დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
#89აგ-12 5 დეკემბერი, 2012 წელი
ქ-ი რ., 89აგ-12 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. ქ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 27 სექტემბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 დეკემბრის განაჩენით რ. ქ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის `ა~ და ,,ე“ ქვეპუნქტებით (ბრალდების ერთი ეპიზოდი) - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის `ა~ და ,,ე“ ქვეპუნქტებით (ბრალდების მეორე ეპიზოდი) სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით; საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და რ. ქ-ს სასჯელის სახით განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 10 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 4 წელი ჩაეთვალა პირობით. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის შესაბამისად, გაუქმდა ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 9 სექტემბრის განაჩენით რ. ქ-სთვის დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ახლად დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 11 თვე, 28 დღე და საბოლოოდ რ. ქ-ს სასჯელის სახით განესაზღვრა 14 წლით, 11 თვითა და 28 დღით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 10 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 4 წელი, 11 თვე და 28 დღე ჩაეთვალა პირობით, 5 წლის, 11 თვისა და 28 დღის გამოსაცდელი ვადით. მასვე 5 წლით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში მითითებული უფლებები. იგი სასჯელს იხდის 2010 წლის 9 ივლისიდან.
2012 წლის 24 სექტემბერს მსჯავრდებულმა რ. ქ-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო - „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 22 მაისის კანონის საფუძველზე მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა, მისი ქმედების გადაკვალიფიცირება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან (ბრალდების ორივე ეპიზოდში) იმავე მუხლის 1-ლ ნაწილზე და სასჯელის მინიმუმამდე შემცირება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 27 სექტემბრის განაჩენით შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 დეკემბრის განაჩენი შეიცვალა, კერძოდ: რ.ქ-ს ქმედება საბოლოოდ დაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ბრალდების ორი ეპიზოდი). გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის _ დანიშნული სასჯელი, დარჩა უცვლელად.
საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული რ. ქ-ი ითხოვს მის მიმართ დანიშნული სასჯელის შემცირებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს გადასასინჯი გადაწყვეტილების სამართლიანობაზე. საპროცესო კოდექსის ამ მოთხოვნებიდან და სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, მსჯავრდებულს უნდა შეუმცირდეს სასჯელი იმ შემთხვევაში, როდესაც მისთვის დანიშნული სასჯელის ზომა აღემატება ახალი კანონით დადგენილი სასჯელის ზომის მაქსიმუმს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, თუკი დანიშნული სასჯელი ახალი კანონის სანქციის ფარგლებშია, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, შეამციროს მისი ზომა.
ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის `დ~ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ რ. ქ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 27 სექტემბრის განაჩენი რ. ქ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
პ. სილაგაძე