ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
#361აპ.-12 ქ. თბილისი
ა-ე მ.–361ap.-12 11 მარტი, 2013 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (Tavmjdomare),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. ა-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 7 სექტემბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 22 ივნისის განაჩენით მ. ა-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით იმაში, რომ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2012 წლის 15 მარტს სს „ჩემი ოჯახის კლინიკის“ თერჯოლის საავადმყოფოში „ბრონქიტისა“ და „ბრონქოსპაზმის“ დიაგნოზით მოთავსდა 2010 წელს დაბადებული ბ. ს-ე. მკურნალობის შედეგად მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა და ექიმის გადაწყვეტილებით 2012 წლის 19 მარტს იგი საავადმყოფოდან უნდა გაეწერათ. 2012 წლის 18 მარტს, დაახლოებით 11 საათსა და 30 წუთზე, საავადმყოფოს ექთნებს – ხ. ბ-სა და მ. ა-ეს, ექიმის დანიშნულების მიხედვით, ბ. ს-ისათვის უნდა გაეკეთებინათ ინიექცია. ამისათვის 20 მლ ტევადობის შპრიცში უნდა შეეზავებინათ „ნატრიუმის ქლორიდის“ 0,9%–იანი ხსნარი, „დექსამეტაზონი“ და „ეუფილინი“, ხოლო მეორე ასეთსავე შპრიცში – „ნატრიუმის ქლორიდის“ 0,9%–იანი ხსნარი, „ცე“ ვიტამინი და „დიმედროლი“. აღნიშნული მედიკამენტების შეზავება ხ. ბ-მა და მ. ა-ემ დაიწყეს საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის სამანიპულაციო მაგიდაზე, სადაც ეწყო „კალიუმის ქლორიდისა“ და „ნატრიუმის ქლორიდის“ ფლაკონები. მ. ა-ემ გაუფრთხილებლობით „ნატრიუმის ქლორიდის“ ხსნარის ნაცვლად, შპრიცებში ამოიღო „კალიუმის ქლორიდის“ 4%-იანი ხსნარი, რაც გადასცა ხ. ბ-ს, რომელმაც, ექიმის დანიშნულების მიხედვით, სხვა მედიკამენტები შეურია მ. ა-ის მიერ მიწოდებულ შპრიცებში არსებულ „კალიუმის ქლორიდის“ 4%-იან ხსნარს, რაც მისთვის არ იყო ცნობილი. ამის შემდეგ დამზადებული ხსნარი ორივე ექთანმა შეიტანა პალატაში, სადაც ხ. ბ-მა ერთ-ერთი შპრიცით ბ. ს-ეს დაუწყო ვენაში ხსნარის შეყვანა. კალიუმის ჭარბი რაოდენობით ორგანიზმში ერთბაშად მოხვედრის შედეგად მცირეწლოვან ბ. ს-ეს უმალვე განუვითარდა სუნთქვისა და გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა, რის გამოც, გადაუდებლად გაწეული სამედიცინო დახმარების მიუხედავად, მალევე გარდაიცვალა.
აღნიშნული ქმედებისათვის მ. ა-ეს მიესაჯა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2012 წლის 6 აპრილიდან.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა მ. ა-ემ და ითხოვა გამართლება, რაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 7 სექტემბრის განაჩენით არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული განაჩენი დარჩა უცვლელად.
კასატორი – მსჯავრდებული მ. ა-ე საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ განაჩენი უკანონოა და უნდა გაუქმდეს, რადგან არსებითად დაირღვა საქართველოს სსსკ-ის მე-5 და მე-13 მუხლების მოთხოვნები და მსჯავრდებულის ქმედება არასწორად დაკვალიფიცირდა. იმის გამო, რომ მ. ა-ეს, თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, ევალებოდა ავადმყოფებისათვის მხოლოდ მარტივი პროცედურების ჩატარება, ხოლო ბ. ს-ის მკურნალი ექიმის ჩვენებით, პაციენტისათვის დანიშნულების შესრულებაზე პასუხისმგებელი იყო ხ. ბ-ი, მსჯავრდებული მ. ა-ე ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 7 სექტემბრის განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მ. ა-ის ბრალდების საქმეში წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ მან ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება. მისი ბრალეულობა დადასტურებულია დაზარალებულის უფლებამონაცვლის - ნ. ა-ის, მოწმეების - ხ. ბ-ის, ხ. ჭ-ის, ნ. გ-ისა და ც. პ-ის ჩვენებებით, ექსპერტიზების დასკვნებითა და საქმეში არსებული სხვა მასალებით.
ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ მ. ა-ეს ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლით დანიშნული სასჯელი - 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და მიესაჯოს 2 წლით, 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. რადგან, მართალია, მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის გაუფრთხილებლობითი დანაშაული, მაგრამ მისმა ქმედებამ გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და, შესაბამისად, ვინაიდან დაზარალებულის უფლებამონაცვლის მიერ წარმოდგენილია ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, რომ იგი არ არის თანახმა მსჯავრდებულ მ. ა-ის მიმართ გამოყენებულ იქნეს ,,ამნისტიის შესახებ“ კანონი და მოხდეს მისი სასჯელისგან სრულად განთავისუფლება, მ. ა-ის მიმართ ვერ გავრცელდება ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის 1-ლი–მე-15 მუხლების მოქმედება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-2, მე-3 ნაწილებით, ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 7 სექტემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება, კერძოდ:
,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ მ. ა-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლით დანიშნული სასჯელი - 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და მიესაჯოს 2 წლით, 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 7 სექტემბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
პ. სილაგაძე