შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი

სისხლის სამართლის 16.03.2012
საქმის ნომერი
2კ-66აპ.-12
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
16.03.2012

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე ¹66აპ-12 ქ. თბილისი

16 მარტი, 2012 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების _ ჯ. ე-სა და ჯ. ჩ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 26 დეკემბრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 25 ივნისის განაჩენით:

ჯ. ჩ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ე“, „ვ“ ქვეპუნქტებით _ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით _ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 30 წლით თავისუფლების აღკვეთა. ჯ. ჩ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 10 ოქტომბრიდან.

მასვე “ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო და საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

ჯ. ე-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ე“, „ვ“ ქვეპუნქტებით _ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით _ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და მას მიესაჯა 32 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ჯ. ე-ს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 30 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 10 ოქტომბრიდან.

მასვე “ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო და საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

განაჩენის მიხედვით, ჯ. ჩ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, შვიდ დღეზე მეტი ხნით და ანგარებით მძევლად ხელში ჩაგდებაში დახმარება იმ მიზნით, რომ მძევლის გათავისუფლების პირობით აიძულონ პირი, შეასრულოს ესა თუ ის მოქმედება; წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ გამოძალვა, ე.ი. დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, ქონებრივი სარგებლის მოთხოვნა, რასაც თან ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა; წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ხოლო ჯ. ე-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, შვიდ დღეზე მეტი ხნით და ანგარებით მძევლად ხელში ჩაგდებაში დახმარება იმ მიზნით, რომ მძევლის გათავისუფლების პირობით აიძულონ პირი, შეასრულოს ესა თუ ის მოქმედება; წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ გამოძალვა, ე.ი. დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, ქონებრივი სარგებლის მოთხოვნა, რასაც თან ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა; წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება, რაც გამოიხატა შემდეგში:

2007 წლის 30 მაისს, დაახლოებით 7 საათსა და 30 წუთზე, გამოძიებით დაუდგენელმა პირებმა, მძევლად ხელში ჩაგდების მიზნით, გაიტაცეს თბილისში, ... ¹..., ბინა ¹...-ში მცხოვრები ო. ს-ა.

2007 წლის 2 ივნისს ჯ. ჩ-მ და ჯ. ე-მ გამოძიებით დაუდგენელ მისამართზე არსებული კომპიუტერის მეშვეობით დაარეგისტრირეს შემდეგი ელექტრონული მისამართი _ ... და პაროლი _ .... 2007 წლის 2 ივნისს, 20.54 საათზე, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, აღნიშნულ მისამართზე მათ განათავსეს გამოძალვის შინაარსის მქონე წერილობითი შეტყობინება: „მამა კარგად არის, უნდა 25000 ათასი, 5 დღეში მოვა გალის ხიდზე“. გამოძიებით დადგენილია, რომ ჯ. ჩ-მ და ჯ. ე-მ ისარგებლეს კომპიუტერით, რომლის იპ მისამართია: ....

ჯ. ჩ-მ, ჯ. ე-თან წინასწარი შეთანხმებით, 2007 წლის 3 ივლისს ო. ს-ს ნათესავის – ვ. ქ-ს საკუთრებაში არსებული, ო. ს-ს საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებული ავტომანქანის, სახ.¹..., საჭის მხარეს, უკანა ხედვის სარკეზე, წებოვანი ლენტით მიამაგრა წერილი, რომლის მიხედვითაც, ო. ს-ს ოჯახის წევრები ინფორმაციას მამის შესახებ მოიპოვებდნენ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე _ ... და პაროლით _ .... აღნიშნულ ელექტრონულ მისამართზე შესვლის შემდეგ მიღებულ იქნა შემდეგი ინფორმაცია _ „მამა კარგად არის, უნდა 25000 ათასი, 5 დღეში მოვა გალის ხიდზე“.

