დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 12.07.2022
საქმის ნომერი
ბს-469(2კ-21)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
12.07.2022

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-469(2კ-21) 12 ივლისი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები (მოპასუხეები) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ბმა „...“

მესამე პირები - მ. ა-ა, ნ. ა-ა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 18 ივნისის განჩინება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ბმა „...“-ის წარმომადგენელმა 2018 წლის 31 ოქტომბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის 2018 წლის 21 სექტემბრის №459 ბრძანებისა და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 24 მარტის №002036 დადგენილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 იანვრის განჩინებით, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფლებამონაცვლედ დადგინდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ მ. ა-ა და ნ. ა-ა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით, ბმა „...“-ის (თავმჯდომარე რ. დ-ა) სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 24 მარტის №002036 დადგენილება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის 2018 წლის 21 სექტემბრის №459 ბრძანება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 18 ივნისის განჩინებით, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 18 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ. კასატორებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა მოითხოვეს.

კასატორის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განმარტებით, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 66-ე მუხლის მე-10 პუნქტის, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 44-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და ამავე კოდექსის მე-14 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქ. თბილისში, ...ს ქ. №4-ში (ს/კ: ...) მდებარე ამხანაგობის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე შენობაზე განხორციელებულია ფასადის რეკონსტრუქცია, ამასთან, აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე მდებარე ფართი, რომელზეც უნებართვო სამუშაოები განხორციელდა, არ წარმოადგენდა ბმა „...“-ის არცერთი წევრის ინდივიდუალურ საკუთრებას, შესაბამისად, განეკუთვნებოდა ამხანაგობის საერთო საკუთრებას, უნებართვო რეკონსტრუქციის მწარმოებელი პირად მიჩნეულ იქნა ბმა „...“ და დაჯარიმდა 4000 ლარით, როგორც მიწის ნაკვეთის მესაკუთრე.

კასატორი არ იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას მოსარჩელის ბრალეულობის არარსებობის გამო პასუხისმგებლობის დაკისრების გამორიცხვასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ კონკრეტული მოსარჩელე დაჯარიმებულია როგორც უნებართვო ობიექტის მესაკუთრე, რასაც კანონმდებლობა პირდაპირ ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, თუ ვერ დგინდება მშენებლობის განმახორციელებელი სუბიექტი. რაც შეეხება იმას, რომ სამართალდარღვევის ჩამდენი სუბიექტი და სამართალდარღვევის ჩადენის დრო უტყუარად დადგენილი არ არის, აღნიშნულს კასატორი არ ხდის სადავოდ და მიუთითებს, რომ კანონმდებლობიდან გამომდინარე სწორედ აღნიშნული გარემოების გამო, არსებობდა ობიექტის მესაკუთრეზე სანქციის შეფარდების საფუძველი. კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ მესაკუთრეს აქვს მის საკუთრებაში არსებულ ობიექტზე უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების დემონტაჟის/პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის შესაძლებლობა და ასევე ვალდებულება, რაც მოცემულ შემთხვევაში ბმა „...“-ის მიერ არ განხორციელებულა.

კასატორის მოსაზრებით, საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე არ დასტურდება მოსარჩელის აპელირება მითითებაში დაფიქსირებული უნებართვო სამუშაოები მ. ა-ას მიერ განხორციელებასთან დაკავშირებით, თუმცა სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილისა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა უგულებელყოფით, მოსარჩელე მხარის მტკიცების ტვირთისგან სრულად გათავისუფლებით, უსაფუძვლოდ და ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია ზემოაღნიშნულ გარემოებებზე, მაშინ როდესაც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებით, კერძოდ, ფოტოსურათებით (არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალა, ასევე ფოტომონტაჟი) იკვეთება სამშენებლო სამუშაოების წარმოებაზე კანონმდებლობით განსაზღვრული სუბიექტი მოსარჩელის სახით, რომელმაც ზედამხედველების საქალაქო სამსახურის მოთხოვნის მიუხედავად, არ აღმოფხვრა სამართალდარღვევა და ვერ წარადგინა რეკონსტრუქციის განხორციელების კანონიერად მიჩნევის დამადასტურებელი დოკუმენტები.

