ნაწილობრივ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 07.06.2000
საქმის ნომერი
2კ-44აპ.-2000
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
07.06.2000

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 44აპ 7 ივნისი 2000 წელი, ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით: თავმჯდომარე მ. ისაევი

წევრები: მ. გოგელია, თ. ყრუაშვილი

განიხილა მსჯავრდებულ გ. ა-შვილისა და ადვოკატ ბ. ჯ-ის საკასაციო

საჩივრები ყვარლის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 1 დეკემბრისა და თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 13 მარტის განაჩენებზე.

პირველი განაჩენით ცნობილ იქნენ დამნაშავედ და მიესაჯათ: ი. ბ-შვილს და გ. ა-შვილს, სსკ-ის 157-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძველი რედაქციით) ორ-ორი წლით თავისუფლების აღკვეთა.

სააპელაციო პალატის განაჩენით უარყოფილ იქნა სააპელაციო საჩივრები და რაიონული სასამართლოს განაჩენი უცვლელად დარჩა კვალიფიკაციის და სასჯელების განსაზღვრის ნაწილში, მხოლოდ რეჟიმის სახეები შეიცვალა (იმავე განაჩენებით მსჯავრდებული იქნენ ზ. თ-შვილი, შ. დ- შვილი, გ. თ-შვილი, თ. თ-შვილი, თ. თ-შვილი, რომლებიც განაჩენს არ ასაჩივრებენ).

პალატამ მოისმინა რა უზენაესი სასამართლოს წევრის თ. ყრუაშვილის მოხსენება,გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

განაჩენებით გ. ა-შვილსა და ი. ბ-შვილს მსჯავრი დაედოთ იმისათვის, რომ მათ ცეცხლის წაკიდებით განზრახ დააზიანეს და გაანადგურეს მოქალაქის პირადი ქონება, რასაც მოჰყვა მძიმე შედეგი და მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა დაზარალებულს.

აღნიშნული შემდეგში გამოიხატა:

1998 წლის 21 თებერვალს ყვარლის რაიონის სოფ. ... მცხოვრებმა ლ. თ-შვილმა ურთიერთშეკამათების ნიადაგზე მოკლა თავისი ძმისშვილი თ. თ-შვილი. აღნიშნულით აღელვებულმა თ. თ-შვილმა (აწ გარდაცვლილის დედამ) განიზრახა ცეცხლის წაკიდებით გაენადგურებინა ლ. თ-შვილის და მისი მეუღლის მ. თ-შვი-ლის სახლი და ქონება. იმავე ღამეს იგი შევიდა უმეთვალყურეოდ მიტოვებულ ბინაში, შეიტანა ბალონით ბენზინი, მოასხა იატაკზე და წაუკიდა ცეცხლი, მაგრამ იმ ღამეს განზრახვა ვერ მოიყვანა სისრულეში, ვინაიდან მეზობლებმა ცეცხლი ჩააქრეს.

25 თებერვალს, დღისით, თ. თ-შვილმა ბენზინი მოასხა სხვადასხვა ადგილებში და კვლავ წაუკიდა ცეცხლი ლ. თ-შვილის სახლს, საიდანაც გადმოყარა სხვადასხვა დასახელების ნივთი, რომელთაც ყრიდა ცეცხლში მათი სწრაფი დაზიანებისა და განადგურების მიზნით. ხელკეტით დადიოდა ეზოში და დაანგრია მისთვის ხელმისაწვდომი საგნები და ეზოს შემოგარენი.

თ. თ-შვილს ზემოხსენებული სახლის დანგრევასა და ქონების განადგურებაში დაეხმარნენ გ. ა-შვილი, ზ. თ-შვილი, მ. დ-შვილი, ი. ბ-შვილი და სხვები. ამ უკანასკნელმა კი სახლის დასანგრევად გამოიყენა ტრაქტორი, რითაც დააზიანა და გაანადგურა ლ. თ-შვილის სახლი. მისი დანგრევით მიყენებულმა ზარალმა 12.159 ლარი, ხოლო მისი აღდგენისათვის ხელოსნების ხელფასის სახით გასაწევმა და მოსალოდნელმა სატრანსპორტო ხარჯებმა 3.648 ლარი, სულ კი 15.965 ლარი შეადგინა. სახლის გარდა დაზიანდა და განადგურდა 8501 ლარის ღირებულების ქონება.

