განჩინება შეიცვალა

სისხლის სამართლის 15.02.2013
საქმის ნომერი
2კ-28-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
15.02.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№281-13 15 თებერვალი, 2013 წელი

კ-ი ნ., 281-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ მ. ლ-ის

ადვოკატ – მ. ნ-ის

მსჯავრდებულ _ ნ. კ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ნ. კ-ის საჩივრები გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 25 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გორის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 10 დეკემბრის განაჩენით ნ. კ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2008 წლის 11 ივნისიდან; მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა – 10000 ლარი და 5 წლით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი უფლებები.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 19 მარტის განაჩენით შეიცვალა: ნ. კ-ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიესაჯა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე 5 წლით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი უფლებები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 17 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მოცემულ საქმეზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით ნ. კ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა ამავე მუხლის 1–ლ ნაწილზე.

გორის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 30 ნოემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ნ. კ-ს „ამნისტიის შესახებ“ 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე გაუნახევრდა სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის, 3 თვისა და 5 დღის ვადით, რაც ასევე გაუნახევრდა „ამნისტიის შესახებ“ 2009 წლის 20 ნოემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე და საბოლოოდ მიესაჯა 1 წლით, 7 თვითა და 17 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2012 წლის 30 ნოემბრიდან.

2013 წლის 15 იანვარს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №15 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ნ. კ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.

გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 25 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ ნ. კ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ ნ. კ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 26 ოქტომბრის განაჩენითა და გორის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 30 ნოემბრის განჩინებით სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით საბოლოოდ მოსახდელად განსაზღვრული სასჯელი – 1 წლით, 7 თვითა და 17 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მიესაჯა 1 წლით, 2 თვითა და 25 დღით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 25 იანვრის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ნ. კ-მა საჩივრებით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, ითხოვა განჩინებაში ცვლილების შეტანა და განთავისუფლება იმ მოტივით, რომ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი ეხება დანიშნულ და არა – მოსახდელად დარჩენილ სასჯელს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–8 მუხლის 1–ლი პუნქტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან უნდა გათავისუფლდეს პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მის მიერ ჩადენილი ქმედება არ კვალიფიცირდება ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების გასაღების ნიშნით და, ამასთან, ის არ არის ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 33–ე თავით გათვალისწინებული ნარკოტიკული დანაშაულისა, რომელიც ასევე არ კვალიფიცირდებოდა გასაღების ნიშნით. იმის გათვალისწინებით, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით მსჯავრის დადებისას ნ. კ-ი იყო ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი, მასზე უნდა გავრცელდეს არა მე–8 მუხლის 1-ლი ნაწილის, არამედ მე–16 მუხლის მოქმედება და მას სასჯელი უნდა შეუმცირდეს ერთი მეოთხედით. შესაბამისად, გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 25 იანვრის განჩინებით ნ. კ-ისთვის თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 26 ოქტომბრის განაჩენითა და გორის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 30 ნოემბრის განჩინებით სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით საბოლოოდ მოსახდელად განსაზღვრული სასჯელის – 1 წლით, 7 თვითა და 17 დღით თავისუფლების აღკვეთის - ერთი მეოთხედით შემცირება კანონიერია. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ნ. კ-ს საბოლოოდ, ნაცვლად 1 წლით, 2 თვითა და 25 დღით თავისუფლების აღკვეთისა, უნდა განესაზღვროს 1 წლით, 2 თვითა და 20 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდაც უნდა აეთვალოს 2012 წლის 30 ნოემბრიდან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 25 იანვრის განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16, 26-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ნ. კ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 25 იანვრის განჩინებაში შევიდეს ცვლილება, კერძოდ:

ნ. კ-ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 26 ოქტომბრის განაჩენითა და გორის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 30 ნოემბრის განჩინებით სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით საბოლოოდ მოსახდელად განსაზღვრული სასჯელი – 1 წლით, 7 თვითა და 17 დღით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და განესაზღვროს 1 წლით, 2 თვითა და 20 დღით თავისუფლების აღკვეთა.

ნ. კ-ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალოს 2012 წლის 30 ნოემბრიდან.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ

№281-13 26 მარტი, 2013 წელი

კ-ი ნ., 281-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ 2013 წლის 15 თებერვალს მსჯავრდებულ ნ. კ-ის მიმართ გამოტანილ განჩინებაში დაშვებული უზუსტობის აღმოფხვრის თაობაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2013 წლის 15 თებერვალს მსჯავრდებულ ნ. კ-ის მიმართ გამოიტანა განჩინება, რომელშიც დაშვებულია უზუსტობა, კერძოდ:

პალატამ განჩინების როგორც სამოტივაციო, ისე სარეზოლუციო ნაწილებში მიუთითა, რომ ნ. კ-ის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

აღნიშნული წარმოადგენს საქართველოს სსსკ-ის 287-ე მუხლით გათვალისწინებულ უზუსტობას, რაც უნდა აღმოიფხვრას მითითებულ განჩინებაში.

პალატამ იხელმძღვანელა ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით, სსსკ-ის 287-ე მუხლის ,,ვ” პუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 15 თებერვალს მსჯავრდებულ ნ. კ-ის მიმართ გამოტანილ განჩინებაში გამოვლენილი უზუსტობა, კერძოდ:

განჩინების სამოტივაციო ნაწილის 1-ლი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო გასაჩივრებულ განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო“, ხოლო სამოტივაციო ნაწილის მეორე აბზაცი და სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ ნ. კ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს სსკ-ის 260-ე მუხლით დანიშნული სასჯელი - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა და მიესაჯოს 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის 2012 წლის 30 ნოემბრისთვის მოუხდელი ნაწილი - 3 წელი, 9 თვე და 11 დღე - ,,ამნისტიის შესახებ“ 2008 წლის 24 ნოემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე გაუნახევრდეს და მიესაჯოს 1 წლით, 10 თვითა და 20 დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ 2009 წლის 20 ნოემბრის საქართველოს კანონის შესაბამისად კვლავ გაუნახევრდეს და საბოლოოდ ნ. კ-ს სასჯელის სახით განესაზღვროს 11 თვითა და 10 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდაც აეთვალოს 2012 წლის 30 ნოემბრიდან.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

პ. სილაგაძე