ზემოაღნიშნულ გარემოებებიდან გამომდინარე კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიცია, რომ მოსარჩელე არ იყო მშენებლობის მწარმოებელი პირი, შესაბამისად, საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფას.

კასატორის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება განსხვავდება მსგავს საკითხზე უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისგან (2015 წლის 14 ივლისის ბს-311-307(2კ-14) გადაწყვეტილება); კერძოდ, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენდა ამხანაგობა და დარღვევის აღმოფხვრის ვალდებულებაც ეკისრებოდა მას და სასამართლოების მითითება, რომ უმოქმედობით (დარღვევის აღმოუფხვრელობით) გამოხატული ბრალის შემთხვევაშიც კი გამორიცხულია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ბრალი და ამ მიზეზით მისი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება, უკანონოა. ბრალის გამომრიცხველი ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებლად ასევე არასწორად იქნა შეფასებული საპატრულო პოლიციის რეაგირების ოქმი, რაც ასევე არასწორია, რადგან ამ შემთხვევაში ამხანაგობას ჰქონდა სამართალდარღვევის აღმოსაფხვრელად სხვა სამართლებრივი საშუალებების გამოყენების შესაძლებლობა, რომლის არგამოყენებაც ვერ იქნება მიჩნეული მისი მოქმედების მიუხედავად სამართალდარღვევის გამოსწორებისკენ მიმართულ ქმედებად, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით (მ. ა-ას მხრიდან, რომელიც არც მესაკუთრეა და არც მოსარგებლე, ხელშეშლის ფაქტზე მითითება) ვერ განხორციელდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მიიჩნევს, რომ სწორად განისაზღვრა სამართალდარღვევის სუბიექტი, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და არასწორად იქნა განმარტებული კანონი და საქმეზე მიღებული პრაქტიკის დამდგენი გადაწყვეტილებები, შესაბამისად, ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 4 ივნისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადავო არ არის ქ. თბილისში, ...ს ქ. №4-ში (ყოფ. ... შესახვევი №4) მდებარე საცხოვრებელ სახლზე სარეკონსტრუქციო სამუშაოს უნებართვოდ ჩატარების ფაქტი, შესაბამისად, სამშენებლო სამართალდარღვევის არსებობა, სადავოა მხოლოდ ამ დარღვევისათვის პასუხისმგებელ პირად ბმა „...“-ის მიჩნევის კანონიერება.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევა წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ერთ-ერთ სპეციფიკურ სახეს, რომლის გამოვლენა, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესი და პირობები განსაზღვრულია „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით“. აღნიშნული კოდექსის 44-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება შენობა-ნაგებობის გაბარიტების შეუცვლელად, ან საინჟინრო-კომუნალური ქსელების უნებართვო რეკონსტრუქცია - გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარით.

,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე კოდექსის მე-14 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ამ თავის (ტექნიკური საფრთხის კონტროლი) მოქმედება იმ შემთხვევაში ვრცელდება სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ შესაბამისად, სამშენებლო სამართალდარღვევებთან დაკავშირებული საქმის წარმოებისა და ცალკეული სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილ ზოგად პრინციპებს, მათ შორის, აღნიშნული კოდექსის მე-8 მუხლით განსაზღვრულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის ზემოქმედების ზომათა შეფარდებისას კანონიერების უზრუნველყოფის პრინციპს ემყარება. აღნიშნული პრინციპის თანახმად, არავის შეიძლება შეეფარდოს ზემოქმედების ზომა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო, თუ არა კანონმდებლობით დადგენილ საფუძველზე და წესით. ამავე კოდექსის 264-ე მუხლი განსაზღვრავს, რომ ორგანო (თანამდებობის პირი) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას მოვალეა დაადგინოს: ჩადენილი იყო თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ბრალეულია თუ არა პირი მის ჩადენაში, ექვემდებარება თუ არა იგი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, არის თუ არა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, აგრეთვე გამოარკვიოს სხვა გარემოებანი, რომელთაც მნიშვნელობა აქვთ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის. ამდენად, როგორც სამართალდამრღვევის, ასევე დარღვევის დადგენის მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ სანქციის შემფარდებელმა ორგანომ, სამართალდარღვევა ყველა შემთხვევაში შეაფასოს ინდივიდუალურად, რა დროსაც ასევე ყურადღება უნდა მიექცეს იმის გამოკვლევას, ხომ არ არსებობს შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებები.

მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს სამშენებლო სამართალდარღვევის ჩამდენ პირთა დიფერენცირების იმ თავისებურებაზე, რასაც ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ ითვალისწინებს; კერძოდ, კანონმდებელი სამართალდამრღვევ სუბიექტებად (დამრღვევად) მოიაზრებს როგორც მშენებლობის მწარმოებელ პირს, ასევე სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს და მოსარგებლეს, მათ შორის დამკვეთს, რომლის ქმედებამაც გამოიწვია დარღვევები სამშენებლო საქმიანობაში.

აღნიშნული განმარტებიდან გამომდინარე საკასაციო პალატა ასკვნის, რომ ადმინისტრაციული საქმის წარმოებისას სამშენებლო სამართალდარღვევის არსებობის შემთხვევაში შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია უტყუარად დაადასტუროს მშენებლობის უშუალოდ მწარმოებელი პირის დადგენის შეუძლებლობა და უნებართვო მშენებლობისთვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობა მხოლოდ ამის შემდეგ გადააკისროს მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს ან მოსარგებლეს.

განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა 2017 წლის 24 მარტს მიიღო №002036 დადგენილება, რომლითაც ქ. თბილისში, ...ს ქ. №4-ში (ყოფ. ... შესახვევი №4) მდებარე, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული საცხოვრებელი სახლის ფასადის უნებართვო რეკონსტრუქციისთვის (შენობის „1-7“ ფასადზე და „5-7“ მონაკვეთში შეცვლილია ფანჯრის ღიობის გაბარიტი, ასევე ფანჯრის ნაცვლად მოწყობილია კარის ღიობი და დამატებულია ფანჯარა. აღნიშნულ ფასადებზე დამატებულია გისოსები. „ა-გ“ ფასადზე და „ა-ბ“ მონაკვეთში დამატებულია ფანჯრის ღიობი, რომელზეც დამონტაჟებულია გისოსი. „ა-ა“ ღერძის მარცხნივ დამატებულია ღია კაპიტალური კედელი) ბმა „...“ დაჯარიმდა 4000 ლარით; მასვე დაევალა უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების დემონტაჟი.

საქმეში წარმოდგენილი 2016 წლის 29 ივლისის მ. ს-ეის განცხადებით ირკვევა, რომ ქ.თბილისში, ... №4-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე მ. ა-ა ყოველ დილით აწარმოებს უკანონო მშენებლობას, კერძოდ, რამდენიმე ადგილას გამოჭრა ღიობები როგორც შენობის ფასადზე, ასევე გვერდით კედელზე და აზიანებს ბეტონის საფარველს, ასევე მოახდინა აივნის მიშენება უნებართვოდ. განმცხადებელმა ითხოვა აღნიშნული სამშენებლო სამუშაოების კანონიერების შესწავლა. შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთაწმინდის პირველი ოცეულის პატრულ-ინსპექტორის 2016 წლის 15 დეკემბრის რეაგირების ოქმით (ს.ფ. 17-18, ტ. II) ასევე ირკვევა, რომ მ. ა-ა მისი სარდაფის წინა ფასადი და გისოსების უკანონოდ მონგრევის განმახორციელებლად ასახელებდა როლანდ დუდუჩავას.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს 2017 წლის 16 მარტს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში გამართულ ზეპირი მოსმენის №002036 ოქმზე (ს.ფ. 131, ტ. I), საიდანაც ირკვევა, რომ მ. ა-ამ მართალია უარყო მითითებაში აღნიშნული სამუშაოების მისი ან მისი ოჯახის წევრების მიერ განხორციელების ფაქტი, თუმცა აღნიშნა, რომ სამუშაოები 2007 წლამდე იყო წარმოებული და ექვემდებარებოდა ლეგალიზებას, შესაბამისად არ უნდა განხორციელებულიყო დემონტაჟი. სამუშაოები განხორციელდა ნ. ც-ას დავალებით, რომელიც გარდაცვლილია. მისივე განმარტებით, ფართი დაკავებული აქვს მას - სახლის აშენების დროს მშენებელმა მოცემული ფართი მას თანხის სანაცვლოდ გადასცა. ამავე სხდომაზე რ. დ-ამ კი განმარტა, რომ მითითებით გათვალისწინებული პირობის შესრულებას ამხანაგობა ვერ ახერხებდა მ. ა-ას ბრალით - ა-ა ეწინააღმდეგებოდა მითითების შესრულებას და მათ ხელს უშლიდა.

საქმის მასალებით ისიც დადგენილია, რომ ბმა „...“-ის პასუხისმგებლობა დაეკისრა არა როგორც უნებართვო სამშენებლო სამუშაოების განმახორციელებელ პირს, არამედ როგორც მესაკუთრეს. მიუხედავად იმისა, რომ ბმა „...“ არ იყო მშენებლობის განმახორციელებელი სუბიექტი, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 8 ნოემბრის №002036 მითითების შესრულება მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მ. ა-ასა და მისი ოჯახის მხრიდან ხელშეშლის გამო, რაც დადასტურებულია საპატრულო პოლიციის 2016 წლის 15 დეკემბრის რეაგირების ოქმით.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას იმის შესახებ, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს საქმეში წარმოდგენილი არ აქვს სათანადო მტკიცებულება მოსარჩელის მიერ უნებართვო მშენებლობის (ფასადის მოპირკეთება) წარმოებისა და მისი, როგორც მესაკუთრის სამშენებლო სამართალდამრღვევად უტყუარად მიჩნევის თაობაზე, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მ. ა-ას განმარტებით დადგენილია, რომ ის წარმოადგენს სადავო ფართის მოსარგებლეს.

საკასაციო პალატის მოსაზრებით, მხოლოდ ის გარემოება, რომ უნებართვო სამუშაოები ნაწარმოებია ამხანაგობის საერთო საკუთრებაზე, კონკრეტულ შემთხვევაში არ ქმნის ბმა „...“-ის სამართალდარღვევის ჩამდენ სუბიექტად მიჩნევის საფუძველს, იმის გათვალისწინებით, რომ ბმა „...“-ის თავმჯდომარე მიუთითებდა კონკრეტულ სუბიექტსა და სამართალდარღვევის ჩადენის პერიოდზე, თუმცა მოპასუხეთა მიერ დაუდგენელია როგორც სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელი პირი, ასევე სამართალდარღვევის ჩადენის დრო. შესაბამისად დასტურდება, რომ სადავო დადგენილებით ამხანაგობა არასაკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე იქნა მიჩნეული სამართალდამრღვევად. ამრიგად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის 2018 წლის 21 სექტემბრის №459 ბრძანება და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 24 მარტის №002036 დადგენილება გამოცემული იქნა სამშენებლო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენდა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საკასაციო საჩივრებში მეორდება სააპელაციო საჩივრის დასაბუთება, რასთან დაკავშირებითაც ამომწურავად იმსჯელა სააპელაციო პალატამ. კასატორები დამატებით ვერ უთითებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების არსებით ფაქტობრივ თუ სამართლებრივ უსწორობაზე, შესაბამისად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის არც ერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 18 ივნისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა