საჩივარი დაკმაყოფილდა
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 59აპ 28 ივნისი, 2000 წელი, ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: თავმჯდომარე თ. ყრუაშვილი
მოსამართლეები: რ. შველიძე, მ. გოგელია
განიხილა მსჯავრდებულ ნ. კ-ძის ადვოკატის _ მ. ბ-ას საკასაციო საჩივარი, რუსთავის სასამართლოს 2000 წლის 6 მარტისა და თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2000 წლის 3 მაისის განაჩენებზე, რომლითაც _ ნ. კ-ძე, რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი, ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ 138-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძვ. რედაქციით) და სასჯელად განესაზღვრა საზოგადოებრივი გაკიცხვა.
პალატამ მოისმინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის რ. შველიძის მოხსენება და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
განაჩენით, კ-ძეს მსჯავრი დაედო შემდეგში: 1999 წლის 14 აპრილს, ტელეკომპანია მე-8 არხით გამოსვლისას, მან ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლებს, რომლებთანაც წლების განმავლობაში მუშაობდა უწოდა "ნახირი", რითაც მიაყენა მათ შეურაცხყოფა _ ე. ი. ჩაიდინა პიროვნების პატივისა და ღირსების განზრახი დამცირება.
თავის საკასაციო საჩივარში კ-ძის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ბ-ა უთითებს, რომ სიტვა „ნახირი" ქართულ ენაში არ უკავშირდება არანაირ შეურაცხყოფას, კ-ძემ ეს სიტყვა იხმარა როგორც კოლექტიური ნების, ანუ სხვის ჭკუაზე მოსიარულე თანამშრომლების დასახასიათებლად, და არ უგულისხმია მსხვილფეხა რქიანი ჯოგი. ადვოკატი თვლის, რომ კ-ძეს ისევე, როგორც ნებისმიერ მოქალაქეს, აქვს სიტყვის თავისუფლება და შეუძლია გამოთქვას თავისი აზრი ამა თუ იმ მოვლენის შესაფასებლად. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მისი ქმედება შეიცავს სსკ გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ნიშნებს. მით უფრო, რომ ახალი სსკ არ იცნობს ამგვარ დანაშაულს, აქედან გამომდინარე, კასატორი მოითხოვს კ-ძის მიმართ საქმის შეწყვეტას.
წარმოდგენილია ასევე მსჯავრდებულ კ-ძის განცხადება, რომელიც ასევე მოითხოვს საქმის შეწყვეტას, რამდენადაც 2000 წლის 1 ივნისიდან ამოქმედებული სსკ-დან ამოღებულია 138-ე მუხლი.
საქმეშია დაზარალებულთა შესაგებელი, რომლებიც ითხოვენ განაჩენების უცვლელად დატოვებას.
პალატის წინაშე თავის გამოსვლაში კ-ძე და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი ბაღათურია მხარს უჭერენ თავიანთ მოთხოვნას.
საქართველოს გენერალური პროკურორის თანაშემწე _ ლ. ყ-ი უთითებს, რომ ქმედების დასჯადობის გაუქმებასთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საქმე კ-ძის მიმართ უნდა შეწყდეს სსსკ 28-ე მუხლის „გ" პუნქტის თანახმად.
გამოიკვლია რა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეეს, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სასამართლოთა განაჩენები მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს და საქმე შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ახალი სსკ, რომელიც ამოქმედდა 2000 წლის 1 ივნისიდან არ იცნობს იმ სახის დანაშაულს, რაც ძველი სისხლის სამართლის კოდექსში აღწერილი იყო 138-ე მუხლში. ასეთ ვითარებაში, რამდენადაც ახალი კანონი აუქმებს ქმედების დანაშაულობას, საქმე უნდა შეწყდეს თანახმად სსსკ 28-ე მუხლის „გ" პუნქტისა. საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ 561-ე და 28-ე მუხლის „გ" პუნქტით პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გაუქმდეს რუსთავის სასამართლოს 2000 წლის 6 მარტისა და თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 3 მაისის განაჩენები _ ნ. კ-ძის მიმართ და საქმე შეწყდეს სსსკ 28-ე მუხლის „გ" პუნქტის შესაბამისად.
საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.