დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 01.11.2022
საქმის ნომერი
ბს-666(კ-21)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
01.11.2022

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-666(კ-21) 1 ნოემბერი, 2022 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები - საქართველოს გენერალური პროკურატურა; ბათუმის რაიონული პროკურატურა

მოწინააღმდეგე მხარე - ნ. ბ-ე

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 17 მაისის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2019 წლის 26 მარტს ნ. ბ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს გენერალური პროკურატურისა და ბათუმის რაიონული პროკურატურის მიმართ.

მოსარჩელემ ბათუმის რაიონული პროკურატურის 2018 წლის 14 დეკემბრის ნ. ბ-ის შეფასების ოქმის, ,,პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების საბოლოო შედეგების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2019 წლის 23 აპრილის N60-გ ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის, ნ. ბ-ის შეფასების თაობაზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი ბათუმის რაიონული პროკურატურის 2018 წლის 14 დეკემბრის ნ. ბ-ის შეფასების ოქმი და ,,პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების საბოლოო შედეგების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2019 წლის 23 აპრილის N60-გ ბრძანება. მოპასუხეს - ბათუმის რაიონულ პროკურატურას დაევალა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე ნ. ბ-ის შეფასებასთან დაკავშირებით; სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ და ბათუმის რაიონულმა პროკურატურამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 17 მაისის განჩინებით ბათუმის რაიონული პროკურატურისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ და ბათუმის რაიონულმა პროკურატურამ.

კასატორის განმარტებით, ნ. ბ-ე მუშაობდა ... და წარმოადგენდა საქართველოს პროკურატურაში დასაქმებულ პროფესიულ საჯარო მოხელეს. მისი შეფასება განხორციელდა საქართველოს მთავარი პროკურორის 2018 წლის 10 მაისის №73-მ ბრძანებით დამტკიცებული ფორმის მიხედვით. შეფასების ფორმა, ერთი მხრივ, შევსებულ იქნა თავად ნ. ბ-ის, მეორე მხრივ, უშუალო უფროსის ბათუმის რაიონული პროკურორის გ. ბ-ის მიერ. ნ. ბ-ის შეფასება განხორციელდა კომპეტენციების შესაბამისად, რაც წარმოადგენს ცოდნის, უნარ-ჩვევების და გამოცდილების ერთობლიობას და რომელიც ვლინდება გარკვეულ ორგანიზაციულ ქცევაში და გავლენას ახდენს სამუშაოს შესრულების ხარისხზე. 2018 წლის 14 დეკემბერს ნ. ბ-ე გაეცნო შეფასებას, არ დაეთანხმა მას და ხელის მოწერაზე განაცხადა უარი. 2018 წლის 21 დეკემბერს, ნ. ბ-ემ სამსახურებრივი ფოსტის ელექტრონული წერილით მიმართა საქართველოს მთავარი პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსს. აღნიშნულის საფუძველზე 2018 წლის 26 დეკემბერს ნ. ბ-ესთან ჩატარდა გასაუბრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორის, ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსის და ბათუმის რაიონული პროკურორის მონაწილეობით. 2018 წლის 29 დეკემბერს მოსარჩელემ ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსს სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტით წარუდგინა მის მიერ 2018 წლის 14 დეკემბრის შეფასებასთან დაკავშირებული კომენტარები. ნ. ბ-ის როგორც პროფესიული საჯარო მოხელის 2018 წლის 14 დეკემბერს შეფასების, 2018 წლის 26 დეკემბერს ჩატარებული გასაუბრების და ასევე მოსარჩელის მიერ 2018 წლის 29 დეკემბერს წარდგენილი კომენტარების შეფასების შედეგად საქართველოს მთავარი პროკურორის მიერ 2019 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. ბ-ის 2018 წლის შეფასება (1.9 ქულა დამაკმაყოფილებელი) დარჩა უცვლელი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორს მიაჩნია, რომ ნ. ბ-ის შეფასება განხორციელდა კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, შეფასების აქტი გამოცემულ იქნა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებისა და გაწეული სამუშაოს შესწავლის შედეგად, ყველა იმ კრიტერიუმის შეფასების სახით, რომელსაც საქართველოს პროკურატურის პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების ფორმა ითვალისწინებს. შესაბამისად, სასამართლოს მითითება, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს არ დაუდგენია ფაქტობრივი გარემოებები უსაფუძვლო იყო.

კასატორის განმარტებით, შეფასების ფორმაში შეფასების დასაბუთება და კონკრეტული მაგალითების მითითება, როგორც უშუალო ხელმძღვანელის ისე მოხელის მიერ არ არის სავალდებულო. შესაბამისად, დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა, რომ ცალკეულ შეთხვევაში ხელმძღვანელის კომენტარი ან ბუნდოვანი ან არარელევანტურია, ხოლო რიგ შემთხვევებში ზოგადი ხასიათის. ამავდროულად წინააღმდეგობრივია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, როდესაც აღნიშნავს, რომ, მართალია, შეფასების ფორმა სავალდებულოდ არ მიიჩნევს უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან თითოეულ შემთხვევაში კომენტარის გაკეთების საჭიროებას, თუმცა იმ პირობებში, როდესაც მოხელეს ყველაზე დაბალი შეფასება მიღებული აქვს ეფექტიანი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარებში, სწორედ აღნიშნული კომპონენტები არ შეიცავს რაიმე სახით დამატებით დასაბუთებას. ამდენად, თუ სასამართლო იზიარებს იმას, რომ შეფასების ფორმა არ ითვალისწინებს დასაბუთებისა და კომენტარის სავალდებულო სახეს, რა სამართლებრივ ნორმაზე დაყრდნობით მიიჩნევს, რომ კონკრეტული უნარების, ამ შემთხვევაში ეფექტიანი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის შეფასება საჭიროებს დამატებით დასაბუთებას, ხოლო მისი არარსებობის პირობებში გამოუკვლეველ გარემოებას წარმოადგენს.

კასატორის მოსაზრებით, გაუგებარია სასამართლოს განმარტება, რომ მოხელის პროფესიული შეფასების მიზანს წარმოადგენს მისი პროფესიული ცოდნის და კვალიფიკაციის დონის შემოწმება და განსაზღვრა, ხოლო მოხელის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შეუსრულებლობა, არაჯეროვანი შესრულება ან ეთიკის დარღვევა, ასეთის არსებობის შემთხვევაში შეიძლება გახდეს მის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების და არა უარყოფითი პროფესიული შეფასების საფუძველი. აღსანიშნავია, რომ სადავოდ ქცეულ 2018 წლის 14 დეკემბერის შეფასების აქტში ყველა ის კომპონენტია შეფასებული შესაბამისი ქულით, რომელიც გათვალისწინებულია ამავე აქტში.

კასატორი ასევე არ ეთანხმება სასამართლოს მითითებას, რომ მხოლოდ და მხოლოდ წერილობით დოკუმენტებზე დაყრდნობით უნდა განხორციელდეს შეფასება, ვინაიდან, თავად ,,პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესისა და პირობების შესახებ“ მთავრობის დადგენილების მე-11 მუხლის პირველი პუნქტში მოხელის შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმს სწორედ მოხელის უნარ-ჩვევების შეფასება წარმოადგენს. შეფასების ფორმაში ასევე მითითებულია ინფორმაცია ნ. ბ-ის სამუშაო დატვირთვის შესახებ, რაც სწორედ მის მიერ შესრულებული სამუშაოს ანალიზსა და სტატისტიკურ მონაცემს წარმოადგენს. შესაბამისად, უსაფუძვლოა სასამართლოს მითითება, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარმოუდგენია დოკუმენტები, რომლის შესწავლისა და ანალიზის საფუძველზეც შედგა შეფასება.

კასატორის განმარტებით, ნ. ბ-ეს არ გაუხდია სადავოდ შეფასების ფორმა მტკიცებულებების თვალსაზრისით, საქმის მასალებით დგინდება, რომ ნ. ბ-ე სადავოდ ხდის და მიიჩნევს, რომ კონკრეტული კრიტერიუმი შეფასდა ნაკლები ქულით, ვიდრე თავად მიიჩნევს და არა იმ კუთხით რომ რაიმეს წერილობითი მტკიცებულება უნდა შეფასებულიყო ან შეფასდა არასწორად.

კასატორის განმარტებით, ასევე არარელევანტურია სააპელაციო სასამართლოს მითითება ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 59-ე მუხლის პირველი პუნქტზე და 107-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტზე, ვინაიდან სარჩელი არ უკავშირდება მოხელის არადამაკმაყოფილებელი შეფასების მიღებას. ნ. ბ-ე შეფასდა დამაკმაყოფილებლად, რაც მისი შრომითი უფლების რაიმე სახით შეზღუდვას არ იწვევდა/იწვევს. ასევე არამართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, იმასთან მიმართებაში, რომ საჯარო მოხელის შეფასება განეკუთვნება უფლებამოსილი პირის დისკრეციულ უფლებამოსილებას, ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში, უშუალო უფროსის მიერ საჯარო მოხელის შეფასების ვალდებულება მოწესრიგებულია ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართვლოს კანონითა და ,,პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 აპრილის №220 დადგენილებით, აღნიშნული სამართლებრივი აქტები განსაზღვრავს შეფასების შესაბამის პროცედურებსა და შეფასების სუბიექტთა უფლება-მოვალეობებს. მოცემულ შემთხვევაში კანონით დადგენილი - საუკეთესო, კარგი, დამაკმაყოფილებელი, არადამაკმაყოფილებელი შეფასებიდან, რომელიმეს არჩევის შესაძლებლობას კი არ ანიჭებს უშუალო უფროსს კანონმდებელი, არამედ შეფასების მეთოდოლოგიის გათვალისწინებით კონკრეტული კომპონენტების შეფასების არითმეტიკული ჯამი იწვევს მოხელის შესაბამისი შეფასების მიღებას.

ამასთან, განსახილველ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ ნ. ბ-ის მიერ მიღებული დამაკმაყოფილებელი შეფასება არ წარმოშობდა/წარმოშობს მისთვის საჯარო სამსახურში მუშაობის გაგრძელების ან სხვა საჯარო დაწესებულებაში გადასვლის ან/და საჯარო დაწესებულებაში ხელახლა მუშაობის დაწყების შემაფერხებელ გარემოებას. თავად ის ფაქტი, რომ სუბიექტურად პირი მიიჩნევს, რომ მას ეკუთვნის უფრო მაღალი შეფასება და დამაკმაყოფილებელმა შეფასებამ შესაძლოა, გავლენა იქონიოს შემდგომში დამსაქმებელზე, კანონმდებლობით გათვალისწინებულ იურიდიულ ინტერესს არ წარმოადგენს.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად, წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს გენერალური პროკურატურისა და ბათუმის რაიონული პროკურატურის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურისა და ბათუმის რაიონული პროკურატურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანია ბათუმის რაიონული პროკურატურის 2018 წლის 14 დეკემბრის ნ. ბ-ის შეფასების ოქმის, ,,პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების საბოლოო შედეგების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2019 წლის 23 აპრილის N60-გ ბრძანების კანონიერების შემოწმება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ნ. ბ-ე 2011 წლიდან მუშაობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურაში ...ის პოზიციაზე და 2018 წლის 14 დეკემბერს ბათუმის რაიონულმა პროკურორმა იგი შეაფასა ზემოთ მითითებული ნორმების საფუძველზე, ხოლო შეფასება მოიცავდა 2018 წლის 01 იანვრიდან, 2018 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდს. ამასთან, შეფასების ფორმით დასტურდება, რომ მოსარჩელე 2017 წლის სექტემბრიდან 2018 წლის მაისის ჩათვლით იმყოფებოდა დეკრეტულ შვებულებაში. მოხელის შეფასების საბოლოო ქულად განისაზღვრა 1.9 ქულა (დამაკმაყოფილებელი შეფასება).

ასევე დადგენილია, რომ ბათუმის რაიონული პროკურატურის 2018 წლის 14 დეკემბრის ნ. ბ-ის შეფასების ოქმი მოხელის მიერ გასაჩივრდა 2018 წლის 21 დეკემბერს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორთან. 2018 წლის 26 დეკემბერს, ნ. ბ-ის საჩივართან დაკავშირებით, ჩატარდა განმეორებითი გასაუბრება და დოკუმენტური მასალის განმეორებითი შეფასება. გასაუბრებაში მონაწილეობა მიიღეს: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორმა, გენერალური პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, ბათუმის რაიონულმა პროკურორმა და მოსარჩელემ - ნ. ბ-ემ. განმეორებით გასაუბრებაზე განხილულ იქნა სადავოდ გამხდარი შეფასების ფორმა, ასევე, ნ. ბ-ის მიერ გამოხატულ იქნა საკუთარი მოსაზრებები, ასევე წარდგენილი იქნა კომენტარები წერილობითი სახით, თუმცა საქართველოს გენერალური პროკურორის 2019 წლის 23 აპრილის N60-გ ბრძანებით უცვლელად დარჩა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის მრჩევლის ...ის (საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის) ნ. ბ-ის 2018 წლის შეფასება და განისაზღვრა 1.9 ქულა, დამაკმაყოფილებელი შეფასება.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მოხელის შეფასების საკითხებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლთან ერთად არეგულირებს „პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 აპრილის №220 დადგენილება, რომლის მიხედვით, შეფასების მიზანს წარმოადგენს მოხელის კარიერული განვითარების, პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლების, წახალისების, პროფესიული განვითარების საჭიროებებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სამართლებრივი შედეგების წარმოშობის წინაპირობების დადგენა, ასევე, საჯარო დაწესებულების ორგანიზაციული განვითარება. შესაბამისად, შეფასება ემსახურება თითოეული მოხელის შესაძლებლობებისა და, იმავდროულად, საჭიროებების გამოვლენას, მისი როგორც ინდივიდუალური და ასევე, საჯარო დაწესებულების ორგანიზაციული მთლიანობის შემადგენელი ნაწილის განვითარების დაგეგმვას. შეფასების აუცილებლობის მნიშვნელობა და მისი ხარისხი პირდაპირ პროპორციულია პროფესიონალი, კვალიფიციური, მოტივირებული, საჯარო სამსახურის პრინციპებისა და ღირებულებების ერთგული, ინიციატივიანი და შემოქმედი პერსონალის არსებობა. შეფასება ემყარება კანონიერების, სამართლიანობის, ობიექტურობის, გამჭვირვალობის, მიუკერძოებლობის, ინტერესთა შეუთავსებლობის დაუშვებლობის, ნდობის, საჯარო დაწესებულებისა და მოხელის ინტერესთა თანაზომიერების დაცვის პრინციპებს და არ წარმოადგენს ერთჯერად აქტს, მხოლოდ ვალდებულებას და ერთი პირის პასუხისმგებლობას. ის უწყვეტი პროცესია, რომელიც უნდა წარიმართოს მუდმივად, მთელი წლის განმავლობაში და მოითხოვს პროცესში მონაწილე ყველა სუბიექტის მაქსიმალურ ჩართულობას. შეფასებას ექვემდებარება ყველა იერარქიული რანგის თანამდებობაზე დასაქმებული მოხელე. მოხელეს აფასებს მისი უშუალო ხელმძღვანელი. სწორედ ის არის პასუხისმგებელი მოხელის საბოლოო შეფასების შედეგზე, რომელსაც უნდა მოჰყვეს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგი. სხვა ნებისმიერი პირი, რომელიც, შეფასების კონკრეტული მეთოდიდან გამომდინარე, ჩაერთვება შეფასების პროცესში, უფლებამოსილია მხოლოდ უშუალო შემფასებლისათვის ინფორმაციის მიწოდებაზე და რაიმე სავალდებულო გავლენას ვერ მოახდენს საბოლოო შედეგზე. შეფასებას ექვემდებარება როგორც მოხელე, ასევე მის მიერ შესრულებული სამუშაო შესაფასებელი პერიოდის განმავლობაში. მოხელისა და მის მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასება შესაძლებელია განხორციელდეს მისი ფუნქციების, კომპეტენციების, უნარ-ჩვევების, ქცევის წესების ან/და განხორციელებული მიზნებისა და ამოცანების მიხედვით, რომელიც მთლიანობაში ქმნის შეფასების საგანს და თითოეული ცალ-ცალკე წარმოადგენს შეფასების კომპონენტს. მოხელისა და მის მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასება შესაძლებელია განხორციელდეს მისი ფუნქციების, კომპეტენციების, უნარ-ჩვევების, ქცევის წესების ან/და განხორციელებული მიზნებისა და ამოცანების მიხედვით, რომელიც მთლიანობაში ქმნის შეფასების საგანს და თითოეული ცალ-ცალკე წარმოადგენს შეფასების კომპონენტს.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და მისგან გამომდინარე კანონქვემდებარე აქტებით დეტალურად არის დადგენილი შეფასების პროცედურული წესები და პირობები, თუმცა მაინც შეზღუდულია ის ჩარჩო რეგულაციები, რომლებიც სავალდებულოა საჯარო დაწესებულებებისათვის. ისინი ინარჩუნებენ თავისუფლებას შეფასების მეთოდის არჩევისას, რომელიც მთლიანად განაპირობებს შეფასების პროცესის შინაარსობრივ მხარეს და კომპლექსურობას. სწორედ შეფასების მეთოდი განსაზღვრავს შეფასების საგანს, პროცესში ჩართულ პირებს და შეფასების პერიოდულობას. საკითხის სპეციფიკისა და მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, შეფასების მეთოდთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი იღებს ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელ ერთეულსა და შესაფასებელი მოხელის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთან კონსულტაციების საფუძველზე („პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 აპრილის №220 დადგენილება, მუხლი 13).

,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად კი, შეფასება შესაძლებელია შემდეგი ოთხდონიანი სისტემით: ა) საუკეთესო შეფასება – მოვალეობა ან/და მოსალოდნელზე მეტი სამუშაო საუკეთესოდ შესრულდა, მოხელე მკვეთრად გამოირჩევა შედეგებით ან/და პროფესიული უნარ-ჩვევებით; ბ) კარგი შეფასება – მოვალეობა კარგად შესრულდა, მოხელის შედეგები ან/და პროფესიული უნარ-ჩვევები სტაბილურად შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს; გ) დამაკმაყოფილებელი შეფასება – მოვალეობა ნაწილობრივ კარგად შესრულდა და გაუმჯობესებას საჭიროებს, მოხელე არსებითად არ გამოირჩევა პროფესიული უნარ-ჩვევებით; დ) არადამაკმაყოფილებელი შეფასება – მოვალეობა არ შესრულდა, მოხელის შედეგები ან/და პროფესიული უნარ-ჩვევები არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს. ამასთან, მოხელის შეფასება ხდება დოკუმენტური მასალების შეფასებით და მოხელესთან გასაუბრებით.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მოხელის შეფასებისათვის ნებისმიერი მეთოდის არჩევის შემთხვევაში, შეფასება ხდება მოხელის ფუნქციების, კომპეტენციების, უნარ-ჩვევების, ქცევის წესების ან/და მის მიერ განხორციელებული მიზნებისა და ამოცანების (კომპონენტების) შეფასების შედეგების შესაბამისად. აუცილებელია შეფასება განხორციელდეს დოკუმენტური მასალის შეფასებითა და მოხელესთან გასაუბრებით. დოკუმენტურ მასალაში იგულისხმება საჯარო დაწესებულებაში არსებული და შეფასების კომპონენტებთან დაკავშირებული ნებისმიერი ტიპის დოკუმენტაცია, იქნება ეს მომზადებული კორესპონდენცია, სამართლებრივი აქტების პროექტები, შევსებული კითხვარები თუ სამოქმედო გეგმები, ხოლო გასაუბრება წარმოადგენს შეფასების პერიოდის ბოლოს, მოხელესა და მის უშუალო უფროსს შორის დოკუმენტური მასალის ანალიზის პროცესს, რომლის დროსაც უნდა შემოწმდეს მოხელის ის უნარები ან მის მიერ მიღწეული ისეთი შედეგები, რომელთა შემოწმება ან გამოვლენა, მხოლოდ დოკუმენტური მასალის ანალიზით შეუძლებელია („პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 აპრილის №220 დადგენილება, მუხლი 11).

საქმეში წარმოდგენილი შეფასების ფორმიდან ირკვევა, რომ ნ. ბ-ემ 2018 წლის ივნისიდან 2018 წლის ნოემბრის ჩათვლით მომსახურება გაუწია 276 მოქალაქესა და შეასრულა 634 აქტივობა. ამავე ფორმის მიხედვით, უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაკეთებული კომენტარებიდან ირკვევა, რომ მას გააჩნია სამუშაოს შესრულებისთვის აუცილებელი ცოდნა, მოტივირებულია და ორიენტირებულია შედეგზე, თუმცა სამუშაოს შესრულების დროს ხშირად არღვევს დისციპლინას, სამსახურში ცხადდება დაგვიანებით და სტრესულ ვითარებაში, ხშირ შემთხვევაში, არაადეკვატურად რეაგირებს. რაც შეეხება მართვის უნარებთან დაკავშირებულ კომპონენტებს, მის მიერ დაკავებული თანამდებობიდან გამომდინარე იგი არ ახორციელებდა მმართველობით ფუნქციებს, რის გამოც არ ექვემდებარებოდა შეფასებას. ამასთან, უდავოა, რომ მართვის უნარების კომპონენტის ქულები გათვალისწინებული არ ყოფილა და გავლენა არ მოუხდენია მოხელის საბოლოო ქულის (1.9) ფორმირებაზე საშუალო არითმეტიკული (ქულათა ჯამი შეფარდებული კომპონენტთა რაოდენობაზე) თვალსაზრისით გაანგარიშების დროს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საჯარო მოხელის შეფასების ნორმატიულ დონეზე გაწერილი სავალდებულოობა ემსახურება იმას, რომ მოხდეს გამჭვირვალე, მიუკერძოებელი და არადისკრიმინაციული გადაწყვეტილების მიღება, შესაბამისად, საჯარო მოხელის შეფასება განეკუთვნება უფლებამოსილი პირის დისკრეციულ უფლებამოსილებას და სასამართლო არ არის უფლებამოსილი გადაამოწმოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა. სასამართლო უფლებამოსილია განსაზღვროს, არის თუ არა შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებაში, შეამოწმოს, რამდენად დასაბუთებულია ამ უფლებამოსილების გამოყენება, ხომ არ არის დარღვეული კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი. კომისიის თითოეული წევრის შეფასება კონკურსანტთან მიმართებაში, პროფესიული გამოცდილების, კვალიფიკაციისა და კომპეტენციის შესაბამისობის მიხედვით, მათი სხვა აქტივობების, მიღწევების, დამსახურებისა და რეპუტაციის გათვალისწინებით, განეკუთვნება მხოლოდ კომისიის დისკრეციას (სუსგ ბს-37-37(კ-18), 13.02.2018წ.).

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. ამდენად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი იმპერატიულად მოითხოვს, დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების დროს დაცული იყოს საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპი, რომლის შინაარსი მდგომარეობს საჯარო და კერძო ინტერესების თანაზომიერ გაწონასწორებასა და მათ მართლზომიერ დაბალანსებაში.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით და ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციის ფარგლებში, უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, ვინაიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. აღნიშნული ნორმების სტრუქტურული შინაარსი გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან გადაწყვეტილებების მიღებისას, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში იმ სამართლებრივი და ფაქტობრივი წინამძღვრების მითითების ასახვის ვალდებულებას, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. ამგვარად, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამოცემული უფლების მზღუდავი სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს იმგვარ დასაბუთებას, რომ მხარისათვის ნათელი და განჭვრეტადი იყოს, რა მოტივით და რა საფუძვლით იქნა იგი შეფასებული ,,დამაკმაყოფილებლად“, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მართალია, შეფასების ფორმა სავალდებულოდ არ მიიჩნევს უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან თითოეულ შემთხვევაში კომენტარის გაკეთების საჭიროებას, თუმცა იმ პირობებში, როდესაც მოხელეს ყველაზე დაბალი შეფასება მიღებული აქვს ეფექტიანი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარებში, სწორედ აღნიშნული კომპონენტები არ შეიცავს რაიმე სახით დამატებით დასაბუთებას. ასევე ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარმოუდგენია კონკრეტული დოკუმენტები, რომლის შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე შეფასდა მოსარჩელე.

საკასაციო სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის სხვადასხვა მუხლებიდან გამომდინარე, შეფასების ქულებს რამდენიმე შესაძლო სამართლებრივი შედეგი შეიძლება მოჰყვეს. ესენია: ა) მოხელისათვის კლასის მინიჭება; ბ) მოხელის წახალისება; გ) მოხელის პროფესიული განვითარების, მისი სწავლების საჭიროების განსაზღვრა; დ) მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, მოსარჩელის სარჩელისადმი იურიდიული ინტერესის არ არსებობის თაობაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობის შესახებ. სადავო საკითხის განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო სრულფასოვნად გამოეყენებინა მინიჭებული უფლებამოსილება და სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებაში მიეთითებინა საკითხის უარყოფითად გადაწყვეტისათვის ყველა არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებაზე.

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, შესაბამისად, საქართველოს გენერალური პროკურატურისა და ბათუმის რაიონული პროკურატურის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა

1. საქართველოს გენერალური პროკურატურისა და ბათუმის რაიონული პროკურატურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 17 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე