საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე ¹223აპ-12 ქ. თბილისი
ი.ი კ., 223აპ-12 10 ივლისი, 2012 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),დავით სულაქველიძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 24 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულების _ კ. ი-სა და ს. ი-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 14 დეკემბრის განაჩენით:
დაკმაყოფილდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს პროკურორ გ. გ-ს შუამდგომლობა.
დამტკიცდა პროკურორ გ. გ-სა და ბრალდებულ შ. ს-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.
შ. ს-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა ჯარიმა _ 2000 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მას სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი _ 2011 წლის 6 ოქტომბრიდან 2011 წლის 14 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო დანიშნული სასჯელი ჯარიმა _ 2000 ლარი შეუმსუბუქდა, შეუმცირდა 1000 ლარით და საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა ჯარიმა _ 1000 ლარი.
შ. ს-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმდა და მსჯავრდებული დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სხდომის დარბაზიდან.
კ. ი-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 6 ოქტომბრიდან.
ს. ი-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 6 ოქტომბრიდან.
ფ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,3441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 6 ოქტომბრიდან.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 24 აპრილის განაჩენით დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
b) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები როგორც წინათ, ისე ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების მოთხოვნათა შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განაჩენის განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
მსჯავრდებულების _ კ. ი-სა და ს. ი-სათვის შერაცხული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 19,344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებას და ანალოგიურ საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ისე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც სწორადაა ასახული სააპელაციო სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს, მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.
საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულების _ კ. ი-სა და ს. ი-ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: დ. სულაქველიძე, გ. შავლიაშვილი