დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე ¹4აგ-12 თბილისი
26 აპრილი, 2012 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. ც-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 13 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 18 მარტის განაჩენით მ. ც-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით.
აღნიშნული გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 15 ივლისის განაჩენით შეიცვალა: მ. ც-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით; მასვე სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2006 წლის 9 აპრილიდან 2006 წლის 29 ივნისამდე, სულ _ 2 თვე და 20 დღე. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 9 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი მოცემულ საქმეზე დარჩა უცვლელად.
2012 წლის 30 იანვარს მსჯავრდებულმა მ. ც-ემ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 18 მარტის განაჩენის გადასინჯვა.
მსჯავრდებული მ. ც-ე შუამდგომლობაში აღნიშნავდა, რომ სისხლის სამართლის საქმეში ერთადერთი მტკიცებულება არის დაზარალებულ ქ. ლ-ის ცრუ და არათანმიმდევრული ჩვენება; არსებობენ მოწმეები _ ნ. რ-ი და ლ. კ-ი, რომელთაც შეუძლიათ დაზარალებულის მხილება ცრუ ჩვენების მიცემაში. ამ მოწმეების დაკითხვით დადასტურდება მ. ც-ის უდანაშაულობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულმა მ. ც-ემ შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, რომლითაც ითხოვდა, საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 18 მარტის განაჩენის გადასინჯვას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 13 თებერვლის განჩინებით მ. ც-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 18 მარტის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე ცნობილ იქნა დაუშვებლად.
მსჯავრდებული მ. ც-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 13 თებერვლის განჩინების გაუქმებასა და სააპელაციო სასამართლოსათვის იმის მითითებას, რომ მან განსახილველად დაუშვას ზემოაღნიშნული შუამდგომლობა იმავე მოტივებით, რაზეც მას მითითებული ჰქონდა სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ შუამდგომლობაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა მსჯავრდებულ მ. ც-ის საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ,,ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.
საკასაციო პალატამ სრული მოცულობით შეამოწმა რა მოცემული საქმე, მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ მ. ც-ის შუამდგომლობასთან დაკავშირებით საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე გამოიტანა სწორი სასამართლო გადაწყვეტილება იმის გათვალისწინებით, რომ კასატორის საჩივარში მითითებული გარემოება არ წარმოადგენს ზემოაღნიშნული საპროცესო კანონით გათვალისწინებულ ისეთ გარემოებას, რომელიც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი. კასატორის მოთხოვნა მოწმის სახით ნ. რ-ისა და ლ. კ-ის დაკითხვის თაობაზე უსაფუძვლოა, რადგან საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სასამართლოსათვის ცნობილი იყო მათი ჩვენებები სისხლის სამართლის საქმეზე დართული გამოკითხვის ოქმებიდან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ მ. ც-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ მ. ც-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 13 თებერვლის განჩინება მსჯავრდებულ მ. ც-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.