დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ბს-861(კ-22) 10 ნოემბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 1 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2021 წლის 10 ივნისს ლ. გ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ. 2021 წლის 28 ოქტომბრის დაზუსტებული სარჩელით დაზუსტა მოსარჩელეთა წრე და მოსარჩელეებად ლ. გ-ასთან ერთად მიეთითა მეუღლე - მ. ა-ა და შვილი - თ. გ-ა.
სარჩელის თანახმად, ლ. გ-ა წარმოადგენს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირს, ომის ვეტერანს. საცხოვრებელი ადგილის იძულებით დატოვების შემდეგ, 18 წლის განმავლობაში ოჯახთან ერთად სხვადასხვა მისამართებზე ქირით უწევს ცხოვრება, რაც მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში აყენებს. 2011 წლიდან გადავიდა სიძის კუთვნილ ბინაში, რადგან შვილი და სიძე, ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად გადასახლდნენ კანადაში. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სიძემ სახლის შესაძენად კანადაში აიღო იპოთეკური სესხი, რომლის დასაფარად საჭიროებს საქართველოში არსებული ბინის გაყიდვას. ამასთან, აღნიშნავს, რომ მას და მის მეუღლეს აქვთ ჯანმრთელობის პრობლემები. აცხადებს, რომ მის სარეგისტრაციო ნომერზე ასევე იყო მისი აწ უკვე გარდაცვლილი სიდედრიც - ნ. ა-ა, რომელსაც შვილი აფხაზეთის ომში დაეღუპა.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მ. ა-ასთან, ნ. ა-ასთან და თ. გ-ასთან ერთად 2013 წელს შეავსო განაცხადი დევნილთათვის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე. მისი ოჯახი შეფასდა 7 ქულით. სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 20 აპრილის ბრძანებით მოსარჩელეს უარი ეთქვა საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე იმ საფუძვლით, რომ არ იკვეთებოდა ლ. გ-ას (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს) იმ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროება. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სააგენტოს მხედველობაში უნდა მიეღო ის ფაქტი, რომ დევნილი ოჯახი ცხოვრობდა სხვის (სიძის) სახლში, ხოლო მესაკუთრეს სურს ბინის გასხვისება. შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაეკმაყოფილებინა მისი მოთხოვნა საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე.
ამდენად, მოსარჩელეებმა სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 20 აპრილის №03-1000/ო ბრძანების ბათილად ცნობა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთვის ლ. გ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით ლ. გ-ას, მ. ა-ასა და თ. გ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 20 აპრილის №03-1000/ო ბრძანება; სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ლ. გ-ას, მ. ა-ასა და თ. გ-ას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 1 ივნისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 20 აპრილის №03-1000/ო ბრძანების თანახმად, ლ. გ-ას, მ. ა-ას და თ. გ-ას უარი ეთქვათ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე იმ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო. ამასთან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 2 აპრილის №19 ოქმის მიხედვით, ოროთახიანი საცხოვრებელი ბინით დაკმაყოფილდნენ ის დევნილი ოჯახები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 4.5 და მეტი ქულა. სააპელაციო პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად, ლ. გ-ას ოჯახმა განაცხადის დამუშავების შედეგად წინასწარი შეფასებით მოიპოვა 7 ქულა.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ლ. გ-ას სახელზე წარსულში უძრავი ქონების საკუთრებაში არსებობის ფაქტი და შემდგომ მისი გასხვისება არ გამორიცხავს დევნილის უფლებას საჭიროებიდან გამომდინარე მოითხოვოს საცხოვრებელი ფართი და მისი სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით დაკმაყოფილებული იქნეს საცხოვრებლით. რაც შეეხება შვილის - თ. გ-ას საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთს, პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ ნაკვეთზე არ არის განთავსებული საცხოვრებელი შენობა-ნაგებობა, რომელშიც დევნილი ოჯახი შეძლება ცხოვრებას. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის ფაქტი არ გამორიცხავს დევნილის უფლებას, მოცემულ ეტაპზე დაკმაყოფილებულ იქნეს საცხოვრებლით, ცალკეული კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე. ამასთან, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას არ გაითვალისწინა კანონმდებლობით დადგენილი პრიორიტეტულობის პრინციპით, რაც უნდა განახორციელოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის გზით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 1 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში მოყვანილ მსჯელობებს და აღნიშნავს, რომ მოსარჩელე ცხოვრობს სიძის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ნივთში (მდებარე: ქ. თბილისი, ...ის დასახლება, მე-4 მკ/რ, კორპ. 20). ამასთან, კასატორის მითითებით, მოსარჩელეს ქ. თბილისში გააჩნდა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები, 400 კვ.მ მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: ...) 2014 წლის 10 სექტემბერს გაასხვისა თ. ჟ-აზე, ხოლო 400 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ ...) 2017 წლის 3 მაისს აჩუქა შვილს - თ. გ-ას.
