დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1014(კ-21) 9 ივნისი, 2022 წელი თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - თ. ჯ-ა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 10 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი: თ. ჯ-ამ 2020 წლის 24 აგვისტოს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 12 აგვისტოს N03-1272/ო ბრძანება, ასევე, მოპასუხისთვის თ. ჯ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით თ. ჯ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 12 აგვისტოს N03-1272/ო ბრძანება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მოსარჩელე თ. ჯ-ას ოჯახი უზრუნველყოფილ იქნება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 10 სექტემბრის განჩინებით სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება. მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საკასაციო საჩივრის მიხედვით, თ. ჯ-ამ საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე შევსებულ განაცხადში თავისი ოჯახის წევრებად მიუთითა: მეუღლე - ა. ა-ა, შვილები - ი. ჯ-ა, ნ. ჯ-ა, რძალი - ლ. ფ-ა და შვილიშვილი - ა. ჯ-ა. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დადგინდა, რომ აღნიშნული პირები ერთად არ ცხოვრობენ. კერძოდ, მოსარჩელის მეუღლე, შვილი და რძალი ცხოვრობენ რუსეთის ფედერაციაში. შესაბამისად, აპლიკაციაში მითითებული ოჯახის წევრები ფაქტობრივი მდგომარეობით არ ცხოვრობენ მოსარჩელესთან და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას.
კასატორი მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანების №1 დანართზე, რომლის მიხედვითაც, „სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ბოლო ეტაპზე განიხილება იმ დევნილი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომლებიც არ საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას, მათ შორის, იმ დევნილი ოჯახების, რომელთა ოჯახის წევრ(ებ)მა საკუთარი სახსრებით შეიძინეს საცხოვრებელი ფართი.“ კასატორი სასამართლოს ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ა. ა-ამ 2008 წელს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, საკუთარი სახსრებით, შეიძინა საცხოვრებელი ბინა, რომელიც ამავე წელს გაასხვისა ლ. კ-აზე. შესაბამისად, რადგანაც მოსარჩელის მეუღლემ საკუთარი სახსრებით შეიძინა ბინა, მოსარჩელის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი განხილულ უნდა იქნეს სამოქმედო გეგმის ბოლო ეტაპზე.
კასატორის მოსაზრებით, მოსარჩელის მიერ წარდგენილ ინფორმაციაში ხელოვნურად იყო გაზრდილი ოჯახის წევრთა რაოდენობა, რის შედეგადაც იზრდებოდა ამ ოჯახისათვის გამოსაყოფი საცხოვრებლის ფართის ოდენობა. მოცემული გარემოება კი სადავო აქტის გამოცემის სამართლებრივ საფუძველს ქმნიდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ნოემბრის განჩინებით, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
სამოტივაციო ნაწილი: საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს თ. ჯ-ასათვის, ოჯახის ხელოვნურად გაერთიანების საფუძვლით, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის კანონიერება.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (დანართი №1) მეორე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), რომლის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა; სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებმაც 2019 წლის 1 იანვრამდე იპოთეკური სესხით შეიძინეს საცხოვრებელი სახლები/ბინები და აღნიშნული საცხოვრებელი სახლები/ბინები არის მათი ერთადერთი საკუთრება. იმავე „წესის“ მე-6 მუხლის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) პირველი პუნქტით კი დადგენილია, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ (დანართი №6 ) და „სოციალური კრიტერიუმი“ (დანართი №7) ადგენს კომპონენტებს, რომელთა შეფასების საფუძველზეც უნდა მოხდეს დევნილი ოჯახის სოციალური მდგომარეობის განსაზღვრა. ამასთან, თითოეული კომპონენტისათვის დადგენილია შეფასების შესაბამისი ქულა. მათ შორის, ქულის მინიჭების საფუძველია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა: საცხოვრებელი პირობები არის განსაკუთრებით მძიმე და რადიკალურად არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს (დევნილი ოჯახი ცხოვრობს ავტოფარეხში, შენობის კიბის უჯრედში, საყარაულო ჯიხურში, თვითნაკეთებ ხის/ფიცრულ შენობაში, მიწურში, სარდაფში ან იმ ტიპის შენობაში, რომლის რეაბილიტაცია და სათანადო საცხოვრებელ პირობებთან შესაბამისობაში მოყვანა შეუძლებელია); დევნილი ოჯახი ცხოვრობს მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართში (დევნილთა ყოფილ კომპაქტურად განსახლების ობიექტში), რომელიც სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე, წარმოადგენს მნიშვნელოვან ობიექტს; ოჯახი დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში; ოჯახის წევრი გარდაიცვალა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოსარჩელე-თ. ჯ-ას მიერ 2019 წლის 18 ოქტომბერს შევსებულ იქნა საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადი, რომელშიც განმცხადებლის ოჯახის წევრებად მითითებული არიან: მეუღლე - ა. ა-ა (პ/ნ ...), შვილი - ი. ჯ-ა (პ/ნ ...), შვილი - ნ. ჯ-ა (პ/ნ...), შვილიშვილი - ა. ჯ-ა (პ/ნ ...), რძალი - ლ. ფ-ა (პ/ნ ...), ფაქტობრივ მისამართად მითითებულია ქალაქი თბილისი, ...ის ქ. N..., ბინა N.... 2020 წლის პირველი ოქტომბრის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად, თ. ჯ-ას განაცხადის დამუშავების შედეგად წინასწარი შეფასებით მოიპოვა სულ - 4,5 ქულა. მათ შორის: საცხოვრებელი ფინანსური პირობები(ნაქირავები) - 1.5 ქულა, თ. ჯ-ა - „შშმპ“, მკვეთრად გამოხატული - 3.00 ქულა. ამასთანავე, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ სამოთახიანი ბინებით დაკმაყოფილდნენ ის დევნილი ოჯახები, ვისაც მინიჭებული ჰქონდათ 3 და მეტი ქულა, მაშინ როდესაც მოსარჩელეთა ოჯახს მინიჭებული აქვს 4.5 ქულა.
საქმეში წარმოდგენილი 2020 წლის 2 ივნისის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის თანახმად, მონიტორინგის სამსახურმა განახორციელა ვიზიტი მოსარჩელის საცხოვრებელ მისამართზე. მონიტორინგის ფორმის შესაბამისად, სატელეფონო საუბარი შედგა რძალთან-ლ. ფ-ასთან, მისი განმარტებით, მოსარჩელის მეუღლე, შვილი და შვილიშვილი იმყოფებოდნენ გალში, ხოლო მოსარჩელის მეორე შვილი - ნ. ჯ-ა წლებია ცხოვრობს მოსკოვში. სატელეფონო საუბრის შემდეგ ადგილზე გამოცხადდა მოსარჩელეც.
ასევე დადგენილია, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის გამზირი №... (საკადასტრო კოდი №..., ფართი: 17), 2008 წლის 18 თებერვლიდან ირიცხებოდა მოსარჩელის მეუღლის - ლ. კ-ას საკუთრებაში, ხოლო 2014 წლის 16 ოქტომბრის წლის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე აღირიცხა თ. ფ-ას სახელზე.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია, რომ მისი მეუღლე და შვილი - ნ. ჯ-ა იმყოფებიან რუსეთის ფედერაციაში. ამასთანავე, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის მითითებას, რომლის თანახმად, რომ ვინაიდან მოსარჩელის მეუღლე და შვილი ამჟამად, იმყოფებიან რუსეთის ფედერაციაში, ისინი არ შედიან თ. ჯ-ას ოჯახის შემადგენლობაში, ამის საწინააღმდეგოდ, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოების შეფასებას და დადგენილად მიაჩნია, რომ ოჯახს გააჩნია ერთიანი მეურნეობა რაც დასტუდება, საქმეში წარმოდგენილი ფულადი გზავნილებით.
საკასაციო პალატა ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ ოჯახის გრძელვადიან განსახლებაზე უარის თქმის საფუძვლად მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ თ. ჯ-ას შემთხვევაში ადგილი აქვს ოჯახის ხელოვნურ გაერთიანებას, არ წარმოადგენს მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძველს. მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელის მეუღლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება დღეის მდგომარეობით გასხვისებულია და როგორც მოსარჩელეს, ასევე მის ოჯახს ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი არ გააჩნიათ.
საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით და იმ პირობებში, როდესაც, მოპასუხე მხარე უტყუარად ვერ ადასტურებს მოსარჩელეთა ოჯახის ხელოვნური გაერთიანების ფაქტს, თ. ჯ-ას ოჯახს უკანონოდ ეთქვა უარი საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე, რაც გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსთვის ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველს წარმოადგენს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი: საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 10 სექტემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე