საქმე დაუბრუნდა განუხილველად საჩივრის უკან გათხოვის გამო

სისხლის სამართლის 26.02.2013
საქმის ნომერი
2კ-116-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
26.02.2013

გადაწყვეტილების ტექსტი

№116I-13 19 თებერვალი 2013 წელი

ფ-ე გ 116I-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ფ-ს განცხადება, რომლითაც ის შუამდგომლობს, არ იქნეს განხილული მისი საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 27 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 28 სექტემბრის განაჩენით გ. ფ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 3711-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. იგი სასჯელს იხდის 2011 წლის 29 იანვრიდან.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 13 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 29 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.

2013 წლის 13 იანვარს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №17 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ გ. ფ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 27 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ფ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

მსჯავრდებული გ. ფ-ე გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 3711-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.

მსჯავრდებულ გ. ფ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 29 იანვრიდან. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 27 იანვრის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა გ. ფ-მ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

წარმოდგენილი განცხადებით მსჯავრდებული გ. ფ-ე შუამდგომლობს, არ იქნეს განხილული მისი საჩივარი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორს უფლება აქვს, შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე გაითხოვოს თავისი საჩივარი, ამიტომ მსჯავრდებულ გ. ფ-ს შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და მისი საჩივარი არ იქნეს განხილული.

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ გ. ფ-ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 27 იანვრის განჩინებაზე არ იქნეს განხილული, კასატორის მიერ თავისი საჩივრის უკან გათხოვნის გამო.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

გ. შავლიაშვილი