შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 12.11.2012
საქმის ნომერი
2კ-204აპ.-12
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
12.11.2012

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №204აპ-12 ქ. თბილისი

გ-ა ლ., 204აპ-12 12 ნოემბერი, 2012 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, დავით სულაქველიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ლ. გ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 11 აპრილის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 8 თებერვლის განაჩენით ლ. გ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2011 წლის 17 ნოემბრიდან.

ლ. გ-ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ხოლო 15 წლით - საექიმო საქმიანობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

იმავე განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და ბრალდებულებს - კ.შ-სა და დ.ხ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

კ. შ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად საქართველოს სსკ–ის 55–ე მუხლის საფუძველზე განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით; დანიშნული სასჯელიდან, საქართველოს სსკ–ის 50–ე მუხლის თანახმად, 1 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 წელი საქართველოს სსკ–ის 63-64–ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე საქართველოს სსკ–ის 42–ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 10 000 ლარი; მასვე 5 წლით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში მითითებული უფლებები. კ. შ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2011 წლის 17 ნოემბრიდან.

დ. ხ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახით საქართველოს სსკ–ის 55-ე მუხლის საფუძველზე განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლისა და 6 თვის ვადით; დანიშნული სასჯელიდან, საქართველოს სსკ–ის 50–ე მუხლის თანახმად, 6 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 წელი საქართველოს სსკ–ის 63–64–ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე საქართველოს სსკ–ის 42–ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 10 000 ლარი; მასვე 5 წლით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში მითითებული უფლებები. დ. ხ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2011 წლის 17 ნოემბრიდან.

ლ. გ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღება.

აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

დ. ხ-მა და კ. შ-მ ერთად, წინასწარი შეთანხმებით, 2011 წლის 17 ნოემბერს ლ. გ-სგან ქ. თბილისში, საბურთალოს ქუჩაზე, 500 ლარად უკანონოდ შეიძინეს და შეინახეს 0,0141 გრამი - დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი აბის 4 ნატეხი, რაც შემდგომ ერთმანეთში გაინაწილეს მათ მიერ დადებული თანხის შესაბამისად; ნაწილი, 150 ლარის ღირებულების შესაბამისი 0,0037 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი 1 აბის ნატეხი შეინახა პირადად დ. ხ-მა, ხოლო ნაწილი, 350 ლარის ღირებულების შესაბამისი 0 , 0104 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი აბის 3 ნატეხი კი კ. შ-მ შეინახა პირადად.

2011 წლის 17 ნოემბერს საქართველოს შს სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქ. თბილისში დააკავეს დ. ხ-ი და კ.შ-ე. დ. ხ-ს პირადი ჩხრეკისას ამოიღეს 0,0037 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი აბის 1 ნატეხი, ხოლო კ. შ-ს პირადი ჩხრეკისას - 0,0104 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი აბის 3 ნატეხი.

ლ. გ-მ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და შეინახა 0, 0365 გრამი - დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი აბის 10 ნატეხი, საიდანაც ნაწილი, 0,0141 გრამი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი აბის 4 ნატეხი, 2011 წლის 17 ნოემბერს ქ.თბილისში, საბურთალოს ქუჩაზე, 500 ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა კ. შ-სა და დ. ხ-ზე, რაც ამოღებულ იქნა მათი დაკავებისას.

2011 წლის 17 ნოემბერს საქართველოს შსს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქ.თბილისში დააკავეს ლ. გ-ა, რომლის პირადი ჩხრეკისას ამოიღეს 0,0203 გრამი - დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი აბის 5 ნატეხი, ხოლო თბილისში მდებარე მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოიღეს 0,0021 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი აბის 1 ნატეხი.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 11 აპრილის განაჩენით დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა ლ. გ-მ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი მისთვის დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღების ბრალად შერაცხვის ნაწილში არ გამომდინარეობს საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებიდან, შესაბამისად, ამ ნაწილში გასაჩივრებული განაჩენი უნდა გაუქმდეს, ხოლო დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის კი მინიმალური სასჯელი განესაზღვროს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა სისხლის სამართლის საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეში არსებულ და საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით მოპოვებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, მათ შორის _ ლ. გ-ს ჩვენებით, ლ. გ-ს პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმებითა და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით უტყუარადაა დადასტურებული და ეჭვს არ იწვევს, რომ მსჯავრდებულმა უკანონოდ შეიძინა და შეინახა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება.

ამასთან, ლ. გ-ს ქმედებაში არ დასტურდება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტი. გასაჩივრებული განაჩენი ამ ნაწილში ეყრდნობა მხოლოდ მსჯავრდებულ კ. შ-ს ჩვენებას, კერძოდ: ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ დაკავებისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება 500 ლარად შეიძინა ლ. გ-სგან.

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის, 259-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 273-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა დასაბუთებული უნდა იყოს. გამამტყუნებელ განაჩენში უნდა აღინიშნოს უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. კანონის მითითებულ მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, სააპელაციო სასამართლომ განაჩენში არ დაასაბუთა, მსჯავრდებულ კ. შ-ს ჩვენების გარდა, რა მტკიცებულებაზე დაყრდნობით მიიჩნია დადასტურებულად ლ. გ-ს ქმედებაში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენიდან უნდა ამოირიცხოს მითითება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღებაზე და ბრალდების ამ ნაწილში მსჯავრდებული გამართლდეს. ლ. გ-ს მსჯავრი უნდა დაედოს მხოლოდ დიდი ოდენობით იმ ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა _ შენახვაში, რომელიც მას ფაქტობრივად აღმოაჩნდა პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას. შესაბამისად, ბრალდების მოცულობის შემცირების გამო, მსჯავრდებულს უნდა შეუმსუბუქდეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი, ხოლო „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები უნდა ჩამოერთვას 5 წლით.

გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან კანონიერი და დასაბუთებულია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, 307-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ლ. გ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 11 აპრილის განაჩენიდან ამოირიცხოს მითითება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღებაზე და ბრალდების ამ ნაწილში ლ. გ-ა გამართლდეს.

ლ. გ-ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი _ 12 (თორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდეს 2 (ორი) წლით და საბოლოოდ მიესაჯოს 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

მას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს 2011 წლის 17 ნოემბრიდან.

ლ. გ-ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო საქმიანობის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

დ. სულაქველიძე