2007 წლის 8 ივნისს, 20.20.30 საათზე, ჯ. ჩ-მ და ჯ. ე-მ ელექტრონული ფოსტის ... გამოყენებით თბილისში, ... ქ. ¹...-ში მდებარე ინტერნეტ-კლუბიდან მათ მიერ დარეგისტრირებულ მისამართზე ო. ს-ს ოჯახის წევრებს გაუგზავნეს ელექტრონული შეტყობინება „25 ??“, ხოლო 2007 წლის 11 ივნისს, 19.02.44 საათზე, იმავე ინტერნეტ-კლუბში, ელექტრონული ფოსტის ...-ის გამოყენებით მოახდინეს ელექტრონული ფოსტის დათვალიერება.

2007 წლის 12 ივნისს, 12.48.03 საათზე, ... ¹...-ში განთავსებულ ინტერნეტ-კლუბში ჯ. ჩ-მ, ჯ. ე-თან წინასწარი შეთანხმებით, ელექტრონულ ფოსტა ...-ზე განათავსა ...–ის ელექტრონულო ფოსტიდან შემოსული გზავნილი, სადაც მიმაგრებული იყო ვორდის ფაილი (12121. დოკ.), კერძოდ: „...თუ გენანებათ, დაფიქრდით, რას იტყვის ხალხი „დაენანა გამზრდელისათვის“. 25 ათასი „ვის“ ეშმაკს. ეს ბოლო წერილია, როცა იქნები მზად, მაშინ დაწერე. თუ არა გაქვს საშუალება ან არ გინდა, რას წერ წერილებს“. აღნიშნული გზავნილი ჯ. ჩ-მ და ჯ. ე-მ გადააგზავნეს კომპიუტერიდან, რომლის იპ მისამართია: ....

იმავე დღეს, 13.05.52 საათზე, ჯ. ჩ-ა და ჯ. ე-ი თბილისში, ... ქ. ¹...-ში განთავსებულ ინტერნეტ-კლუბიდან, კომპიუტერის იპ მისამართი: ...-დან შეეცადნენ წაეშალათ თბილისში, ... ქ. ¹...-ში განთავსებულ ინტერნეტ-კლუბში არსებული ელექტრონული ინფორმაცია.

2007 წლის 17 ივნისს, 19.07 საათზე, ჯ. ჩ-მ, ჯ. ე-თან წინასწარი შეთანხმებით, თბილისში, ... ¹...-ში მდებარე ინტერნეტ-კაფეს ¹... კომპიუტერიდან, რომლის იპ მისამართია: ..., წაშალა ... ელექტრონულ ფოსტაში არსებული გზავნილები.

ჯ. ჩ-სა და ჯ. ე-ს მსჯავრი დაედოთ აგრეთვე იმაში, რომ მათ წინასწარი შეთანხმებით, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, გამოძიებით დაუდგენელი პირისაგან უკანონოდ შეიძინეს ნარკოტიკული ნივთიერება „მორფინის ჰიდროქლორიდის“ შემცველი 20 ამპულა, რაც უკანონოდ შეინახეს თავიანთ საცხოვრებელ ბინაში, მდებარე თბილისში, ... ¹..., ბინა ¹...-ში.

2010 წლის 10 ოქტომბერს, ჯ. ჩ-სა და ჯ. ე-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, სამართალდამცველებმა ამოიღეს მათ მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული 20 ამპულა ნარკოტიკული ნივთიერება.

ჯ. ჩ-ს მსჯავრი დაედო აგრეთვე იმაში, რომ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, დაუდგენელი პირისაგან, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა საბრძოლო მასალა _ 30 ვაზნა, რომელიც ასევე უკანონოდ შეინახა თავის საცხოვრებელ ბინაში. მითითებული საბრძოლო მასალა 2010 წლის 10 ოქტომბერს მისივე საცხოვრებელ ბინაში, მდებარე თბილისში, ... ¹..., ბინა ¹...-ში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოიღეს სამართალდამცველებმა.

