დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ბს-1139(კ-21) 26 იანვარი, 2023წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ზ. ს-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.07.2021წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზ. ს-ემ 22.02.2016წ. სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და ამავე სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 07.12.2015წ. №..., სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის შესახებ 15.12.2015წ. №... და 15.12.2015წ. №... გადაწყვეტილებების და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 21.01.2016წ. №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე 33,12 კვ.მ. ფართზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე სარეგისტრაციო სამსახურის დავალდებულება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.03.2016წ. განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე მესამე პირად ჩაება ლ. რ-ე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.07.2020წ. გადაწყვეტილებით, ზ. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ზ. ს-ის მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.07.2021წ. განჩინებით, ზ. ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ აპელანტის (მოსარჩელის) მიერ თავისი საკუთრების უფლების ობიექტად მიჩნეული 33.12 კვ.მ. ფართის ნაწილი - 16.03 კვ.მ. ფართი წარმოადგენს საჯარო რეესტრში სხვა პირის საკუთრებაში აღრიცხული 110,90 კვ.მ. ფართობის ნაწილს, ხოლო 16.42 კვ.მ. ფართობი არის სახლის პირველი სართულის სახურავის ზედაპირის ფართი და ღია აივნის ნაწილი, რაც დასტურდება საქმეში დაცული სსიპ ლევან სამსხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნითა და საქმეზე შეკრებილი სხვა ტექნიკური ხასიათის მტკიცებულებების (დოკუმენტების) გამოკვლევისა და ანალიზის შედეგად. ამდენად, მოსარჩელის მიერ მითითებული ბმა „ჩ...ს“ 21.05.2015წ. საერთო კრების №5 საოქმო გადაწყვეტილება, ქ. ბათუმში, ...ას ქ. №...-ში მდებარე 33,12 კვ.მ. ფართზე, ზ. ს-ის საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტად ვერ განიხილება, ვინაიდან საჯარო რეესტრის მონაცემებით ქ. ბათუმში, ...ას ქ. №...-ში მდებარე უძრავ ნივთზე, ამ დროისათვის რეგისტრირებული იყო სხვა პირის საკუთრების უფლება, ამასთან, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ კანონი არ ითვალისწინებს ამხანაგობის მიერ ფართის ამ ფორმით განკარგვას და ამხანაგობის უფლებამოსილებას საჯარო რეესტრში საკუთრების რეგისტრაციის უფლების მიცემის შესახებ.
სააპელაციო პალატამ მიუთითა „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 21-ე, 22-ე და 23-ე მუხლებით გათვალისწინებულ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, შეწყვეტისა და რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლებზე და აღნიშნა, რომ ზ. ს-ის მიერ ქ. ბათუმში, ...ას გამზ. №...-ში მდებარე 33.12 კვ.მ. ფართზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნასთან დაკავშირებით განმცხადებლის მიერ ვერ იქნა აღმოფხვრილი სარეგისტრაციო სამსახურის სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებაში მითითებული წარმოების შეჩერების საფუძველი, დაინტერესებულმა პირმა ვერ წარადგინა სარეგისტრაციო ობიექტზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 07.12.2015წ. №... და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 21.01.2016წ. №... გადაწყვეტილებები მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მათი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.07.2021წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ზ. ს-ის მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ 1992წ. პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრებაში მიიღო ქ. ბათუმში, ...ას ქ. №...-ში მდებარე 41,61 კვ.მ. ფართი. ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 26.03.1996წ. №90 გადაწყვეტილებისა და 06.05.1996წ. №6 ექსპლუატაციაში მიღების აქტით დაიკანონა მხოლოდ 110,90 კვ.მ. ფართი, თუმცა დასაკანონებელი დარჩა 33,12 კვ.მ. ფართი. აღნიშნული ფართი პროექტის შესაბამისად იქნა აშენებული, თუმცა საჯარო რეესტრში არ დარეგისტრირებულა. ამ საკითხზე მოწვეული იქნა ამხანაგობის კრება, რომელმაც დაადასტურა ზ. ს-ის უფლება აღნიშნულ ფართზე. საჯარო რეესტრმა სარეგისტრაციო წარმოება შეაჩერა იმ საფუძვლით, რომ 1992წ. პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე დარეგისტრირებული ფართი აუქციონის გზით შეიძინა რ. წ-ემ, რაც უსაფუძვლოა. რ. წ-ემ შეიძინა მხოლოდ 110 კვ.მ. ფართი, დანარჩენი ფართი არ შეუძენია. ამდენად, ქ. ბათუმში, ...ას ქ. №...-ში ზ. ს-ის საკუთრება არსებობდა 144 კვ.მ. ფართზე, საიდანაც აუქციონზე გაიყიდა 110 კვ.მ. და დარჩა 33.12 კვ.მ. ფართი. აღნიშნული გარემოება დასტურდება საქმეში წარდგენილი ნახაზებითა და ამხანაგობის კრების ოქმით. კასატორმა საჯარო რეესტრში სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში წარადგინა განცხადება ნახაზთთან ერთად და მოითხოვა სარეგისტრაციო წარმოების განახლება, თუმცა ნაცვლად განახლებისა სარეგისტრაციო სამსახურმა სარეგისტრაციო წარმოება შეწყვიტა. სარეგისტრაციო სამსახურის 15.12.2015წ. №... გადაწყვეტილებით ზ. ს-ეს უარი ეთქვა სარეგისტრაციო წარმოებაზე ახლადაღმოჩენილი გარემოების არარსებობის გამო. მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა მიეღო არა სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება, არამედ სარეგისტრაციო წარმოება უნდა შეეჩერებინა და ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში შეეწყვიტა. ვინაიდან სარეგისტრაციო სამსახურმა №... განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოება შეწყვიტა, რაც არ გულისხმობს უარის თქმას, არ არსებობდა სზაკ-ის 102-ე მუხლის გამოყენების საფუძველი, შესაბამისად 15.12.2015წ. №... გადაწყვეტილება უკანონოა.
კასატორმა აღნიშნა, რომ 01.12.2015წ. სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი განცხადება, რომლითაც მოთხოვნილი იქნა №... განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოების განახლება, საჯარო რეესტრმა განიხილა ცალკე წარმოებად, არ დაურთო №... განცხადებას და დაუსაბუთებლად მიიღო სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის შესახებ 15.12.2015წ. №... გადაწყვეტილება.
კასატორმა მიუთითა, რომ სასამართლომ დაარღვია „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი, 4.1 მუხლი, „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-8, 21-ე, 22-ე მუხლები, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 15.01.2010წ. №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 14.6 მუხლი, სასამართლომ ასევე არასწორად შეაფასა ექსპერტიზის დასკვნა. ექსპერტმა დაადგინა, რომ სრული ფართი შეადგენს 144 კვ.მ.-ის, თუმცა სხვაობით მიღებული ფართის (33.12კვ.მ.) მდებარეობის შესახებ შეკითხვას პასუხი ვერ გასცა. დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ სადავო ფართი წარმოადგენს აუქციონზე რეალიზებული ფართის შემადგენელ ნაწილს. აუქციონზე გაიყიდა მხოლოდ 110 კვ.მ., სხვა ფართი აუქციონზე არ გაყიდულა. 33.12კვ.მ. იყო აღურიცხავი და არ წარმოადგენს 110 კვ.მ. ფართის შემადგენელ ნაწილს. დაუსაბუთებელია ასევე სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ კანონი არ ითვალისწინებს ამხანაგობის კრების უფლებამოსილებას ფართის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის უფლების მიცემის შესახებ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
დაუსაბუთებელია კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ საკუთრებაში გააჩნდა ქ. ბათუმში, ...ას ქ. №...-ში მდებარე 144 კვ.მ. ფართი, საიდანაც დაიკანონა 110,9 კვ.მ. (რომელიც გასხვისდა აუქციონზე) და დასაკანონებელი დარჩა 33,12 კვ.მ. ფართი. საქმეში დაცული 06.05.1996წ. ექსპლუატაციაში მიღების აქტის თანახმად, რომელიც გაცემულია ზ. ს-ის სახელზე, ქ. ბათუმში, ...ას ქ. №...-ში ექსპლუატაციაში იქნა მიღებული 110,9 კვ.მ.ფართი. ქ. ბათუმის სააღსრულებო ბიუროს სასამართლო აღმასრულებლის 28.05.2001წ. განკარგულებით მითითებულ მისამართზე ზ. ს-ის საკუთრების უფლებით რეგისტრირებული 110,9 კვ.მ. ფართზე საკუთრების უფლება გადაეცა რ. წ-ეს. აღნიშნულ უძრავ ნივთზე რ. წ-ის სახელზე ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის მიერ 15.06.2001წ. გაიცა ტექნიკური პასპორტი (ტ. 1, ს.ფ. 180-181), ხოლო საჯარო რეესტრში მისი საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 16.08.2002წ. (ტ. 1, ს.ფ. 182). საბოლოოდ საქმეში დაცული მასალებით კერძო-სამართლებრივი ხელშეკრულებების საფუძველზე უძრავ ნივთზე აღირიცხა მესამე პირის ლ. რ-ის საკუთრების უფლება. სსკ-ის 102.3 მუხლის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, კასატორის მითითება, რომ მის სახელზე საკუთრების უფლებით ირიცხებოდა 144 კვ.მ. ფართი არ დასტურდება საქმეში დაცული მასალებით, მათ შორის საჯარო რეესტრის ჩანაწერებით, ტექნიკური აღირცხვის სამსახურის საარქივო მასალითა და მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული სხვა სარეგისტრაციო დოკუმენტაციით.
მოსარჩელე (კასატორი) მიუთითებს ქ. ბათუმში, ...ას ქ. №...-ში მდებარე 144,02 კვ.მ. ფართზე შპს „ს...ის“ მიერ შედგენილ აზომვით ნახაზზე (ტ. 1, ს.ფ. 117-118). მისი განმარტებით, მითითებული 144,02 კვ.მ. ფართიდან განკარგული იქნა 110 კვ.მ. და დასარეგისტრირებელი დარჩა 33,12 კვ.მ., საქმეში ასევე წარმოდგენილია შპს „ს...ის“ მიერ შესრულებული ნახაზი 33,2კვ.მ. (17,32+15,89) ფართზე (ტ. 1, ს.ფ. 135-136). აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული გარემოებების დადგენის მიზნით განსახილველ საქმეზე სასამართლოს მიერ დაინიშნა ექსპერტიზა. სასამართლოს განჩინების საფუძველზე მომზადებული ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 06.11.2019წ. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ზ. ს-ის მიერ წარდგენილი შპს „ს...ის“ შიდა ფართის აზომვითი ნახაზი (ტ. 1, ს.ფ. 135-136) და აღნიშნულ ფართზე ლ. რ-ის უძრავ ქონების ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული ტექნიკური პასპორტის ნახაზი (ტ. 1, ს.ფ. 181) მთლიანად მოიცავს ქ. ბათუმში, ...ას ქ. №...-ში მდებარე ლ. რ-ის საკუთრებაში რიცხულ ფართს, გარდა ამისა, შპს „ს...ის“ ნახაზზე (ტ. 1, ს.ფ. 135-136) ასახული 15,89კვ.მ. ფართი იგივე ფართია (ოთახია), რაც ტექნიკური პასპორტის ნახაზზე (ტ. 1, ს.ფ. 181) მეორე სართულზე დატანილი 16კვ.მ. ფართის მქონე ოთახი №2. რაც შეეხება შპს „ს...ის“ ნახაზზე (ტ. 1, ს.ფ. 135-136) ასახულ 17,32კვ.მ. ფართს, ექსპერტმა აღნიშნა, რომ აღნიშნული 17,32კვ.მ. ფართი მოიცავს ტექნიკური პასპორტის ნახაზზე (ტ. 1, ს.ფ. 181) დატანილი აივნის ფართს ნაწილობრივ. ამდენად, საქმეში დაცული მასალებით, მათ შორის ექსპერტიზის დასკვნითა და აზომვითი ნახაზების ურთიერთშედარებით დგინდება, რომ ზ. ს-ის მიერ 25.05.2015წ. №... განცხადებით მოთხოვნილი 33,12კვ.მ. ფართის ნაწილი წარმოადგენს მესამე პირის საკუთრებას, კერძოდ, 33,12კვ.მ. ფართიდან 15,89 კვ.მ. ფართი რეგისტრირებულია სხვა პირის სახელზე, ხოლო დარჩენილი ფართის ნაწილი არის ლ. რ-ის საკუთრებაში რეგისტრირებული 110,9კვ.მ. ფართის აივნის ნაწილი, ამდენად, კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ 144,02 კვ.მ. ფართიდან განკარგული იქნა 110 კვ.მ. და დასარეგისტრირებელი დარჩა 33,12 კვ.მ., დაუსაბუთებელია და არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან, შესაბამისად, დაუსაბუთებელია კასატორის მითითება ბმა „ჩ...ს“ საერთო კრების ოქმზე (21.05.2015წ.), რომლითაც მას მიეცა უფლება 33,12 კვ.მ. ფართის საკუთრებაში რეგისტრაციის თაობაზე. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ კანონი არ ითვალისწინებს სხვა პირის (მოცემულ შემთხვევაში ლ. რ-ის) ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართის მესამე პირზე გადაცემის შესაძლებლობას. როგორც წესი, ამხანაგობები კანონით დადგენილი წესით გადაწყვეტილებას იღებენ ამავე ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების და არა ინდივიდუალური საკუთრების საგნის განკარგვის თაობაზე. ამდენად, ვინაიდან საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით სარეგისტრაციოდ წარდგენილ უძრავ ნივთზე არ დადგინდა ზ. ს-ის საკუთრების უფლების წარმოშობის და რეგისტრაციის საფუძვლების არსებობა, უსაფუძვლოა მოთხოვნა გასაჩივრებული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობისა და მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე აქტის გამოცემის დავალდებულების შესახებ.
რაც შეეხება მოსარჩელის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილ აზომვით ნახაზზე ასახულ 144 კვ.მ. ფართსა და ლ. რ-ის საკუთრებად რეგისტრირებულ 110 კვ.მ. ფართს შორის სხვაობას, საკასაციო პალატა მიუთითებს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 06.11.2019წ. ექსპერტიზის დასკვნაში ასახულ გარემოებებზე. დასკვნის მიხედვით, შპს „ს...ის“ მიერ 114,02 კვ.მ. ფართზე შესრულებულ აზომვით ნახაზში (ტ. 1, ს.ფ. 117-118) გაანგარიშებაში დამატებით მხედველობაში იქნა მიღებული ფაქტიურად არსებული აივნისა და ფაქტიურად ძირითად შენობაზე პირველ სართულზე მიშენების სახურავის ზედაპირის ჯამური ფართი - 22,67კვ.მ., მანსარდული სართულის ჯამური ფართების რაოდენობაში გაანგარიშებაში დამატებით შესულია ტექნიკური პასპორტის ნახაზში დატანილი №1, №3 და №4 ოთახების გამმიჯნავი ტიხრების ფართები, ასევე კორიდორის ფართი (ბაქნის ფართი, რომელიც ტექნიკური პასპორტით არ შედის დაანგარიშებაში), ასევე არ არის დაკლებული ფაქტიურად მანსარდული სართულის იატაკში კიბის მოსაწყობად გათვალისწინებული ღიობის ფართი. ამდენად, კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ ექსპერტიზის დასკვნით პასუხი ვერ გაეცა საკითხს 144 კვ.მ. და 110 კვ.მ. ფართებს შორის სხვაობის - 33,12 კვ.მ. ფართის მდებარეობის შესახებ, უსაფუძვლოა და არ უნდა იქნეს გაზიარებული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ზ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ. ს-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.07.2021წ. განჩინება;
3. დ. ხ-ეს (პირადი ნომერი ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 17.01.2022წ. №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი