დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 15.02.2013
საქმის ნომერი
2კ-22-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
15.02.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№221-13 15 თებერვალი, 2013 წელი

კ-ი ა., 221-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ გ. ყ-ის

მსჯავრდებულ _ ა. კ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ა. კ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 21 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 3 ივლისის განაჩენით ა. კ-ი დაუსწრებლად ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

2013 წლის 15 იანვარს თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლ. ა-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ა. კ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 21 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ ა. კ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ ა. კ-ს გაუნახევრდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 3 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ სასჯელად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 21 იანვრის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ა. კ-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, ითხოვა განჩინებაში ცვლილების შეტანა და დანიშნული სასჯელის მოხდისაგან მთლიანად განთავისუფლება „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილი განეკუთვნებოდა მძიმე კატეგორიის დანაშაულს. შესაბამისად, მსჯავრდებულის მითითება, რომ იგი უნდა გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელისგან, ვინაიდან მის მიერ დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი სსკ-ის რედაქციით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება მიეკუთვნებოდა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, უსაფუძვლოა და ვერ იქნება გაზიარებული.

აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მიერ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-12 მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელის განახევრება კანონიერია და, შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 21 იანვრის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-12, 26-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ა. კ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 21 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

პ. სილაგაძე