დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 07.12.2022
საქმის ნომერი
ბს-1289(კ-22)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
07.12.2022

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-1289(კ-22) 7 დეკემბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ბიძინა სტურუა, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მაისის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - თ. მ-ა).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ. მ-ამ 2021 წლის 18 ივნისს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 20 აპრილის №03-1024/ო ბრძანების ბათილად ცნობისა და მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოპასუხისათვის დავალების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით თ. მ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 20 აპრილის №03-1024/ო ბრძანება, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა თ. მ-სა და მისი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მაისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება.

დადგენილია, რომ დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 2 აპრილის №19 სხდომის ოქმის თანახმად, თ. მ-ს დააკლდა სიღარიბის მაჩვენებელი 3 ქულა. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 20 აპრილის №03-1024/ო ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილების საფუძველზე, თ. მ-ას, ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არ არსებობის გამო, უარი ეთქვა ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.

პალატამ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაშო დავის საგანს წარმოადგენს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 20 აპრილის №03- 1024/ო ბრძანების შესაბამისობის დადგენა კანონმდებლობასთან. პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ყურადღება სწორად გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას თ. მ-ასა და ი. ო-ის საკუთრებაში არ იყო რეგისტრირებული უძრავი ქონება. ამასთან, სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით დაკითხული თ. ჯ-ას განმარტებითა და საქმეში წარმოდგენილი სს „ს...ის“ ამონაწერების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია თ. მ-ასა და მისი ოჯახის ზეპირი ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე, ... ქ.№20-ში ცხოვრების ფაქტი. აღსანიშანვია, რომ 2021 წლის 9 თებერვლის დათვალიერების, ადგილზე გამოცხადების, გასაუბრების ოქმის თანახმად, მონიტორინგის ჯგუფს აღნიშნულ მისამართზე დახვდა როგორც თ. მ-ა, ისე ი. ო-ე, ხოლო ის ფაქტი, რომ ლ. ს-ა მონიტორინგის სამსახურის ვიზიტის დროს იმყოფებოდა ბებიასთან არ გამორიცხავს ლ. ს-ას ... ქ.№20-ში ცხოვრების ფაქტს, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ლ. ს-ა შშმ პირია, დიაგნოზად განსაზღვრული აქვს E10.9 ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტი. პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული გარემოებები სარწმუნოდ ხდის მოსარჩელის არგუმენტაციას, რომ ლ. ს-ას, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, ესაჭიროება განსაკუთრებული მოვლა და შესაბამისად, დედის თ. მ-ს არყოფნის დროს იგი ბებიასთან იმყოფება ხშირად.

პალატის მოსაზრებით, მხოლოდ ის ფაქტი, რომ ი. ო-ე წარსულში ფლობდა უძრავ ქონებას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, რომელიც შემდგომ გაასხვისა, არ გამორიცხავს მოსარჩელის განსახლების გადაუდებელი საჭიროების არსებობას. ამასთან, ოჯახი 90-ანი წლებიდან ცხოვრობს ქალაქ თბილისში, მოსარჩელე მუშაობს ქალაქ თბილისში, მოსარჩელის შვილი სწავლობს ქალაქ თბილისში, ამდენად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მდებარე საცხოვრებელ სახლზე მითითება, რომელიც წარსულში იყო მოსარჩელის მეუღლის თანასაკუთრებაში, არამართებულია. პალატამ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, გადაუდებელი საჭიროების გამოსარიცხად აუცილებელია, რომ სახეზე იყოს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი, კერძოდ, სწორედ ხსენებული უძრავი ქონების არსებობა (რომელიც სადავო აქტის მიღების დროს იყო გასხვისებული და საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება მასზე დადებული გარიგების ბათილობასთან დაკავშირებით) უნდა გამორიცხავდეს თ. მ-სა და მისი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის გადაუდებელ საჭიროებას. პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მეუღლის მიერ დროის გარკვეულ მონაკვეთში უძრავი ქონების საკუთრებაში არსებობის ფაქტი, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე, თავისთავად არ წარმოადგენს მოსარჩელისა და მისი ოჯახის დროებით თავშესაფარს, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ი. ო-ე აღნიშნული უძრავი ქონების მხოლოდ თანამესაკუთრეს წარმოადგენდა და მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ შეფასებულა მოცემული უძრავი ქონების საცხოვრებლად ვარგისიანობა. შესაბამისად, დადგენილი ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ გამოირიცხება მოსარჩელისა და მისი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის გადაუდებელ საჭიროება, რამდენადაც საქმის მასალებით არ დასტურდება მოსარჩელის მიერ მისი მეუღლის თანასაკუთრებაში წარსულში არსებული ქონებით სარგებლობა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მაისის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

კასატორის მითითებით, საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, დევნილი ოჯახის გადაუდებელი განსახლების საჭიროების არარსებობის საფუძვლით, მოსარჩელის ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის კანონიერების შეფასება. კასატორი აღნიშნავს, რომ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის რიგითობის განსაზღვრისათვის პირები უნდა აკმაყოფილებდნენ ნორმატიულად განსაზაღვრულ წინაპირობებს. ამასთან, ბოლო ეტაპზე განიხილება იმ დევნილი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომლებიც არ საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას. ამრიგად, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად უპირატესობა ენიჭება დევნილთა იმ ოჯახებს, რომელთაც ალტერნატიული ფართი არ გააჩნიათ. კასატორი მიუთითებს საქმეში დაცულ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან ამონაწერებზე, რომელთა შესაბამისად, მოსარჩელის მეუღლის - ი. ო-ის თანასაკუთრებაში იყო უძრავი ქონება მდებარე - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, ს. ..., რომელიც ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა ძმას გ. ო-ეს, ამასთანავე, მოსარჩელის დედის - ე. მ-ის საკუთრებაშია უძრავი ქონება მდებარე - ქ. თბილისი, ... 3, კორპ N313, ასევე უძრავი ქონება მდებარე - ქ. თბილისი, ..., ... ქ. N8, რომელზე განთავსებული სამი მიწის ნაკვეთია მის საკუთრებაში, ერთ მათგანზე კი მდებარეობს 2014 წელს ნასყოდიბის ხელშეკრულების საფუძველზე შეძენილი ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი საერთო ფართით - 218 კვ.მ. კასატორის მითითებით, თ. მ-ას ოჯახს განსახლებაზე უარი ეთქვა სწორედ ალტერნატიული საცხოვრებლის არსებობიდან გამომდინარე გადაუდებელი განსახლების საჭიროების არარსებობის გამო. 2020 წლის 11 დეკემბერს მოსარჩელის მიერ აპლიკაციაში მითითებულ ფაქტობრივ მისამართზე - ქ. თბილისი, ..., ... ქ. N20, მე-8 მ/რ - განხორციელდა მონიტორინგი. მონიტორინგის ფორმიდან ირკვევა, რომ მისამართზე იმყოფებოდა ი. ო-ე, მოსარჩელის მეუღლე, რომელთანაც შედგა გასაუბრება. ი. ო-ის განმარტებით, თ. მ-ა მონიტორინგის დროს იმყოფებოდა სამსახურში, არასრულწლოვანი შვილი ლ. ს-ა კი იმყოფებოდა ბებიასთან - ე. მ-იასთან, ... ქუჩაზე ბებიის საკუთრებაში. ი. ო-ის განმარტებით, აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობენ 2019 წლიდან. მოსარჩელე მანამდე ცხოვრობდა დედის საკუთრებაში ... ქუჩაზე. მოსარჩელის მეუღლის მშობლები და და-ძმა ცხოვრობენ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ს. ... თ. მ-ას დედას აქვს სამი მიწის ნაკვეთი, რომელთაგან ერთ-ერთზე ... ქ. N8-ში ცხოვრობს თავად. იმავე დღეს დამატებითი მოკვლევის მიზნით მონიტორინგის სამსახური გამოცხადდა მოსარჩელის დედის - ე. მ-ის მისამართზე: ქ. თბილისი, ... ქ. N8. მისამართზე იმყოფებოდა თავად ე. მ-ია, რომელმაც უარი განაცხადა ოქმის შედგენაზე და ფოტოსურათების გადაღებაზე. 2021 წლის 9 თებერვალს მოსარჩელის მისამართზე განხორციელდა მონიტორინგი. მისამართზე იმყოფებოდა თ. მ-ა მეუღლესთან ერთად, შვილი ლ. ს-ა კვლავ იმყოფებოდა ბებიასთან. კასატორის მითითებით, სწორედ ზემოაღნიშნულ მასალებზე დაყრდნობით ეთქვა უარი მოსარჩელის ოჯახს გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 2 აპრილის N19 სხდომის ოქმში მითითებულია, რომ „ამ ეტაპზე განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენს მეუღლის ალტერნატიული საცხოვრებლის გამო (დააკლდა სიღარიბის მაჩვენებელი 3 ქულა)“. კასატორი აღნიშნავს, რომ მართალია სახელმწიფოს ვალდებულებას წარმოადგენს დევნილ ოჯახთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა, თუმცა მატერიალური და ფინანსური რესურსების მოცულობიდან და სახელმწიფოს ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობა რიგითობას განსაზღვრავს გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, აღნიშნული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, შესაბამისი პრიორიტეტულობის საფუძველზე. მართალია დევნილი ოჯახის მიერ დაგროვილი ქულათა რაოდენობა საკმარისია საცხოვრებელი ფართით დაკამაყოფილებისათვის, მაგრამ დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია, რომელიც საკითხს განიხილავს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, პირველ რიგში ამოწმებს მათ საცხოვრებელ პირობებს, ცხოვრობენ თუ არა ისინი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის ქვეშ. გააჩნიათ თუ არა მათ საცხოვრებელი საიდანაც ისინი უნდა გავიდნენ და დატოვონ და ფაქტიურად რჩებიან საცხოვრებლის გარეშე. მოცემულ შემთხვევაში დევნილი ოჯახი არც სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველ საცხოვრებელში ცხოვრობს და არც თავშესაფრის გარეშე დარჩენა ემუქრება უახლოეს მომავალში. ამიტომ, პირველ რიგში, საცხოვრებლით უნდა დაკმაყოფილდნენ ის ოჯახები, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის მომეტებული სართხის ქვეშ, ის ოჯახები, რომლებიც საერთოდაც თავშესაფრის გარეშე არიან დარჩენილები და სხვაზე მეტად საჭიროებენ სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას და შემდგომ ის ოჯახები, რომელთაც მართალია აქვთ საკმარისი ქულათა რაოდენობა საცხოვრებლის მისაღებად, მაგრამ ამ ეტაპისათვის სასწრაფო განსახლებას არ საჭიროებენ და გააჩნიათ საცხოვრებელი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია). დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით (ძალადაკარგულია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის N01-30/ნ ბრძანებით) დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ შესაბამისად. აღნიშნული წესის (როგორც სადავო პერიოდში, ისე ამჟამად მოქმედი რედაქციით) მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დევნილთა საჭიროებების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით განისაზღვრება, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, რა რიგითობით მოხდება საცხოვრებელი ფართის შეთავაზება, ხოლო მე-5 პუნქტის მიხედვით, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები განსაზღვრულია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ N6 დანართისა და „სოციალური კრიტერიუმის“ N7 დანართის შესაბამისად.

დადგენილია, რომ თ. მ-ას 2020 წლის 14 სექტემბრის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმით მიენიჭა 7.50 ქულა (C1.1 საცხოვრებლის ფინანსური პირობების კრიტერიუმში (ცხოვრობს ნათესავის /ახლობელის ოჯახთან ერთად) – 1.50, სოციალური კრიტერიუმი 30001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულით - 3.00, შშმ პირები, მკვეთრად გამოხატული - 3.00). შეფასების ელექტრონული ფორმის კრიტერიუმების შეფასების განყოფილებაში ასევე მითითებულია შენიშვნის სახით, რომ განმცხადებელს სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავს დედა, ძმა და შვილი. განაცხადს აკეთებს შვილთან და არადევნილ მეუღლესთან ი. ო-ესთან ერთად. განმცხადებლის მეუღლეს თანასაკუთრებით გააჩნდა ორი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობით. 2020 წლის 10 თებერვლის ამონაწერით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან ზემოაღნიშნული უძრავი ქონების თანამესაკუთრედ აღარ ფიქსირდება მოსარჩელის მეუღლე (მის: ლანჩხუთი, სოფელი ...). დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 20 აპრილის №03-1024/ო ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 2 აპრილის №19 სხდომის ოქმის საფუძველზე, თ. მ-ს, მეუღლის ალტერნატიული საცხოვრებლის არსებობიდან გამომდინარე, განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, უარი ეთქვა მიმდინარე ეტაპზე გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე, დააკლდა სიღარიბის მაჩველებელი 3 ქულა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარი დევნილ ოჯახს არ შეიძლება ეთქვას გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო მაშინ, როდესაც საქმეში არ მოიპოვება აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ გადაუდებელი საჭიროების გამოსარიცხად აუცილებელია, რომ სახეზე იყოს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი, კერძოდ, სწორედ მოსარჩელის მეუღლის თანასაკუთრებაში უძრავი ქონების წარსულში არსებობა უნდა გამორიცხავდეს თ. მ-ას საცხოვრებლით უზრუნველყოფის გადაუდებელ საჭიროებას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან 2020 წლის 10 თებერვლის ამონაწერით მოსარჩელის მეუღლის თანასაკუთრებაში წარსულში არსებული უძრავი ქონება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ..., აღარ ირიცხება ი. ო-ის თანასაკუთრებაში. ხსენებული ქონების თანამესაკუთრეებად ირიცხებიან თ., ხ., გ. ო-ეები და ქ. კ-ა. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მოსარჩელის მეუღლის მიერ დროის გარკვეულ მონაკვეთში უძრავი ქონების საკუთრებაში არსებობის ფაქტი, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე, თავისთავად არ წარმოადგენს მოსარჩელისა და მისი ოჯახის დროებით თავშესაფარს, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ი. ო-ე აღნიშნული უძრავი ქონების მხოლოდ თანამესაკუთრეს წარმოადგენდა. ყურადსაღებია ისიც, რომ მოსარჩელის შვილს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, არის ინსულინდამოკიდებული, ამასთანავე, მოსარჩელე დასაქმებულია ქალაქ თბილისში, ამდენად მოსარჩელე შვილთან ერთად ყოველდღიური ყოფა-ცხოვრებით დაკავშირებულია ქალაქ თბილისთან, დევნილ ოჯახს არანაირი კავშირი არ აქვს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მდებარე უძრავ ქონებასთან, რომელიც არ წარმოადგენს თ. მ-ას ოჯახის დროებით თავშესაფარს და შესაბამისად, არ გამორიცხავს მისი საცხოვრებლით უზრუნველყოფის გადაუდებელ საჭიროებას, რამდენადაც საქმის მასალებით არ დასტურდება მოსარჩელის მიერ ამ ქონებით სარგებლობა.

კასატორი მიუთითებს იმ გარემოებაზეც, რომ განმცხადებლის დედას ე. მ-ას გააჩნია 3 სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, რომელთაგან ერთზე განთავსებულია შენობა-ნაგებობები (მის: ქალაქი თბილისი, ..., ... ქ.№8). იმ პირობებში, როდესაც სადავო აქტი გამოცემულია მოსარჩელის მეუღლის ალტერნატიული საცხოვრებლის არსებობის საფუძვლით, საკასაციო პალატა თვლის, რომ საფუძველსაა მოკლებული მოსარჩელის დედის საკუთრებაში არსებული ქონების თ. მ-ას ალტერნატიულ საცხოვრებლად მიჩნევის შესახებ საკასაციო პალატის მსჯელობა, რამეთუ აღნიშნული არ წარმოადგენს მოცემული დავის ფარგლებში შესაფასებელ საკითხს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ბიძინა სტურუა

გენადი მაკარიძე