საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე ¹257აპ-12 ქ. თბილისი
მ-ი ს.-257აპ-12 6 სექტემბერი, 2012 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),დავით სულაქველიძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 21 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ ს. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 6 მარტის განაჩენით ს. მ-ი, ნასამართლევი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტებით (გ. მ-ის ეპიზოდი) _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის გამოყენებით დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა _ 3.500 ლარი;
სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტებით (ე. კ-ისა და მ. ვ-ის ეპიზოდები), იმავე კოდექსის 59-ე მუხლის 11-ლი ნაწილის საფუძველზე _ 5-5 (ხუთ-ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის გამოყენებით დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა _ 3.500-3.500 (სამი ათას ხუთას-სამი ათას ხუთასი) ლარი;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლით, დანაშაულთა ერთობლიობით, ს. მ-ს სასჯელად განესაზღვრა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის გამოყენებით დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა _ 10.500 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა ს. მ-ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 1 წელი, 3 თვე, 24 დღე, ასევე პირობითად ჩათვლილი 5 წელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ს. მ-ს სასჯელად განესაზღვრა 23 წლით, 3 თვითა და 24 დღით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 18 წლით, 3 თვითა და 24 დღით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 5 წელი სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალა პირობითი მსჯავრით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის გამოყენებით დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა _ 10.500 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
იმავე განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლ. გ-სა და ბრალდებულ ს. ჯ-ას შორის.
ს. ჯ-ა, ნასამართლევი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტებით (გ. მ-ის, ე. კ-ისა და მ. ვ-ის ეპიზოდები), იმავე კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე _ 2-2 (ორ-ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 8-8 (რვა-რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1-1 (ერთ-ერთი) წელი და 4-4 (ოთხ-ოთხი) თვე სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე შეეცვალა პირობითი მსჯავრით. მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის გამოყენებით გ. მ-ისა და ე. კ-ის ეპიზოდებში დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა _ 3.000-3.000 (სამი ათას-სამი ათასი) ლარი, ხოლო მ. ვ-ის ეპიზოდში დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა _ 4.000 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლით, დანაშაულთა ერთობლიობით, ს. ჯ-ას სასჯელად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 4 წელი სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე შეეცვალა პირობითი მსჯავრით. მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის გამოყენებით დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა _ 10.000 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა ს. ჯ-ას მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 29 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ პირობითად ჩათვლილი 5 წელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ს. ჯ-ას სასჯელად განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 9 წელი სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალა პირობითი მსჯავრით, 10 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის გამოყენებით დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა _ 10.000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ს. ჯ-ა სასჯელს იხდის 2011 წლის 3 ივლისიდან.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 21 მაისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
ს. მ-ი სასჯელს იხდის 2012 წლის 6 მარტიდან.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ)სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, როგორც წინათ, ისე ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების მოთხოვნათა შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განაჩენის განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
მსჯავრდებულ ს. მ-ისათვის შერაცხული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის…180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებებს და ანალოგიურ საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ისე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც სწორადაა ასახული სააპელაციო სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს, მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.
საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ს. მ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: დ. სულაქველიძე, გ. შავლიაშვილი