შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №380აპ-12 ქ. თბილისი
ნ-ა გ., 380აპ-12 22 ნოემბერი, 2012 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),დავით სულაქველიძე, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის
პროკურორ - შაქრო ზაალიშვილის
ადვოკატ - გ. კ-ს
მსჯავრდებულ - გ. ნ-ს
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ გ. ნ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 10 სექტემბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 26 ივნისის განაჩენით გ. ნ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-2003 მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2012 წლის 26 მარტიდან.
განაჩენის მიხედვით, გ. ნ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მაშინ, როცა მიწოდებული საქონლის ღირებულების თანხა დიდი ოდენობისაა, რაც გამოიხატა შემდეგში:
ქ. ზუგდიდში, ... ქუჩის №...-ში მცხოვრებმა, შს სამინისტროს ... მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორების სამმართველოს უბნის უფროსმა ინსპექტორ-გამომძიებელმა გ. ნ-მ 2012 წლის 26 მარტს ... რაიონის სოფელ ... დაუდგენელი პირისაგან სამეწარმეო საქმიანობისთვის შეიძინა ... ოკუპირებული ტერიტორიიდან უკანონოდ გადმოტანილი, ქარხნული წესით დამზადებული 653 ქილა, 14 366 ლარად ღირებული, დიდი ოდენობით ხიზილალა, რომელიც ჩატვირთა მისი მართვის ქვეშ მყოფ სამსახურებრივ „ფოლკსვაგენ ჯეტას“ მარკის სახ.№... ავტომანქანის საბარგულში და სასაქონლო ზედნადების გარეშე დაიწყო აღნიშნული საქონლის ტრანსპორტირება ... მიმართულებით შემდგომი რეალიზაციის მიზნით. 2012 წლის 26 მარტს, 15.50 საათზე, ... რაიონის სოფელ ... საავტომობილო გზაზე იგი გააჩერეს შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა და „ფოლკსვაგენ ჯეტას“ მარკის სახ.№... ავტომანქანის ჩხრეკის დროს მთლიანად ამოიღეს გ. ნ-ს მიერ სასაქონლო ზედნადების გარეშე შეძენილი და ტრანსპორტირებული, ქარხნული წესით დამზადებული, დიდი ოდენობით - 653 ქილა, 14366 ლარად ღირებული, ქარხნული წესით დამზადებული ხიზილალა.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 10 სექტემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებული გ. ნ-ა საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას.
პროკურორი შ. ზ-ი შესაგებლით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 10 სექტემბრის განაჩენის უცვლელად დატოვებას.
2012 წლის 19 ნოემბერს საქართველოს მთავარი პროკურატურის გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორმა შ. ზ-მა, საქართველოს სსსკ-ის 209-211-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის მე-2003 მუხლის 1-ლი ნაწილით, შეადგინა წერილობითი შეთანხმება სასჯელზე გარიგების თაობაზე მასა და მსჯავრდებულ გ. ნ-ს შორის.
პროკურატურამ, მხედველობაში მიიღო რა ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ასევე ის გარემოება, რომ მსჯავრდებულმა გ. ნ-მ თანხმობა განაცხადა სასჯელზე საპროცესო შეთანხმების გაფორმების შესახებ, საჯარო ინტერესების დაცვით, სახელმწიფო რესურსების მაქსიმალური ეფექტურობით გამოყენების მიზნით, 2012 წლის 19 ნოემბერს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-211-ე მუხლების მოთხოვნათა სრული დაცვით, მსჯავრდებულსა და საქართველოს მთავარი პროკურატურის გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ შ. ზ-ს შორის წერილობით გააფორმა ოქმი საპროცესო შეთანხმების თაობაზე. საპროცესო შეთანხმება კანონით დადგენილი წესით წინასწარ შეთანხმდა ზემდგომ პროკურორთან.
2012 წლის 19 ნოემბერს სასამართლო სხდომაზე პროკურორმა შ. ზ-მა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მასა და მსჯავრდებულ გ. ნ-ს შორის 2012 წლის 19 ნოემბერს დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი შუამდგომლობა და მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 10 სექტემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება პროკურორ შ. ზ-სა და მსჯავრდებულ გ. ნ-ს შორის.
საკასაციო პალატის სხდომაზე პროკურორმა შ. ზ-მა მხარი დაუჭირა თავის შუამდგომლობას და ითხოვა, რომ მსჯავრდებულ გ. ნ-ს საქართველოს სსკ-ის მე-2003 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის განესაზღვროს 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ ჯარიმა - 2000 ლარი.
სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე მსჯავრდებულმა გ. ნ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ. კ-მ.
სასამართლომ საქმის მასალების საფუძველზე საპროცესო კანონის მოთხოვნათა დაცვით განიხილა შუამდგომლობის დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით: მოწმეების - ი. ქ-სა და გ. ჯ-ს ჩვენებებით, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, ავტომანქანის ჩხრეკის ოქმით, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 30 მარტის განჩინებით ნივთმტკიცების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის შესახებ, ოპერატიული სამსახურისადმი დავალებით, სამსახურებრივი შემოწმების შედეგით (დასკვნით), №612 ბრძანებით, მიღება-ჩაბარების აქტითა და საქმის სხვა მასალებით გ. ნ-ს მიმართ ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა დადასტურებულია.
საკასაციო პალატა დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას მსჯავრდებულ გ. ნ-ს მიმართ არ განხორციელებულა ძალადობა, დაშინება, მოტყუება, მუქარა; ამასთან, მას არ შეზღუდვია უფლება, მიეღო იურიდიული დახმარება.
პალატის სხდომაზე გამოკვლეულ იქნა, რომ მსჯავრდებული სრულად აცნობიერებს ბრალად შერაცხული დანაშაულის ხასიათს, მისთვის გათვალისწინებულ სასჯელს და საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებულ, კანონით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას. მსჯავრდებული გ. ნ-ა აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა.
მსჯავრდებულისათვის ასევე ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი კონსტიტუციური უფლებები; მისთვის ასევე ცნობილია, რომ საპროცესო შეთანხმება მას არ ათავისუფლებს სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორმა სწორი ფაქტობრივი და სამართლებრივი შეფასებები გააკეთა სასჯელზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ.
ამდენად, საქართველოს მთავარი პროკურატურის გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ შ. ზ-ს შუამდგომლობა მსჯავრდებულ გ. ნ-ს მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, 209-216-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 10 სექტემბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება პროკურორ შ. ზ-სა და მსჯავრდებულ გ. ნ-ს შორის.
გ. ნ-ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-2003 მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის ზომად განესაზღვროს 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყოს 2012 წლის 26 მარტიდან.
მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვროს ჯარიმა - 2000 ლარი.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: დ. სულაქველიძე
პ. სილაგაძე