საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე ¹221აპ-12 ქ. თბილისი
დონდუა ირაკლი, 221აპ-12. 28 ივნისი, 2012 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 4 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ ირაკლი დონდუას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 29 დეკემბრის განაჩენით ირაკლი დონდუა, _ დაბადებული 1980 წლის 7 მაისს, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-19,108-ე მუხლით და მიესაჯა 9 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა _ 5000 ლარი. მსჯავრდებულ ი. დონდუას სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 12 აპრილიდან.
ამავე განაჩენით ლევან კეიდია, _ დაბადებული 1968 წლის 14 დეკემბერს; კახი ხუროძე, _ დაბადებული 1971 წლის 27 იანვარს, და მალხაზ ჯაბნიაშვილი, _ დაბადებული 1973 წლის 13 სექტემბერს, _ დაუსწრებლად იქნენ ცნობილნი დამნაშავეებად საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მიესაჯათ: კ. ხუროძეს _ 4 წლით, მ. ჯაბნიაშვილს _ 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ლ. კეიდიას კი _ თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, რასაც მთლიანად დაემატა წინა განაჩენით განსაზღვრული და 2008 და 2009 წლების “ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონებით განახევრებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 3 წელი, 3 თვე, 16 დღე და ლ. კეიდიას საბოლოოდ მიესაჯა 8 წლით, 3 თვითა და 16 დღით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულებს _ ლ. კეიდიასა და მ. ჯაბნიაშვილს დამატებით სასჯელად განესაზღვრათ ჯარიმა _ თითოეულს 3000 ლარის ოდენობით, ხოლო კ. ხუროძეს _ 2500 ლარის ოდენობით.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 4 აპრილის განაჩენით უცვლელად დარჩა ირაკლი დონდუას მიმართ.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
b) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები როგორც წინათ, ისე ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების მოთხოვნათა შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განაჩენის განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
მსჯავრდებულ ირაკლი დონდუასათვის შერაცხული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის…მე-19,108-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას და ანალოგიურ საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ისე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც სწორადაა ასახული სააპელაციო სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს, მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.
საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ირაკლი დონდუას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.