კასატორი ყურადღებას ამახვილებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ლ. გ-ას დევნილი ოჯახის მიერ დაგროვილი ქულათა რაოდენობა საკმარისია საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებისათვის, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით სწავლობს დევნილთა საცხოვრებელ პირობებს, კერძოდ, ცხოვრობენ თუ არა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მომეტებული საფრთხის ქვეშ, ასევე გააჩნიათ თუ არა სხვა საცხოვრებელი და ფაქტიურად რჩებიან თუ არა საცხოვრებლის გარეშე. კასატორს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილად მიაჩნია, რომ ლ. გ-ა ოჯახთან ერთად სიძის ბინაში შეუზღუდავად ცხოვრობს და სასწრაფო განსახლებას არ საჭიროებს. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეებს არ ემუქრებათ თავშესაფრის გარეშე დარჩენა, შესაბამისად ამ ეტაპზე არ საჭიროებენ სასწრაფო განსახლებას. კასატორი აცხადებს, რომ დაუსაბუთებელია და შესაბამისი მტკიცებულებებით არ დასტურდება ლ. გ-ას მოსაზრება მისი სიძის მიერ კანადაში სესხის აღებასთან დაკავშირებით. მოსარჩელის სიძის მიმართ საკუთრების უფლების შეზღუდვაც არ დგინდება მით უფრო იმ პირობებში, რომ მას საქართველოში სხვა უძრავი ქონებაც გააჩნია. კასატორი მიიჩნევს, რომ გ. ნ-ის განცხადებას არ უნდა ჰქონდეს მტკიცებულებითი ძალა, რამეთუ დარღვეულია ადმინისტრაციულ ორგანოებში მისი წარმოდგენის სათანადო ფორმა, კერძოდ, სააგენტოში წერილი შესულია ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, ხოლო სასამართლოში ხელმოუწერელი სახით, რაც მის ავთენტიკურობას ეჭქვეშ აყენებს.
კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ლ. გ-ას სახელზე რეგისტრირებული იყო 800 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომლის ნაწილი 2014 წელს გაასხვისა თ. ჟ-აზე, ხოლო დარჩენილი ნაწილი 2017 წელს აჩუქა შვილს. მოსარჩელის შვილს ასევე გააჩნია საკუთრება, მდებარე: ქ. თბილისი, სოფ. ..., ...ის №24. კასატორი მიიჩნევს, რომ ლ. გ-ას საკუთარი ნაკვეთების რეალიზაციით მიღებული თანხით შეეძლო საცხოვრებელი ფართის შეძენა. კასატორისთვის გაუგებარია სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ გასხვისებულ მიწის ნაკვეთზე სახლი არ არის. ზემოაღნიშნულის საპირისპიროდ, ადმინისტრაციული წარმოების მასალებით დგინდება, რომ მიწის ნაკვეთზე აშენებულია სახლი. კასატორი აცხადებს, რომ ლ. გ-ას მიერ მიწის ნაკვეთის შვილზე გადაფორმების მიუხედავად, ამ ქონებასთან მიმართებით არ გამოირიცხება მოსარჩელის და მისი ოჯახის წევრების საკუთრების უფლება. კასატორი ყურადღებას ამახვილებს, რომ ლ. გ-ას სახელზე საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად ასევე ირიცხება უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, სოფელი ... (ს/კ ...).
კასატორი აცხადებს, რომ სახელმწიფოს ძირითადი რესურსი მიმართულია უსახლკაროდ დარჩენილი დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე და არა იმ ოჯახების დაკმაყოფილებაზე, რომელთაც შეუზღუდავად შეუძლიათ ისარგებლონ ალერნატიული საცხოვრებლით ან ჰქონდათ უძრავი ქონება და საჭიროების გარეშე მიატოვეს ან გადააფორმეს. კასატორი მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეთა ოჯახს უკვე გააჩნდა საცხოვრებელი ფართი, შეუზღუდავად სარგებლობენ ოჯახის წევრის - სიძის უძრავი ქონებით და თ. გ-ას სახელზე რეგისტრირებულია უძრავი ქონება, არ არსებობს მოსარჩელის ოჯახის დაუყონებლის დაკმაყოფილების წინაპირობები. კასატორი მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სზაკ-ის 96-ე მუხლით დადგენილი წესით მოხდა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენა და ამ გარემოებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად იქნა მიღებული გადაწყვეტილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილია სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 20 აპრილის №03-1000/ო ბრძანების ბათილად ცნობა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთვის ლ. გ-ას, მ. ა-ასა და თ. გ-ას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონით დადგენილი წესით გამოცემის დავალება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, შესაბამისად, მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს დევნილთა ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გადაწყვეტილება მხოლოდ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად უნდა მიიღოს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ლ. გ-ა, მ. ა-ა და თ. გ-ა არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები. 2013 წლის 12 სექტემბრის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე ლ. გ-ას განაცხადის შესაბამისად, ოჯახის შემადგენლობაში მითითებულია თავად, მეუღლე - მ. ა-ა (სხვა სარეგისტრაციო ნომერზე), შვილი (თ. გ-ა) და სიდედრი (ნ. ა-ა). 2020 წლის 10 სექტემბრის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად, განაცხადის დამუშავების შედეგად ლ. გ-ას ოჯახმა წინასწარი შეფასებით მოიპოვა 7 ქულა: საცხოვრებელი ფინანსური პირობები, ნაქირავები - 1.5 ქულა, მარტოხელა პენსიონერი და ოჯახი, რომელიც შედგება ხანდაზმული წევრებისაგან - 1.00, ლ. გ-ა - ომში მონაწილეობა, ომის ვეტარანი 1.50, ი. ა-ა - ომში დაღუპული, გარდაიცვალა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში - 3.00 ქულა. ამასთან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 2 აპრილის №19 ოქმის მიხედვით, ოროთახიანი ბინით დაკმაყოფილდნენ დევნილები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 4.5 და მეტი. მიუხედავად ამისა, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 20 აპრილის №03-1000/ო ბრძანების თანახმად, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილების საფუძველზე ლ. გ-ას ოჯახს უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე იმ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას არ გაითვალისწინა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის იმპერატიული მოთხოვნა, რომელიც მას პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებდა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ლ. გ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმა განპირობებულია სიძის საკუთრებაში ცხოვრების ფაქტით.
საქმეში დაცული, 2018 წლის 24 ივლისის საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ქ. თბილისში, ...ის დასახლება, მე-... მკ/რ, კორპუსი №...-ში, ბინა №6-ის მესაკუთრეს წარმოადგენს გ. ნ-ი. მის სახელზევეა რეგისტრირებული ...ის რაიონის, სოფელ ...ში, „...ში“ მდებარე 969 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი (ს/კ ...). საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში განვითარებულ მსჯელობას, რომ დროებით, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის შესაძლებლობა არ გამორიცხავს მოსარჩელის უფლებას, როგორც დევნილი ოჯახი განსახლებული იქნეს ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესით, მოცემულ ეტაპზე კრიტერიუმების შესაბამისად და არა სხვა რომელიმე ეტაპზე.
ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლით დადგენილი საკუთრების უფლება მესაკუთრეს ანიჭებს უფლებამოსილებას კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით) არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ მესაკუთრე არ არის ვალდებული მესამე პირებს დაუსაბუთოს საკუთრების ობიექტის განკარგვის საჭიროება. ამდენად, საკასაციო სასამართლო არარელევანტურად მიიჩნევს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოდგენილ პრეტენზიას გ. ნ-ის განცხადების ფორმასთან დაკავშირებით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. განსახილველ შემთხვევაში კი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა. ამდენად, საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს კასატორის პრეტენზიას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორისადმი გ. ნ-ის 2021 წლის 14 მაისის წერილთან დაკავშირებით, ვინაიდან რაიმე მტკიცებულება აღნიშნული წერილის საეჭვოობასთან/სიყალბესთან დაკავშირებით, მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ მხოლოდ ზემოაღნიშნული წერილი დავის განხილვის შედეგზე სამართლებრივი გავლენის მომხდენი ვერ იქნებოდა, იგი შეფასდა სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით დროებით სარგებლობის ფაქტი, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული ფართი სიძეს ეკუთვნის, არ იძლევა შესაძლებლობას ზუსტად იქნეს დადგენილი, რამდენად აქვს მოსარჩელეს ხსენებულ საცხოვრებელში ცხოვრების შეუზღუდავი შესაძლებლობა, ასეთი დასკვნის გაკეთება კი განსაკუთრებით რთულია აღნიშნული ფართით შეუზღუდავი სარგებლობის სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრის კუთხით.
ამასთან, კასატორი მიუთითებს, რომ ლ. გ-ამ გაასხვისა საცხოვრებელი ფართი, მის მიერ გაყიდულ მიწის ნაკვეთზე დგას სახლი, რაც დადასტურებულია მონიტორინგის ოქმით. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმეში დაცულ საჯარო რეესტრის 2021 წლის 15 ნოემბრის №455127 წერილს, რომლითაც დგინდება, რომ ლ. გ-ას საკუთრების უფლება რეგისტრირებული იყო საკადასტრო კოდზე: ...; ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 800 კვ.მ. ამავე წერილში აღნიშნულია, რომ 2012 წლის 31 ივლისს ზემოაღნიშნული უძრავი ნივთი დაიყო და დარეგისტრირდა საკადასტრო კოდებზე: ... (მიწის ფართი: 400 კვ.მ ) და ... (მიწის ფართი: 400 კვ.მ). 2017 წლის 3 მაისს უძრავი ქონება (საკადასტრო კოდზე: ...) ჩუქების ხელშეკრულებით გადაეცა თ. გ-ას, ხოლო 2014 წლის 10 სექტემბერს ლ. გ-ამ უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი: ...) ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა თ. ჟ-ას. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 8 აპრილის №1831598 ბრძანებით (საკადასტრო კოდზე: ...) მესაკუთრე თ. ზ-ეზე გაიცა თანხმობა მე-2 კლასის ინდივიდუალური ერთბიანიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე. საქმის მასალებში დაცულია არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 13 აგვისტოს №311618 გადაწყვეტილება ლ. გ-ას საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე 2,2 მეტრის ღობის მოწყობის თაობაზე. დათვალიერების 2021 წლის 19 თებერვლის ოქმში აღნიშნულია, რომ მონიტორინგის სამსახური იმყოფებოდა ლ. გ-ას მიერ გასხვისებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...), მდებარე: ქ. თბილისი, სოფელი ..., სადაც თანამშრომლებს დახვდათ უძრავი ქონების ამჟამინდელი მესაკუთრე, ოქმში აღნიშნულია, რომ ნაკვეთზე დგას საცხოვრებელი სახლი.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას ლ. გ-ას მიერ საცხოვრებელი ფართის გასხვისების თაობაზე, აღნიშნულის საპირისპიროდ ცალსახაა, რომ ლ. გ-ას გააჩნდა მხოლოდ მიწის ნაკვეთი. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ წარსულში უძრავი ქონების საკუთრებაში არსებობის ფაქტი და შემდგომ მისი გასხვისება არ გამორიცხავს დევნილის უფლებას საჭიროებიდან გამომდინარე მოითხოვოს საცხოვრებელი ფართი და მისი სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით დაკმაყოფილებული იქნეს საცხოვრებლით. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ. გ-ას საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე არ არის განთავსებული საცხოვრებელი შენობა, რომელშიც დევნილი ოჯახი შეძლებდა ცხოვრებას. საჯარო რეესტრის 2011 წლის 14 მარტის ამონაწერის, თანახმად, ლ. გ-ას გააჩნია სოფელ ...ში მდებარე 352 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, მდებარე: ქ. თბილისი, სოფელი ... (ს/კ ...). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მხოლოდ მიწის ნაკვეთის ქონა საკმარისი არაა, რამეთუ სახელმწიფოს აკისრია პოზიტიური ვალდებულება უზრუნველყოს დევნილები ადეკვატური საცხოვრებლით. საჯარო რეესტრის 2018 წლის 5 დეკემბერის ამონაწერით, თ. გ-ას საკუთრებაში უფიქსირდება მხოლოდ 400 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, შესაბამისად, დევნილი ოჯახის არცერთი წევრი არ არის უზრუნველყოფილი საცხოვრებლით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 1 ივნისის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა