საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №337აპ-12 ქ. თბილისი
მ-ე რ., 337აპ-12 23 ოქტომბერი, 2012 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),დავით სულაქველიძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 13 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულების - გ. გ-სა და რ. მ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 20 აპრილის განაჩენით:
გ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით - 9 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 273-ე მუხლით (პირველი ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 273-ე მუხლით (მეორე ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა სრულად და მას დანაშაულთა ერთობლიობით მიესაჯა 19 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წელი და საბოლოოდ გ. გ-ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის ზომად განესაზღვრა 21 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 12 სექტემბრიდან.
მასვე «ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ» საქართველოს კანონის თანახმად, 3 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო და საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
რ. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა სრულად და მას დანაშაულთა ერთობლიობით მიესაჯა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 წელი, 9 თვე და 3 დღე და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით რ. მ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 19 წლით, 9 თვითა და 3 დღით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 13 სექტემბრიდან.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 13 ივლისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები როგორც წინათ, ისე ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების მოთხოვნათა შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განაჩენის განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
მსჯავრდებულ გ. გ-სათვის შერაცხული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით, 273-ე მუხლით, ხოლო მსჯავრდებულ რ. მ-სათვის - სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებებს და ანალოგიურ საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ისე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც სწორადაა ასახული სააპელაციო სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს, მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე -წარმატების პერსპექტივა.
საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულების - გ. გ-სა და რ. მ-ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: დ. სულაქველიძე
გ. შავლიაშვილი