დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 21.07.2022
საქმის ნომერი
ბს-161(კ-22)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
21.07.2022

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #ბს-161(კ-22) 21 ივლისი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2020 წლის 26 ოქტომბერს ხ. ფ-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 8 აპრილის სასამართლო სხდომაზე დაზუსტდა მოსარჩელეთა წრე და მოსარჩელეებად განისაზღვრნენ ხ. ფ-იი, ნ. მ-ი და გ. მ-ი.

მოსარჩელეთა განმარტებით, ხ. ფ-იი 1991 წლიდან არის ცხინვალიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. 1993 წლიდან იგი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მ. მ-ითან. მას შეეძინა 2 შვილი: ნ. მ-ი (დაბ.: ...წ.) და გ. მ-ი (დაბ.: ...წ.), რომელთაც ასევე მინიჭებული აქვთ დევნილის სტატუსი.

მოსარჩელეთა მითითებით, 2019 წლის 12 ნოემბერს ხ. ფ-იმა შეავსო განაცხადი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 13 მარტის #03-502/ო ბრძანებით ოჯახს უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო.

მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ 1993 წლიდან ხ. ფ-იი ოჯახთან ერთად ცხოვრობს დედამთილის - ნა. მ-ის საკუთრებაში არსებულ, ქალაქ გორში, ...ის გამზ. #...-ში მდებარე ბინაში. რამდენადაც მას და მის მეუღლეს წლების განმავლობაში ჰქონდათ დაძაბული ურთიერთობა, იგი იძულებული გახდა, მიემართა შესაბამისი ორგანოსათვის განქორწინების თაობაზე, რის შედეგადაც 2019 წლის 11 თებერვალს ისინი განქორწინდნენ. შესაბამისად, ხ. ფ-იი და მისი ყოფილი მეუღლე თითქმის 2 წელია ერთად აღარ ცხოვრობენ.

მოსარჩელეთა განმარტებით, 1992 წლიდან ხ. ფ-იი არის დევნილი და ამდენი წლის განმავლობაში არ მომხდარა მისი ოჯახის დაკმაყოფილება. არც თავად მოსარჩელეს მოუთხოვია საცხოვრებელი ფართის გადაცემა, რამდენადაც მას ჰქონდა მისი დედამთილის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში ცხოვრების შესაძლებლობა. თუმცა მეუღლესთან განქორწინების შემდგომ, იგი იძულებული გახდა მოეთხოვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება, რამდენადაც იგი აღარ არის მესაკუთრის შვილის მეუღლე და შესაბამისად, დედამთილი მას ყოველდღიურად სთხოვს ბინის გამოთავისუფლებას.

მოსარჩელეთა განმარტებით, მათთვის გაუგებარია მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად გადაუდებელი საჭიროების არარსებობის მითითება, რამდენადაც სხვის საკუთრებაში არსებულ ბინაში მესაკუთრის თანხმობის გარეშე ცხოვრების გამო, ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ ხ. ფ-იის დედამთილი მოსარჩელეებს ყოველდღე სთხოვს ბინის დატოვებას, ოჯახს ექმნება საცხოვრებელი ადგილის გარეშე დარჩენის საფრთხე.

ამდენად, მოსარჩელეებმა „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 13 მარტის #03-502/ო ბრძანების ბათილად ცნობა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსათვის მოსარჩელეთა ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონით დადგენილი წესით გამოცემის დავალება მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებით ხ. ფ-იის, ნ. მ-ისა და გ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 13 მარტის #03-502/ო ბრძანება; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ხ. ფ-იის, ნ. მ-ისა და გ. მ-ის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოცემა დაევალა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივნისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს #320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (დანართი #1) მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის მიხედვით, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.

სააპელაციო პალატამ საყურადღებოდ მიიჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელეთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძველი გახდა არა ზემოაღნიშნული წესის შესაბამისად მინიჭებულ ქულათა ნაკლებობა, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება იმ მომენტისათვის მოსარჩელეთა გადაუდებელი განსახლების აუცილებლობის არარსებობის შესახებ, რაც, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნებიდან.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოს ზემოაღნიშნული პოზიცია და მის საწინააღმდეგოდ განმარტა, რომ მოსარჩელის ყოფილი დედამთილის საკუთრებაში შვილებთან ერთად ცხოვრობის ფაქტი არ გამორიცხავდა საცხოვრებლით დაკმაყოფილებასთან დაკავშირებული მათი ინტერესის პრიორიტეტულობას, მით უფრო იმ ვითარებაში, როდესაც მოსარჩელის ყოფილ დედამთილს სურდა საკუთარი შეხედულებისამებრ გამოეყენებინა მისი უძრავი ქონება. აღნიშნული გარემოება, გარდა მოსარჩელის დამაჯერებელი ახსნისა, აუცილებლად არ საჭიროებდა დამატებითი მტკიცებულებების წარდგენას, რადგანაც აკმაყოფილებდა მტკიცების ტვირთის გონივრულობის სტანდარტს. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის ფაქტი ერთმნიშვნელოვნად ვერ გამორიცხავდა დევნილის უფლებას, მოცემულ ეტაპზე დაკმაყოფილებულიყო საცხოვრებლით, ცალკეული კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმეში დაცული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 20 თებერვლის #8 სხდომის ოქმით დასტურდებოდა, რომ ოროთახიანი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდნენ ის დევნილი ოჯახები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 1.5 და მეტი ქულა. ხ. ფ-ითან მიმართებით კი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დამაჯერებლად ვერ იქნა ახსნილი, მიუხედავად მინიჭებული 1.5 ქულისა, ყოფილი დედამთილის საკუთრებაში არსებული ფართით დროებითმა სარგებლობამ რატომ გამორიცხა მისი ოჯახის პრიორიტეტულად დაკმაყოფილების საჭიროება.

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე ხ. ფ-იი 2019 წლის 11 თებერვლიდან განქორწინებული იყო მ. მ-ითან, ამ უკანასკნელის მიერ უძრავი ქონების შეძენის თუ გასხვისების ფაქტი ვერ იქნებოდა გათვალისწინებული მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის შეფასებისას. ასევე, არსებითი მნიშვნელობა ვერ მიენიჭებოდა ხ. ფ-იის დედისა და მამის საკუთრებაში უძრავი ქონების არსებობის ფაქტს, ვინაიდან წლების განმავლობაში მოსარჩელე დამოუკიდებლად ცხოვრობდა შვილებთან ერთად და დამოუკიდებლად აწარმოებდა შინამეურნეობას. შესაბამისად, დასახელებული პირები ვერ ჩაითვლებოდნენ ერთი ოჯახის წევრებად და აღნიშნული გავლენას ვერ მოახდენდა მოსარჩელის საცხოვრებლით დაკმაყოფილების ინტერესის პრიორიტეტულობაზე. ამასთან, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ როგორც მოსარჩელის ახსნა-განმარტებით დასტურდებოდა, მისი მშობლების საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში ცხოვრობდნენ ხ. ფ-იის დედმამიშვილები თავიანთი ოჯახებით. ამდენად, თავისუფალი საცხოვრებელი ფართის არარსებობის გამო, არ არსებობდა შესაძლებლობა, რომ მოსარჩელე საკუთარ შვილებთან ერთად საცხოვრებლად მშობლების საკუთრებაში არსებულ სახლებში გადასულიყო.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები, რომ სადავოდ ქცეული „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 13 მარტის #03-502/ო ბრძანება ეწინააღმდეგებოდა კანონის მოთხოვნებს, პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებდა მოსარჩელეთა კანონიერ უფლებას და უკანონოდ ზღუდავდა მას. შესაბამისად, არსებობდა მისი ბათილად ცნობისა და მოსარჩელეთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების მიზნით, აპელანტი ადმინისტრაციული ორგანოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, დავის გადაწყვეტისათვის არსებით მნიშვნელობას იძენს იმ ფაქტის გამოკვლევა, საჭიროებდა თუ არა მოსარჩელე სასწრაფოდ საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას. ადმინისტრაციულმა ორგანომ მოსარჩელე ხ. ფ-იის ოჯახს უთხრა უარი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე იმ საფუძვლით, რომ იმ ეტაპზე განსახლება გადაუდებელ საჭირობას არ წარმოადგენდა.

