დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ბს-829(კ-22) 10 ნოემბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 4 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2021 წლის 12 ივლისს ქ. ჟ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, იგი არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, შშმ პირი. სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავს მეუღლე - კ. გ-ა და შვილები - ხ. გ-ა და გ. გ-ა. მოსარჩელე ოჯახთან ერთად ცხოვრობს ქ. თბილისში, ...ის ქ. №7-ში მდებარე საწარმოო ეზოში არსებულ არასაცხოვრებელ ფართში. აღნიშნულ ფართში მათი განთავსება მოხდა მესაკუთრის შპს „ს...ს“ ნებართვით.
მოსარჩელის მითითებით, ზემოაღნიშნულ მისამართზე არსებული საცხოვრებელი სახლი ეკუთვნოდა მის მეუღლეს - კ. გ-ას, რომელმაც ფინანსური პრობლემების გამო პ. ე-აზე გაასხვისა აღნიშნული ფართი. ახალი მესაკუთრის პირობებში, მოსარჩელის ოჯახი ქირით განაგრძობს ცხოვრებას იმავე მისამართზე. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ საცხოვრებელი პირობები მძიმეა, რაც დასტურდება ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 19.02.2020 წლის დასკვნით. საცხოვრებელი ფართის შევსებისას, ოჯახს მიენიჭა 8.5 ქულა (მათ შორის, საცხოვრებელის ფინანსური პირობები (ნაქირავები) – 1.5 ქულა, საცხოვრებელი პირობები არის განსაკუთრებით მძიმე და რადიკალურად არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს - 2 ქულა, სოციალური კრიტერიუმი (30001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულით) - 3 ქულა, მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი - 2 ქულა). მოსარჩელის მითითებით, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, მათ 2-ოთახიანი ბინა ეკუთვნოდათ.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 20 აპრილის №03-956/ო ბრძანებით მას და მის ოჯახს, განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის (მეუღლის მიერ გასხვისებულ ფართში ცხოვრება) გამო, უარი ეთქვათ ქალაქ თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე. ამავე სხდომის ოქმით დასტურდება, რომ ოროთახიანი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდნენ ის დევნილი ოჯახები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 4.5 და მეტი ქულა.
ამდენად, მოსარჩელემ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 20 აპრილის №03-956/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვის დროს დაზუსტდა მოსარჩელეთა წრე და ქ. ჟ-ასთან ერთად განსახილველ საქმეზე მოსარჩელეებად განისაზღვრნენ მისი ოჯახის წევრები: კ. გ-ა, გ. გ-ა და ხ. გ-ა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით ქ. ჟ-ას, კ. გ-ას, ხ. გ-ასა და გ. გ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 20 აპრილის №03-956/ო ბრძანება; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მოსარჩელეთა ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 4 აპრილის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ საქმეში წარმოდგენილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 2 აპრილის ივლისის №19 ოქმის შესაბამისად დადგენილად მიიჩნია, რომ ოროთახიანი ბინით დაკმაყოფილდნენ დევნილები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 4.5 და მეტი ქულა. მიუხედავად ამისა, სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 20 აპრილის №03-956/ო ბრძანების თანახმად, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №19) ქ. ჟ-ას, იმ ეტაპზე, განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე ეთქვა უარი.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. ჟ-ას ოჯახი არ იყო დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით და ამასთან, არც საკუთრებაში ჰქონდა საცხოვრებელი ფართი. სადავო არ იყო ის გარემოება, რომ ქ. ჟ-ას ოჯახი ცხოვრობდა ვ. ო-იის და შპს „ს...ს“ სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებაში. ამასთან, სადავო არ გამხდარა ის გარემოება, რომ ოჯახს აქვს განსაკუთრებით მძიმე საცხოვრებელი პირობები, რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში, ოჯახში არის მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირი, რის გამოც საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად, ქ. ჟ-ას ოჯახის მდგომარეობა შეფასდა 8,5 ქულით (კერძოდ, საცხოვრებლის ფინანსური პირობები 1,5 ქულა; მძიმე საცხოვრებელი პირობები - 2 ქულა; სოციალური კრიტერიუმი (30001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულა) - 3 ქულა; შშმ პირი - 2 ქულა). დასტურდებოდა, რომ ქ. ჟ-ას და მისი ოჯახის წევრებს საკუთრებაში არ გააჩნდა უძრავი ქონება და იმჟამინდელი საჭიროებიდან გამომდინარე, სარგებლობდნენ სხვის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია მოსარჩელის გადაუდებელი განსახლების საჭიროების არარსებობაზე. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ძირითადად მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის ოჯახის ამჟამინდელი საცხოვრებელი ფართი მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქ №7, ეკუთვნოდა მის მუღლეს - კ. გ-ას.
სააპელაციო პალატამ სათანადო მტკიცებულებების დადასტურების გარეშე არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია, რომ მოსარჩელე, როგორც დევნილი პირი ფაქტობრივად უზრუნველყოფილია ადეკვატური საცხოვრებლით. აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებებზე, რომლის თანახმად, დროებით სხვის საცხოვრებელში ცხოვრება, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული საცხოვრებელი ნათესავს ეკუთვნის, არ იძლევა შესაძლებლობას ზუსტად იქნეს დადგენილი, რამდენად აქვს მოსარჩელეს ხსენებულ საცხოვრებელში ცხოვრების შეუზღუდავი შესაძლებლობა, ასეთი დასკვნის გაკეთება კი განსაკუთრებით რთულია აღნიშნული ფართით შეუზღუდავი სარგებლობის სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრის კუთხით (იხ. სუსგ №ბს-1129(კ-20), 25/03/2021წ.).
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მოცემული სამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმები, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული წესი, დევნილი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების დროს ითვალისწინებს სწორედ იმ შემთხვევებსაც, როდესაც ბინით დასაკმაყოფილებელი დევნილი ოჯახი დაუბრკოლებლად სარგებლობს სხვისი უძრავი ქონებით და მითითებული გარემოება შეფასების საერთო სისტემაში ფასდება კონკრეტული ქულით. შესაბამისად, მხოლოდ ხსენებული გარემოება არ შეიძლება გახდეს დევნილი ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უპირობო სამართლებრივი საფუძველი, რადგან იგი დევნილი ოჯახის შეფასების ერთ-ერთ კრიტერიუმს წარმოადგენს და სხვა კრიტერიუმებთან ერთად, ქულათა საერთო რაოდენობას განსაზღვრავს.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის შესაძლებლობა არ გამორიცხავს მოსარჩელის უფლებას, როგორც დევნილი ოჯახი, განსახლებულ იქნეს ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესით, მოცემულ ეტაპზე კრიტერიუმების შესაბამისად და არა სხვა რომელიმე ეტაპზე, მითუფრო იმ პირობებში, რომ მოსარჩელის საცხოვრებელი პირობები განსაკუთრებით მძიმეა და რადიკალურად არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 4 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, მოსარჩელის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხის განხილვის დროს, შესაძლებელი იყო 248 ოროთახიანი ბინის განაწილება. 2021 წლის 2 აპრილის კომისიის ოქმით (№19) კი ცხადად დასტურდება, რომ 1191 განმცხადებელს მიენიჭა 4,5 ქულა, რაც საკმარისი გახლდათ იმისთვის, რომ კომისიას განეხილა მათი განსახლების საკითხი. საჭირო ქულის მიუხედავად, სააგენტო საკმარისი ბინების არარსებობის გამო ვერ დააკმაყოფილებდა ყველა განაცხადს. შესაბამისად, კანონით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, სააგენტო იღებდა გადაწყვეტილებას, თუ ვისი დაკმაყოფილების საკითხი იყო პრიორიტეტული. 320-ე ბრძანების მე-4 პუნქტის თანახმად, პრიორიტეტთა/ქულების სრული დამთხვევის შემთხვევაში, კომისია დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად ატარებს კენჭისყრას და გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით, ხოლო გადაწყვეტილებას სააგენტო იღებს პრიორიტეტულობის გათვალისწინებით. კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლო არასწორად განმარტავს პრიორიტეტულობის პრინციპს. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელემ დააგროვა 8,5 ქულა, იგი დღემდე მეუღლის მიერ გასხვისებულ სახლში ცხოვრობს ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, რის საფუძველზეც, ცხადია რომ მისი განსახლება პრიორიტეტულად ვერ ჩაითვლებოდა.
