დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 14.11.2022
საქმის ნომერი
ბს-497(კ-22)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
14.11.2022

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-497(კ-22) 14 ნოემბერი, 2022 წელი თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ნუგზარ სხირტლაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ. ჭ-ა

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი: მ. ჭ-ამ 2020 წლის 10 იანვარს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ და „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 14 ნოემბრის №04-1731/ო ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხისთვის, მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. ჭ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ჭ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. ჭ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. ჭ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 14 ნოემბრის №04-1731/ო ბრძანება და მოპასუხეს - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა მ. ჭ-ას გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე შევსებული განაცხადის დამუშავების შედეგად, ოჯახმა წინასწარი შეფასებით მოიპოვა 10.5 ქულა, მათ შორის, საცხოვრებლის ფინანსურ პირობებში (ცხოვრობს ქირით) - 1.5 ქულა; არის მარტოხელა პენსიონერი და ჰყავს ოჯახი, რომელიც შედგება ხანდაზმული წევრისგან - 1.0 ქულა; სოციალურ კრიტერიუმში - 3 ქულა; არის შშმ პირი - 2.0 ქულა; არის მარჩენალდაკარგული - გარდაცვლილი ომის ვეტერანი - 1.5 ქულა; არის ომის ვეტერანი - 1.5 ქულა. მოსარჩელეს განაცხადში მითითებული აქვს ორი მისამართი: ფაქტობრივი - თბილისი, ...ის ქ. №6 და იურიდიული - თბილისი, ნაძალადევი, ...ის ქ. №34, კორპუსი №10, ბინა №40.

კასატორი მიუთითებს, რომ აღნიშნულ იურიდიულ მისამართზე არსებული ბინა 2012 წლიდან საკუთრებაში ჰქონდა მ. ჭ-ას, რომელიც 2015 წელს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მიჰყიდა დისშვილს - ო. ბ-ს. მ. ჭ-ას საკუთრებაში იყო ასევე ამავე მისამართზე მდებარე №41 ბინა, რომელიც 2012 წელს აჩუქა თავის შვილს - ნ. ფ-ას. ზემოაღნიშნულ მისამართებზე რამდენჯერმე განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, დასტურდება, რომ მოსარჩელემ საცხოვრებელთან დაკავშირებით არსებითად მცდარი ინფორმაცია მიაწოდა სააგენტოს თანამშრომლებს, რადგან განხორციელებული მონიტორინგებისას მოსარჩელე არ იმყოფებოდა ...ის ქუჩაზე მდებარე ბინაში, თუმცა იგი დახვდათ ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩაზე მდებარე სახლში. მოსარჩელემ განაცხადა, რომ იქ დროებით იმყოფებოდა. ამასთან, ნ. ფ-ას საკუთრებაში არსებულ ბინაში სააგენტოს თანამშრომლებს განუცხადეს, რომ ნ. ფ-ას ბინა შეუძინა მამამთილმა, თუმცა საქმეში წარმოდგენილია ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომელიც ადასტურებს 2012 წელს მ. ჭ-ას მიერ შვილისთვის აღნიშნული ბინის ჩუქების ფაქტს.

კასატორი მიიჩნევს, რომ მონიტორინგის მასალებით მოპოვებული ინფორმაცია წარმოადგენს იმ ტიპის მტკიცებულებას, რაც საკმარისი საფუძველია იმისათვის, რომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მივიჩნიოთ მ. ჭ-ას მიერ არსებითად მცდარი ინფორმაციის მიწოდება საცხოვრებელთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ, მოსარჩელეს უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე. კასატორის მოსაზრებით, სააგენტოს ქმედება კანონიერია და არ არსებობს მის მიერ გამოცემული აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მაისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

სამოტივაციო ნაწილი: საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამარტლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მ. ჭ-ას დევნილი ოჯახისთვის, მოსარჩელის მიერ სააგენტოსთვის საცხოვრებელთან დაკავშირებით არსებითად მცდარი ინფორმაციის მიწოდების საფუძვლით, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის კანონიერება. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა, ხოლო იმავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, იძულებითი გადაადგილებისას უსახლკაროდ დარჩენილ დევნილს სამინისტრო სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად უზრუნველყოფს სათანადო საცხოვრებლით. სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფისას სამინისტრო არეგისტრირებს დევნილს განსახლების ადგილზე. სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად. ამასთან, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა ხდება წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე. თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ (დანართი №6 ) და „სოციალური კრიტერიუმი“ (დანართი №7) განსაზღვრავს კომპონენტებს, რომელთა შეფასების საფუძველზეც უნდა მოხდეს დევნილი ოჯახის სოციალური მდგომარეობის განსაზღვრა. ამასთან, თითოეული კომპონენტისათვის დადგენილია შეფასების შესაბამისი ქულა. მათ შორის, ქულის მინიჭების საფუძველია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა: დევნილი ოჯახი ცხოვრობს სხვის სახლში (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებისა) ქირით ან ქირის გარეშე; დევნილ ოჯახში ასაკით პენსიონერია, რომელიც ცხოვრობს მარტო; ოჯახის წევრი გარდაიცვალა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში და მის მეუღლეზე ან/და არასრულწლოვან შვილებზე გაცემულია მარჩენალდაკარგულის მოწმობა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ. ჭ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. მისი ოჯახის მდგომარეობა, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, შეფასებულია 10.5 ქულით, ვინაიდან ცხოვრობს ქირით, არის მარტოხელა პენსიონერი, არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი - II ჯგუფის ინვალიდი, დამისამართებულია ქალაქ თბილისში, მარჩენალდაკარგულია და არის ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი. იგი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებს საარსებო შემწეობას. მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იძულებით გადაადგილებამდე იყო აფხაზეთი, სოხუმი, სოფელი ...ა, ხოლო დროებითი საცხოვრებელი ადგილია ქალაქი თბილისი, გლდანი, ...ის II მ/რ, კორპუსი №18, ბინა №92, ხოლო ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი - ქალაქი თბილისი, ...ი ქუჩა №6, სადაც 6 წელია ცხოვრობს ქირით 150 ლარად.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო ბრძანება არ შეიცავს დასაბუთებას, კონკრეტულად რა სახის ინფორმაცია იქნა მიიჩნეული არსებითად მცდარ ინფორმაციად მოსარჩელის საცხოვრებელთან დაკავშირებით. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ჯგუფის დასკვნაზე, რომლის მიხედვით, ასევე დადგენილია, რომ მ. ჭ-ა სტუმრად იმყოფებოდა უცხოეთიდან ჩამოსული თავის ქალიშვილის - ნ. ფ-ას საცხოვრებელ ბინაში, მისამართზე: ქალაქ თბილისი ...ის ქ. №34, კორპუსი №10, ბინა №40-ში. აღნიშნული ბინა მ. ჭ-ამ აჩუქა შვილს - ნ. ფ-ას 2012 წელს, ხოლო ამავე სახლში მდებარე მეორე ბინა გაასხვისა 2015 წელს. დასახელებული გარემოებები უპირობოდ არ გულისხმობს, რომ მოსარჩელემ სააგენტოს მიაწოდა არსებითად მცდარი ინფორმაცია საცხოვრისზე. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე იმთავითვე უთითებდა ძირითადი საცხოვრებელი ადგილისა და ასევე დროებით, სხვა მისამართზე ყოფნის ფაქტზე, რაც დროებით ხასიათს ატარებდა. ამასთან, ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის დროებით დატოვება არ გამორიცხავს დევნილის ამ მისამართზე ფაქტობრივად მცხოვრებად მიჩნევას. მოსარჩელის მიერ მიწოდებული ინფორმაცია საცხოვრებელზე, რომელსაც არ გააჩნია სათანადო საცხოვრისი, მუდმივი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი, შესაძლოა იყოს ცვალებადი და დამოკიდებული სხვადასხვა გარემოებებზე, მაგალითად, დროის პერიოდზე, ასაკზე, ჯანმრთელობაზე, ფინანსებზე და ა. შ. აღნიშნული გარემოებები კი არ დასტურდება მოსარჩელის მიერ სააგენტოსთვის არსებითად მცდარი ინფორმაციის მიწოდების ფაქტი. ამრიგად, მ. ჭ-ას უკანონოდ ეთქვა უარი იმ ეტაპზე მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რაც გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსთვის ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველს წარმოადგენს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი: საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

გ. აბუსერიძე