დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 26.02.2013
საქმის ნომერი
2კ-130-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
26.02.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№1301-13 26 თებერვალი, 2013 წელი

ღ-ი გ., 1301-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ ნ. გ-ის

მსჯავრდებულ _ გ. ღ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ გ. ღ-ის საჩივარი ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 22 აგვისტოს განაჩენით გ. ღ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 1000 ლარი ჯარიმა; გ. ღ-ს საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა – 1000 ლარი და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 4 წელი უნდა მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 2 წელი ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებული სასჯელს იხდის 2011 წლის 17 დეკემბრიდან.

2013 წლის 15 იანვარს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №8 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა ხაშურის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ გ. ღ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ღ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ გ. ღ-ს დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა: თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1 წელი და 6 თვე – პირობითი მსჯავრი, 2 წლისა და 3 თვის გამოსაცდელი ვადით. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა გ. ღ-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხაშურის რაიონული სასამართლოს მიერ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ გ. ღ-ისთვის დანიშნული სასჯელის – 4 წლით თავისუფლების აღკვეთის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, 2 წლით პირობითი მსჯავრისა და 3 წლის გამოსაცდელი ვადის – ერთი მეოთხედით შემცირება და მისთვის სასჯელის სახით 3 წლით თავისუფლების აღკვეთის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, 1 წლითა და 6 თვით პირობითი მსჯავრისა და 2 წლისა და 3 თვის გამოსაცდელი ვადის განსაზღვრა კანონიერია, ვინაიდან მის მიერ ჩადენილია მძიმე კატეგორიის დანაშაული და მასზე არ ვრცელდება „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის 1-ლი-მე-15 მუხლების მოთხოვნები.

რაც შეეხება მსჯავრდებულის მოთხოვნას მისი სსკ-ის 125-ე მუხლით დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ, პალატა არ იზიარებს უსაფუძვლობის გამო. კერძოდ: „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-18 და მე-20 მუხლების შესაბამისად, ამნისტია არ ვრცელდება სასჯელის სახით შეფარდებულ/აღსრულებულ ჯარიმაზე. ასევე ვერ იქნება გაზიარებული მსჯავრდებულის მითითება, რომ მას უკანონოდ დასდეს მსჯავრი, ვინაიდან ამ ეტაპზე საკასაციო პალატა მსჯელობს მხოლოდ იმ საკითხზე, სწორად იქნა თუ არა გამოყენებული,,ამნისტიის შესახებ“ კანონის მოთხოვნები და არ არის უფლებამოსილი, გადასინჯოს იმ განაჩენის კანონიერება, რომლითაც მოხდა პირის მსჯავრდება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16, 26-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ გ. ღ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

პ. სილაგაძე