კასატორის მითითებით, გასაჩივრებულ განჩინებაში აღნიშნულია, რომ სააგენტოს არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ მოსარჩელე და მისი ოჯახი არ საჭიროებდნენ გადაუდებელ განსახლებას. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოსარჩელის მეუღლეს - კ. გ-ას გააჩნდა უძრავი ქონებები, რომელიც გაასხვისა, თუმცა ვერ დაადასტურა უძრავი ქონების გასხვისების აუცილებლობა. მონიტორინგის სამსახურის მიერ გამოკვლეულ იქნა ოჯახის განსახლების საჭიროება და დადგინდა, რომ ოჯახი მათ მიერ გასხვისებულ ბინაში ცხოვრობს, რაც, სააგენტოს მოსაზრებით, გამორიცხავს განსახლების გადაუდებელ საჭიროებას.
ამასთან, კასატორისათვის გაუგებარია, თუ რა მტკიცებულებას დაეყრდნო სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას და დაადგინა, რომ მოსარჩელის ოჯახს გადაუდებელი განსახლება ესაჭიროებოდა. იმის გათვალისწინებით, რომ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით არ მოქმედებს მფლობელობის პრეზუმფცია, მესაკუთრე დგინდება საჯარო რეესტრის ამონაწერიდან, რასაც, კასატორის მოსაზრებით, მხარე ბოროტად იყენებს. სააგენტოს მითითებით, ბინის ამჟამინდელი მესაკუთრე მხარის ოჯახთან დაახლოებული პირია. ასევე, უდავოა, რომ გასხვისების შემდეგაც ამ ქონებას თავად მოსარჩელე განკარგავს და ფლობს ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე.
კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მონიტორინგის აღწერის ფორმაში მითითებული ინფორმაცია (მხარე მისი მეუღლის მიერ გასხვისებულ ბინაში ცხოვრობს, დღემდე შეუზღუდავად ფლობს ბინას და ქირის თანხასაც არ იხდის, არანაირი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ ამჟამინდელი მესაკუთრე მისი ოჯახის ბინიდან გამოსახლებას აპირებს), მხედველობაში მიეღო ისინი და სწორედ მათ საფუძველზე მიეღო გადაწყვეტილება. კასატორი ასევე ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ კ. გ-ას ასევე საკუთრებაში გააჩნდა ორი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, რომლებიც გაასხვისა 2012 და 2014 წლებში.
კასატორი მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სააგენტოს მიერ გამოცემული აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს და მისი მომზადებისა და გამოცემის დროს არ მომხდარა კანონის დარღვევა. კასატორი ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ დასახელებული ნორმის მოთხოვნები დაცულია და მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ პირნათლად შეასრულა თავისი ვალდებულება, სათანადოდ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღო ამ გარემოებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით მონიტორინგის თანამშრომლები გამოცხადდნენ მხარის მისამართზე. მონიტორინგის ოქმიდან ცალსახად და უტყუარად დასტურდებოდა, რომ მხარე რეალურად ფლობს და შეუზღუდავად სარგებლობს თავის მიერ გასხვისებული ბინით. ასევე, არც ერთი მტკიცებულებით დასტურდება, რომ არსებობს მისი ოჯახის ამ ბინიდან გამოსახლების რეალური საფრთხე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 20 აპრილის №03-956/ო ბრძანების კანონიერება და მოპასუხისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, შესაბამისად, მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს დევნილთა ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გადაწყვეტილება მხოლოდ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად უნდა მიიღოს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2020 წლის 21 ივლისს მოსარჩელე ქ. ჟ-ას მიერ შევსებულ იქნა საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადი. 2019 წლის 2 ივლისს ქ. ჟ-ამ განცხადებით მიმართა სამინისტროს და მოითხოვა მონიტორინგის დროულად განხორციელება. ამასთან, განმცხადებელმა აღნიშნა, რომ საცხოვრებელი ფართის მესაკუთრე ყიდის შენობას, რის გამოც რჩება საცხოვრისის გარეშე. განაცხადის დამუშავების შედეგად, წინასწარი შეფასებით მოიპოვა 8,5 ქულა. კერძოდ, საცხოვრებლის ფინანსური პირობები 1,5 ქულა; მძიმე საცხოვრებელი პირობები - 2 ქულა; სოციალური კრიტერიუმი (30001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულა) - 3 ქულა; შშმ პირი - 2 ქულა).
2020 წლის 4 დეკემბრის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის თანახმად, მონიტორინგი განხორციელდა ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №7-ში მდებარე შენობის მე-2 სართულზე. გასაუბრება მოხდა განმცხადებელთან - ქ. ჟ-ასთან. მონიტორინგის ფორმის თანახმად, ოჯახი 8 წელია ქირის გარეშე (ქირას უხდის დევნილთა სამინისტრო) ცხოვრობს ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №7-ში, რომელიც ეკუთვნის ვ. ო-ის და შპს „ს...ს“. მონიტორინგის ფორმაში ასევე აღნიშნულია, რომ მანამდე ცხოვრობდნენ ქ. თბილისში, ...ის ქ. №13-ში.
საჯარო რეესტრის ამონაწერებით დგინდება, რომ განმცხადებლის მეუღლეს თანასაკუთრებაში გააჩნდა უძრავი ქონება (მის: ქ. თბილისი, ...ის ქ. №7), რომელიც 2021 წლის 8 აპრილს გაასხვისა პ. ე-აზე. ამასთან, განმცხადებლის მეუღლის საკუთრებაში იყო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 500 კვ.მ მიწის ნაკვეთები მდებარე: ქ. თბილისი, ხეხილსანერგე მეურნეობის მიმდებარედ (ს/კ ...), რომელიც 2012 წლის 19 აპრილს გაასხვისა მ. მ-იზე და მიწის ნაკვეთი (ს/კ ...), რომელიც 2014 წლის 3 ივნისს გაასხვისა ნ. გ-ეზე.
დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილებით (ოქმი №19) მოსარჩელე ქ. ჟ-ას განცხადება არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ იმ ეტაპზე მისი განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენდა მეუღლის მიერ გასხვისებულ ბინაში ცხოვრების გამო.
დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 2 აპრილს გადაწყვეტილების (ოქმი №19) საფუძველზე, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ 2021 წლის 20 პრილს გამოსცა №03-956/ო ბრძანება ქალაქ თბილისში მოსარჩელე ქ. ჟ-ას გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე, იმ ეტაპზე, განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო.
საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 2 აპრილის №19 ოქმის მიხედვით, ოროთახიანი ბინით დაკმაყოფილდნენ დევნილები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 4,5 და მეტი ქულა.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ ქ. ჟ-ას ოჯახი არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით და ამასთან, ოჯახს არც საკუთრებაში აქვს საცხოვრებელი ფართი. სადავო არ არის ის გარემოება, რომ ქ. ჟ-ას ოჯახი მართალია ცხოვრობს ქირის გარეშე, თუმცა სხვის ბინაში. ამდენად, დასტურდება ის გარემოება, რომ ქ. ჟ-ას და მის ოჯახს საკუთრებაში არ გააჩნია უძრავი ქონება და ამჟამინდელი საჭიროებიდან გამომდინარე, სარგებლობს სხვის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ მხოლოდ ის ფაქტი, რომ პირი ახლობლის სახლში ცხოვრობს, არ შეიძლება გახდეს დევნილი ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უპირობო საფუძველი. აღნიშნული გარემოება არ გამორიცხავს დევნილი ოჯახის უფლებას, განსახლებულ იქნეს ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესით, მოცემულ ეტაპზე კრიტერიუმების შესაბამისად და არა სხვა რომელიმე ეტაპზე.
საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით დროებით სარგებლობის ფაქტი არ იძლევა შესაძლებლობას ზუსტად იქნეს დადგენილი, რამდენად აქვს მოსარჩელეს ხსენებულ საცხოვრებელში ცხოვრების შეუზღუდავი შესაძლებლობა, ასეთი დასკვნის გაკეთება კი განსაკუთრებით რთულია აღნიშნული ფართით შეუზღუდავი სარგებლობის სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრის კუთხით, რის გამოც, მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებებს მოსარჩელისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის კანონშესაბამისობასთან მიმართებით.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ სათანადო მტკიცებულებების გარეშე ვერ მოხდება იმ ფაქტის გაზიარება, რომ მოსარჩელე უზრუნველყოფილია ადეკვატური საცხოვრებლით. აღნიშნულის საპირისპიროდ საქმეში დაცული სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 19 თებერვლის №001161620 დასკვნით დგინდება, რომ ქ. თბილისში, ...ის ქ. №7-ში მდებარე ქ. ჟ-ას საცხოვრებელი ფართის პირობები შეუსაბამოა სამშენებლო და სახანძრო უსაფრთხოების ნორმებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან. ინდივიდუალური აუდიტორის - თ. კ-ეის მიერ გაცემული 07.06.2019წ. დასკვნის შესაბამისად, ქ. ჟ-ას საცხოვრებელი სადგომი ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობისთვის არსებითად შეუსაბამო და საცხოვრებლად უვარგისია.
საკასაციო პალატა მიუთითებს „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 3.1 მუხლზე, რომლის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. ბავშვის უფლებათა კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის უპირატესობის მინიჭება (მათი უპირატესი გათვალისწინება) სავალდებულოა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების ორგანოების, საჯარო დაწესებულების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ან/და ქმედების განხორციელებისას. ამავე კოდექსის მე-5 მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, ბავშვის უფლებებზე გავლენის მომხდენი გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს, ხოლო ქმედება უნდა განხორციელდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასების საფუძველზე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქ. ჟ-ას ჰყავს ორი შვილი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი, რომელთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებაზეც უნდა ყოფილიყო ორიენტირებული ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილების მიღებისას. მართალია, გასაჩივრებული აქტით (განცხადებით გათვალისწინებულ პირებს) საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარი ეთქვა იმ ეტაპზე მოსარჩელის განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, თუმცა შესაბამისი საჭიროების არარსებობა დასაბუთებული არ არის.
ამასთან, საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერებით დასტურდება, რომ N..., N... და N... საკადასტრო კოდებზე რეგისტრირებული უძრავი ქონებები კ. გ-ამ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გაასხვისა. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ადმინისტრაციული ორგანოს მხოლოდ ზეპირსიტყვიერ განმარტებას, რომ განმცხადებლის მეუღლის მიერ უძრავი ქონების გასხვისება განხორციელდა ფორმალურად, რამდენადაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება კი დამყარებულია მხოლოდ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც არ შეიძლება იქნეს მიჩნეული უძრავი ქონების ფორმალურად გასხვისების დადასტურებისათვის საკმარის მტკიცებულებად.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 4 აპრილის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა