დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-228(2კ-22) 14 ნოემბერი, 2022 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ნუგზარ სხირტლაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
კასატორი (მოწინააღმდეგე მხარე, მოსარჩელე) - ვ. ქ-ა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 სექტემბრის განჩინება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი: ვ. ქ-ამ 2020 წლის 15 დეკემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ და დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ ამავე სააგენტოს 2020 წლის 12 ნოემბრის №03-2567/ო ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე მოპასუხისთვის, მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით ვ. ქ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 12 ნოემბრის №03-2567/ო ბრძანება და მოპასუხეს დაევალა მოსარჩელე ვ. ქ-ას განცხადებასთან დაკავშირებით, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება მხარეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 სექტემბრის განჩინებით ვ. ქ-ას და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ასევე ვ. ქ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მითითებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ ვ. ქ-ას განაცხადი განიხილა კრიტერიუმების გარეშე, ვინაიდან საქმე ეხებოდა ნგრევად ობიექტს. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში კი გამოიკვეთა და დადასტურდა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, კერძოდ, მოსარჩელეს ქალაქ ქუთაისში, ...ას ქ. I შესახვევის ...-ში (...ში) არ უცხოვრია. ამასთან, საჯარო რეესტრის 2020 წლის მონაცემების მიხედვით, ქალაქ ქუთაისში, ...ის №43-ში მოსარჩელის შვილის - მ. ქ-ას სახელზე ფიქსირდებოდა საკუთრება, რომელიც შემდეგ აღრიცხულია ს. გ-ე-დ-ის სახელზე. ქალაქ ქუთაისში, ...ას ქ. №40-ში მ. ქ-ას სახელზე ფიქსირდება ასევე კიდევ ერთი საკუთრება (ბინა №6), რომელიც 2019 წლის ამონაწერის მიხედვით, უკვე გ. გ-ის სახელზეა აღრიცხული. შესაბამისად, როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, მოსარჩელის შვილის სახელზე ფიქსირდებოდა არაერთი საკუთრება, რომელთაც შემდეგ ასხვისებდა.
კასატორის მითითებით, საქმეში წარმოდგენილი ადმინისტრაციული წარმოების მასალებით დასტურდება, რომ სამინისტრომ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება შეისწავლა, გამოიკვლია და გადაწყვეტილება მხოლოდ მას შემდეგ მიიღო. სააგენტომ დაადგინა, რომ დევნილი პირი აუცილებელ და სასწრაფო განსახლებას არ საჭიროებდა, რადგან ნგრევად ობიექტში, კერძოდ, ქალაქ ქუთაისში, ...ას ქ. I შესახვევის ...-ში (...) არ ცხოვრობდა. კასატორის მოსაზრებით, აღნიშნული უარი ხელს არ უშლის სააგენტოს, რომ რიგითობით, კრიტერიუმების საფუძველზე, განიხილოს მისი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების საკითხი. შესაბამისად, სამინისტროს გასაჩივრებული აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე.
კასატორი - ვ. ქ-ა მიუთითებს იმავე ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რაზეც ქვედა ინსტანციის სასამართლოებში მიუთითებდა და დამატებით აღნიშნავს, რომ მის სახელზე არ ირიცხება უძრავი ქონება. ქალაქ ქუთაისში, ...ას ქ. I შესახვევის ...-ში (...ში), რომელიც მოსარჩელის ოჯახის რეგისტრაციისა და ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართს წარმოადგენს 1993 წლიდან, მონიტორინგი განხორციელდა 2020 წლის 13 სექტემბერს ღამის საათებში. აღნიშნულ დროს მოსარჩელე არ იმყოფებოდა მისამართზე, თუმცა სატელეფონო საუბრის შემდეგ იგი მივიდა მისამართზე და მოხდა როგორც საცხოვრებლის დასურათება, ისე მასთან გასაუბრება.
