დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
Nბს-720(კ-22) 16 ნოემბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, გენადი მაკარიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ნ. ჩ-ე; მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო მზრუნველობისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2021 წლის 4 მარტს ნ. ჩ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭო მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოს 2020 წლის 3 დეკემბრის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ნ. ჩ-ის შუამდგომლობის დაკმაყოფილების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 22 მარტის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული ნ. ჩ-ის სარჩელი. ამავე სასამართლოს 2021 წლის 23 აპრილის საოქმო განჩინებით, ასკ-ის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაერთო სსიპ სახელმწიფო მზრუნველობისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. ჩ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ნ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ნ. ჩ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოს 2020 წლის 3 დეკემბრის N... გადაწყვეტილება; მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ პატიმრობის კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზანია პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია. ამასთან, საქართველოში პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება ხორციელდება კანონიერების, ჰუმანიზმის, დემოკრატიულობის, კანონის წინაშე თანასწორობისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპებზე დაყრდნობით. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებასთან და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებული საკითხების განმხილველ ორგანოს წარმოადგენს სამსახურის ადგილობრივი საბჭო. ამავე საკანონმდებლო აქტის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს, მის დამცველს/კანონიერ წარმომადგენელს (გარდა საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულისა, მისი დამცველისა/კანონიერი წარმომადგენლისა) უფლება აქვს, კანონით დადგენილი წესით წარუდგინოს საბჭოს მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითხის განსახილველად საჭირო დოკუმენტაცია და შესაბამისი შუამდგომლობა. ამავე ნორმის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საბჭოს განხილვა ტარდება ზეპირი მოსმენით ან/და ზეპირი მოსმენის გარეშე, ადმინისტრაციული წარმოების წესების დაცვით. ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო მინისტრის მიერ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ან საქმის ზეპირ მოსმენაზე განსახილველად დაშვების შესახებ. ამავე მუხლის მე-4 ნაწილი ადგენს, რომ შესაბამისი შუამდგომლობის განხილვისას საბჭო ითვალისწინებს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდისას გამოვლენილ ქცევას, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტს, მსჯავრდებულის პიროვნებას, ოჯახურ მდგომარეობას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და სხვა გარემოებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საბჭოს გადაწყვეტილებაზე.
სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის“ მე-6, მე-10, მე-13 მუხლებზე. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით - შინაპატიმრობით შეცვლის საკითხის გადაწყვეტა წარმოადგენს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველმა ადგილობრივმა საბჭომ ზეპირი მოსმენის გარეშე იმსჯელა მითითებული „წესის“ მე-13 მუხლით დადგენილი შეფასების კრიტერიუმებით და არ დააკმაყოფილა მსჯავრდებულ ნ. ჩ-ის მოთხოვნა, სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე. საბჭომ მიუთითა მსჯავრდებულის ოჯახურ მდგომარეობაზე, დაწესებულების ადმინისტრაციასთან დამოკიდებულებაზე და სხვა პიროვნულ მახასიათებლებზე, სასჯელის მოხდის პერიოდში, მსჯავრდებულის წახალისების ფაქტზე, თუმცა სადავო საკითხთან მიმართებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა მიანიჭა დანაშაულის ხასიათს (ძალადობრივი ხასიათის დანაშაული - განსაკუთრებული სისასტიკით, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობა, დამამძიმებელ გარემოებაში), ქმედების განხორციელების ხერხს და დანაშაულის შედეგად დამდგარ შედეგს. საბჭომ მიიჩნია, რომ ამ კრიტერიუმების თანხმლებ ნეგატიურ მოსაზრებებს ვერ აბათილებს და გადაწონის სხვა დადებითი კონტექსტის კრიტერიუმები.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეიცავს საკმარის მოტივაციას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის მიზეზთან დაკავშირებით. საკითხის განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო, სრულფასოვნად გამოეყენებინა მინიჭებული უფლებამოსილება და გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებაში მიეთითებინა ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა საკითხის უარყოფითად გადაწყვეტისათვის. გაურკვეველია, რატომ მიენიჭა მოცემულ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა დანაშაულის ხასიათს, მაშინ, როდესაც არაერთი ფაქტი მიუთითებს სხვა კრიტერიუმების (მსჯავრდებულის ქცევა, ოჯახური პირობები, მსჯავრდებულის პიროვნება) მოსარჩელის სასარგებლოდ განმარტების შესაძლებლობაზე.
სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „წესის“ მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი გულისხმობს კონკრეტული პირის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის და სხვა გარემოებების შეფასებას, რაც უნდა აისახოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში. ის გარემოება, რომ ნ. ჩ-ის მიერ ჩადენილია მძიმე კატეგორიის დანაშაული, არ არის მისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლაზე უარის თქმის საფუძველი. გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს დასაბუთებას ისეთ გარემოებაზე მითითებით, რომელიც ახსნის, თუ რატომ უშლის ხელს სასჯელის შინაპატიმრობით შეცვლის საკითხის დადებითად გადაწყვეტას ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით. ამასთან, პიროვნული მახასიათებლები გამოკვლეულ უნდა იქნეს დინამიკაში, საჭიროების შემთხვევაში, ზეპირი მოსმენით გამართულ სხდომაზე დაინტერესებული პირების მონაწილეობით, მსჯავრდებულის პიროვნების საზოგადოებისათვის საშიშროების უშუალო შეფასებით, მათ შორის - ფსიქოლოგის ჩართულობით და ყველა კრიტერიუმის შეპირისპირებით. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა შეაფასოს ის გარემოება, რომ ნ. ჩ-ე აცნობიერებს, აღიარებს და ძალიან ინანიებს ჩადენილ დანაშაულს. მან დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში დაასრულა საჯარო სკოლა და ჩააბარა ... ... ხელოვნების ისტორიის, ... ფაკულტეტზე. მსჯავრდებული არის მეორე კურსის სტუდენტი. სასჯელის მოხდის პერიოდში, მან გამოხატა მზაობა, ჩაერთოს შეთავაზებულ აქტივობებში. ნ. ჩ-ეს სასჯელის მოხდის პერიოდში დისციპლინური სახდელი არ დაკისრებია. დაწესებულების დირექტორის 2017 წლის 14 დეკემბრის N... ბრძანებით იგი წახალისებულია, კარგი ურთიერთობა აქვს მსჯავრდებულებთან, არ არის კონფლიქტური, თავაზიანია თანამშრომლებთან მიმართებაში. მსჯავრდებულის სამომავლო გეგმები დაკავშირებულია სწავლასთან, სურს დაასრულოს უმაღლესი სასწავლებელი და დაეუფლოს პროფესიას. მსჯავრდებულსა და მისი ოჯახის წევრებს შორის შენარჩუნებულია მჭიდრო ემოციური კავშირი.
სააპელაციო სასამართლომ ასევე საყურადღებოდ მიიჩნია საქმეში არსებული დაზარალებულის უფლებამონაცვლის - ო. ყ-ის კუთვნილი ტელეფონის ნომრიდან ნ. ჩ-ის მშობლის ტელეფონის ნომერზე განხორციელებული მოკლე ტექსტური შეტყობინება („მე არ მცალია და არც სურვილი მაქვს, გააკეთეთ უჩემოდ, მე პრეტენზიები არ მაქვს. მიუხედავად ყველაფრისა, დიდი ბოდიში, ეცადეთ მეტი ამ თემაზე აღარ შემაწუხოთ“). სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების დროს ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა შეაფასოს დაზარალებულის პოზიცია, ზეპირი მოსმენის ჩატარების დროს მისი მოწვევით ან წერილობითი განმარტების მიღების გზით.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე, ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება არის ადმინისტრაციული ორგანოს სამართლებრივად შებოჭილი თავისუფლება, რომელიც შეზღუდულია საჯარო და კერძო ინტერესების შეპირისპირებით. ერთი მხრივ, ეს ისეთი უფლებამოსილებაა, რომელიც კანონმდებლობით არ არის შეზღუდული კონკრეტული მოწესრიგებით, თუმცა შეზღუდულია კანონით დადგენილი ნორმის მიზნითა და ფარგლებით. ამასთან, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს, უშუალოდ სამართლებრივ აქტში ასახოს ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რასაც დაეყრდნო მიღებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი არ შეიცავს საკმარის მოტივაციას, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის მიზეზთან დაკავშირებით. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო, სრულფასოვნად გამოეყენებინა მინიჭებული უფლებამოსილება და გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებაში მიეთითებინა ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა საკითხის უარყოფითად გადაწყვეტისათვის.
სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნის ნაწილში, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის პირობებში, არ არსებობს ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი. მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დამოკიდებულია მოპასუხის მიერ სადავო საკითხის ხელახლა შეფასებაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველმა ადგილობრივმა საბჭომ.
კასატორი მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ საფუძვლიანად არ შეისწავლა საქმის მასალები. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არასაკმარისად არის დასაბუთებული, რის გამო, არსებობს მისი გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება.
კასატორის განმარტებით, დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის საკითხის გადაწყვეტა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოადგენს ადგილობრივი საბჭოს დისკრეციულ უფლებამოსილებას კანონით დადგენილ ფარგლებში. კანონით დადგენილი ფარგლები მოიცავს 5 კრიტერიუმს: 1) დანაშაულის ხასიათი; 2) სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის ქცევა; 3) მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა; 4) ოჯახური პირობები; 5) მსჯავრდებულის პიროვნება. მოცემულ შემთხვევაში, სადავო საკითხის განხილვისას საბჭომ გაითვალისწინა მსჯავრდებულის ოჯახური მდგომარეობა, დამოკიდებულება დაწესებულების ადმინისტრაციასთან და სხვა პიროვნული მახასიათებლები, თუმცა ყურადღება გაამახვილა დანაშაულის ხასიათზე და ჩათვალა, რომ მსჯავრდებულის საკითხის გადაწყვეტაზე, განსაკუთრებული გავლენა იქონია სწორედ ჩადენილი დანაშაულის ხასიათმა, ქმედების განხორციელების ხერხმა და დანაშაულის შედეგად დამდგარმა შედეგმა. საბჭომ მოცემულ ეტაპზე მიიჩნია, რომ ამ კრიტერიუმის თანმხლები ნეგატიური მოსაზრებები ვერ გააბათილა სხვა დადებითი კონტექსტის კრიტერიუმებმა.
კასატორი მიუთითებს, რომ მსჯავრდებულ ნ. ჩ-ისათვის დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის საკითხთან დაკავშირებით, საბჭოს შეუფასებელი არ დარჩენია არცერთი კრიტერიუმი და გადაწყვეტილება მიიღო შინაგანი რწმენის საფუძველზე. დადებითი კონტექსტის კრიტერიუმმა ვერ გადაწონა უარყოფითი კონტექსტის კრიტერიუმი. ნ. ჩ-ის მიერ ჩადენილი ქმედება წარმოადგენს მაღალი საზოგადოებრივი საშიშროების მქონე დანაშაულს, რომლის წინააღმდეგ ბრძოლაც, სახელმწიფოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევას წარმოადგენს. საბჭოსთვის ბუნდოვანია, რატომ გაამახვილა ყურადღება სააპელაციო სასამართლომ დაზარალებულის უფლებამონაცვლის კუთვნილი ტელეფონის ნომრიდან ნ. ჩ-ის მშობლის ტელეფონის ნომერზე განხორცილებულ მოკლე ტექსტურ შეტყობინებაზე. აღნიშნული შეტყობინებიდან არ იკვეთება დაზარალებულის უფლებამონაცვლის ნება, მსჯავრდებულთან მიმართებაში პრეტენზიის არქონის თაობაზე. ამასთანავე, აღნიშნული მიმოწერა არ წარმოადგენს დაზარალებულის ნოტარიულად დამოწმებულ პოზიციას და არ გააჩნია იურიდიული ძალა.
კასატორი თვლის, რომ გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებულია ყველა გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა სადავო საკითხის გადასაწყვეტად. ადმინისტრაციული ორგანო არ გაცდენია დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებს, გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება კანონს და გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 23 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 თებერვლის განაჩენით ნ. ჩ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე კოდექსის 55-ე მუხლით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 2018 წლის 3 მაისის N6954 ბრძანებით ნ. ჩ-ეს განესაზღვრა ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსება. N5 პენიტენციურ დაწესებულებაში შეყვანილია ... წლის ... ... .
ნ. ჩ-ისათვის დანიშნული სასჯელის მოხდის დასაწყისი განსაზღვრულია ... წლის ... ...ით, ხოლო დასასრული - ... წლის ... ...ით. ნ. ჩ-ე ნასამართლობის არმქონეა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველმა ადგილობრივმა საბჭომ 2020 წლის 3 დეკემბერს ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ. ჩ-ის შუამდგომლობა, სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოს მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის“ მე-13 მუხლით დადგენილი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოს 2020 წლის 3 დეკემბრის N... საოქმო გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მსჯავრდებულ ნ. ჩ-ის შუამდგომლობა, სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე. საკითხის განხილვისას საბჭომ გაითვალისწინა მსჯავრდებულის ოჯახური მდგომარეობა, დამოკიდებულება დაწესებულების ადმინისტრაციასთან და სხვა პიროვნული მახასიათებლები, ასევე ის გარემოება, რომ სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებული წახალისებულია. საბჭომ ყურადღება გაამახვილა დანაშაულის ხასიათზე (ჩადენილია ძალადობრივი ხასიათის დანაშაული - განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში: განსაკუთრებული სისასტიკით და ჯგუფურად). ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტაზე განსაკუთრებით უარყოფითი გავლენა იქონია ჩადენილი დანაშაულის ხასიათმა, ქმედების განხორციელების ხერხმა და დანაშაულის შედეგად დამდგარმა შედეგმა. ამდენად, საკითხის განხილვის ეტაპზე, საბჭომ მიიჩნია, რომ მითითებული კრიტერიუმის თანმხლები ნეგატიური მოსაზრებები ვერ გააბათილა და გადაწონა სხვა დადებითი კონტექსტის კრიტერიუმებმა.
ზემოანიშნულ გადაწყვეტილებაში ასახული მონაცემებით და საქმეში არსებული მტკიცებულებებით დგინდება შემდეგი:
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებამდე, ნ. ჩ-ე დედასთან, მამინაცვალთან და ძმასთან ერთად ცხოვრობდა, თბილისში, ... ქუჩა N26ბ-ში მდებარე N46 ბინაში. მამა ... ცხოვრობს და მასთან კარგი ურთიერთობა აქვს.
ნ. ჩ-ემ დაამთავრა მუსიკალური შვიდწლედი, ფორტეპიანოს განხრით. დადიოდა საქართველოს ...ში, ხატვაზე, ასევე, ... ... ...ში. 1 წლის განმავლობაში, „... თეატრში“ ... დასის წევრი იყო და თამაშობდა სპექტაკლებში. შემდეგ, მეგობრებთან ერთად, ჩამოყალიბებული ჰქონდა დამოუკიდებელი დასი, მუშაობდა მოხალისედ, გრიმიორად რეკლამებზე, მოკლემეტრაჟიან ფილმებზე და ბავშვთა გასართობ ცენტრებში. ფლობს იაპონურ, ინგლისურ და რუსულ ენებს. მსჯავრდებული სარგებლობს ხანმოკლე, ხანგრძლივი, ვიდეოპაემნებისა და სატელეფონო საუბრების უფლებით. გრძნობს ოჯახის წევრების მხარდაჭერას, როგორც მორალურად, ისე ფინანსურად. მსჯავრდებულის განმარტებით, ოჯახის მატერიალური მდგომარეობა არის კარგი.
ნ. ჩ-ემ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში დაასრულა საჯარო სკოლა და ჩააბარა ... ... ხელოვნება ისტორია, ... ფაკულტეტზე, არის მეორე კურსის სტუდენტი.
ნ. ჩ-ემ სასჯელის მოხდის პერიოდში გამოხატა მზაობა, ჩაერთოს შეთავაზებულ აქტივობებში. გაიარა „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის“, ოჯახური ძალადობის მსხვერპლ ან ძალადობრივი დანაშაულისათვის გასამართლებულ ქალთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია, მუსიკალური თერაპიის გზით. დაკავებულია სპორტული აქტივობით, ფიტნესით. გაიარა ტრენინგი თემაზე: „აივ/შიდსისა და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები“; „მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა უფლებები, საჩივრების, დისციპლინურ და ადმინისტრაციულ პროცედურებთან მიმართებაში“. მსჯავრდებულმა ნ. ჩ-ემ გაიარა ფანქრითა და წყლის საღებავებით ხატვის, თიხის დამუშავებისა და შრომითი თერაპიის, ხეზე კვეთისა და გიდობის (ტურიზმის) შემსწავლელი კურსები. ორჯერ მიიღო მონაწილეობა ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსში, სადაც წარადგინა საკუთარი ნახატები. სარგებლობს დაწესებულების საბიბლიოთეკო მომსახურებით, კითხულობს წიგნებს. ესწრება და მონაწილეობას იღებს დაწესებულებაში გამართულ კულტურულ ღონისძიებებსა და გამოფენებში. თავისუფალ დროს დაკავებულია ხელსაქმით, ქარგავს, ხატავს. 2017 წლის 20 ნოემბერს ა/ო „ინიციატივამ მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის“, დაწესებულების ბიბლიოთეკაში გამართა ღონისძიება და დამზადდა მუსიკალური ალბომი, რომელშიც შევიდა მსჯავრდებულების მიერ შესრულებული მუსიკალური ნაწარმოებები, გაიმართა პრეზენტაცია, ღონისძიებაზე შესრულდა კომპოზიციები ალბომიდან. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ნ. ჩ-ემ. 2018 წლის 23 თებერვალს დაწესებულების ბიბლიოთეკაში დაინტერესებულ მსჯავრდებულთათვის ჩატარდა ... მასტერკლასი, რომელშიც მონაწილოება მიიღო ნ. ჩ-ემ. 2018 წლის 22 ნოემბერს დაწესებულებაში გაიმართა კულტურული ღონისძიება - მოეწყო გამოფენა, სადაც გამოფენილი იყო მსჯავრდებულთა ნამუშევრები. აღნიშნულ ღონისძიებაში ასევე მიიღო მონაწილეობა ნ. ჩ-ემ.
ნ. ჩ-ეს სასჯელის მოხდის პერიოდში დისციპლინური სახდელი არ დაკისრებია. 2017 წლის 14 დეკემბერს, დაწესებულების დირექტორის N... ბრძანებით წახალისებულია და წახალისების ფორმად გამოყენებულია „დამატებითი ხანგრძლივი პაემანი“. ნ. ჩ-ე ადმინისტრაციის კანონისმიერი მოთხოვნების, დაწესებულების, დღის განრიგისა და რეჟიმის დარღვევებში არ არის შემჩნეული, ასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოვალეობებს. კარგი ურთერთობა აქვს მსჯავრდებულებთან, არ არის კონფლიქტური, თავაზიანია თანამშრომლებთან მიმართებაში.
ნ. ჩ-ის სამომავლო გეგმები დაკავშირებულია სწავლასთან, სურს დაასრულოს უმაღლესი სასწავლებელი და დაეუფლოს პროფესიას. სურვილი აქვს, დაბრუნდეს ოჯახთან, ასევე ხელოვნების სფეროში - გრიმიორად ან ვიზაჟისტად. დასაქმების სურვილი აქვს და არ ეთაკილება შრომა. იცის ხატვა, ხეზე კვეთა და თიხაზე მუშაობა. გათავისუფლების შემთხვევაში, დაამზადებს ხელნაკეთ ნივთებს და გაყიდის.
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ნ. ჩ-ეს ჩაუტარდა ფსიქოლოგთან გასაუბრება. ნ. ჩ-ე ფსიქოლოგთან ინტერვიუირების პროცესში ერთვის სიტუაციასთან შესაბამისი ნდობის ფარგლებში, ამყარებს თვალით კონტაქტს, ადეკვატურად პასუხობს დასმულ შეკითხვებს, საუბრობს მშვიდად, თანმიმდევრულად დასრულებული წინადადებებით. გაწონასწორებულია, გარეგნულად მოწესრიგებულია, აზროვნება, ლოგიკური ქცევები ადეკვატური აქვს, დროსა და სივრცეში ორიენტირებულია. კოგნიტური და სოციალური უნარები განვითარებული აქვს, აანალიზებს საკუთარ კონკრეტულ ქმედებებს. მსჯავრდებულის განმარტებით, დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში, მასში გადაფასდა ღირებულებათა-ფასეულობათა სისტემა, აქვს ქცევის შეცვლის მოტივაცია. ჰყავს მხარდამჭერთა ძლიერი გუნდი ოჯახის წევრებისა და მეგობრების სახით. ნ. ჩ-ე აცნობიერებს, აღიარებს და ძალიან ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, გასაუბრება ჩაუტარდათ მსჯავრდებულის მშობლებს. გასაუბრების შედეგად მიღებული ინფორმაციიდან გამომდინარე, მომზადდა სოციალური მუშაკის დასკვნა, სადაც აღნიშნულია, რომ მშობლები თვეში რამდენჯერმე დადიან შვილის მოსანახულებლად. ტელეფონის მეშვეობით აქვთ ყოველდღიური კონტაქტი. მსჯავრდებულსა და მისი ოჯახის წევრებს შორის შენარჩუნებულია მჭიდრო ემოციური კავშირი. შვილის პატიმრობაში ყოფნის შესახებ ინფორმაციას ფლობენ მათი ახლობლები და ოჯახის წევრები. ისინი გამოხატავენ მზაობას, დაეხმარონ და გარემოსთან ადაპტაციის პროცესში, ნებისმიერი სახის მხარდაჭერა გაუწიონ შვილს. მშობლები შვილის დანაშაულებრივი ქმედების კონკრეტულ მიზეზს ვერ ასახელებენ. მათი განმარტებით, შვილზე უარყოფით გავლენას ნაწილობრივ ახდენდა მეგობარი. დედის განმარტებით, ბოლო ინციდენტამდე, შვილს არ აღენიშნებოდა რთული ქცევა. საერთო ჯამში, შვილს პოზიტიურად ახასიათებს (ზრდილობიანია, მომთმენია, ყველა მეზობელი და ნაცნობი ახასიათებს დადებითად, მომხდარი ყველასთვის მოულოდნელი იყო).
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პატიმრობის კოდექსის შესაბამისად, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზანია პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია. საქართველოში პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება ხორციელდება კანონიერების, ჰუმანიზმის, დემოკრატიულობის, კანონის წინაშე თანასწორობისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპებზე დაყრდნობით.
პატიმრობის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლისას. ამავე კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს, მის დამცველს/კანონიერ წარმომადგენელს (გარდა საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულისა, მისი დამცველისა/კანონიერი წარმომადგენლისა) უფლება აქვს, კანონით დადგენილი წესით წარუდგინოს საბჭოს მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითხის განსახილველად საჭირო დოკუმენტაცია და შესაბამისი შუამდგომლობა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საბჭოს განხილვა ტარდება ზეპირი მოსმენით ან/და ზეპირი მოსმენის გარეშე, ადმინისტრაციული წარმოების წესების დაცვით. ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო მინისტრის მიერ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ან საქმის ზეპირ მოსმენაზე განსახილველად დაშვების შესახებ. მითითებული მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, შესაბამისი შუამდგომლობის განხილვისას საბჭო ითვალისწინებს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდისას გამოვლენილ ქცევას, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტს, მსჯავრდებულის პიროვნებას, ოჯახურ მდგომარეობას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და სხვა გარემოებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საბჭოს გადაწყვეტილებაზე. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლაზე უარის თქმის შესახებ საბჭოს გადაწყვეტილება შეიძლება ადმინისტრაციული წესით გასაჩივრდეს სასამართლოში.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესზე“, რომლის თანახმად, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭო წარმოადგენს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც იხილავს პატიმრობის კოდექსის მე-40, 42-ე, 43-ე მუხლებით გათვალისწინებულ საკითხებს. საბჭოს მიზანია მსჯავრდებულის რესოციალიზაციის ხელშეწყობა და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა.
ზემოაღნიშნული „წესის“ მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭო განიხილავს პენიტენციური დაწესებულების მიერ პატიმრობის კოდექსის 42-ე და 43-ე მუხლების შესაბამისად წარდგენილ შუამდგომლობებს სრულწლოვანი ქალი მსჯავრდებულების სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებით. ამავე „წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საბჭო უფლებამოსილია განიხილოს მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითხი, გარდა საშიშროების მაღალი რისკის მქონე მსჯავრდებულისა და მსჯავრდებულისა, რომელსაც სასჯელის სახედ შეფარდებული აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა.
მითითებული „წესის“ მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შეფასების კრიტერიუმებია: ა) დანაშაულის ხასიათი - აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, რა გარემოებაში და რა ვითარებაში იქნა ჩადენილი დანაშაული, ასევე, ჩადენილია თუ არა დანაშაული პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში; ბ) მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის მიმართ რამდენი და რა სახის დისციპლინური, ადმინისტრაციული და წამახალისებელი ღონისძიებები იქნა გამოყენებული, აგრეთვე, კონკრეტულად რა სახის ქმედების გამო იქნა ასეთი გადაწყვეტილება მიღებული; ამასთან, ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდის პერიოდში თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულების, დაწესებულების დღის განრიგის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულებისა და დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის დაცვის შესახებ ინფორმაციას; გ) მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა - აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს წარსულში რამდენჯერ, რა სიმძიმის და რა სახის დანაშაულის ჩადენის ფაქტს ჰქონდა ადგილი; ასევე იმას, თუ რა სახის, რა სიმძიმის დანაშაულებისთვის და რამდენჯერ იყო ნასამართლევი მსჯავრდებული; დ) ოჯახური პირობები - აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ოჯახის წევრებთან, ჰყავს თუ არა მცირეწლოვანი შვილები, შრომისუუნარო ოჯახის სხვა წევრები, ახლო ნათესავების მატერიალური მდგომარეობა და სხვ.; ე) მსჯავრდებულის პიროვნება - აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ჩადენილ დანაშაულთან, დაწესებულების მოსამსახურეებთან და სხვა მსჯავრდებულებთან, ინფორმაცია სასჯელის მოხდის პერიოდში სოციალურ აქტივობებში მიღებული მონაწილეობის შესახებ, საჭიროებს თუ არა განსაკუთრებულ ზედამხედველობას დაწესებულების ხელმძღვანელობის მხრიდან და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რაც პიროვნების შეფასების შესაძლებლობას იძლევა.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველმა ადგილობრივმა საბჭომ 2020 წლის 3 დეკემბერს ზეპირი მოსმენის გარეშე იმსჯელა ზემოაღნიშნული „წესის“ მე-13 მუხლით დადგენილი შეფასების კრიტერიუმებით და მიიღო გადაწყვეტილება, მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ. საბჭომ მიუთითა მსჯავრდებულის ოჯახურ მდგომარეობაზე, მის დამოკიდებულებაზე დაწესებულების ადმინისტრაციასთან და სხვა პიროვნული მახასიათებლებზე, დადებითად შეაფასა ის გარემოება, რომ სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებული წახალისებულია, თუმცა საბჭომ ყურადღება გაამახვილა დანაშაულის ხასიათზე (ჩადენილია ძალადობრივი ხასიათის დანაშაული - განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში: განსაკუთრებული სისასტიკით და ჯგუფურად) და მიიჩნია, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონეა ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, ქმედების განხორციელების ხერხი და დანაშაულის შედეგად დამდგარი შედეგი.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის საფუძველზე, დისკრეციული უფლებამოსილება ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას, საჯარო და კერძო ინტერესების დაცვით, კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამასთან, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება.
საკასაციო პალატა უსაფუძვლოდ მიიჩნევს კასატორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის მიზნებისათვის განსაკუთრებით უარყოფით როლს თამაშობს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და ხასიათი, მოცემულ შემთხვევასთან მიმართებაშიც, ამ კრიტერიუმების თანმხლებ ნეგატიურ მოსაზრებებს ვერ გააბათილებს სხვა დადებითი კრიტერიუმები. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მხოლოდ დანაშაულის სიმძიმესა და ხასიათზე ხაზგასმა არ ნიშნავს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სრულყოფილად შესწავლას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლიდან გამომდინარე, ვინაიდან სასჯელის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს დამნაშავის რესოციალიზაცია (პირის კანონმორჩილ მოქალაქედ გადაქცევის მიზანმიმართული პროცესი), დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებული წარმოებისას, თითოეული კრიტერიუმის შეფასებისას, საბოლოოდ უნდა დადგინდეს, გამოსწორებულია თუ არა მსჯავრდებულის ყოფაქცევა და მისი გამოსწორებისათვის არსებობს თუ არა დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდის საჭიროება პენიტენციურ დაწესებულებაში. საყურადღებოა, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ხაზგასმულია მსჯავრდებულთან დაკავშირებული არაერთი დადებითი გარემოება, მათ შორის - დამოკიდებულება ჩადენილ ქმედებასთან და გამოსწორების სურვილი.
ამდენად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეიცავს საკმარის მოტივაციას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის მიზეზთან დაკავშირებით. სააპელაციო სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ დაუსაბუთებელია, რატომ მიენიჭა უპირატესობა მსჯავრდებულთან დაკავშირებულ მხოლოდ უარყოფით მხარეს - ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და სიმძიმეს. სადავო საკითხის განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო, სრულფასოვნად გამოეყენებინა მინიჭებული უფლებამოსილება და გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა საკითხის უარყოფითად გადაწყვეტისათვის. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაასკვნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობა - სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოს 2020 წლის 3 დეკემბრის N... გადაწყვეტილება და მოპასუხეს უნდა დაევალოს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
გენადი მაკარიძე