საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
კერძო საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
საქმე ¹№41-12 5 ოქტომბერი, 2012 წ.
ც-ე მ.-41-12 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე – პაატა სილაგაძე
მოსამართლეები: დავით სულაქველიძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მ. ც-ის კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 12 ივლისის დადგენილებაზე.
2008 წლის 24 დეკემბერს ქ. თბილისის მცხეთა–მთიანეთის საპატრულო პოლიციის მთავარ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე მ. ც-ის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ–ის 118–ე მუხლის 1–ლი ნაწილით.
ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ. მ-ის 2009 წლის 14 მარტის დადგენილებით შეწყდა წინასწარი გამოძიება საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მ. ც-ის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არ არსებობის გამო.
ქ. თბილისის პროკურატურის განყოფილების პროკურორ თ. ჭ-ის 2009 წლის 11 მაისის დადგენილებით ზემოაღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე შეწყდა წინასწარი გამოძიება საქართველოს სსსკ–ის 28–ე მუხლის 1–ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არ არსებობის გამო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 17 მაისის დადგენილებით შეწყდა მ. ც-ის საჩივრის საფუძველზე დაწყებული კერძო ბრალდების სისხლის სამართლის საქმე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 12 ივლისის დადგენილებით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 17 მაისის დადგენილება რ. ქ-ის მიმართ კერძო ბრალდების საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის თაობაზე დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო კერძო საკასაციო საჩივარს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.
ამდენად, კერძო საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. ც-ის კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 12 ივლისის დადგენილებაზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: დ. სულაქველიძე
გ. შავლიაშვილი