საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 8 აპ 11 თებერვალი, 2000 წელი, ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი
შემადგენლობით:
თავმჯდომარე მ. ტურავა
მოსამართლეები: გ. გოგელია, რ. შველიძე
განიხილა სახელმწიფო ბრალმდებლის ე. ქ-ას საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 27 დეკემებრის განაჩენზე, რომლითაც,მ. დ-შვილი, ეროვნებით ქართველი, უმაღლესი განათლებით, უცოლო, სამართალში არყოფილი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველს სსკ 241-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილე-ბით და სასჯელად შეეფარდა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეეცვალა პირობით, სამი წლის გამოსაცდელი ვადით.
პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
განაჩენით, მ. დ-შვილს მსჯავრი დაედო შემდეგში: 1999 წლის 6 ივლისს, დაახლოებით 21 საათზე, მოძრაობდა რა ავტომანქანით თელავი-ახმეტის გზაზე, სოფელ ქისტაურში, გადავიდა გზის მარცხენა მხარეს, ქვეითად მოსიარულეთა ბილიკზე და დაეჯახა მოქლაქეებს _ შ. მ-ურსა და ზ. მ-შვილს. ამის შედეგად შ. მ-ურმა მიიღო სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ხოლო ზ. მ-შვილი ადგილზე გარდაიცვალა.
ითხოვს რა განაჩენის გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნებას, საკასაციო საჩივრის ავტორი უთითებს, რომ სასჯელი აშკარად ლმობიერია და სასამართლომ უსაფუძვლოდ გამოიყენა მ. დ-შვილის მიმართ პირობითი მსჯავრდება.
პროკურორის თანაშემწმე _ ლ. ყ-ი ითხოვს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებას. მსჯავრდებული მ. დ-შვილი და მისი ადვოკატი ს-ი ითხოვენ განაჩენის უცვლელად დატოვებას.
პალატამ გამოიკვლია საქმის მასალები, მოუსმინა მხარეებს და მივიდა შემდეგ დასკვნამდე: როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის
განხილვისას პროცესზე მონაწილე პროკურორმა მოითხოვა მ. დ-შვილის მიმართ სსკ 46-ე მუხლის გამოყენება.
კახეთის პროკურორმა სააპელაციო საჩივრით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა განაჩენის, როგორც აშკარად ლმობიერის, გაუქმება. დაზარალებულებს სააპელაციო საჩივარი არ შეუტანიათ. ასეთ ვითარებაში, საკასაციო პალატა ეთანხმება თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის განაჩენს, რომელმაც სწორად მიუთითა, საქართველის სსსკ 540-ე მუხლის მეორე პუნქტზე.
ამ მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს უფლება აქვს მსჯავრდე-ბულს დაუნიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი, თუ პროკურორმა შეიტანა სააპელაციო საჩივარი სწორედ ამ მოთხოვნით და თუ მას ასეთი პოზიცია ეკავა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას.
თბილისის საოლქოს სასამართლოს სააპელაციო პალატამ სწორად მიუთითა, რომ საქმეში მონაწილე პროკურორმა მოცემულ შემთხვევაში თვითონ იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე სსკ 46-ე მუხლის გამოყენების თაობაზე მ. დ-შვილის მიმართ. ამის შემდგომ კი პროკურორს, თანახმად
ზემოთ მითითებული მუხლისა, უფლება არა აქვს მოითხოვოს სასჯელის გამკაცრება. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ამავე საფუძვლით, სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერს, სამმართველოს პროკურორს _ ე. ქ-ას უფლება არ ჰქონდა შეეტანა საკასაციო საჩივარი სასჯელის ლმობიერების თაობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა არ იზიარებს საკასაციო საჩივარს და თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 1999 წლის 27 დეკემბრის განაჩენს _ მ. დ-შვილის მიმართ ტოვებს უცვლელად.
იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ 561-ე მუხლით, პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
დარჩეს უცვლელად თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 1999 წლის 27 დეკემბრის განაჩენი _ მ. დ-შვილის მიმართ.
საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.