კასატორი მიუთითებს, რომ მოსარჩელის ოჯახს ხელი მიუწვდება არაერთ ალტერნატიულ საცხოვრებელზე. თავად ხ. ფ-იი შვილებთან ერთად ცხოვრობს მისამართზე: ქ. გორი, ...ის გამზ #..., ბინა #17. აღნიშნული ბინა წარმოადგენს მისი დედამთილის საკუთრებას 2017 წლიდან. მოსარჩელე ზემოხსენებულ მისამართზე ოჯახთან ერთად ცხოვრობს 1993 წლიდან. აღნიშნული საკუთრების გარდა, ხ. ფ-იის მეუღლის სახელზე ფიქსირდება კიდევ ერთი საკუთრება გორში, სოფელ ...ში, რომელიც ასევე გასხვისებულ იქნა 2018 წელს. მოსარჩელის მამას - ც. ფ-ის 2012 წელს დაუკანონდა საცხოვრებელი ფართი გორში. დედა - დ. დ-ი არის ქარელში, ...ის ქ. #...-ში მდებარე ერთ-ერთი უძრავი ქონების მესაკუთრე. კასატორის განმარტებით, მოცემული ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე, სააგენტომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე იმ ეტაპზე უპირობოდ არ საჭიროებდა ბინით უზრუნველყოფას. კასატორის მოსაზრებით, იმ ფონზე როდესაც მოსარჩელეს ალტერნატიული საცხოვრებლები გააჩნია, სააპელაციო სასამართლო რატომღაც მხოლოდ იმას ითვალისწინებს, რომ მოსარჩელეს არ აქვს საკუთრება. სასამართლო მხედველობაში არ იღებს იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ მხარეს არაერთ ალტერნატიულ საცხოვრებელზე მიუწვდება ხელი და ამ ეტაპზე სასწრაფო განსახლება არ ესაჭიროება.

კასატორი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლზე, 53-ე მუხლსა და 96-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე არ იკვეთება წესის დარღვევით სხდომის ჩატარება ან კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში, საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. საქმის გარემოებების გამოსაკვლევად ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოკითხა განმცხადებელი, ასევე, ჩაატარა მონიტორინგი, დათვალიერება და გამოკითხვა. კასატორის შეფასებით, აღნიშნული ადასტურებს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოიყენა მის ხელთ არსებული ყველა საშუალება საკითხის სრულყოფილად შესასწავლად და გამოსაკვლევად.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ სააგენტოს გადაწყვეტილება მოსარჩელესთან მიმართებით არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უკანონო და დაუსაბუთებელი როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი თვალსაზრისით, რის გამოც, იგი უნდა გაუქმდეს და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 13 მარტის #03-502/ო ბრძანების კანონიერება და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსათვის მოსარჩელეთა ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონით დადგენილი წესით გამოცემის დავალება.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, შესაბამისად, მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს დევნილთა ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გადაწყვეტილება მხოლოდ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად უნდა მიიღოს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს #320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ხ. ფ-იის განცხადების საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად შეფასდა მისი ოჯახის მდგომარეობა და მიენიჭა 1.5 ქულა - საცხოვრებელი ფინანსური პირობები (ნათხოვარი). მოსარჩელე ხ. ფ-იმა განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და ითხოვა მისთვის, როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირისათვის, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის გადაცემა. ამასთან, მოსარჩელემ შეავსო შესაბამისი კითხვარი.

საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელე - ხ. ფ-იი და მ. მ-იი განქორწინდნენ 2019 წლის 11 თებერვალს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურის დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით ხ. ფ-იის განცხადება არ დაკმაყოფილდა და მოსარჩელეს განემარტა, რომ ყოფილი დედამთილის საკუთრებაში არსებულ ფართში ცხოვრების გამო, იმ ეტაპზე ხ. ფ-იის განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენდა. მოპასუხე მხარის განმარტებით, ოროთახიანი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდნენ ის დევნილი ოჯახები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 1.5 და მეტი ქულა. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილების საფუძველზე, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ 2020 წლის 13 მარტს გამოსცა ბრძანება მოსარჩელე ხ. ფ-იის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ მოსარჩელის ყოფილი დედამთილის საკუთრებაში შვილებთან ერთად ცხოვრობის ფაქტი არ გამორიცხავს საცხოვრებლით დაკმაყოფილებასთან დაკავშირებული მათი ინტერესის პრიორიტეტულობას, მით უფრო იმ ვითარებაში, როდესაც მოსარჩელის ყოფილ დედამთილს სურს საკუთარი შეხედულებისამებრ მისი კუთვნილი უძრავი ქონების გამოყენება. საკასაციო სასამართლო ასევე ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის ფაქტი ერთმნიშვნელოვნად ვერ გამორიცხავს დევნილის უფლებას, მოცემულ ეტაპზე დაკმაყოფილდეს საცხოვრებლით, ცალკეული კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ როგორც საქმეში დაცული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 20 თებერვლის #8 სხდომის ოქმით დასტურდება, ოროთახიანი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდნენ ის დევნილი ოჯახები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 1.5 და მეტი ქულა. ამდენად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ ხ. ფ-ითან მიმართებით ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დამაჯერებლად ვერ იქნა დასაბუთებული, მიუხედავად მინიჭებული 1.5 ქულისა, ყოფილი დედამთილის საკუთრებაში არსებული ფართით დროებითმა სარგებლობამ რატომ გამორიცხა მისი ოჯახის პრიორიტეტულად დაკმაყოფილების საჭიროება.

ამასთან, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე ხ. ფ-იი 2019 წლის 11 თებერვლიდან განქორწინებულია მ. მ-ითან, ამ უკანასკნელის მიერ უძრავი ქონების შეძენისა თუ გასხვისების ფაქტი ვერ იქნება გათვალისწინებული მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის შეფასებისას. ასევე, არსებითი მნიშვნელობა ვერ მიენიჭება ხ. ფ-იის დედისა და მამის საკუთრებაში უძრავი ქონების არსებობის ფაქტს, ვინაიდან წლების განმავლობაში, მოსარჩელე დამოუკიდებლად ცხოვრობს შვილებთან ერთად და დამოუკიდებლად აწარმოებს შინამეურნეობას. შესაბამისად, დასახელებული პირები ვერ ჩაითვლებიან ერთი ოჯახის წევრებად და აღნიშნული გავლენას ვერ მოახდენს მოსარჩელის საცხოვრებლით დაკმაყოფილების ინტერესის პრიორიტეტულობაზე.

საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში განვითარებულ მსჯელობაზე, კერძოდ, სააგენტო აღნიშნავს, რომ მოსარჩელე ხათუნა ფოცხვერაშვილს აქვს მშობლების საკუთრებაში არსებულ უძრავი ქონებაში ცხოვრების შესაძლებლობა, რის გამოც არ არსებობს მისი განსახლების გადაუდებელი საჭიროება. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის ზემოაღნიშნულ პოზიციას და მის საწინააღმდეგოდ ეთანხმება სააპელაციო პალატის მითითებას, რომ როგორც მოსარჩელის ახსნა-განმარტებით დასტურდება, მისი მშობლების საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში ცხოვრობენ ხ. ფ-იის დედმამიშვილები თავიანთი ოჯახებით. ამდენად, თავისუფალი საცხოვრებელი ფართის არარსებობის გამო, არ არსებობს შესაძლებლობა, რომ მშობლების საკუთრებაში არსებულ სახლებში მოსარჩელემ საკუთარ შვილებთან ერთად შეძლოს ცხოვრება.

საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით დროებით სარგებლობის ფაქტი არ იძლევა შესაძლებლობას ზუსტად იქნეს დადგენილი, რამდენად აქვს მოსარჩელეს ხსენებულ საცხოვრებელში ცხოვრების შეუზღუდავი შესაძლებლობა, ასეთი დასკვნის გაკეთება კი განსაკუთრებით რთულია აღნიშნული ფართით შეუზღუდავი სარგებლობის სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრის კუთხით, რის გამოც, მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებებს მოსარჩელისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის კანონშესაბამისობასთან მიმართებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ სადავოდ ქცეული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელეთა კანონიერ უფლებას და უკანონოდ ზღუდავს მას, რაც ქმნიდა მისი ბათილად ცნობისა და მოსარჩელეთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების მიზნით, ადმინისტრაციული ორგანოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივნისის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა