დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
#115აგ-12 10 დეკემბერი, 2012 წელი
ო-ე ხ, 115აგ-12 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ხ. ო-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 25 ოქტომბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თელავის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის განაჩენით:
დაკმაყოფილდა კახეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ ზ. ჯ-ს შუამდგომლობა.
დამტკიცდა კახეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ ზ. ჯ-ა და ბრალდებულ ხ. ო-ს შორის (მისი დამცველის მონაწილეობით) გაფორმებული საპროცესო შეთანხმება.
ხ. ო-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 8 წელი მას განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 4 წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით. ხ. ო-ს სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან – 2010 წლის 20 ნოემბრიდან.
მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო და საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
2012 წლის 8 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ხ. ო-მ, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო – „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ 2012 წლის 22 მაისის საქართველოს კანონის ძალაში შესვლის საფუძველზე ითხოვა ზემოაღნიშნული განაჩენის გადასინჯვა და სასჯელის შემსუბუქება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 25 ოქტომბრის განაჩენით შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და თელავის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის განაჩენი შეიცვალა, კერძოდ: ხ. ო-ს ქმედება სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის `ა~ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა იმავე მუხლის 1-ლ ნაწილზე. ხ. ო-ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში შეუმცირდა სასჯელის ზომა და განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 7 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 4 წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 7 დეკემბრის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 25 ოქტომბრის განაჩენი ხ. ო-ს მიმართ დაზუსტდა და განაჩენის სარეზოლუციო ნაწილს დაემატა შემდეგი შინაარსის აბზაცი: „თელავის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული ხ. ო-ე ითხოვს მის მიმართ დანიშნული სასჯელის შემცირებას მინიმუმამდე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს გადასასინჯი გადაწყვეტილების სამართლიანობაზე. საპროცესო კოდექსის ამ მოთხოვნებიდან და სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, მსჯავრდებულს უნდა შეუმცირდეს სასჯელი იმ შემთხვევაში, როდესაც მისთვის დანიშნული სასჯელის ზომა აღემატება ახალი კანონით დადგენილი სასჯელის ზომის მაქსიმუმს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, თუკი დანიშნული სასჯელი ახალი კანონის სანქციის ფარგლებშია, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, შეამციროს მისი ზომა.
ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის `დ~ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ხ. ო-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 25 ოქტომბრის განაჩენი ხ. ო-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
გ. შავლიაშვილი