ გამოეკვლია განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე გარემოებები. კერძოდ, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 30 ნოემბრის №007027617 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დასტურდება, რომ სამშენებლო სამუშაოები 2014 წლამდე განხორციელდა, რაც ქმნის იმ მოსაზრების ქონის საფუძველს, რომ შესაძლოა, მათზე პასუხისმგებელი პირი ქონების 2014 წლამდე მესაკუთრეებისაგან ინფორმაციის მიღებით დადგენილიყო, თუმცა ამგვარი კვლევა ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს არ განუხორციელებია. ამასთან, სადავო დადგენილების ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრებისას, საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ ქალაქ თბილისში, ...ის ქ. №...-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი დამხმარე სათავსოთი, აუზით, ავტოსადგომებით და ღობით აშენებული იყო დ. ჩ-ის მიერ 1995 წლის 23 მარტს შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე, რის შემდეგაც აღნიშნული უძრავი ქონება რამდენჯერმე გასხვისდა, ხოლო 2015 წლის 1 მაისს რ. ს. მ. კ. ა-ღმ შეიძინა. საჩივრის ავტორის მოსაზრებით, ის გარემოება, რომ ღობე სცილდება მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრებს, გამოწვეული იყო ამჟამად არსებული აზომვითი ხელსაწყოების სიზუსტით. საკასაციო პალატის მითითებით, დასახელებული გარემოებები ცხადყოფს, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული წარმოებისას არ გამოუკვლევია და დაუდგენია კონკრეტულად ვის მიერ და როდის განხორციელდა სამშენებლო საქმიანობა. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 11 ივლისის №001168 დადგენილება გამოცემულია საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე და ამგვარად დააკისრა მოსარჩელეს ქონებრივი პასუხისმგებლობა. შესაბამისად, დასახელებული დადგენილება რ. ს. მ. კ. ა-ღსთვის ჯარიმის დაკისრების ნაწილში მართებულად იქნა ბათილად ცნობილი და ამ ნაწილში მოპასუხეს დაევალა, საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის შედეგად, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. სადავო დადგენილების ნაწილობრივ ბათილად ცნობის საფუძვლების მხედველობაში მიღებით, ცხადია, დასახელებულ დადგენილებაზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგიც მოსარჩელისათვის ჯარიმის დაკისრების ნაწილში, კანონმდებლობის არასწორი გამოყენების გზით დადგინდა, რაც ამ ნაწილში შესაბამისი აქტის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 24 მარტის №1-696 ბრძანების - ბათილად ცნობის საფუძველს ქმნის.
ამრიგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოების მიერ სადავო აქტები გამოცემულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებით გათვალისწინებული, საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად დადგენის, შესწავლისა და შეფასების ვალდებულების დარღვევით. სწორედ ამიტომ, სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი, ვინაიდან სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, მტკიცებულებების შეფასებას, რაც სასამართლოს მიერ ამ ეტაპზე საკითხის არსებითად გადაწყვეტას გამორიცხავს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი: საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 20 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე