ამნისტიის საფუძველზე განთავისუფლდა

სისხლის სამართლის 15.02.2013
საქმის ნომერი
2კ-34-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
15.02.2013

გადაწყვეტილების ტექსტი

#1155ap_10 10 Tebervali, 2011 weli №341-13 15 თებერვალი, 2013 წელი

ა-ი ა., 341-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ გ. ყ-ის

ადვოკატ – ლ. გ-ის

მსჯავრდებულ _ ა. ა-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ა. ა-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 19 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 5 სექტემბრის განაჩენით ა. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ ა. ა-ს სასჯელის სახით განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 5 000 ლარი.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის შესაბამისად, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 22 თებერვლის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით და საბოლოოდ ა. ა-ს სასჯელის სახით განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 5 000 ლარი. იგი სასჯელს იხდის 2008 წლის 1 აპრილიდან.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №6 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ა. ა-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 19 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ ა. ა-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ ა. ა-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 5 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ სასჯელად განესაზღვრა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.იგი სასჯელს იხდის 2008 წლის 1 აპრილიდან..

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 19 იანვრის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ა. ა-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 19 იანვრის განჩინებაში ცვლილების შეტანა, კერძოდ: თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 22 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის განახევრება იმ მოტივით, რომ მას აღნიშნული განაჩენით ბრალად შერაცხული ქმედება არასრულწლოვანების ასაკში ჰქონდა ჩადენილი, ხოლო სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის - სასჯელისგან გათავისუფლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო გასაჩივრებულ განჩინებაში შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელი უნდა გაუნახევრდეს ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც არასრულწლოვანების ასაკში ჩაიდინა მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, გარდა დანაშაულისა, რომელმაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ა. ა-მა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ჩაიდინა არასრულწლოვანების ასაკში, ამასთან, იგი იყო ნასამართლობის არმქონე და მის მიერ ჩადენილ დანაშაულს არ მოჰყოლია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. შესაბამისად, მასზე უნდა გავრცელდეს ზემოაღნიშნული მუხლის მოთხოვნა.

რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით დანიშნულ სასჯელებს, პალატა აღნიშნავს, რომ ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 5 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით მსჯავრის დადებისას ა. ა-ი იყო განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლევი, მასზე ვერ გავრცელდება „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მოქმედება. შესაბამისად, მას აღნიშნული კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით დანიშნული სასჯელები.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ ა. ა-ს უნდა გაუნახევრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული პირობითი მსჯავრი - 3 წელი და განესაზღვროს 1 წელი და 6 თვე.

ა. ა-ს ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 5 სექტემბრის განაჩენით სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვროს 9 თვით თავისუფლების აღკვეთა; ასევე ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვროს 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელები უნდა შეიკრიბოს და განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც უნდა დაემატოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 22 თებერვლის განაჩენით დანიშნული და ამნისტიის შედეგად განახევრებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წელი, 6 თვე და საბოლოოდ ა. ა-ს სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც იხდის 2008 წლის 1 აპრილიდან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-2, მე-16, მე-18, 26-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ა. ა-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 19 იანვრის განჩინებაში შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ ა. ა-ს გაუნახევრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული პირობითი მსჯავრი - 3 წელი და განესაზღვროს 1 წელი და 6 თვე.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ ა. ა-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვროს 9 თვით თავისუფლების აღკვეთა; ასევე ერთი მეოთხედით შეუმცირდეს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვროს 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბოს და განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 22 თებერვლის განაჩენით დანიშნული და ამნისტიის შედეგად განახევრებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წელი, 6 თვე და საბოლოოდ ა. ა-ს სასჯელის სახით განესაზღვროს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

ა. ა-ს საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების გამოყენებით დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმა - 5 000 (ხუთი ათასი) ლარი - დარჩეს უცვლელად.

მსჯავრდებული ა. ა-ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

პ. სილაგაძე