დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№1391-13 27 თებერვალი, 2013 წელი
რ-ე გ., 1391-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)
მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ ნ. ჟ-ის
ადვოკატ – თ. ო-ის
მსჯავრდებულ _ გ. რ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ გ. რ-ის საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 29 მარტის განაჩენით გ. რ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 93-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (1998 წლის რედაქცია) და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. მას სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო – 2011 წლის 16 თებერვლიდან იმავე წლის 29 მარტის ჩათვლით.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 29 მარტის განაჩენით გ. რ-ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი და აღსრულდა განაჩენით გ. რ-ის მიმართ დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 1 წლით, 10 თვითა და 17 დღით თავისუფლების აღკვეთა.
2013 წლის 16 იანვარს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №2 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ გ. რ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ გ. რ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ გ. რ-ეს სსკ-ის 93-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (1998 წლის რედაქცია) დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის, 4 თვისა და 27 დღის ვადით, რომლის ათვლა დაეწყო 2012 წლის 29 ოქტომბრიდან. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა გ. რ-ემ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. საჩივრით იგი ითხოვს დანიშნული სასჯელის მოხდისაგან სრულად გათავისუფლებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ გ. რ-ისთვის სსკ-ის 93-ე მუხლით დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედით შემცირება კანონიერია, რადგან „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლის შესაბამისად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის 1-ლი–მე-15 მუხლების მოქმედება. ვინაიდან, მოცემულ კონკრეტულ საქმეზე არ არის დადგენილი საქართველოს სსკ-ის 93-ე მუხლის (1960 წლის რედაქცია) შესაბამისობა მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლთან, სასამართლო კანონისმიერად მოკლებულია შესაძლებლობას, გაავრცელოს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის 1-ლი–მე-15 მუხლების მოქმედება გ. რ-ისთვის საქართველოს სსკ-ის 93-ე მუხლით (1960 წლის რედაქცია) დანიშნულ სასჯელზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ. რ-ისთვის საბოლოოდ განსაზღვრული სასჯელი – 1 წლით, 4 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა – შეესაბამება ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს.
რაც შეეხება მსჯავრდებულის მითითებას, რომ მან ჩაიდინა თაღლითობა და კანონი არ ავალდებულებს დაზარალებულის თანხმობის მოპოვებას, პალატა კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-11 მუხლით დადგენილი წესი ვრცელდება მხოლოდ იმ დანაშაულებზე, რომლებიც დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს საქართველოს სსკ-ის 93-ე მუხლის (1960 წლის რედ.) შესაბამისობაზე მოქმედი სსკ-ის 180-ე მუხლთან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16, 26-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ. რ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
პ. სილაგაძე