დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ბს-147(კ-22) 21 ივლისი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2020 წლის 24 აგვისტოს თ. ღ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.
სარჩელის თანახმად, მოსარჩელე წარმოადგენს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირს - დევნილს. დევნილობის დღიდან 1998 წლამდე ცხოვრობდნენ ქირით სხვადასხვა მისამართზე. 1998 წლიდან დღემდე ცხოვრობენ ახლო ნათესავის კუთვნილ 30 კვ.მ ფართის ბინაში, მდებარე - თბილისი, ...ს ქ. №..., ბინა №39. მცირე ფართის გამო, ბავშვებიც ვერ ახერხებენ განათლების მიღებას და მეცადინეობას, თუმცა სხვა წასასვლელი არ აქვთ. ნათესავს შეექმნა პრობლემები, რის გამოც აპირებს საკუთარ ბინაში საცხოვრებლად გადასვლას. მოსარჩელის განმარტებით, ვინაიდან ოჯახში უმეტესობა არის უმუშევარი, ქირით გადასვლას ვერ ახერხებენ. ამის გამო, 2018 წელს, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, შეავსეს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადი, რომლითაც მიენიჭათ 7 ქულა და მოქმედი წესის შესაბამისად, ეკუთვნით 3-ოთახიანი ბინა (7-სულიანი ოჯახი). 2020 წლის ივლისში გამოქვეყნდა ფართით დაკმაყოფილებულ ოჯახთა სია, რომელშიც მოსარჩელის ოჯახი არ აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ 3-ოთახიანი ბინები მიიღეს 7 ქულაზე ნაკლების მქონე ოჯახებმა. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 7 აგვისტოს №03-950/ო ბრძანებით თ. ღ-ას და განაცხადით გათვალისწინებულ პირებს ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო უარი ეთქვათ ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე, რასაც არ ეთანხმება მოსარჩელე და მიიჩნევს, რომ სააგენტოს აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია საქმეზე არსებითად მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევისა და გათვალისწინების გარეშე, რითაც დარღვეულია მათი კანონიერი უფლებები და ინტერესები.
ამდენად, მოსარჩელემ დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 7 აგვისტოს №03-950/ო ბრძანების ბათილად ცნობა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით თ. ღ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 7 აგვისტოს №03-950/ო ბრძანება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა დაევალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ივლისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის მითითებით, წინამდებარე შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმით დასტურდება, რომ თ. ღ-ას ოჯახმა წინასწარი შეფასებით მოიპოვა 7.00 ქულა: საცხოვრებელი ფინანსური პირობები, ცხოვრობს ახლობლის ბინაში ქირის გარეშე - 1,5 ქულა; 18 წლამდე ასაკის წევრები (3 არასრულწლოვანი) - 2.00 ქულა; ე. ღ-ა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი, მნიშვნელოვნად გამოხატული - 2 ქულა; ე. ღ-ა ომში მონაწილეობა, ომის ვეტერანი - 1,5 ქულა.
საქმეში დაცული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 21 ივლისის №36 სხდომის ოქმით დასტურდება, რომ სამოთახიანი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდნენ ის დევნილი ოჯახები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 3 და მეტი ქულა. თ. ღ-ასთან მიმართებით კი, მიუხედავად მინიჭებული 7 ქულისა, ნათესავის საკუთრებაში არსებული ფართით დროებითმა სარგებლობამ, რატომ გამორიცხა მისი ოჯახის პრიორიტეტულად დაკმაყოფილების საჭიროება, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ვერ იქნა ახსნილი.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტი ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია და განმარტა, ფაქტი რომ მოსარჩელის ოჯახი ცხოვრობდა ქირის გარეშე მონიტორინგის მისამართზე ნათესავის, მ. ქ-ეის საკუთრებაში (მდებარე - ქ. თბილისი, ი. ...ს ქუჩა №..., ბინა №39), არ გამორიცხავდა საცხოვრებლით დაკმაყოფილებასთან დაკავშირებული მათი ინტერესის პრიორიტეტულობას. პალატის მითითებით, დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის ფაქტი არ გამორიცხავს დევნილის უფლებას, მოცემულ ეტაპზე იქნეს დაკმაყოფილებული საცხოვრებლით, ცალკეული კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე.
სააპელაციო პალატამ საგულისხმოდ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის მთავარ სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა უძრავი ქონების (მდებარე - ქ. თბილისი, ...ს ქ. №..., ბინა №39-ში) მესაკუთრე მ. ქ-ე, რომელმაც განმარტა, რომ ვინაიდან ოჯახთან ერთად ცხოვრობს ვიწროდ 27 მ/კვ ფართში ...ზე, დაუდგა კუთვნილი საცხოვრებელი ბინის მოხმარების საჭიროება. სააპელაციო პალატის მითითებით, ის გარემოება, რომ მოსარჩელის ნათესავს, მ. ქ-ეს სურს გამოიყენოს მისი საკუთრება შეხედულებისამებრ, გარდა თავად ამ პირის განმარტებისა, არ საჭიროებს დამატებით რაიმე მტკიცებულების წარდგენას, რადგანაც აკმაყოფილებს მტკიცების ტვირთის გონივრულობის სტანდარტს.
სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა აპელანტის მითითება მოსარჩელის მეუღლის საკუთრებაში არსებული ბინის გასხვისების ფიქტიურობაზე და მიუთითა, რომ სადავო ფაქტის დადგენისას ყურადღება უნდა მიექცეს როგორც ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობას, ისე შესწავლილ უნდა იქნეს მითითებული ხელშეკრულების დადების მიზანი, კონტრაჰენტის ვინაობა, რათა პირმა არაკეთილსინდისიერად არ მოახდინოს ქონების განრიდება გრძელვადიანი საცხოვრებლით სარგებლობის უფლების სასწრაფოდ მოპოვების მიზნით. ამ თვალსაზრისით სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ 2015 წლის 25 დეკემბრის ამონაწერზე საჯარო რეესტრიდან, რომლის თანახმად, სოფელ ...ში მდებარე უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდი N...) რეგისტრირებულია გ. ა-ეის საკუთრების უფლება. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია 22.12.2015 წლის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება. ამასთან, პალატის მითითებით, საყურადღებოა პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სტატუსით დაკითხული გ. ა-ეის ახსნა-განმარტების შინაარსიც, რომლის თანახმად, აღნიშნული უძრავი ქონება შესყიდულ იქნა მისი დის მიერ, რომელიც იმყოფება გერმანიაში. ვინაიდან გ. ა-ეე უძრავი ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის დროს არ იმყოფებოდა საქართველოში და იმყოფებოდა დასთან გერმანიაში, უძრავი ქონების მესაკუთრედ საჯარო რეესტრში აღრიცხულ იქნა ხათუნა აბულაძე. გ. ა-ეის განმარტებით, 2015 წლის 25 დეკემბერს საკუთრება გადმოიფორმა და დღემდე აღნიშნულ ქონებაში ცხოვრობს ოჯახთან ერთად.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მხოლოდ დაუსაბუთებელი ეჭვი, რომელიც არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით ან მოვლენათა მიმდინარეობა გონივრულად არ ასაბუთებს ასეთი გარემოების არსებობას, არ შეიძლება გახდეს პირის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. იმის გათვალისწინებით, რომ მითითებული გარემოებების საწინააღმდეგო მტკიცებულება აპელანტის მიერ საქმეში წარმოდგენილი არ არის, პალატას არ გააჩნდა საფუძველი მოსარჩელის მიერ ბინის გასხვისება მიეჩნია ფიქტიურად. ამდენად, მოსარჩელის საცხოვრისით დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, იმ მოტივით, რომ მას გააჩნია უძრავი ქონება, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია.
სააპელაციო პალატამ ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნია აპელანტი მხარის ზოგადი მითითებები მოსარჩელესთან შედარებით, სხვა პირთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პრიორიტეტის შესახებ. სააპელაციო პალატის შეფასებით, კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს ამგვარი მიდგომა (მიუხედავად ქულათა საკმარისი რაოდენობისა, კანონის გვერდის ავლით საკუთარი შეხედულებით გადაწყვიტოს პრიორიტეტულობის საკითხი) წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრების უფლების მნიშვნელოვან შეზღუდვას, რაც დაუშვებელია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი დაუსაბუთებლად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს განჩინებას და აღნიშნავს, რომ სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, თუმცა არასწორად განმარტა იგი. კასატორის მითითებით, მოცემული დავის გადაწყვეტისას არსებითი მნიშვნელობა აქვს უტყუარად დადგინდეს რამდენად სასწრაფოდ საჭიროებდა მოსარჩელე საცხოვრებლით დაკმაყოფილებას და ჰქონდა თუ არა მას სხვა ალტერნატიული საცხოვრებელი. კასატორის მითითებით, სასამართლომ მოწმეთა სიტყვიერი ახსნა-განმარტებები ჩათვალა უპირატეს მტკიცებულებად და არ გაითვალისწინა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები. კასატორის მტკიცებით, მოცემულ შემთხვევაში სახეზეა უძრავი ქონების ფიქტიური გასხვისება საცხოვრებელი ბინის მიღების მიზნით. კასატორი მიუთითებს სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ პირველი მუხლის მე-3 პუნქტზე და აღნიშნავს, რომ მითითებული ნორმა სამოქმედო გეგმის ბოლო ეტაპზე ითვალისწინებს იმ დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფას, რომელთაც (უშუალოდ თვითონ დევნილმა ან მისი ოჯახი წევრმა) საკუთარი სახსრებით შეიძინეს საცხოვრებელი ბინა. კასატორის განმარტებით, პირველ რიგში საცხოვრებლით უნდა დაკმაყოფილდნენ ისეთი ოჯახები, რომელთაც არ გააჩნიათ არავითარი საცხოვრებელი, აქვთ ფართის მისაღებად საკმარისი ქულები და მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. კასატორის მითითებით, ის გარემოება, რომ დევნილი ოჯახი სახელმწოფოს არ ჰყავს საცხოვრებლით უზრუნველყოფილი, არ დგას ეჭვის ქვეშ, თუმცა ბენეფიციარებსაც აქვთ თმენის ვალდებულება დაელოდონ თავიანთ რიგს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 7 აგვისტოს №03-950/ო ბრძანების კანონიერება, რომლითაც თ. ღ-ას ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო უარი ეთქვა ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე. მოსარჩელე ითხოვს სააგენტოსთვის მისი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, შესაბამისად, მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს დევნილთა ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გადაწყვეტილება მხოლოდ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად უნდა მიიღოს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქმეში წარმოდგენილი საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმით დასტურდება, რომ თ. ღ-ას ოჯახმა წინასწარი შეფასებით მოიპოვა 7.00 ქულა: საცხოვრებელი ფინანსური პირობები, ცხოვრობს ახლობლის ბინაში ქირის გარეშე - 1,5 ქულა; 18 წლამდე ასაკის წევრები (3 არასრულწლოვანი) - 2.00 ქულა; ე. ღ-ა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი, მნიშვნელოვნად გამოხატული - 2 ქულა; ე. ღ-ა ომში მონაწილეობა, ომის ვეტერანი - 1,5 ქულა. საქმეში დაცული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 21 ივლისის №36 სხდომის ოქმით კი დასტურდება, რომ სამოთახიანი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდნენ ის დევნილი ოჯახები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 3 და მეტი ქულა.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის შესაძლებლობა არ გამორიცხავს მოსარჩელის უფლებას, როგორც დევნილი ოჯახი განსახლებულ იქნეს ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესით, მოცემულ ეტაპზე არსებული კრიტერიუმების შესაბამისად და არა სხვა რომელიმე ეტაპზე. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეს და მის ოჯახს ხელი მიუწვდებოდათ ალტერნატიულ საცხოვრებელზე, რის გამოც განსახლების გადაუდებელი საჭიროება არ არსებობდა. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დროებით საცხოვრებელში ცხოვრება, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული საცხოვრებელი ნათესავს ეკუთვნის, არ იძლევა შესაძლებლობას ზუსტად იქნეს დადგენილი, რამდენად აქვს მოსარჩელეს ხსენებულ საცხოვრებელში ცხოვრების შეუზღუდავი შესაძლებლობა, ასეთი დასკვნის გაკეთება კი განსაკუთრებით რთულია აღნიშნული ფართით შეუზღუდავი სარგებლობის სამომავლო პერსპექტივების განსაზღრის კუთხით, რის გამოც მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელისთვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმას იმ მოტივით, რომ არ არსებობდა გადაუდებელი განსახლების საჭიროება დევნილი ოჯახის სხვა პირის საკუთრებაში ცხოვრების გამო.
რაც შეეხება მოსარჩელის ოჯახის წევრების მიერ უძრავი ქონების გასხვისების ფაქტს, მოცემულ შემთხვევაში ვერ დადასტურდა უძრავი ქონების გასხვისების ფიქტიურობა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებსა და მოწმეთა ჩვენებებზე და აღნიშნა, რომ მხოლოდ დაუსაბუთებელი ეჭვი, რომელიც არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით ან მოვლენათა მიმდინარეობა გონივრულად არ ასაბუთებს ასეთი გარემოების არსებობას, არ შეიძლება გახდეს პირის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანო მოცემულ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღებისას უნდა დაყრდნობოდა პრიორიტეტულობის პრინციპს და გადაწყვეტილება მიეღო მოსარჩელის ოჯახისთვის მინიჭებული ქულების საფუძველზე, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 21 ივლისის №36 სხდომის ოქმის მიხედვით, სამოთახიანი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდნენ ის დევნილი ოჯახები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 3 და მეტი ქულა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ივლისის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა