საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 20.07.2012
საქმის ნომერი
2კ-253აპ.-12
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
20.07.2012

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე ¹253აპ-12 ქ. თბილისი

ე-ი თ., 253აპ-12 20 ივლისი, 2012 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),დავით სულაქველიძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 18 მაისის განაჩენზე არასრულწლოვან მსჯავრდებულ თ. ე-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების _ მ. ჩ-სა და გ. მ-ს, არასრულწლოვან მსჯავრდებულ ი. ა-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ნ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 11 ნოემბრის განაჩენით:

თ. ე-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და მიესაჯა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას საქართველოს სსკ-ის 88-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 1/4-ით და სასჯელის ზომად განესაზღვრა 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. თ. ე-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 27 აპრილიდან.

ი. ა-ე, _ დაბადებული 1994 წელს, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით _ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 88-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ¼1/4-ით და მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით _ ჯარიმა 500 ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და მას მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, ასევე ჯარიმა _ 500 ლარის ოდენობით, როგორც ძირითადი სასჯელი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა თბილისის საქალაქაო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 15 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ი. ა-ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის ზომად განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა _ 500 ლარის ოდენობით, როგორც ძირითადი სასჯელი. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 22 აპრილიდან.

საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-51 ნაწილის თანახმად, ჯარიმის გადახდა დაეკისრა ი. ა-ს კანონიერ წარმომადგენელს, დედას _ ბ. მ—ა-ს.

ა. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 21 აპრილიდან.

ლ. კ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით და მიესაჯა 2 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას საქართველოს სსკ-ის 88-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 1/4-ით და სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 22 აპრილიდან.

ნ. დ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით და მიესაჯა 2 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას საქართველოს სსკ-ის 88-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 1/4-ით და სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. ნ. დ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 22 აპრილიდან.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 18 მაისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

b) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები როგორც წინათ, ისე ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების მოთხოვნათა შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განაჩენის განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მსჯავრდებულ თ. ე-სათვის შერაცხული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, ხოლო მსჯავრდებულ ი. ა-სათვის _ 19,108-ე მუხლით, 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებებს და ანალოგიურ საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ისე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც სწორადაა ასახული სააპელაციო სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს, მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.

საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

არასრულწლოვან მსჯავრდებულ თ. ე-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების _ მ. ჩ-სა და გ. მ-ს, არასრულწლოვან მსჯავრდებულ ი. ა-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ნ-ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: დ. სულაქველიძე, გ. შავლიაშვილი