დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 14.11.2012
საქმის ნომერი
82აგ.-2012
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
14.11.2012

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

#82აგ-12 14 ნოემბერი, 2012 წელი

წ-ა ბ, 82აგ-12 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),დავით სულაქველიძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ბ. წ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 11 სექტემბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 11 აპრილის განაჩენით ბ. წ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან – 2011 წლის 5 თებერვლიდან.

მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო და საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 30 მაისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

2012 წლის 20 აგვისტოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ბ. წ-მ, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო – „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილების საფუძველზე ითხოვა ზემოაღნიშნული განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ: მის მიერ ჩადენილი ქმედების საქართველოს სსკ–ის 260-ე მუხლის მე–2 ნაწილიდან იმავე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირება და სასჯელის შემსუბუქება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 11 სექტემბრის განაჩენით შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 11 აპრილის განაჩენი შეიცვალა, კერძოდ: ბ. წ-ს ქმედება სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის `ა~ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა იმავე მუხლის 1-ლ ნაწილზე. გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის _ დანიშნული სასჯელი, დარჩა უცვლელად.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 8 ნოემბრის განჩინებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 11 სექტემბრის განაჩენი დაზუსტდა შემდეგი მიმართებით: შესავალ ნაწილში „ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 11 აპრილის განაჩენის“ ნაცვლად მიეთითა „ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 30 მაისის განაჩენი“, ხოლო სარეზოლუციო ნაწილის მეორე, მესამე და მეოთხე აბზაცები ჩამოყალიბდა შემდეგი სახით:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 30 მაისის განაჩენში შევიდა ცვლილება: მსჯავრდებულ ბ. წ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, გადაკვალიფიცირდა იმავე კოდექსის 260-ე მუხლის პირველ ნაწილზე. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 30 მაისის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული ბ. წ-ა ითხოვს მის მიმართ დანიშნული სასჯელის შემცირებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს გადასასინჯი გადაწყვეტილების სამართლიანობაზე. საპროცესო კოდექსის ამ მოთხოვნებიდან და სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, მსჯავრდებულს უნდა შეუმცირდეს სასჯელი იმ შემთხვევაში, როდესაც მისთვის დანიშნული სასჯელის ზომა აღემატება ახალი კანონით დადგენილი სასჯელის ზომის მაქსიმუმს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, თუკი დანიშნული სასჯელი ახალი კანონის სანქციის ფარგლებშია, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, შეამციროს მისი ზომა.

ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის `დ~ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ბ. წ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 11 სექტემბრის განაჩენი ბ. წ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: დ. სულაქველიძე

გ. შავლიაშვილი