ჯ. ე-ს მსჯავრი დაედო აგრეთვე იმაში, რომ იგი მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა საბრძოლო მასალას, კერძოდ, 2010 წლის 10 ოქტომბერს, 17.55 საათზე, თბილისში, ... ¹..., ბინა ¹...-ის წინ, სადარბაზოს მე-5 სართულის ფლიგელში, საქართველოს შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს ჯ. ე-ი, რომლისგანაც დაკავების ადგილზე ჩატარებული პირადი ჩხრეკისას ამოიღეს საბრძოლო მასალა _ 4 ვაზნა, რასაც იგი მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 26 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული ჯ. ე-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 26 დეკემბრის განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას.

მსჯავრდებული ჯ. ჩ-ა საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 26 დეკემბრის განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას.

პროკურორი თ. ხ-ა შესაგებლით ითხოვს მსჯავრდებულების _ ჯ. ე-სა და ჯ. ჩ-ს მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 26 დეკემბრის განაჩენის უცვლელად დატოვებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრების საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების მოტივს მსჯავრდებულების _ ჯ. ჩ-სა და ჯ. ე-ს უდანაშაულობის შესახებ, რადგან გასაჩივრებული განაჩენი მათი საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ე“, „ვ“ ქვეპუნქტებით, 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით მსჯავრდების ნაწილში ეყრდნობა დაზარალებულების _ ნ. ს-სა და ც. ჯ-ს ჩვენებებს, მოწმეების _ გ. ს-ს, ვ. ქ-ს, შ. რ-ს, გ. რ-ს, დ. გ-ს, თ. მ-ს, მ. ყ-ს, ი. გ-ს, გ. გ-ს, ი. ჯ-ს, მ. ა-ს, ნ. გ-ს, ლ. მ-ს, ა. მ-ს, ი. თ-ს, გ. ე-ს, რ. უ-ს, გ. შ-ს, ბ. მ-ს, გ. შ-ს, კ. ყ-სა და სხვათა ჩვენებებს, მოწმე ვ. ქ-ს მიერ წარდგენილ დოკუმენტებს, ამოცნობისა და საგნის დათვალიერების ოქმებს, კომპიუტერების დათვალიერების ოქმებსა და შპს ,,კავკასუს ონლაინიდან” მიღებულ შეტყობინებებს, ჰაბიტოსკოპიური და ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნებს, შპს ,,მაგთიკომიდან” და შპს ,,ჯეოსელიდან” მიღებულ ინფორმაციებს, 2010 წლის 9 ნოემბრის დათვალიერების ოქმს, დაკავების, პირადი და ბინის ჩხრეკის ოქმებს და საქმეში არსებულ სხვა არაერთ უტყუარ მტკიცებულებას, რომელთა შესახებ ამომწურავად იმსჯელა სასამართლომ და ამ ნაწილში მსჯავრდებულების _ ჯ. ჩ-სა და ჯ. ე-ს მიმართ დაადგინა დასაბუთებული განაჩენი.

ამასთან, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ჯ. ჩ-სა და ჯ. ე-ს ბრალდება იმ ნაწილში, რომლის მიხედვითაც, მათ თითქოს ჩაიდინეს საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული, არ არის დადასტურებული და არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან.

გასაჩივრებული განაჩენით დამტკიცებულად იქნა ცნობილი, რომ მსჯავრდებულებმა _ ჯ. ჩ-მ და ჯ. ე-მ მძევლად ხელში ჩაგდების მიზნით გაიტაცეს ო. ს-ა. ამის შემდეგ მათ კომპიუტერის მეშვეობით დაარეგისტრირეს ელექტრონული მისამართი და დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, აღნიშნულ მისამართზე განათავსეს გამოძალვის შინაარსის მქონე წერილობითი შეტყობინება. ჯ. ჩ-მ, ჯ. ე-თან წინასწარი შეთანხმებით, ო. ს-ს ნათესავის – ვ. ქ-ს საკუთრებაში არსებული, ო. ს-ს საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებული ავტომანქანის საჭის მხარეს, უკანა ხედვის სარკეზე, წებოვანი ლენტით მიამაგრა წერილი, რომლის მიხედვითაც, ო. ს-ს ოჯახის წევრები ინფორმაციას მამის შესახებ მოიპოვებდნენ ელექტრონული ფოსტის მისამართზე, სადაც შესვლის შემდეგ მიღებულ იქნა შემდეგი ინფორმაცია _ „მამა კარგად არის, უნდა 25000 ათასი, 5 დღეში მოვა გალის ხიდზე“. ამის შემდეგ ჯ. ჩ-მ და ჯ. ე-მ ელექტრონული ფოსტის გამოყენებით ინტერნეტ-კლუბიდან მათ მიერ დარეგისტრირებულ მისამართზე ო. ს-ს ოჯახის წევრებს გაუგზავნეს ელექტრონული შეტყობინება „25 ??“, ხოლო შემდეგ იმავე ინტერნეტ-კლუბში, ელექტრონული ფოსტის გამოყენებით მოახდინეს ელექტრონული ფოსტის დათვალიერება. ჯ. ჩ-მ, ჯ. ე-თან წინასწარი შეთანხმებით, ელექტრონულ ფოსტა ...-ზე განათავსა ...-ის ელექტრონული ფოსტიდან შემოსული გზავნილი, სადაც მიმაგრებული იყო ვორდის ფაილი (12121. დოკ.), კერძოდ: „...თუ გენანებათ, დაფიქრდით, რას იტყვის ხალხი „დაენანა გამზრდელისათვის“. 25 ათასი „ვის“ ეშმაკს. ეს ბოლო წერილია, როცა იქნები მზად, მაშინ დაწერე. თუ არა გაქვს საშუალება ან არ გინდა, რას წერ წერილებს“. აღნიშნული გზავნილი ჯ. ჩ-მ და ჯ. ე-მ გადააგზავნეს კომპიუტერიდან.

აღნიშნული ქმედება _ მძევლად ხელში ჩაგდება _ არის ფორმალური დანაშაული. იგი დამთავრებულია ადამიანის მძევლად ხელში ჩაგდების მომენტიდან, რაც ხდება იმ მიზნით, რომ მძევლის გათავისუფლების პირობით აიძულონ ორგანიზაცია ან პირი, შეასრულოს ან არ შეასრულოს ესა თუ ის მოქმედება. ამ დანაშაულის დროს დამნაშავეს აინტერესებს არა მძევლის პიროვნება, არამედ ზემოქმედება იმ პირზე, ვისკენაც მიმართულია მოთხოვნა, რასაც ამყარებს მძევლისათვის ზიანის მიყენების მუქარა. ცხადია, არა მძევალი, არამედ მესამე პირია ის, ვინც მოთხოვნა უნდა შეასრულოს მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ, რამეთუ თავად მძევალს მოთხოვნის შესრულება არ ძალუძს, თუმცა იგი დამნაშავისათვის მიზნის მიღწევის საშუალებაა.

ამდენად, მძევლად ხელში ჩაგდება მოიცავს ისეთ ქმედებებს, როგორიცაა გამოძალვა და იძულება. აქედან გამომდინარე, როცა დამნაშავე მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ მოითხოვს მისთვის თანხის გადაცემას, რასაც მოცემულ შემთხვევაში აქვს ადგილი, ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლით, ხოლო დანაშაულთა ერთობლიობით კვალიფიკაცია საჭირო არ არის.

ამდენად, მსჯავრდებულები _ ჯ. ჩ-ა და ჯ. ე-ი უნდა გამართლდნენ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში და, შესაბამისად, გასაჩივრებული განაჩენიდან უნდა ამოირიცხოს ამ მუხლით დანიშნული სასჯელი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, 307-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულების _ ჯ. ჩ-სა და ჯ. ე-ს საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 26 დეკემბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა მსჯავრდებულების _ ჯ. ჩ-სა და ჯ. ე-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

მსჯავრდებულ ჯ. ჩ-ს საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ე“, „ვ“ ქვეპუნქტებით, 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 24 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყოს 2010 წლის 10 ოქტომბრიდან.

მასვე “ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო და საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

მსჯავრდებულ ჯ. ე-ს საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ე“, „ვ“ ქვეპუნქტებით, 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 26 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყოს 2010 წლის 10 ოქტომბრიდან.

მასვე “ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო და საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.