ქონების განადგურება-დაზიანებაში მონაწილე ზოგიერთმა პირმა გაიტაცა დაზარალებულის ქონების ერთი ნაწილი ცხვრის და საოჯახო საგნების სახით.

წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული გ. ა-შვილი მოითხოვს განაჩენის გაუქმებას და გამართლებას - საქმის შეწყვეტას;

ადვოკატი ზ. ჯ-ი მოითხოვს განაჩენის გაუქმებას და საქმის დაბრუნებას დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად ან ხელახალი სასამართლო განხილვისათვის. აღნიშნულ პოზიციას ეთანხმება მსჯავრდებული ი. ბ-შვილი.

პალატამ გამოიკვლია საქმის მასალები, მოისმინა გამოცხადებულ პირთა - დაზარალებულ მ. თ-შვილის, მსჯავრდებულ გ. ა-შვილის და ადვოკატ ზ. ჯ-ის განმარტებები, პროკურორის დასკვნა. დაზარალებულმა და პროკურორმა განაჩენების უცვლელად დატოვება მოითხოვეს.

საკასაციო საჩივრის ავტორებმა თავიანთ მოთხოვნას დაუჭირეს მხარი.

საკასაციო პალატამ შეამოწმა რა განაჩენთა კანონიერება, თვლის, რომ რაიონული სასამართლოს და სააპელაციო პალატის განაჩენები მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს პროკურატურას დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

წინასწარი გამოძიებისა და საქმის სასამართლოში განხილვისას არ არის შესრულებული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლის მოთხოვნა საქმის გარემოებათა ყოველმხრივი, ობიექტური და სრული გამოკვლევის შესახებ, რაც იმით იქნა განპირობებული, რომ აღმოფხვრილი არ არის მტკიცებულებებს შორის არსებული წინააღმდეგობები, არ არის შემოწმებული ბრალდებულთა მიერ თავის გასამართლებლად წამოყენებული ვერსიები, არ არის გამოკვლეული მთელი რიგი ისეთი გარემოებები, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე შეუძლებელია სწორი გადაწყვეტილების მიღება და რომელთა მოპოვებაც სასამართლოს შესაძლებლობის ფარგლებს სცილდება.

ყოველივე აღნიშნული შემდეგში გამოიხატა:

წინასწარმა გამოძიებამ დაარღვია სსსკ-ის 141-ე მუხლის მოთხოვნა - ბრალდება არ არის დაკონკრეტებული. ი. ბ-შვილს და გ. ა-შვილს ბრალი ედებათ მოქალაქის პირადი ქონების ცეცხლის წაკიდებით განადგურებასა და დაზიანებაში. ამ ორ ტერმინს აქვს სხვადასხვა შინაარსობრივი დატვირთვა. არ არის გამიჯნული რა იგულისხმება დაზიანებაში და რა - განადგურებაში, ქონების რა ნაწილი დაზიანდა ან რა ნაწილი განადგურდა. აღნიშნულის გარეშე კი შეუძლებელია მათი ბრალის ხარისხის განსაზღვრა.

ი. ბ-შვილისა და გ. ა-შვილის ბრალის ძირითად მტკიცებად წინასწარი გამოძიების და სასამართლოს მიერ მიჩნეულია მოწმე ა-შვილის ჩვენება, რომელიც წინააღმდეგობრივია და ამ სახით არ შეიძლება მასზე დაყრდნობა. თავდაპირველად მან აჩვენა, რომ ი. ბ-შვილმა დანაშაულში მონაწილეობა მიიღო ტრაქტორით, რომელზეც გამობმული იყო ტროსის ერთი ბოლო, მეორე ზემოთ იყო ატანილი და ჭერზე აბამდნენ. ჩააბეს კიდეც და სცადეს ჭერის მონგრევა, მაგრამ ის ჩაერია, არ მისცა ამის საშუალება, ი. ბ-შვილი კი იქიდან გააგდო. შემდეგ ს. ა-შვილმა მიუთითა, რომ ტროსის ერთი ბოლო დამაგრებული იყო ტრაქტორზე, მეორე მოდებული იყო სახლის ჭერზე და ისე ანგრევდნენ სახლს.

ასეთ ვითარებაში, როდესაც თვით ი. ბ-შვილი უარყოფს დანაშაულში მო- ნაწილეობას, მოწმე ა-შვილის ჩვენებები წინააღმდეგობრივია, სხვა მტკიცება კი საბრალდებო დასკვნას არ მოჰყავს, დამატებითი გამოძიებით უნდა გაირკვეს: რა მონაწილეობა მიიღო ი. ბ- შვილმა სახლის დანგრევაში. თუ ა-შვილის ჩარევის შემდეგ იგი შემთხვევის ადგილიდან წავიდა, რაში გამოიხატა მისი მართლსაწი-ნააღმდეგო ქმედება.

აღნიშნულის გარკვევას არსებითი მნიშვნელობა აქვს ი. ბ-შვილზე შერაცხული ბრალდების დადასტურება-უარყოფის თვალსაზრისით.

გ. ა-შვილმა თავი არ ცნო რა დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, პირველივე ჩვენებაში მიუთითა, რომ მის ოჯახსა და დაზარალებულს შორის კონფლიქტური ვითარება იყო, რაც სასოფლო საბჭოს ხელმძღვანელობისათვისაც იყო ცნობილი. აღნიშნული საკითხი წინასწარ გამოძიებას საერთოდ არ გამოუკვლევია და არ შეუფასებია.

დამატებითი გამოძიებით უნდა გაირკვეს: იყო თუ არა მათ შორის დაძაბული ურთიერთობა და დადებით შემთხვევაში, ხომ არ არის ამით გამოწვეული დაზარალებულის მხრიდან მისი მხილება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 21 თებერვალს გ. ა-შვილმა და მისმა რამდენიმე მეზობელმა ჩააქრეს ლ. თ-შვილის სახლში გაჩენილი ცეცხლი. გ. ა-შვილი უჩვენებს, რომ მისი მიზანი იყო, ცეცხლი არ გადასულიყო მის სახლზე, რომელიც ძალზე ახლოს დგას ლ. თ-შვილის სახლთან.

საბრალდებო დასკვნაში აღნიშნულის თაობაზე საერთოდ არაა მითითებული. ნათქვამია მხოლოდ, რომ პირველ ღამეს ცეცხლი ჩააქრეს მეზობლებმა. ამ ფაქტის ასახვას და მტკიცებულებათა დაფიქსირებას არსებითი მნიშვნელობა აქვს გამოძიებით გ. ა-შვილზე შერაცხული ბრალდების შეფასებისათვის.

წინასწარი გამოძიების მიერ დარღვეულია სსსკ-ის 206-ე მუხლის მოთხოვნა. საბრალდებო დასკვნაში გადმოცემული არ არის მოსაზრებები, რომლებსაც თავის დასაცავად აყენებს გ. ა- შვილი. არ არის ასევე გადმოცემული ამ მოსაზრებათა შემოწმების შედეგები. იგი კატეგორიულად მიუთითებს, რომ სხვებთან ერთად მონაწილეობდა ცეცხლის ჩაქრობაში. წინასწარი გამოძიების პროცესში დაკითხულნი არიან მოწმეები, რომლებიც ადასტურებენ ამ ფაქტს, მაგრამ მათი ჩვენებები არაა მოყვანილი საბრალდებო დასკვნაში, მითუმეტეს არაა გაბათილებული და არაა დასაბუთებული, თუ რატომ არ იზიარებს მათ გამოძიება სხვა მტკიცებულებებთან მიმართებაში.

კერძოდ, მოწმე ზ. თ-შვილი აჩვენებს, რომ სახლს ცეცხლი წაუკიდა დედამისმა თ. თ- შვილმა. ვინაიდან შეიქმნა საშიშროება ცეცხლმოკიდებული ჭერის გ. ა-შვილის ეზოში გადავარდნისა, მან გამოიყენა ა. მ-ელის ტრაქტორი, რომლის ტროსითაც ჭერი ჩამოგდებულ იქნა ლ. თ-შვილის ეზოში. საბრალდებო დასკვნას მიაჩნია, რომ ზ. თ-შვილმა მისი ნების საწინააღმდეგოდ აიძულა ა. მ-ელი, დაეთმო ტრაქტორი, დაჯდა საჭესთან და გამოიყენა ის სახლის დასანგრევად. აღნიშნულის საფუძველზე მ-ელის მიმართ გამოტანილ იქნა დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ.

თვით ა. მ-ელი არ უარყოფს ზ. თ-შვილის მხრიდან მისი ტრაქტორის გამოყენების ფაქტს. მიუთითებს, რომ ზ. თ-შვილს სურდა ცეცხლმოკიდებული ჭერის ჩამოგდება, რათა გ. ა-შვილის სახლზე ცეცხლი არ გადასულიყო.

"თ. ყველას უწევდა წინააღმდეგობას, ვინც კი ცეცხლის ჩაქრობას ცდილობდა. განსაკუთრებით აქტიურობდა გ. ა-შვილი, რათა ცეცხლი მის სახლზე არ გავრცელებულიყო. იგი ავიდა ჭერზე და იქიდან ყრიდა ხის ნაჭრებს იმ მიზნით, რომ ცეცხლი არ მოსდებოდა მის სახლს და სათავსოებს, რომლებიც თითქმის ლ-ის სახლის კედელზეა მიდგმული“ - აჩვენებს მოწმე დ. ს- შვილი.

„გ. ა-შვილი ცდილობდა თ-თვის ხელი შეეშალა ცეცხლის გაჩენაში, ბოლოს როცა ცეცხლი მოედო სახლს, ჭერში ავიდა, იქიდან ყრიდა ცეცხლმოკიდე-ბულ ხის ნაჭრებს, თან ყვიროდა მიშველეთ, ჩემს სახლზე არ გადავიდესო“.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, თუ საბრალდებო დასკვნას დადგენილად მიაჩნია, რომ სახლის დასანგრევად ზ. თ-შვილმა გამოიყენა ა. მ-ელის ტრაქტორი, რომელიც იძულებით დაათმობინა მას, მოწმე ა-შვილი კი აჩვენებს, რომ ი. ბ-შვი-ლის ტრაქტორის ტროსის მეორე ბოლოს აბამდნენ ჭერზე, მან კი ამის საშუალება არ მისცა, ბ-შვილი გააგდო და სხვები კი სახლის ჭერიდან ჩამოიყვანა, დამატებითი გამოძიების დროს უნდა გაირკვეს, კონკრეტულად რა მოიმოქმედა ი. ბ-შვილმა, ვისი ტრაქტორით იქნა დანგრეული ლ. თ-შვილის სახლი.

მიაჩნია რა გ. ა-შვილის ბრალი დადასტურებულად, საბრალდებო დასკვნა მიუთითებს დაზარალებულ მ. თ-შვილის და მისი შვილის გ. თ-შვილის ჩვენებებზე, რომლებმაც სხვებისგან შეიტყვეს, რომ სახლის დანგრევასა და ქონების განადგურებაში მონაწილეობა მიუღია გ. ა-შვილს.

ს. ა-შვილის და ი. ბ-შვილის ჩვენებებზე, რომელთა მიხედვითაც გ. ა-შვილი სხვებთან ერთად მონაწილეობდა დანაშაულში.

ამ ჩვენებებს შორის არსებითი ხასიათის წინააღმდეგობებია, რომელიც ვერ აღმოიფხვრა სასამართლო განხილვის დროსაც კი.

კერძოდ, თავდაპირველად დაკითხვისას ი. ბ-შვილმა აჩვენა, რომ გ. ა-შვილი ასული იყო ჭერზე სხვებთან ერთად და სახლიდან ყრიდნენ ხის მასალას, ფანჯრის ჩარჩოებს და სხვა ნივთებს.

შემდეგ დაკითხვაში და გ. ა-შვილთან დაპირისპირებისას მიუთითა, რომ არასწორია თითქოს გ. ა-შვილი ჭერზე იყო ასული. ეხლა გაახსენდა, რომ ის ეზოში იდგა და სახლიდან სხვების გადმოყრილ მასალას და ნივთებს ცეცხლში ყრიდა.

საყურადღებოა ის, რომ ი. ბ-შვილის პირველი ჩვენებით სახლის ჭერზე ასულები იყვნენ გ. ა-შვილი, შ. დ-შვილი, ე. დ-შვილი. ეზოში იდგნენ სხვა პი-რებიც, რომლებიც სახლიდან გადმოყრილ მასალას და ნივთებს ცეცხლში ყრიდნენ.

ი. ბ-შვილი დაუპირისპირდა რა ამ პირებს, კერძოდ, თ. ო-შვილს, მ. და ზ. ზ-შვილებს, ე. დ- შვილს, კატეგორიულად უარყო დანაშაულში მათი მონაწილეობა. მიუთითა, რომ შემთხვევის დროს (სახლის დანგრევა) იყო მთვრალი და ყველაფერი სწორად ვერ აღიქვა. ეს პირები შეეშალა სხვებში, რომლებიც იქ იყვნენ, მაგრამ ვინ არიან ეს სხვები, არ ახსოვს. მანვე ბრალდებულის სახით დაკითხვისას გ. ა-შვილის მონაწილეობაც უარყო და კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ იყო მთვრალი და არ ახსოვს.

წინასწარმა გამოძიებამ აღნიშნულის გამო გამოიტანა სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის დადგენილება ამ პირთა მიმართ, მაგრამ არავითარი შეფასება არ მისცა ამ ნაწილში ი. ბ-შვილის წინააღმდეგობრივ ჩვენებებს. ე. ი. წინასწარმა გამოძიებამ ამ პირებთან მიმართებაში დაუჯერა ი. ბ-შვილს, რომ იყო მთვრალი და შეცდა, მაგრამ როცა მან გამოძიების ბოლო ეტაპზე უარყო ა-შვილის მონაწილეობაც და კიდევ ერთხელ მიუთითა, რომ მთვრალი იყო, გამოძიებამ საჭიროდ არც კი ჩათვალა ამ ვერსიის გაბათილება და შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ იგი აღნიშნულს იზიარებს.

წინააღმდეგობრივია ს. ა-შვილის ჩვენებები. იგი აჩვენებს, რომ გ. ა-შვილი ეზოში დაფუსფუსებდა, რაღაცეებს იღებდა და ყრიდა ცეცხლში ... ფანჯრის ჩარ-ჩოების მაგვარს ყრიდა ცეცხლში, კონკრეტული საოჯახო ნივთები არ დაუნახია ... სახლის ფანჯრის ნაწილს ყრიდა . . . ყრიდა და წვავდა, ვედრო უნდა სჭეროდა ხელში და შეექმნა აზრი, რომ კი არ აქრობდა, წვავდა . . კონკრეტულად არ იცის რას ყრიდა.

საჭიროა დამატებითი გამოძიების პროცესში აღმოფხვრას ეს წინააღმდეგობები. გაირკვეს კონკრეტულად რა მოიმოქმედა გ. ა-შვილმა.

განაჩენში ერთ-ერთ მტკიცებულებად მოყვანილია სოფლის გამგებლის ო. ი-შვილის ჩვენების შინაარსი იმგვარად, თითქოსდა ი. ბ-შვილმა სახლის დანგრევაში მონაწილეობა მიიღო ტრაქტორით და რომ ამ მოწმემ სასამართლო სხდომაზეც ამხილა ი. ბ-შვილი.

აღნიშნული ფორმულირება ვარაუდზეა დამყარებული. ო. ი-შვილს მსგავსი რამ წინასწარი გამოძიების პროცესში არ განუცხადებია. იგი აჩვენებდა, რომ გადმოცემით იცოდა სახლის ნგრევაში მონაწილეობა მიუღია ი. ბ-შვილს და სხვებს, რომლებიც უბნის ინსპექტორს იქიდან გაუყრია. ასეთივე ჩვენება მისცა მან სააპელაციო პალატის სხდომაზე, რომლის განაჩენშიც მისი ჩვენება ისეთნაირადაა დაფიქსირებული, თითქოს სახლის ნგრევაში მონაწილეობდა ი. ბ-შვილი, რომელიც ანგრევდა სახლის ჭერს.

წინასწარმა გამოძიებამ დაარღვია სსსკ-ის 205-ე მუხლის მოთხოვნა, რითაც დაირღვა ბრალდებულების დაცვის უფლება. აღნიშნული შემდეგში გამოიხატა: საქმის მასალების გაცნობის შემდეგ ი. ბ-შვილმა მოითხოვა საქმის წარმოებით შეწყვეტა. შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარისთქმის დადგენილებაში მითითებულია, რომ შუამდგომლობა უსაფუძვლოა, მისი ბრალი დადასტურებულია და იგი მოგონილია პასუხისმგებლობისაგან თავის აცილების მიზნით.

ბრალდებულ გ. ა-შვილის ინტერესების დამცველის მრავალგვერდიან (ცხრა) შუამდგომლობას, გამომძიებელმა ფორმალური პასუხი გასცა. თუმცა, არც ის უარყო, რომ ადვოკატმა შუამდგომლობაში მთელი რიგი არგუმენტები მოიყვანა.

პალატა თვლის, რომ ზემოხსენებული დადგენილებები დაუსაბუთებელია. ამასთან, გამომძიებელმა დაარღვია კანონი და მისი გამოტანისას იხელმძღვანელა არა სსსკ-ის 205-ე, არამედ 138-ე მუხლით, რომელიც განსაზღვრავს სხვა სახის შუამდგომლობათა რეაგირების წესს.

უფრო მეტიც: ა-შვილის ინტერესების დამცველი ადვოკატის შუამდგომლობაში მითითებული იყო სხვადასხვა გარემოებებზე და გამოძიების მიერ დაშვებულ დარღვევებზე, მაგრამ არცერთ მოტივზე დასაბუთებული პასუხი გამომძიებლის დადგენილებით არ ყოფილა გაცემული.

სასამართლო სხდომაზე ი. ბ-შვილმა განმარტა, რომ ჩვენება ჩამოართვა არა გამომძიებელმა, არამედ სხვა პირმა.

აღნიშნული არ უარყო გამომძიებელმა ახვერდაშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ჩვენებები დაწერილია ვინმე კ-შვილის მიერ, მაგრამ არ იცის, ვისი ბრძანებით იყო იგი მასთან მიმაგრებული.

დამატებითი გამოძიებით უნდა გაირკვეს: იყო თუ არა ახვერდაშვილის გარდა სხვა პიროვნება უფლებამოსილი, ეწარმოებინა საგამოძიებო მოქმედებები.

სააპელაციო პალატამ დაარღვია სსსკ-ის 522-ე მუხლის მოთხოვნა, რომლის თანახმადაც სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის საფუძველია რაიონული სასამართლოს განაჩენის თუ სხვა გადაწყვეტილების როგორც დასაბუთებულობის ისე კანონიერების თაობაზე შეტანილი საჩივარი. ამასთან, სსსკ-ის 543-ე მუხლის თანახმად სააპელაციო ინსტანციის სასამართლო არ არის შეზღუდული გამოიყენოს სარევიზიო საწყისი სასამართლოს საქმიანობაში.

საყურადღებოა ის გარემოება, რომ მსჯავრდებულ თ. თ-შვილს სააპელაციო საჩივარი არ შეუტანია ე. ი. განაჩენის დასაბუთებულობა და კანონიერება მას სა-დაოდ არ გაუხდია. თუმცა, სააპელაციო სასამართლომ მისი ბრალი დადასტურებულად მიიჩნია წარდგენილი ბრალდებით, იგივე კვალიფიკაციით და იგივე სასჯელით, როგორც რაიონულმა სასამართლომ.

პალატა თვლის, რომ ზემოაღნიშნულ გარემოებათა შემოწმება სცილდება სასამართლო შესაძლებლობის ფარგლებს, რადგან საჭიროა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. ამიტომ საქმე დამატებით გამოძიების ჩასატარებლად უნდა იქნეს დაბრუნებული.

გამომდინარე ზემოთქმულიდან, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა რა სსსკ-ის 560-ე, 561-ე, 568-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივრების მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს ყვარლის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 1 დეკემბრისა და თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 13 მარტის განაჩენები ი. ბ-შვილისა და გ. ა-შვილის მიმართ და საქმე დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდეს პროკურატურას.