კასატორის მითითებით, მოსარჩელის აღნიშნულ მისამართზე ცხოვრების ფაქტს ადასტურებს საქმეში დაცული სხვადასხვა წლით დათარიღებული გაზის და ელექტროენერგიის გადახდის ქვითრები. აქედან გამომდინარე, არამართებულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად სადავო აქტის გაუქმების თაობაზე. კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს უნდა მიეღო გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, რადგან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები იძლეოდა მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს.
სამოტივაციო ნაწილი: საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და ვ. ქ-ას საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივრებში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრების განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ვ. ქ-ას დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის კანონიერების შეფასება, ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად ცხოვრების დაუდასტურებლობის საფუძვლით, რადგან უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აქტის გამოცემა იმთავითვე არ ნიშნავს ამ აქტის კანონიერებას. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმალური და მატერიალური კანონიერების შეფასებისას, აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების გარდა უნდა შემოწმდეს სხვა ასპექტებიც, მათ შორის - წარმოების ფორმალური წესების დაცვა, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი გამოკვლევის ვალდებულების შესრულება, დაინტერესებული მხარეების ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართვა, დამდგარი შედეგის საკითხის მომწესრიგებელ სამართლებრივ ნორმებსა და ფაქტობრივ გარემოებებთან შესაბამისობა და სხვა.
საკასაციო სასამართლო, პირველ ყოვლისა, მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამასთან, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა ხდება წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე. გამონაკლისის სახით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართებში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა კი უნდა დასტურდებოდეს სამინისტროს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით. ანალოგიურ მოწესრიგებას შეიცავს და დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის განხილვისას დადგენილი კრიტერიუმების გარეშე ნგრევად ობიექტში მცხოვრები ოჯახებისათვის პრიორიტეტის მინიჭებას ითვალისწინებს დღეს მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი. ამდენად, პალატა განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ შენობა, რომელშიც დევნილი ოჯახი ცხოვრობს, წარმოადგენს ნგრევადსაშიშს, უპირატესობა ენიჭება ოჯახის უსაფრთხოებას და კანონმდებლობა ითვალისწინებს ქულათა მიუხედავად, კრიტერიუმების გარეშე, დევნილი ოჯახის დაუყოვნებლივ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფას, რისთვისაც აუცილებელია დადასტურდეს დევნილი ოჯახის ნგრევადსაშიშ შენობაში ფაქტობრივად ცხოვრება და დროებით ადგილზე არ ყოფნა არ შეიძლება გახდეს განსახლებაზე უარის თქმის საფუძველი. საკასაციო პალატა ბუნებრივად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ შესაძლოა ნგრევად ობიექტში მცხოვრებ პირს, საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, დროის რაღაც მონაკვეთში მოუწიოს ასეთი საცხოვრებლის დატოვება (ნათესავებთან თავის შეფარება, დაქირავებულ საცხოვრებელში გადასვლა და ა.შ.), თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს იმას, რომ ასეთ შემთხვევაში პირმა მიატოვა განსახლების ადგილი, არ წარმოადგენს ნგრევად ობიექტში მაცხოვრებელს და შესაბამისად, არ უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი სახელმწიფოს მიერ დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებისას.
განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია, რომ ვ. ქ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელზეც გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა. ოჯახი შედგება 4 წევრისგან: მეუღლე - ნანა ქარდავა; შვილი - მ. ქ-ა; სიძე - ლ. მ-ე. აღნიშნული პირების დროებით საცხოვრებელ ადგილად მითითებულია ქალაქი ქუთაისი, ...ას ქუჩის I შესახვევის ..., შპს „...“. მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ ქალაქ ქუთაისში, ...ას ქუჩის I შესახვევის ...-ში მდებარე შენობა (შპს „...“) წარმოადგენს ნგრევად და სიცოცხლისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ობიექტს. მიმდინარეობს აღნიშნული ობიექტიდან მოსახლეობის გაყვანა და მათი გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა.
მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ დევნილი ოჯახის მონიტორინგის შედეგად დაადგინა, რომ მოსარჩელე ვ. ქ-ა რეალურად არ ცხოვრობდა სადავო ფართში, რის გამოც უარი ეთქვათ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე. სადავო აქტის გამოცემას საფუძვლად დაედო 2020 წლის 13 სექტემბრის მონიტორინგის შედეგები. კერძოდ, საქმეში დაცული 2020 წლის 13 სექტემბრის დათვალიერების, ადგილზე გამოცხადების, გასაუბრების ოქმის მიხედვით, ვიზიტი განხორციელდა რეგისტრაციის მისამართზე, თუმცა ადგილზე არ დახვდათ ვ. ქ-ა და გასაუბრება შედგა მის ნათლულთან - პ. ჯ-ესთან, რომელმაც აღნიშნა რომ ვ. იყო გასული (არ იცოდა სად იყო). ამ უკანასკნელის განმარტებით, ვ. ქ-ა ორი დღის წინ ნახა მისამართზე. მეუღლე და შვილი არიან იტალიაში, ხოლო სიძის შესახებ არ აქვს ინფორმაცია. ვ. ქ-ა ადგილზე მივიდა მოგვიანებით, მასთან განხორციელებული სატელეფონო ზარის შემდეგ და მხოლოდ მას შემდეგ გახდა შესაძლებელი როგორც საცხოვრებლის დათვალიერება, ისე ფოტოსურათების გადაღება.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ ვ. ქ-ას სახელზე არ ირიცხება უძრავი ქონება. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელის შვილს - მ. ქ-ას, გააჩნდა უძრავი ქონება საკუთრებაში, თუმცა საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერების მიხედვით, ამ უკანასკნელს დღეის მდგომარეობით არანაირი უძრავი ქონება საკუთრებაში არ გააჩნია.
საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ მხოლოდ ის გარემოება, რომ სააგენტოს მიერ მონიტორინგის განხორციელებისას მოსარჩელე არ იმყოფებოდა მისამართზე, არ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ვ. ქ-ა არ ცხოვრობს/არ უცხოვრია ქალაქ ქუთაისში, ...ას ქუჩის I შესახვევის ...-ში მდებარე შპს „...ს“ შენობაში. ამდენად, ვ. ქ-ასთვის აღნიშნულ მისამართზე ფაქტობრივად არყოფნის გამო გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმა არ შეესაბამება საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ეფუძნება მხოლოდ ოჯახის გადამოწმების მიზნით შედგენილი მონიტორინგის მასალებს, რომელიც საკასაციო პალატის მოსაზრებით, არ ასახავს რეალურ ფაქტობრივ მდგომარეობას, არ ემყარება განსახილველ საკითხზე არსებულ და გამოკვლეულ მტკიცებულებებს, რაც სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების - სადავო საკითხის გადაუწყვეტლად აქტის ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის საქმის გარემოებების შესწავლის შემდეგ, ახალი აქტის გამოცემის დავალების წინაპირობაა მაშინ, როცა საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელე, ამ ეტაპზე, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით. ამასთანავე, რეგისტრაციის ადგილის ნგრევად და სიცოცხლისთვის საშიშ ობიექტად მიჩნევა დადასტურებულია შესაბამისი საექსპერტო დასკვნით. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მითითებული ფაქტობრივი გარემოების საწინააღმდეგო დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) კასატორის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი, შესაბამისად, საქმის გარემოებების ხელახალი შესწავლისა და გამოკვლევისას მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებით, მათ შორის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენებით, უნდა დაადგინოს, წარმოადგენს თუ არა ნგრევადი ობიექტი მოსარჩელის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, რამ გამოიწვია მონიტორინგის დროს დევნილის რეგისტრირებულ მისამართზე არყოფნა და საქმის გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ, სათანადო მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფოს აკისრია ვალდებულება, დევნილთა მიმართ შექმნას მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი: საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და ვ. ქ-ას საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 სექტემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
გ. აბუსერიძე