დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 30.10.2012
საქმის ნომერი
61აგ.-2012
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
30.10.2012

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№61აგ-12 30 ოქტომბერი, 2012 წელი

კ-ა ე.-61აგ-12 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

დავით სულაქველიძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ე. კ-ას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 17 აგვისტოს განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 24 იანვრის განაჩენით ე. კ-ა, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, რისთვისაც სასჯელად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

იგი სასჯელს იხდის 2010 წლის 7 ოქტომბრიდან.

ე. კ-ას ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” 2007 წლის 3 ივლისის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მარტის განაჩენით გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 24 იანვრის განაჩენი ე. კა-ას მიმართ დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ე. კ-ამ გაასაჩივრა საკასაციო წესით და ითხოვა გამართლება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 25 ივლისის განაჩენით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მარტის განაჩენში, დანაშაულის კვალიფიკაციის ნაწილში, შევიდა შემდეგი ცვლილება:

ე. კ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა–შენახვისა და იმავე კოდექსის 19, 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღების მცდელობისათვის.

განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის – სასჯელის ნაწილში, დარჩა უცვლელად.

2012 წლის 13 აგვისტოს მსჯავრდებულმა ე. კ-ამ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს. აპელანტმა მიუთითა, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო – „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ 2012 წლის 22 მაისის საქართველოს კანონის დანართის – „უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხაში“ შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, მის მიერ უკანონოდ შეძენილ-შენახული 0,0264 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი” აღარ წარმოადგენს დიდ ოდენობას, რის გამოც ითხოვა ზემოაღნიშნული განაჩენის გადასინჯვა, მის მიერ ჩადენილი ქმედების – სსკ-ის 19, 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღების მცდელობა) გადაკვალიფიცირება სსკ-ის 19, 260-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე და სასჯელის შემსუბუქება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 17 აგვისტოს განაჩენით მსჯავრდებულ ე. კ-ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 25 ივლისის განაჩენში შევიდა ცვლილება:

ე. კ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა–შენახვა) და იმავე კოდექსის 19,260–ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღების მცდელობა).

განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის – მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი, დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 17 აგვისტოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა ე. კ-ამ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. კასატორმა აღნიშნა, რომ, მართალია, თბილისის სააპელაციო პალატამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მისი შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 25 ივლისის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე და მისი ქმედება სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და 19, 260-ე მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებიდან გადააკვალიფიცირა იმავე მუხლის 1-ლ ნაწილსა და 19,260–ე მუხლის 1-ლ ნაწილზე, მაგრამ განაჩენი სასჯელის ნაწილში დაუსაბუთებლად დატოვა უცვლელად.

ამდენად, ე. კ-ამ ითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა და სასჯელის შემსუბუქება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს გადასასინჯი გადაწყვეტილების სამართლიანობაზე. საპროცესო კოდექსის ამ მოთხოვნებიდან და სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, მსჯავრდებულს სასჯელი უნდა შეუმცირდეს იმ შემთხვევაში, როდესაც დანიშნული სასჯელის ზომა აღემატება ახალი კანონით დადგენილი სასჯელის ზომის მაქსიმუმს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, თუკი დანიშნული სასჯელი ახალი კანონის სანქციის ფარგლებშია, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, შეამციროს მისი ზომა.

ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 314-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ე. კ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 17 აგვისტოს განაჩენი ე. კ-ას მიმართ დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: დ. სულაქველიძე

გ. შავლიაშვილი