საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 16.02.2000
საქმის ნომერი
2კ-141საზ.-20000
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
16.02.2000

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა

¹ 141\\საზ

16 თებერვალი 2000 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატამ

ჯ. ყიფიანის

თავმჯდომარეობით

პალატის მოსამართლეების: ი. ბიბილაშვილის, ლ. კუპატაძის, დ. ჩიტლოვის, მ. ქარსელაძის შემადგენლობით

განიხილა მსჯავრდებულ ბ. ფ-იას ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. გ-ის საჩივარი, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 4 აგვისტოს განაჩენის გადასინჯვის შესახებ. საზედამხედველო პალატამ მოისმინა პალატის მოსამართლე მ. ქარსელაძის მოხსენება და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 4 აგვისტოს განაჩენით ბ. ფ-იას, ცოლშვილიანს, უმაღლესი განათლების მქონეს, სამართალში არყოფილს, შპს „ევროპას“ პრეზიდენტს საქართველოს სსკ 213-ე მუხლის პირველი ნაწილით, 160-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 96'-ე მუხლით ერთობლივად შეეფარდა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა სასჯელის გაძლიერებული რეჟიმის კოლონიაში მოხდით.

დანაშაულით მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად მასვე დაეკისრა: კაჭრეთის პურპროდუქტების კომბინატის სასარგებლოდ _ 18 000 ლარის გადახდა. ქუთაისის წისქვილკომბინატის სასარგებლოდ _ 19 006 ლარის გადახდა.

ბათუმის სახელმწიფო ენერგოკომპანიის სასარგებლოდ _ 10 903 ლარის გადახდა. თბილისის ნაძალადევის რაიონის სახელმწიფო დაზღვევის სასარგებლოდ _ 37 000 ლარის

გადახდა.

თბილისის სამგორის რაიონის სახელმწიფო დაზღვევის სასარგებლოდ _ 1000 ლარის გადახდა.

თბილისის „ნავთობპროდუქტების“ სასარგებლოდ _ 6 502 ლარის გადახდა. სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ _ 228 000 ლარის გადახდა.

ბ. ფ-ია მსჯავრდებულია იმისათვის, რომ 1992 წლის 2 აგვისტოს ქ. სოხუმში დააარსა რა ინდივიდუალური კერძო საწარმო „ევროპა“, რომელიც ხელმეორედ რეგისტრაციაში გაატარა 1996 წლის 25 ოქტომბერს ქ. თბილისში და გახდა შპს „ევროპა“-ს პრეზიდენტი, გადაწყვიტა განსაკუთრებით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების გატაცება, რაც აღასრულა 1996-1997 წლებში სხვადასხვა დროს, კერძოდ:

1996 წლის მარტში ბ. ფ-ია დაუკავშირდა საქართველოს „ბავშვთა ფონდს“ და აღუთქვა, რომ მოახდენდა ფონდის სახელზე გამოყოფილი ფქვილის რეალიზაციას და მისცემდა მათ მოგებას.

ფიფიამ ფონდის 1996 წლის 27 მარტის ¹ 26-05-3 წერილობითი მინ-დობილობის საფუძველზე კაჭრეთის პურპროდუქტების კომბინატიდან მაღლაკელიძის გვარზე გამოწერილ ¹ 814807 სასაქონლო-სატრანსპორტო ზედდებულებით, 1996 წლის 27 მარტს მიიღო 7 536, 80 ლარად ღირებული ფონდირებული ფქვილი, რომლის რეალიზაცია მოახდინა გამოძიებით დაუდგენელ პირებზე, ხოლო საბაზრო ღირებულებით 18 000 ლარის სახელმწიფო ფულადი სახსრები გაიტაცა და მიითვისა.

1996 წლის 28 მარტის და 15 მაისის ფონდის ¹ 2 და ¹ 16 მინდობილობით კირცხალიას სახელით ¹ 704274, ¹ 253110 და ¹ 252177 სასაქონლო-სატრანსპორტო ზედდებულით, რესპუბლიკის „ბავშვთა ფონდის“ ზუგდიდის ორგანიზაციის სახელზე მიიღო 7 200 ლარად ღირებული 20220კგ. პირველი ხარისხის ფქვილი, რასაც გაუკთა რეალიზაცია გამოძიებით დაუდგენელ პირებზე, ხოლო საბაზრო ღირებულებით 19 006, 80 ლარის ღირებულების სახელმწიფო ფულადი სახსრები გაიტაცა და მიითვისა.

1996 წლის აგვისტოში ბათუმში სახელმწიფო ენერგოკომპანიასთან შპს "ევროპას“ სახელით დადო ¹ 1\1 უთარიღო ხელშეკრულება იმის თაობაზე, რომ მიაწოდებდა 2000 მ. კაბელს, რისთვისაც ენერგოკომპანია 10 903 ლარს გადარიც-ხავდა საქართველოს საზღვაო ბანკის ანგარიშზე ფ-იას მიერ კაბელის მიწოდების შემდეგ. იმავე წლის 13 აგვისტოს ენერგოკომაპანიამ ¹ 100 წერილით მიმართა ბათუმის საზღვაო-სანაოსნო დეპარტამენტს, რომ 10 903 ლარი ჩაერიცხა საზღვაო ბანკისთვის ფირმა „ევროპის“ სასარგებლოდ, რისთვისაც ბანკს აღნიშნული თანხით შეუმცირდებოდა ელექტროენერგიის დავალიანება. ენერგოკომპანიის ¹ 1 საგადა-სახადო დავალებით 1996 წლის 14 აგვისტოს საზღვაო ბანკს ჩაერიცხა 10 903 ლარი, რითაც დაიფარა ფ- იას მიერ 13 ივნისის ¹ 18 მინდობილობით და ¹ 468904 და ¹ 468906 სასაქონლო-სატრანსპორტო ზედდებულით საზღვაო ბანკიდან მიღებული 10 903 ლარის ღირებულების თამბაქოს საფასური ისე, რომ ფ-იას ენერგოკომპანიისთვის 2000მ. კაბელი არ მიუწოდებია.

1991 წლის 20 მაისს ზუგდიდის რაიონის რუხის საკრებულოს იმჟამინდელმა თავმჯდომარემ ა. თ-უამ წერილით მიმართა საქართველოს მთავრობას იმის შესახებ, რომ აფხაზეთის საწარმოო ფირმა „ევროპა“-სთვის დაევალებინა საზაფხულო სამუშაოების შესასრულებლად 50-50 ტონა ბენზინის და დიზელის საწვავის მიცემა, რომლის ღირებულებას ერთი თვის ვადაში დაფარავდნენ.

გამოძიებით დაუდგენელ დროს და ვითარებაში ფ-იამ მოიპოვა 1991 წლის 23 მაისით დათარიღებული წერილი, რომლითაც თითქოსდა საქართველოს მინისტრთა კაბინეტი არარსებულ ფირმა „ევროპას“ სთხოვს რუხის საკრებულოს გადასცეს 50-50 ტონა ბენზინი და დიზელის საწვავი.

აღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე ფ-იამ შეადგინა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მას უნდა შეეზიდა საკრებულოსათვის 436 500 რუსულ რუბლად ღირებული 40 ტონა ბენზინი და 15 ტონა დიზელის საწვავი 1991 წლის 25 სექტემბრამდე. 1991 წლის 21 ივნისის თარიღით ფ-იამ ¹ 12 ყალბი გასავლის ზედდებულის საფუძველზე, შექმნა 40 ტონა ბენზინისა და 15 ტონა დიზელის საწვავის მიღება-ჩაბარების აქტი, თითქოსდა აღნიშნული საწვავის რუ-ხის საკრებულოსათვის გადაცემის შესახებ. 1996 წლის 20 აპრილს ფ-იამ სახელმწიფო არბიტრაჟისაგან მოითხოვა რუხის საკრებულოსათვის 40 ტონა ბენზინისა და 15 ტონა დიზელის საწვავის დავალიანების გადახდევინება, სახელმწიფო არბიტრაჟს კი მოთხოვნის დასასაბუთებლად წარუდგინა მის მიერ შექმნილი ყალბი დოკუმენტები. სახელმწიფო არბიტრაჟმა ფ-იას მიერ წარდგენილი დოკუმენტე-ბის საფუძველზე, 1996 წლის 9 ოქტომბერს მიიღო გადაწყვეტილება სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფირმა „ევროპას“ სასარგებლოდ 184 300 ლარის ანაზღაურების შესახებ. 1996 წლის 21 ოქტომბერს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს სა-ზედამხედველო კოლეგიამ სახელმწიფო ბიუჯეტს ფირმა „ევროპას“ სასარგებლოდ გადასახდელად განუსაზღვრა 175 988 ლარი, რაც 1996 წლის 5 ნოემბერს ფ-იამ გაიტანა „საქართველოს ბანკიდან“ და მიითვისა.

1997 წლის 20 იანვარს ფ-იამ თბილისის ნაძალადევის რაიონის დაზღვევის სახელმწიფო ფირმის წერილით მიმართა „საქტრანსგაზმრეწვის“ გენერალურ დი-რექტორ ბ-შვილს იმის შესახებ, რომ შპს „ევროპას“ სასარგებლოდ გადაერიცხა 37 000 ლარი აგარის შაქრის კომბინატში და მათ აღნიშნული თანხით შეუმცირდე-ბოდათ სახელმწიფო დაზღვევის დავალიანება ხოლო შპს „ევროპა“ აღნიშნულ თანხას გაუნაწილებდა ნაძალადევის რაიონის დაზღვევას. ანიშნული წერილის საფუძველზე, 1997 წლის 20 იანვარს ფ-იამ „საქტრანსგაზმრეწვის“ გენერალური დირექტორის ¹ 01\03 წერილით მიმართა აგარის შაქრის ქარხანას, რათა ხსე-ნებული ორგანიზაციის დავალიანების ხარჯზე გადაეცათ 37 000 ლარის ღირებულე-ბის შაქრის ფხვნილი. იმავე დღეს ზ- შვილის სახელზე გამოწერილი ¹ 4 მინდო-ბილობით ფ-იამ ¹ 138501, ¹ 138502 და ¹ 13503 სასაქონლო-სატრანსპორტო ზედდებულებით მიიღო 36999 ლარად ღირებული 61 666კგ. შაქრის ფხვნილი, გაუკეთა რეალიზაცია გამოძიებით დაუდგენელ პირებზე, ხოლო საბაზრო ღირებულე-ბით 53 032, 76 ლარის სახელმწიფო ფულადი სახსრები გაიტაცა და მიითვისა.

1997 წლის 12 თებერვალს თბილისის სამგორის რაიონის სახელმწიფო დაზვევის დირექტორის რ. ც-ძის მიერ ხელმოწერილი წერილის მეშვეობით ფ-იამ მიმართა სააქციო საზოგადოება „თბილისის“ ნავთობპროდუქტების გენერალურ დირექტორ შ. ვ-ძეს, რომ შპს „ევროპას“ დაზღვევის ანგარიშზე შეტანილი ქონე-ბის თანხები, „ნავთობპროდუქტებს“ ჩაეთვლებოდა სახელმწიფო დაზღვევის დავალია-ნების ანგარიშზე. 1997 წლის 13 თებერვალს „ნავთობპროდუქტების“ გენერალური დირექტორის ვ-ძის რეზოლუციით იმავე თარიღით ს. მ- შვილისა და პ. ზ-შვილის გვარებზე გამოწერილი ¹ 7 და ¹ 8 მინდობილობებით, ¹ 006518 და ¹

886519 სასაქონლო-სატრანსპორტო ზედდებულებით ფ-იამ „ნავთობპროდუქტებიდან“ მიიღო 12 502 ლარის ღირებულების ბენზინი, რასაც გაუკეთა რეალიზაცია გამოძიებით დაუდგენელ პირებზე, სახ. დაზღვევის ანგარიშზე კი შეიტანა მხოლოდ 4 500 ლარი, დანარჩენი თანხა კი მიითვისა.

გარდა ამისა, ფ-ია დღიდან შპს „ევროპას“ დაარსებისა, არ აწარმოებდა საბუღალტრო დოკუმენტებს, არ იღებდა შემოსავალში საქონელს, მალავდა დიდი ოდენობით დამატებითი ღირებულების გადასახადს და მიღების გადასახადს.

1996-1997 წლებში შპს „ევროპას“ სხვადასხვა ორგანიზაციიდან მიღებული და შემოსავალში აღებული აქვს 251 405 ლარის საქონელი, საიდანაც დამალული აქვს დიდი ოდენობით დამატებითი ღირებულება და მოგების გადასახადი _ სულ 53 000 ლარი. მანვე გააკეთა ყალბი დოკუმენტები მათი გამოყენების მიზნით.

მსჯავრდებულ ბ. ფ-იას ინტერესების დამცველი, ადვოკატი თ. გ-ძე საჩივრით ითხოვს მსჯავრდებულის მიმართ განაჩენის გაუქმებას და საქმის დაბ-რუნებას დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად, რადგან მიაჩნია, რომ ბ. ფ-იას ქმედება არ სცილდება სამოქალაქო სამართალურთიერთობის სფეროს. თვით ბ. ფ-ია არ უარყოფდა, რომ აღნიშნული ორგანიზაციების ვალი ჰქონდა და ყველა ღო-ნეს ხმარობდა მის გადასახდელად, რაშიც ხელი შეუშალა დაპატიმრებამ. გამოძიებამ, შემდეგ კი სასამართლომ დადგენილად მიიჩნიეს, რომ ბ. ფ-იამ სხვადასხვა ორგა-ნიზაციებთან ხელშეკრულების პირობების დარღვევის გზით, მათი სახელით, გამოიტანა სხვადასხვა პროდუქცია, გაუკეთა რეალიზაცია ძიებით დაუდგენელ პი-რებზე და ფულადი სახსრები მიითვისა. ყურადღება არ იქნა მიქცეული იმ გარე-მოებაზე, რომ სახელმწიფო ქონება დაიტაცა არა ბ. ფ-იამ, არამედ იმათ, ვინც თავიანთ გამგებლობაში არსებული თანხები თუ საქონელი ჩადეს კომერციულ საქმიანობაში _ როცა ეს უფლება მათ არ გააჩნდა.

გამოძიების დროს დარღვეულია ბ. ფ-იას დაცვის უფლება: საქმის მასალების გაცნობის შემდეგ ბ. ფ-იას სურდა ჩვენების მიცემა ისეთ გარემოებებზე, რაც მას ადრე არ უთქვამს. ცხადია, ადვოკატმაც იგივე იშუამდგომლა. გამოძიებამ კი უარი განუცხადა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე და საქმე სასამართლოში წარმართა.

საზედამხედველო პალატის სხდომაზე ადვოკატმა თ. გ-ემ განაცხადა, რომ მსჯავრდებულ ბ. ფ-იასთან შეთანხმებით ითხოვს განაჩენის შეცვლას სასჯელის შემცირების თვალსაზრისით.

საზედამხედველო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა ადვოკატს, პროკურორს, რომელმაც მხარი არ დაუჭირა ადვოკატის მოთხოვნებს და მიიჩნია, რომ ბ. ფ-იას მიმართ განაჩენი სწორია და უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო ადვოკატის მოთხოვნებს უარი უნდა ეთქვას შემდეგ გარემოებათა გამო:

ბ. ფ-იას მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია დოკუმენტალური რევიზიის აქტით და სასამართლო-საბუღალტრო ექსპერტიზის დასკვნით, რომლის მიხედვით ფ-ია იყო რა შპს „ევროპის“ პრეზიდენტი, 1996-1997 წლებში სხვადასხვა ორგანიზაციებიდან და სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაიტაცა 298 622, 82 ლარი. აღნიშნული ფაქტი ასევე დადასტურებულია დაზარალებული ორგანიზაციების წარმომადგენლების _ თ. ხ-შვილის, ბ. თ-არის, მ. მ-ძის, თ. ბ- შვილის ჩვენებებით, ასევე მოწმეების _ ა. მ-ძის, ვ. კ-იას, მ. მ-ელის, შ. კ-შვილის, გ. ჯ-ურის, ო. მ- ძის, პ. ზ-შვილის, რ. ც-ძის და სხვათა ჩვენებებით, საქმეში არსებული ბ. ფ-იას მიერ გაყალბებული დოკუმენტებით _ რაც დასტურდება გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნით.

საგულისხმოა ის გარემოება, რომ ბ. ფ-ია არ უარყოფს აღნიშნული ორგანიზაციებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხების განკარგვის ფაქტს და განმარტავს, რომ აღნიშნული თანხები ჩადებული აქვს კომერციულ საქმიანობაში _ რისი დამადასტურებელი მტკიცებულებები გამოძიებით დადგენილი ვერ იქნა და არც მსჯავრდებულის და მისი დამცველის მიერ ყოფილა წარმოდგენილი. ასეთ ვითარებაში, საჩივრის მითითება, რომ ბ. ფ-იას ქმედება არ სცილდება სამოქალაქო სამართალურთიერთობის სფეროს, უსაფუძვლოა.

საჩივრის მითითება, რომ გამოძიებამ და სასამართლომ არ იმსჯელეს იმ პირთა პასუხისმგებლობის შესახებ, ვინც ხელი შეუწყო სახელმწიფო ქონების დატაცებას _ სინამდვილეს არ შეეფერება.

ჯერ კიდევ წინასწარი გამოძიების დროს აღიძრა და ბ. ფ-იას ბრალდების საქმეს გამოეყო სისხლის სამართლის საქმე ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხის გამგებლის ბ. თ-უას მიმართ, საქართველოს სსკ 19,91-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით (ტ. II ს. ფ. 390).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სა-სამართლო კოლეგიის 1998 წლის 4 აგვისტოს განჩინებით აღიძრა სისხლის სა-მართლის საქმე პ. ფ-ძის მიმართ საქართველოს სსკ 19,96-ე მუხლით გათვალისწინე-ბული დანაშაულის ნიშნებით; ასევე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ქ. ბათუ-მის ენერგოკომპანიის დირექტორის ნ. ზ-ძის და მთავარი ბუღალტრის მ. დ-ძის მიმართ, საქართველოს სსკ 186-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

საზედამხედველო პალატამ იმსჯელა მსჯავრდებულ ბ. ფ-იას მიმართ წარმოდგენილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტა-ტების გ. გ-ავას, ე. ა-ოვას და სხვათა ხელმოწერილი შუამდგომლობის, ბ. ფ-იასა და მისი მეუღლის ი. გ-იას ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი ცნობების, აფხაზეთის მეომართა კავშირიდან გაცემული ცნობების შესახებ, შეაფასა ბ. ფ-იას მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და ის გარემოება, რომ მსჯავრდებულ ბ. ფ-იას მიერ სახელმწიფოსა და ცალკეულ ორგანიზაციებზე მიყენებული ზარალი მთლიანად აუნაზღაურებელია და ასეთ ვითარებაში შესაძლებლად ვერ მიიჩნია მის მიმართ განაჩენით განსაზღვრული სასჯელის შემცირება.

საზედამხედველო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 361-ე და 599-ე მუხლის მეორე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ბ. ფ-იას ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. გ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

საზედამხედველო პალატის დადგენილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.