დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№291-13 19 თებერვალი, 2013 წელი
ფ-ე ა 291-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)
პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი
სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის
პროკურორ - ნ. ჟ-ს
მსჯავრდებულ - ა. ფ-ს
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ა. ფ-ს საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 9 ივნისის განაჩენით დამტკიცდა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროს პროკურორ დ. ფ-ს, ბრალდებულის ინტერესების დამცველ ადვოკატ ი. შ-ა და განსასჯელ ა. ფ-ს შორის ბრალზე საპროცესო შეთანხმება.
ა. ფ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 273-ე მუხლით - ჯარიმა 10000 ლარი. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 20 ოქტომბრიდან.
მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო და საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
2013 წლის 15 იანვარს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №14 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ა. ფ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ ა. ფ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ ა. ფ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ა. ფ-მ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინებაში ცვლილების შეტანა იმ მოტივით, რომ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, იგი სრულად უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან უნდა გათავისუფლდეს პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მის მიერ ჩადენილი ქმედება არ კვალიფიცირდება ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების გასაღების ნიშნით და, ამასთან, ის არ არის ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 33-ე თავით გათვალისწინებული ნარკოტიკული დანაშაულისა, რომელიც ასევე არ კვალიფიცირდებოდა გასაღების ნიშნით.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ მსჯავრდებული ა. ფ-ე ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 4 სექტემბრის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით (ახალი რედაქცია) და სასჯელის ზომად შეეფარდა ჯარიმა - 2000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. აღნიშნული განაჩენი მსჯავრდებულმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 8 ნოემბრის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 4 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად. საქმეში წარმოდგენილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს 2013 წლის 12 თებერვლით დათარიღებული მომართვა, საიდანაც ირკვევა, რომ მათ წარმოებაშია ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ 2006 წლის 2 ოქტომბერს გაცემული სააღსრულებო ფურცელი, ხოლო ა. ფ-ს სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული თანხა არა აქვს გადახდილი და აღნიშნულ საქმეზე მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება.
ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 9 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მსჯავრის დადებისას ა. ფ-ე იყო ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი, მასზე უნდა გავრცელდეს არა მე-8 მუხლის 1-ლი ნაწილის, არამედ მე-16 მუხლის მოქმედება და მას სასჯელი უნდა შეუმცირდეს ერთი მეოთხედით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16, მე-18, 26-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ა. ფ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
გ. შავლიაშვილი