საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე ¹151აპ.-12 ქ. თბილისი
ს-ე მ. 151აპ.-12. 11 ივნისი, 2012 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 7 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. ს-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 29 დეკემბრის განაჩენით მ. ს-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლისა და 6 თვის ვადით. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 10 მაისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად აღნიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 6 თვის ვადით და საბოლოოდ მ. ს-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით.
მ. ს-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის ერთი დღე - 2011 წლის 30 მარტი. მას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2011 წლის 6 სექტემბრიდან.
მ. ს-ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო საქმიანობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება.
აღნიშნული გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 7 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
b) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები როგორც წინათ, ისე ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების მოთხოვნათა შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისგან გასაჩივრებული განაჩენის განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
მსჯავრდებულ მ. ს-სათვის შერაცხული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას და ანალოგიურ საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ისე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც სწორადაა ასახული სააპელაციო სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს, მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.
საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ მ. ს-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.